ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ტექსტზე მუშაობა დაწყებით კლასებში

როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე? უპირველეს ყოვლისა, მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის ოკეანეში ორიენტაცია, ინფორმაციის მოძიება, გაცხრილვა, მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა, სიტუაციის ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზის დადგენა, გადაჭრის გზების პოვნა.

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის დღემდე დამკვიდრებულია საკითხისადმი ტრადიციული მიდგომა: თუ დაწყებითი კლასების მოსწავლე კარგად კითხულობს და გადმოსცემს წაკითხულს, წარმატებულ მოსწავლედ მიიჩნევა. არავის აინტერესებს, შეუძლია თუ არა მას მიღებული ცოდნის სხვა კონტექსტში გამოყენება.

მასწავლებელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში. მისთვის გამოწვევას წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი მიზნის „გადაქცევა“ მოსწავლის განვითარებისთვის შესაფერის აქტივობებად. ეს შესაძლოა მეტისმეტად რთული მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ხშირად არსებული მიდგომის ოდნავ შეცვლაც საკმარისია. მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის იდენტიფიცირება, გააანალიზონ სხვადასხვა მახასიათებელი, იპოვონ მსგავსებები და განსხვავებები. აგრეთვე მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისთვის, გეგმების დაწყობისა და შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ ხერხებს, რომლებიც მცირეწლოვან მოსწავლეებს დაეხმარება, იმუშაონ ამოცანებზე და საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით ისწავლონ.

კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკული აზროვნების შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  1. კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
  2. ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად.
  3. კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით.
  4. კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებას გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისთვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.
  5. კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან, როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: „სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით“.

მე თვითონ ხშირად ვიყენებ პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების აქტივობებში, მაგალითად, პროექტებში. ვცდილობ, ჩემი პატარები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიო კრიტიკულ აზროვნებას.

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება იმ აქტივობათა შესახებ, რომლებიც მესამე კლასში ჩავატარე. შედეგიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჯგუფურ სამუშაოს – მოიფიქრეს პრობლემის გადაჭრის მრავალი გზა.

 

თემა: საინფორმაციო ტექსტი „პანდა“

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, მისი გაგება-გააზრება, პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება და გადაჭრის გზების ძიება. აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარებს.

 

ესგ-სთან შესაბამისობა:

 

ქართ. დაწყ.(I). 6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი; ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ. დაწყ.(I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

  • ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა.

 

ქართ. დაწყ.(I). 12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
  • ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.

 

N აქტივობის აღწერა მეთოდი / მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები
1. მასწავლებელი ესალმება კლასს. აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას. ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ფლიპჩარტზე დაწერილი შეფასების რუბრიკა
  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვას „პანდა“. მოსწავლეები შეავსებენ ასოციაციურ რუკას. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი.
3 მასწავლებელი ახალი თემის გაცნობის მიზნით ავალებს კლასს, წაიკითხონ ახალი გაკვეთილის ტექსტი ჯერ ერთობლივად, მერე კი გაგრძელებებით. ქოროში კითხვა,

გაგრძელებით კითხვა

მთელი კლასი

ინდივიდუალურად

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი

 

4 ტექსტის სრულყოფილად გასაგებად მოსწავლეები შეეცდებიან, განმარტონ ლექსიკური ერთეულები. შეადგენენ წინადადებებს სიტყვებზე სხვა კონტექსტში. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი  დაფა, ცარცი

 

 

 

 

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვან ტექსტში მოცემული ინფორმაცია, მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს „პანდა ველურ ბუნებაში“.

 

იმის გასარკვევად, როგორ გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი მოსწავლეებმა, მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:

1) რამდენ კილოგრამს იწონის პანდა?

2) რა აქვს მას წინა თათზე?

3) სად ბინადრობს?

4) როგორ ცხოვრებას ირჩევს?

5) რატომ?

6) როდის სძინავს? როდის მოიპოვებს საზრდოს?

7) რატომ უწოდებენ პანდას ბამბუკის დათვს?

8) რამდენ გრამს იწონის მისი ნაშიერი?

9) რამდენი თვისაა პანდას ბელი, როდესაც დამოუკიდებლად სიარულს იწყებს?

10) რამ გამოიწვია პანდას რაოდენობის შემცირება?

11) რატომ არის შეტანილი პანდა წითელ წიგნში?

 

საშინაო დავალება: მიღებული ინფორმაციის განვრცობის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, მოიძიონ ინფორმაცია პანდასა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ.

 

შეფასების ტიპები და მეთოდები: მოსწავლეები შეფასდებიან დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი კომენტარებით.

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 

N შეფასების კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
1 მოსწავლე კითხულობს ახალ საინფორმაციო ტექსტს ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს, უჭირს ზოგიერთი სიტყვის ამოკითხვა კითხულობს, ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს კითხულობს გაწაფულად
2 გაიაზრებს წაკითხულს უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა პასუხობს კითხვების უმეტესობას მასწავლებლის ყველა კითხვას სწორად და სხარტად პასუხობს

 

 

3 გაიაზრებს პრობლემას, ასახელებს გადაჭრის გზებს უჭირს მასწავლებლის დახმარების გარეშე პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენს მასწავლებლის დახმარებით, ასახელებს გადაჭრის გზებს ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ასახელებს გადაჭრის გზებს
4 თანამშრომლობს ჯგუფში თავს არიდებს თანამშრომლობას თანამშრომლობს თანამშრომლობს აქტიურად

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები საშუალო კარგი საუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობა ჩართულია 1-2 წევრი ჩართულია უმეტესობა ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა ხშირად სჭირდებათ წესების შეხსენება იშვიათად იღებენ შენიშვნას მუშაობენ შეთანხმებულად

 

 

დროის ლიმიტის დაცვა ვერ ასწრებენ განსაზღვრულ დროში სამუშაოს დასრულებას მასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენ ზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაცია უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება აკეთებენ პრეზენტაციას მცირედი შენიშვნებით აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 

 

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ჩემს მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე განვუვითარო კრიტიკული აზროვნების, ტექსტის ანალიზის, პრობლემის იდენტიფიცირების, გააზრებისა და გადაჭრის უნარები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეებს წაეკითხათ საინფორმაციო ტექსტი, გაეზრებინათ, გამოეყოთ პრობლემა და დაესახათ მისი გადაჭრის გზები. მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2190

თამარ ტალიაშვილი. რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება? 21 ნოემბერი, 2013 წელი

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=1415

ანა ჯანელიძე. კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანბანის წიგნი

ლიტერატურული თამაშები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი