პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კარდიოლოგი, რომელიც კარგად წერს

ეს საოცარი ჩანაწერები ვაკის პარკში, გაუქმებული საზაფხულო კინოთეატრის უკან, პატარა ტყეში, ერთი ხის ძირას ვიპოვე. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ძაღლის მიერ იყო გაკეთებული. ძალიან გთხოვთ, ახლა არ თქვათ, ძაღლებმა წერა არ იციანო და ასე შემდეგ…” – ასე იწყებს ტარიელ ნამორაძე თავის მესამე კრებულ „გატეხილ გულს”, რომელიც „ეძღვნება მათ, ვისაც უყვარს ძაღლები და მათ, რომელთაც ჯერ კიდევ არ უყვართ ისინი”.
ტარიელ ნამორაძეს წერა ძაღლების სიყვარულმა დააწყებინა. იგი პროფესიით ექიმია, ლიტერატურა კი მისი სერიოზული გატაცებაა. წერს, თარგმნის ფრანგული და რუსული ენებიდან, არის მეშვიდე ლიტერატურული პრემია “წეროს” მეორე ადგილის მფლობელი, თუმცა თავად მწერლის სტატუსს ბოლომდე ვერ ითავისებს: „კარდიოლოგებს შორის მე ვარ კაცი, რომელიც კარგად წერს და პროზაიკოსებს შორის – კაცი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის კარდიოლოგია”.
ძაღლების სიყვარული ტარიელ ნამორაძის შთაგონების მთავარი წყაროა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ამ ცხოველთან დაახლოება მოგვიანებით დაიწყო, მისი ბავშვობის ისტორიები კი სხვა ფანტაზიებთან იყო დაკავშირებული:
„ცხოვრება საინტერესოა ბევრი რამის გამო. მათ შორის – იმიტომაც, რომ იძენ მეგობრებს. ერთხელ, მეორე კლასში რომ ვიყავი, ჩემი თანაკლასელი ალე მამულაშვილი მოვიდა და გამომიცხადა, უნდა ვიმეგობროთო, მეც დავთანხმდი. ამის აღსანიშნავად დამპატიჟა მელიქიშვლის და ყაზბეგის ქუჩების კუთხეში მდებარე ხილბოსტნეულის მაღაზიაში, სადაც ტკბილი წყლები იყიდებოდა. 5 კაპიკი ღირდა ჭიქა. ამ წყლით დავლოცეთ ჩვენი მეგობრობა. მას შემდეგ 56 წელი გავიდა და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. მე ალეს შვილის ნათლიაც ვარ. კარგად მახსოვს სკოლის მეორე მეგობარი სოსო აბრამიძე, რომელსაც ძალიან უყვარდა კითხვა, ისე ძალიან, რომ მასწავლებელი ავალებდა წაეკითხა, მაგალითად, „გმირთა ვარამი” და მერე 45 წუთი აყოლინებდა ჩვენთვის. თვთონ იჯდა და ისვენებდა. მე-5 თუ მე-6 კლასში ვიყავით, სოსო მოვიდა და მითხრა, ვიცი, სადაც არის დამარხული ფლინტის განძი („განძთა კუნძულიდან”) და მოვძებნოთო. მოიტანა ნახაზები, ჩანაწერები, კომპასი. წავედით უნივერსიტეტის ეზოში. ვთხარეთ, ვთხარეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. მერე მე და სოსომ წავიკითხეთ მოთხრობა „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი” და გადავწყვიტეთ, ჰიპერბოლოიდი გაგვეკეთებინა. საჭირო ხელსაწყოების ყიდვაც დავაპირეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდით ოპტიკა, ამიტომ ვამჯობინეთ დავლოდებოდით, როდის გადავიდოდით მერვე კლასში და ვისწავლიდით ფიზიკას, რომ ოცნება აგვეხდინა… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბავშვურ ფანტაზიებად დარჩა. თანაკლასელებს შორის ბევრი მეგობარი მყავს და დღემდე ერთდ მოვდივართ. დათო ჭელიძე ჩემი წიგნის რედაქტორია”.
– ბავშვობაში ძაღლებისა და, საზოგადოდ, ცხოველებისადმი უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა. პატარაობისას შინ ძაღლი არ მყოლია, წიგნებიდან კი მომწონდა ცხოველები, მაგალითად, მიყვარდა ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი”… ძაღლი, რომელზეც ვწერ მოთხრობაში „სიყვარული ოთხ ფეხზე”, ჩემმა შვილმა ოთომ მოიყვანა შინ. მოგეხსენებათ, ცხოველის ყოლა ბინაში, მეოთხე სართულზე, ძალიან ძნელია, მაგრამ რაკი ოჯახის ყველა წევრს უნდოდა, მეც დამიყოლიეს. ლეკვს ერქვა ჩარა. ძალიან შეგვაყვარა თავი. შვილიშვილი არ გვყავს და, როგორც ჩანს მთელი გრძნობა მასზე გადავიტანეთ. მერე ჩარა მანქანამ გაიტანა. ისე განვიცადე, ცუდად გავხდი, ექიმებთან დავდიოდი… ჩარა რომ დაიღუპა, ვეტექიმმა გვირჩია, ახალი ლეკვი იშოვეთო. მე სასტიკად ვიუარე. ვიდრე ჩარა ჩვენთან ცხოვრობდა, შევიფარეთ მეორეც, ქუჩის ძაღლი ჩორნა, და სხვა აღარ მჭირდებოდა. მერე შევამჩნიე, რომ ოჯახში რაღაცას ჩურჩულებდნენ და ერთ მშვენიერ დღეს გაამხილეს, ლეკვის მოყვანას ვაპირებთო. მოიყვანეს კიდეც – ჰასკი, სახელად კადა. თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ერთ დღეს ჩემს მეუღლეს პარკში აეკიდა პატარა ძაღლი – ტუტუ. მე მესამე ძაღლის ყოლის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დემოდეკოზით იყო დაავადებული. შეგვეცოდა და დავუწყეთ მკურნალობა. ამასობაში მეც შევეჩვიე და ახლა სამი ძაღლი გვყავს. 
თქვენ, ფაქტობრივად, ჩასწვდით ძაღლის სამყაროს, მოთხრობებში მისი ენით მეტყველებთ და ცდილობთ, მკითხველიც უფრო დააახლოოთ ძაღლის ტკივილსა თუ სიხარულთან.
– ჩარა რომ მოვიყვანეთ, ერთი ციცქნა იყო, ხელისგულზე ეტეოდა. პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომ ისიც ადამიანივით აღიქვამს სამყაროს, აზროვნებს, გამოხატავს ყველა ემოციას, რაც ადამიანს აქვს, ზოგჯერ – უფრო მძაფრადაც კი: სწყინს, იბუტება, უხარია, ეშინია, პროტესტს გამოხატავს ან მშვიდადაა. მისი ისტორიების ნახევარზე მეტი კიდევ არ დამიწერია – რა ვიცოდი, რომ დაიღუპებოდა, მაგრამ რაღაც პატარა-პატარა მონახაზებს თავიდანვე ვიწერდი ჩემთვის. ზოგჯერ მშობლები დღიურში იწერენ შვილების ამბებს და აზრადაც არ მოსდით, მათ მხატვრული ნაწარმოების სახე მისცენ. მეც ჩემთვის ვიწერდი. მერე, ჩარა რომ დაიღუპა, ეს ემოციები ფურცელზე გადმოვიტანე და შვება ვიგრძენი. პირველად დავბეჭდე „სიყვარული ოთხ ფეხზე”, 25-გვერდიანი ბროშურა. ხალხი ატირდა. „მეჩხუბებოდნენ”, რას გვერჩი, რა დაგიშავეთო… გავაგრძელე ჩარას ისტორიების წერა, მერე კი „გატეხილი გული” გამოვეცი, რომელიც სხვა ძაღლების ცხოვრებას ეხება. მანამდე ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიწერია. მართალია, ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ წერა არ მიცდია. ერთადერთი, ფრანგულიდან ვთარგმნე ანდრე მორუას ნოველა, რომელიც გაზეთ „ვიქენდში” და ჟურნალ „ჩვენი მწერლობაში” დაიბეჭდა. 
ადამიანი როცა წერს, რაღაც აქვს სათქმელი. თქვენი სათქმელი ისაა, რომ ძაღლებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება შეიცვალოს…
– „გატეხილი გულის” პრეზენტაციაზე მოვიწვიე ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათაც ისაუბრეს ამ პრობლემებზე. იყო შემთხვევა, ჩემი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა მშობლები აიძულეს, ძაღლი აეყვანათ. ეს უკვე, პრაქტიკულად, დადებითი შედეგია. მე ყველანაირ ძაღლებზე ვწერ: უპატრონოებზე, მიკედლებულებზე, რომლებიც სახლებში არ მიჰყავთ – ისინი მაღაზიებთან ან სხვა დაწესებულებებთან ცხოვრობენ; ვწერ ნახევრად გაველურებულ ძაღლებზე, რომლებიც ხროვად ცხოვრობენ და, რა თქმა უნდა, პატრონიან ძაღლებზეც. როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებშიც არის სოციალური დიფერენციაცია. სულ მაინტერესებდა ძაღლების პრობლემები და მინდოდა, ადამიანებსაც მეტი ინტერესი გამოეჩინათ ამ ცხოველების მიმართ. ერთ მონოლოგში ჩორნა კიტხულობს: რატომ აქვთ ადამიანებს ძაღლთან დაკავშირებული ამდენი სალანძღავი სიტყვა – „მამაძაღლი”, „ძაღლური ცხოვრება”, „ძაღლი მიაკვდა სულში” და ა.შ.? ჩემი აზრით, ეს ამ ცხოველისადმი ადამიანის უსამართლო დამოკიდებულების მანიშნებელია. უამრავი რამ დაწერილა, უამრავი მხატრული თუ დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ ცხოველთა პრობლემებზე, მაგრამ საქართველოში მაინც არ აქვთ ადამიანებს ბუნების გაფრთხილების კულტურა. მცენარეებისა და ცხოველების დაცვის კუთხით აშკარად ბევრ ქვეყანას ჩამოვრჩებით.
– როგორ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება? ქუჩაში უამრავი უპატრონო ძაღლია; რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ან სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე გადადგმულია. თბილისში არის უპატრონო ძaღლთა თავშესაფარი, სადაც შეიძლება მიიყვანონ ქუჩის ძაღლი. არის კერძო თავშესაფარი – თამაზ ელიზბარაშვილს აქვს ვაკეში, თავისი სახსრებით მოაწყო და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. თეიმურაზ წიქორიძეს აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია და თავშესაფარი. ჩემი მოწოდებაა, შევიყვაროთ ძაღლები და ვიზრუნოთ მათზე. საქართველოში არის ცოფით დაავადების შემთხვევები. ეს ერთსა და იმავე დროს ტრაგედიაც არის და სირცხვილიც. ეს ადამიანების ბრალია. ქუჩაში უამრავი მიტოვებული ძაღლი ცხოვრობს. ზოგიერთ ქვეყანაში უპატრონო ძაღლის ცნება საერთოდ არ არსებოს. ჩვენთან ხშირად ამბობენ, ადამიანებს უჭირთ, რა დროს ძაღლიაო, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ფეისბუკით ბევრი საინტერესო ორგანიზაცია გავიცანი. მაგალითად, ერთი მათგანი კვირაობით ლეკვების გაჩუქებას აწყობს მეტრო „რუსთაველთან”. ადამიანს, ვისაც სურს, ჰყავდეს ძაღლი, შეუძლია, მივიდეს და წაიყვანოს. ამ ორგანიზაციის გოგონები ასუფთავებენ ქუჩაში ნაპოვნ ლეკვებს, ცრიან, ამზადებენ და შემდეგ გაჰყავთ გასაჩუქებლად. ზოოპარკშიც იმართება კვირაობით ასეთივე აქცია, ოღონდ ლეკვს ყველას არ აძლევენ. ერთხელ შევესწარი, პატარა გოგონა ტიროდა, ლეკვი მინდაო, მაგრამ არ გაატანეს – მშობლების თანხმობაა საჭიროო. დაურეკეს და აღმოჩნდა, რომ მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ მათი შვილი ძაღლს ვერ მოუვლიდა. ბუნებრივია, ლეკვი არ მისცეს, რადგან შესაძლოა, ის ისევ ქუჩაში აღმოჩენილიყო.
– არადა, ფსიქოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ კარგია, თუ ბავშვს ეყოლება რამე ცხოველი, განსაკუთრებით – ძაღლი.
– ვიდრე ბავშვი იმ ასაკშია, რომ ცოცხალ ძაღლს და სათამაშოს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას აზრი არ აქვს. როდესაც იზრდება, ხვდება, რომ ცხოველი მოითხოვს ყურადღებას, მოვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი, რომელიც ცხოველზე ზრუნავს, აუცილებლად მზრუნველ პიროვნებად ჩამოყალიბდება. ხშირად გვესმის, რომ ბავშვები ცხოველებს აწვალებენ. ეს სადიზმის პირველადი გამოვლინებაა. ასეთი მოზარდი უნდა გასინჯოს ფსიქოლოგმა, თორემ ის შესაძლოა სადისტად ჩამოყალიბდეს.

– თქვენი აზრით, სკოლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა ბავშვებს შეაყვარონ ბუნება და ასწავლონ მისი გაფრთხილება?
– ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიღაცისთვის საჭიროა – მოუაროს ლეკვს ან ნებისმიერ სხვა ცხოველს, მცენარეს… ამით ის, მზრუნველობის უნართან ერთად, შინაგან დისციპლინასაც გამოიმუშავებს. ქრისტიანობაც ხომ ამაქ გვიქადაგებს – როდესაც სიკეთეს აკეთებ, შენივე სულისთვის აკეთებ, როდესაც გაჭირვებულს ეხმარები, თვითონაც იღებ დიდ მადლს უფლისგან.
– თქვენს მოთხრობებში ძაღლების ენა ძალიან თავისუფალია, ხშირად ჟარგონსაც იყენებთ. მკითხველს ასე უფრო უადვილდება ამ სამყაროსთან დაახლოება?
– არა, ჟარგონით მხოლოდ ხროვის წევრები ლაპარაკობენ. ნასწავლი და ზრდილი ძაღლი ჩვეულებრივ საუბრობს. ნასწავლი ძაღლი რას ნიშნავს? არის ძაღლების სკოლა, სადაც, მაგალითად, დაგვყავდა ჩარა და ზოგად უნარებს სწავლობდა (ბრძანებები: „გვერდით”, „ჩემკენ”, „დაწექი”, „დაჯექი” და სხვა). არსებობს აღზრდის სპეციალური პროგრამები სამსახურებრივი ძაღლებისთვის – ადამიანების გადარჩენა, დამნაშავის დევნა, ნარკოტიკების ძებნა… ჩემს მოთხრობებში „სიყვარული ოთხ ფეხზე” და „გატეხილი გული” ძაღლები თავად ჰყვებიან საკუთრ ისტორიებს. შეიძლებოდა დამეწერა მესამე პირში, მაგრამ როდესაც პერსონაჟი თავად ჰყვება საკუთარ განცდებზე, მკითხველიც უფრო უშუალოდ, ემოციურად განიცდის. ჩემი ნაწარმოებების ყველა პერსონაჟი რეალურია, გამოგონილია მხოლოდ კოკო. თუმცა მე მაქვს სატირულ-ფანტასტიკური მოთხრობაც – „ჭადრების პალნეტა”, სადაც მოქმედება ერთ-ერთ პლანეტაზე და თბილისში პარალელურად ხდება. აქ მუტაციაგანცდილი ადამიანები, რომლებმაც კატის სახე მიიღეს, ანუ კეტმენები, ადამიანებს მორალს ასწავლიან. ამ მოთხრობის წერისას თვითონაც ვისიამოვნე და ბევრი მკითხველიც გამხიარულდა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ხუთ კაცსაც რომ მოეწონოს ჩემი ნაწერი, საკმარისი იქნება-მეთქი. მერე ვნახე, რომ ცოტა მეტსაც მოეწონა და მიხარია. 
თქვენი მოთხრობები ყველა ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მაინც – რისთვის უნდა წაიკითხონ ბავშვებმა თქვენი წიგნი, რას ასწავლით მათ? 
– იმისთვის, რომ თავად მიხვდნენ, როგორ მოეპყრონ ოთხფეხა მეგობარს. ადამიანმა უხსოვარ დროს მგელი მოიშინაურა სამეგობროდ და დამხმარედ. ახლა აღარ უნდა უღალატოს მას! ძაღლი ყოველთვის თვალებში უყურებს ადამიანს, როგორც ბავშვი – მშობელს ან უფროს ძმას; ის მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ცდილობს, გვასიამოვნოს, ჩვენს ემოციებს ისიც განიცდის. ჯეკ ლონდონის ერთი გმირი, ძაღლი, ადამიანებს ღმერთებს უწოდებს… ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელზეც არ დამიწერია. ერთხელ ჩემი შვილი ემოციურად, ხმამაღლა ჰყვებოდა რაღაცას. ჩარას ეგონა, ჩხუბობდა; არ იყო შეჩვეული მაღალ ტონს და გაცლა ამჯობინა, მეორე ოთახში გაიპარა. შეგიმჩნევიათ, როგორია ქუჩის ძაღლის ფსიქოლოგია? – მიდიხარ შენთვის; თუ ძაღლს მოეწონე, უჩნდება იმედი, იქნებ ამ ადამიანმა დამიმეგობროსო და მოგდევს. მორიდებულად, თავხედურად კი არა! თუ ყურადღება მიაქციე, – არ არის აუცილებელი, რამე აჭამო – თბილად დაელაპარაკე, თავზე ხელი გადაუსვი, ეს მისთვის ყველაფერია. ძაღლი პატრონზე ოცნებობს. ტავშესაფარი მას არ ადარდეებს. კატისთვის კი პატრონი მეორე პლანზე დგას; მას უნდა თბილი ბინა, კომფორტი… ძაღლი კართანაც დაწვება, ოღონდ უპატრონე. 
– თქვენი მთავარი პროფესია ექიმობაა. ბევრი ბავშვი ოცნებობს, გახდეს ექიმი. რა ხიბლი აქვს ამ პროფესიას? 
– დედაჩემი იყო ბავშვთა ექიმი და ხშირად მაფრთხილებდა, ძნელია ექიმობა, სხვა პროფესია აირჩიეო, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებდა მედიცინა. მეცხრე კლასში რომ გადავედი, მითხრა, თუ გაინტერესებს ეს, წადი, კლინიკაში სანიტრად იმუშავე და ნახე, რა ხდება შიგნით, შესაძლოა, კიდეც გადაიფიქროო. დავიწყე ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში სანიტრად მუშაობა, გაკვეთილების შემდეგ დავდიოდი. ვესწრებოდი ოპერაციებს და ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მავალებდნენ. გამოცდასავით იყო ეს ორი წელი და ეს გამოცდა ჩავაბარე. მივხვდი, რომ შევძლებდი. ინსტიტუტში პირველი ორი კურსი თეორიული სწავლებაა, მესამე კურსიდან იწყება პრაქტიკები – საავადმყოფო, ავადმყოფები, მორგი… ბევრი ვერ უძლებს ამას და გარბის. ზოგიერთი პირდაპირ მთავარ ექიმად იწყებს მუშაობას ან საორგანიზაციო საქმიანობაში ერთვება. ესეც საჭიროა, მაგრამ მკურნალი თუ ხარ, ავადმყოფის გადარჩენა ისეთ კმაყოფილებას გგვრის, გეჩვენება, რომ სულში რაღაც ნათდება და მუსიკა ჟღერს. მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ არ გიყვარს ეს პროფესია, ექიმად ვერ იმუშავებ. ერთი ჰოლანდიელი ექიმი ამბობდა: „თავად ვიწვი და სხვას ვუნათებო”. სწორედ ეს არის ექიმობა.
– რას ურჩევთ მასწავლებლებს და მშობლებს როგორც ექიმი, რომელიც წერს? 
– ბავშვებს ჯერ წიგნი უნდა შეაყვარონ, რადგან ტელევიზორით და ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია ზერელე და ხშირად არაფრის მომცემია, წიგნი კი საშუალებას აძლევს ბავშვს, ინფორმაცია დაწვრილებით გადახარშოს. თუ კითხვა ისწავლა მოზარდმა, ის ცხოველებსაც შეიყვარებს და მცენარეებსაც. ღმერთმა ადამიანისთვის გააჩინა ყველაფერი – მცენარეც, ცხოველიც, ფრინველიც და კაცს მიანდო მათზე ზრუნვა. ცხოველები, მცენარეები, ადამიანები ერთ მთლიანობას ვქმნით და თუ ერთი ჩვენგანი გადაშენდა, შესაძლოა, ყველა თან მიჰყვეს. თბილისში არის მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა”, რომელიც ცდილობს, ხეები განადგურებას გადაარჩინოს, რომ ბოლოს რკინა-ბეტონის ყუთების ამარა არ დავრჩეთ… წმინდა პრაქტიკული კუთხითაც დიდი სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის – და დიდისთვისაც – ძაღლს. ჯერ ერთი, უნდა თუ არა, დღეში საათ-ნახევარი მაინც უნდა გაასეირნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონაც მოძრაობს – სწორედ მოძრაობა აკლია დღევანდელ ადამიანს და ამის ბრალიცაა უამრავი დაავადება; მეორე – გზაში შეგხვდება ნაცნობი ან უცნობი, რომელიც ძაღლს მიეფერება, შეაქებს; ეს დადებითი ემოციით აგავსებს, კარგ გუნებაზე დაგაყენებს… გარდა ამისა, მოძრაობისას ადამიანი უკეთ აზროვნებს. მას, ვინც სისტემატურად სეირნობს, მაღალი წნევაც იშვიათად აწუხებს.

 ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი