პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნები სიცოცხლის საზღვართან

წიგნების მაცოცხლებელ ძალაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ერთია, თეორიულად რომ იტყვი, კაცობრიობის ინტელექტუალური და სულიერი გამოცდილების ანალიზით და მეტ-ნაკლებად სარწმუნო აქცენტებით გააჯერებ სათქმელს და, მეორე კი ის არის, პირადად რომ იგრძნობ და გადაიტან, თავად რომ იცხოვრებ იმ სინამდვილით, რომელშიც ყველაზე დიდი ძალა სწორედ წიგნებს აღმოაჩნდება, წიგნებს, რომლებიც სანატრელი ხომალდივით დაგიმგზავრებენ და შავ-ბნელი წყლებიდან მოკამკამე დინებებში გადაგიყვანენ.

ეს პირადი გამოცდილება ყველაზე უტყუარი და ძვირფასია, ისეთი საუნჯეა, რომლითაც ყველა ჯოჯოხეთიდან თავს გამოისყიდი; მოკლედ, საკუთარი მოსაყოლი ამბავი გაქვს, თანაც მეტა-ამბავი – წიგნისა და შენი გადარჩენისა. რა უნდა იყოს ამ ამბავზე უფრო ნამდვილი?

თავიდან კითხვა მიჭირდა, ხელით ვეხებოდი მის ფერად გარეკანს და ვნატრობდი არაადამიანურ უნარს – ხელისგულებსაც შესძლებოდათ კითხვა. მერე შევაცურებდი თითებს ფურცლებს შორის, რომელიმე მოუნიშნავ ადგილზე, გადავშლიდი და გადმოიბნეოდა იქიდან ასოები, სიტყვები, ფრაზები, ლოგინზე იფანტებოდა, სათითაოდ ვკრეფდი და ფურცლებში ვაბრუნებდი. ერთხელ ასეთი წინადადებაც გადმომივარდა: „შენი მეზობლების დაკეტილი კარები დამხვდებიან ბავშვების ხმებით და მუსიკით“… სივრცეში რაღაცამ გაიწკრიალა და ზეწარზე დავარდნილი წინადადება აისრუტა.

თავიდან ასე გავერთე.

მერე თვალებმა ნელ-ნელა ღონე მოიკრიბეს და ფურცლის ხნულებზე ამოსული ასო-სიტყვები ფურცელზევე შეიმაგრეს, ის კი არა, თვითონაც კვალში ჩაუდგნენ და პირველი ხნულები სულმოუთქმელად გადაიარეს. სიტყვები დაბადების დღის მაშხალებივით სკდებოდა ტვინში და ენის წვერზეც ბედნიერების გემოს ტოვებდა. აღარც თავთან ჩართული აპარატის გაუთავებელი ზუზუნი მესმოდა, აღარც სხვა ავადმყოფების შეწუხებული შეძახილები, მხოლოდ წიგნის ხმები აღწევდა ჩემამდე – ჯერ ექოებით, მერე კი სუფთა, ომახიანი აკორდებითა და გამებით; გულის მეხსიერებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან ძველი და ბავშვური იღვიძებდა ჩემში, ათასჯერ კანგამოცვლილი, მაგრამ მაინც ტკბილად საბედისწერო და მშობლიური… ის ძველი ბავშვიც, ოდესღაც, სიცხით იყო გათანგული და ტკივილებსაც თავს დამცხრალი ურჩხულებივით აღიქვამდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაამარცხებდა, რომ წამომხტარიყო და გარეთ, მზის შუქში დასველებულ აკაციებს შერეოდა!.. წიგნმა, რომელიც მუხლებზე მედო, ყველა სხვა ძნელი ფერი გადაშალა და მზის უსაშველოდ დიდი ჭავლი შემომასხურა.

სხვანაირად არც იქნებოდა – რეზო ინანიშვილის მოთხრობებს ვკითხულობდი. ერთმა ძალიან კარგმა პოეტმა და მეგობარმა შემომიგზავნა პალატაში, წარწერით: „იმედია, რთულ დღეებს გაგიადვილებს“.

„მძიმე ფეხსაცმელები“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით“, „ხელისგულებით ნალესი ქოხი“ და კიდევ ბევრი, ბევრი მოთხრობა თუ ნოველა. ჯერ მარტო სათაურებია ცალკე პოეზია და ცალკე ამბავი! მათგან ბევრი წაკითხული მქონდა, მაგრამ ალბათ ჯადოსნური ტექსტების უნარია, ყოველ ჯერზე ხელახალი განცდით წაგაკითხონ თავი, საუცხოო გემოთი შეგაგრძნობინონ, აღმოჩენის ელდით განგმსჭვალონ. რეზო ინანიშვილი ასეთ მწერალთა შორისაა, მისი შემოქმედება ბუნების კანონივით მტკიცე ბეჭდითაა დაბეჭდული – ბუნებაშიც ხომ ყველაფერი მეორდება, თუმცა გგონია, რომ ეს გაზაფხული, ეს ზამთარი და შემოდგომა თავს პირველად გადაგხდა!..

კრებულში იმ მოთხრობებისთვის და ნოველებისთვის მოუყრიათ თავი, სიყვარულზე რომლებიცაა. თუმცა, აბა, დამისახელეთ ინანიშვილის რომელიმე ტექსტი, სადაც სიყვარული არაა. სიყვარული ჟონავს ყოველი სიტყვიდან, სიტყვებს შორის მანძილიდან, წაკითხვის შემდეგ ჩამომდგარი დუმილიდანაც. ყველაზე სევდიანი მოთხრობაც კი დიდი სიყვარულისთვის განგაწყობს, თუნდაც იმ ტკივილებისთვის წამოგანთებს, რომლებიც ამ ტექსტებში აღწერილ განცდებს თან ახლავს!.. თითქოს ყველაფერი ნათელია ამ დიდ მხატვრულ სამყაროში, სიცხადემდე გამჭვირვალე, მაგრამ ყველაზე მეტა-ადამიანური გუმანით გრძნობ, რომ ამ სიცხადის მიღმა კიდევ რაღაც იმალება, რაღაც იმაზე ბევრი, ვიდრე ჩანს, ვიდრე საერთოდ რაიმე ჩანს ამ სამყაროში.

ვფურცლავდი დიდ და პატარა ისტორიებს, შემთხვევით შეხვედრებს, დაგეგმილ პაემნებს, ქუჩის საბედისწერო გადაჭრას და მარტოობით გაყრუებულ ოთახში ბოლთისცემას; ხან კრძალვისგან დადუმებულ წყვილს ვახლდი დაძაბულ სიჩუმედ, ხან თავზეხელაღებულ გოგო-ბიჭებს ავეკიდე ტყე-ღრეების თავგადასავლებისთვის; ხან უცნაურ დიალოგებს ვშიფრავდი, როგორც საიდუმლო კოდს, ხან შუაში ვწყვეტდი ტექსტს და დანარჩენ ამბავს უსიტყვოდ წარმოვიდგენდი – მხოლოდ სილუეტებითა და შუქ-ჩრდილებით, როგორც თავად მწერალი ქმნიდა მომნუსხველ სამყაროს, უკიდურეს შეგრძნებებამდე ფაქიზსა და ნატიფს. ამ ფურცვლა-ფურცვლაში დღეები გადამიშლია, ჩემმა წიგნით ნაკვებმა ნაწილმა კი ისე აიდგა ფეხი, ისე გამოეყო დანარჩენ არსებას, ისე შორს წავიდა და თანაც ისე გამომწვევად, რომ იმ დარჩენილს, საწოლზე გაშოტილს, სხვა გზა აღარ ჰქონდა – დანებდა სიჯანსაღეს.

ყველაზე მეტად კი, წიგნში დაუნჯებულმა საიდუმლომ მიწამლა. ამ საიდუმლოთია გაჟღენთილი მთლიანად რეზო ინანიშვილის შემოქმედება. სიცოცხლის უსარკეო სინამდვილეზე ცხვირმიჭყლეტილს თურმე სწორედ ეს საიდუმლო მენატრებოდა, ეს დიდი უთქმელი – შესაძლო თუ შეუძლებელი სიყვარულის მარილი. მხოლოდ ასეთი საიდუმლოს განცდით შეგიძლია მისდიო ცხოვრების პრაქტიკას: „პირს რომ იბან, ზემოდან ქვემოთ კი არ უნდა ჩამოისვა, ქვემოდან ზემოთ უნდა აისვა ხელები!“, ეს საიდუმლოა პასუხიც ნაგულისხმევ დიალოგებში, მაგალითად, ასეთში:

„- საიდან იცი ასეთი რაღაცები.

– როგორი?

– ლოცვა, პურის კოცნა, ადამი, ევა.

– მე ხომ ბებიას გაზრდილი ვარ!“

ეს საიდუმლო მიბიძგებდა, სიცოცხლის მკლავებს ჩავფრენოდი და ხელახალი დაბადება არ დამზარებოდა, ყველა გზა თავიდან გამევლო, უფრო სწორად – საუცხოო სიახლის განცდით, სამყაროში მილიარდჯერ განმეორებული, თუმცა მაინც თავდაპირველი და ერთადერთი გაზაფხულის, ზაფხულის, ზამთრისა და შემოდგომის სასწაულით!..

ალბათ ყველა წიგნს აქვს რაღაც, თუნდაც მისხალი საიდუმლო, რის გამოც მისი არსებობაც ისევე გამართლებულია, როგორც ნებისმიერი ადამიანის. და მერე ალბათ ეს წიგნები და ადამიანები ყველაზე საჭირო წამს ერთმანეთს პოულობენ.

რეზო ინანიშვილის შემოქმედება აცოცხლებს და კურნავს – ეს ჩემი საბოლოო დასკვნაა, ტკივილის და სიყვარულის ანამნეზის შედეგი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი