ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეგიონის სკოლების პრობლემები და მიზნები

მარინე ბერიანიძე წალკის პირველ საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ქართული სკოლის დაარსება ახლანდელი დირექტორის ოჯახის დიდ ძალისხმევას და შრომას უკავშირდება, რომელიც საბოლოოდ ქართული სკოლის გახსნით დაგვირგვინდა. 2014 წლის დეკემბ მარინე ბერიანიძე სკოლის დირექტორად აირჩიეს და მას შემდეგ ცდილობს, სკოლა მოსწავლეებზე ორიენტირებულ და კომფორტულ ადგილად აქციოს. მაღალმთიანი რეგიონის სკოლებისთვის ერთ-ერთ პრობლემად კვლავ ახალგაზრდა კადრების დეფიციტი რჩება.

 

როგორ გაჩნდა წალკაში ქართული სკოლის დაარსების იდეა?

ქართული სკოლის გახსნის იდეა ჩემს დას – ნინო ბერიანიძეს ეკუთვნის, განხორციელება კი მისი მეუღლის – გიორგი კვალიაშვილის (წალკის მაშინდელი გამგებლის) დამსახურებაა.

1994 წლიდან ყოველ ზაფხულს შვილებთან ერთად წალკაში ვატარებდი და ქართული სკოლის გახსნის შესაძლებლობას სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან იმ პერიოდში წალკაში ქართული მოსახლეობა პრაქტიკულად არ იყო, გარდა რამდენიმე ოჯახისა, რომელთა შვილებიც რუსულ სკოლაში სწავლობდნენ და უმეტესობამ არც კი იცოდა ქართული ენა. იმ დროს არ იყო ადვილი არც ცენტრალური ხელისუფლების და არც ადგილობრივი თემის მხარდაჭერის მოპოვება. პროცესი ჩემ თვალწინ ვითარდებოდა, რადგან ჩემი ოჯახის წევრებმა ითავეს ამ პრობლემის მოგვარება და ყველა ნიუანსი კარგად მახსოვს. სკოლის გახსნა იგეგმებოდა რეგიონში, სადაც საკმარისი რაოდენობის არც მოსწავლე იყო და არც პედაგოგი. დიდი და ხანგრძლივი შრომა დაგვჭირდა ცენტრალური ხელისუფლების დასარწმუნებლად და ყველა დეტალის შესათანხმებლად. ქვემო ქართლის იმდროინდელმა სამხარეო ადმინისტრაციამ პროექტს მხარი დაუჭირა, მოწვეული პედაგოგებისთვის დააწესა სოლიდური სახელფასო დანამატი და საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას დაჰპირდა. ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი ამ წლების მანძილზე, მაგრამ სკოლის გახსნის დღე ყველაზე ემოციური, ბედნიერი და დაუვიწყარი იყო.

 

მოგვიყევით თქვენი სკოლის შესახებ…

სკოლა თავდაპირველად გაიხსნა 26 მოსწავლისთვის, რომელთაგან 13 წალკაში ჩამოსული პედაგოგების შვილი იყო. ნელ-ნელა, ქალაქში ქართული მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობაც. იმის გამო, რომ მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია და არ არის დაფუძნებული წალკაში, მოსწავლეთა რაოდენობა მერყეობს, თუმცა ზრდის დინამიკა ნარჩუნდება. გავლენას ახდენს რეგიონში სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობაც. ამჟამად სკოლაში 286 მოსწავლეა, სკოლას ემსახურება 23 პედაგოგი, აქედან ერთი სპეცმასწავლებელია. ოთხი უკვე წარდგენილია წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად, ორს დარჩენილი აქვს მხოლოდ გარე დაკვირვება და ახალი წლიდან ექვსი წამყვანი პედაგოგი გვეყოლება. ოთხი იანვრამდე ეცდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას, დანარჩენებს უკვე აქვთ მინიჭებული ან წარდგენილი არიან უფროსი მასწავლებლის კატეგორიაზე.

 

სკოლის მიზნებზე გვესაუბრეთ. რაზე ხართ ორიენტირებული და რის მიღწევას ცდილობთ?

დაარსების დღიდან სკოლა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების პროცესის უზრუნველყოფაზე. დიდ ყურადღებას ვაქცევთ პედაგოგთა კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას. კარი ღია გვაქვს სიახლეებისთვის. დიდ ყურადღებას ვუთმობთ არაფორმალურ განათლებას, საკლუბო და წრეობრივ აქტივობებს, მოსწავლეების სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც ჩვენი მოსწავლეები იძენენ უნარ-ჩვევებს, რომელთა დახმარებითაც მომავალში ბევრ წარმატებას აღწევენ. სკოლა მუდმივად ახალისებს და მხარს უჭერს პედაგოგთა და მოსწავლეთა ინიციატივებს. ჩვენი მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი სოციალური აქტიურობით თემში. კვალიფიციური პედაგოგებისა და მოტივირებული მოსწავლეების თანამშრომლობის შედეგია, რომ სკოლას ყოველწლიურად ჰყავს მედალოსანი კურსდამთავრებულები და პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები, რითაც სკოლა მუნიციპალიტეტში საუკეთესოა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ირიცხებიან საუკეთესო უნივერსიტეტებში, საიდანაც შემდეგ სკოლა იღებს მადლობის წერილებს  საუკეთესო მოსწავლეების აღზრდისთვის, რაც შიდა და გარე შეფასებების თანხვედრას ნიშნავს და განსაკუთრებით გვახარებს.

 

ხშირად გაგვიგონია რეგიონის სკოლებში კადრების დეფიციტის შესახებ. თქვენს სკოლაშიდგას ეს პრობლემა?

მაღალმთიანი რეგიონების სკოლების ერთ-ერთი პრობლემაა კვალიფიციური კადრების მოძიება ადგილზე. ძალიან გვეხმარება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის მონაწილე პედაგოგები ხშირად ავსებენ რეგიონის სკოლების ვაკანსიებს და მაღალ დონეზე ასწავლიან, აქტიურად თანამშრომლობენ კოლეგებთან და უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. ამჯერადაც ამ პროექტის იმედი გვაქვს ჩვენი ვაკანსიების შესავსებად. საჭიროა ადგილობრივი ახალგაზრდების დაინტერესება პედაგოგის პროფესიით, რათა სკოლებში საკადრო პრობლემები მოგვარდეს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და პირველი შედეგებიც გვაქვს – რამდენიმე კურსდამთავრებულმა პროფესიად მასწავლებლობა აირჩია.

 

კიდევ რა პრობლემების წინაშე დგანან რეგიონის სკოლები, განსაკუთრებით კი მთიანი რეგიონის სკოლები და როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს?

რეგიონში შესამჩნევია ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. არასაკმარისია სასკოლო ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა. ამ პრობლემების მოგვარება სკოლის რესურსით ხშირად ვერ ხერხდება, რადგან სკოლების ნაწილი (მათ შორის – ჩვენიც) დეფიციტურია. იმედს გვაძლევს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა 2022 წლისთვის ყველა სკოლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. ამჟამად ზოგიერთ სკოლაში მიმდინარეობს ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები, სასექტემბროდ ინვენტარსაც გვპირდებიან. კარგი იქნებოდა, სკოლას მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდეს და თავად შეეძლოს პრობლემების ნაწილის სწრაფი მოგვარება. დეფიციტური სკოლებისთვის პრობლემურია კომუნალური გადასახადების (განსაკუთრებით – ბუნებრივი აირის საფასურის) გადახდა, რომელიც რეგიონის მკაცრი კლიმატის პირობებში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. დეფიციტის დასაფარავად სამინისტროსთვის დამატებითი თანხების თხოვნა გვიწევს.

 

ახალგაზრდა მასწავლებლები თუ ინტერესდებიან ისეთ რეგიონში სწავლებით, როგორიც წალკაა?

სკოლისადმი ახალგაზრდების ინტერესი ნაკლებია, განსაკუთრებით – მაღალმთიან რეგიონში, თუ არ ჩავთვლით საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მომუშავე მასწავლებლებს. პედაგოგთა კორპუსის გაახალგაზრდავება აუცილებლად მიმაჩნია, თუმცა ეს არ ნიშნავს კომპეტენტური, სტატუსდადასტურებული კადრების გაშვებას. ბოლო დრომდე ახალგაზრდებში პედაგოგის პროფესია მიმზიდველად არ ითვლებოდა, გასაგები მიზეზების გამო აღარც სპეციალიზებული პედაგოგიური სასწავლებელი არსებობდა საქართველოში, რის გამოც ახალგაზრდები სკოლაში პრაქტიკულად აღარ შემოდიოდნენ. დღეს სიტუაცია განსხვავებულია. უკვე არსებობს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო უფასო პროგრამა, გამოინახა პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები, რაც სკოლისკენ გზას უხსნის ახალგაზრდებს. გამოჩნდა ვაკანსიები სკოლიდან გასული იმ პენსიონერი პედაგოგების ხარჯზე, რომლებმაც ისარგებლეს ფულადი ჯილდოს შეთავაზებით. სავარაუდოდ, იანვრისთვის ახალი ვაკანსიებიც დაემატება.

 

დასასრულ, მასწავლებლის პროფესიაზეც გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, პროფესიონალიზმთან ერთად რა თვისება უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს?

სავსებით ვიზიარებ მოსაზრებას, რომ პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი, ამიტომ პედაგოგიც უპირველესად პროფესიონალი უნდა იყოს, მუდმივად ზრუნვდეს თვითგანვითარებაზე, იყოს თავისუფალი, ღია სიახლეების მიმართ, კოლეგიალური, გულისხმიერი, მზრუნველი, სამართლიანი, კეთილსინდისიერი. შეეძლოს მოსწავლეთა მოტივირება და მათი ინიციატივების წახალისება, მუდმივად ზრუნავდეს ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და სკოლის იმიჯზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი