პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფიქრები მასწავლებლის   პროფესიულ განვითარებაზე

როგორც ცნობილია, სწავლა-სწავლება უწყვეტი პროცესია,რომელიც მიმდინარეობს ახალი გამოწვევებისა და სიახლეების დანერგვის პარალელურად. იმისათვის რომ თანამედროვე მასწავლებელი მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს . იგი ვალდებულია ახალი მიდგომებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით უზრუნველყოს ახალი თაობა, განუვითაროს სოციალური უნარები და აუმაღლოს ცოდნის დონე,დაგეგმოს და ჩაატაროს  შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები.ამიტომაც ისმის კითხვა,რა ეხმარება   მასწავლებელს მის პროფესიულ წინსვლაში-გამოცდა თუ პროფესიული განვითარების სქემა?  ვფიქრობ,  ერთი  ავსებს მეორეს,  გამოცდა ერთის მხრივ, ადასტურებს მასწავლებლის  კომპეტენციას, ხოლო  ამის შემდეგ იგი იწყებს ზრუნვას თვითგანვითარებაზე ტრენინგებით, სტაჟირებით, კონფერენციებით და სხვა მეთოდებით. მინდა მოგიყვეთ საკუთარი გამოცდილების მაგალითზე, რამდენიმე წლის წინ, როცა სქემაში ჩავერთე, მინდა ვაღიარო , სკეპტიკურად ვიყავი სქემის მიმართ განწყობილი,მაგრამ ახლა, როცა ვაჯამებ ჩემ მიერ განვლილ წლებს, მინდა ვისაუბრო, თუ რა მომცა ტრენინგებმა, კონფერენციებმა და სტაჟირებამ  უცხოეთში.

2011 წელს ჩავერთე ამერიკის საელჩოსა და ორგანიზაცია PH Inernational მიერ დაგეგმილ გრძელვადიან ტრენინგებში ინგლისური ენა სამოქალაქო განათლებაში(ELCI), სადაც მივიღე გამოცდილება ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარებაში, ჩავატარე  სამოქალაქო განათლებასთან ინტეგრირებული გაკვეთილები, იყო საინტერესო თემები: მოხალისეობა, პროფესიების შერჩევა, ტოლერანტობა და სხვა,  მაგრამ მათგან გამოვყოფდი ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელიც უკავშირდებოდა მოქალაქეობრივ მოვალეობას, არჩევნებში მონაწილეობას. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს არჩევნების პროცესი, ჩაატარეს ადგილობრივი არჩევნები, მოამზადეს პროგრამები, შეხვდნენ მოსახლეობას და გააცნეს იგი, დასვეს და უპასუხეს მწვავე შეკითხვებს, და გაითამაშეს არჩევნების მთელი პროცესი: ამომრჩეველი, კომისიის წევრები, დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ხმის დათვლის პროცედურა.

გაკვეთილი ძალიან სახალისო და პროდუქტიული იყო. უცხოელი ექსპერტისგან, რომელიც   ესწრებოდა გაკვეთილებს და აწარმოებდა დაკვირვებას,  ვისწავლე, თუ როგორ უნდა მივიღო და გავცე უკუკავშირი, რაც ყველაზე რთული პროცესია სწავლა/სწავლების პროცესში. ვატყობდი, როგორ ვიზრდებოდი გაკვეთილიდან გაკვეთილამდე. ამ  საინტერესო ტრენინგებს მოყვა საზაფხულო სკოლა, დატვირთული საინტერესო კონფერენციებით, ტრენინგებით და პრეზენტაციებით, ყველა რეგიონის ხუთი წარმატებული მასწავლებელი ვუზიარებდით მიღებულ ცოდნას ერთმანეთს და ვიღებდით  რჩევებს. ეს ყველაფერი გაგრძელდა ამერიკის შეერთებულ შტატების საზაფხულო სკოლაში, სადაც 22 დღის განმავლობაში ვესწრებოდით  უცხოელი ექსპერტებისა და ტრენერების  მიერ ჩატარებულ ტრენინგებს  საინტერესო და ჩვენს გაკვეთილზე მორგებული აქტივობებითა და მეთოდებით, ვისწავლე, თუ როგორ უნდა დამეგეგმა გაკვეთილი სწორად, დამესახა მიზანი და შემერჩია მიზანთან შესაბამისი აქტივობები, როგორ შემედგინა შეფასების რუბრიკები. ასევე ვისწავლე როგორ დამეგეგმა ტრენინგი და შემექმნა მოდული, ერთ-ერთი მოდული  იყო „ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება როლური თამაშების დახმარებით“. დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კი გავუზიარე საკუთარ მოსწავლეებს და კოლეგებს. ასევე გამოვარჩევდი მასწავლებელთა სახლისა და ბრიტან

ული საბჭოს ერთობლივად დაგეგმილ სტაჟირებას დიდ ბრიტანეთში, სადაც მაღალკვალიფიციური ტრენერები და ექსპერტები გვასწავლიდნენ, როგორ გადავაქციოთ ყველა თემა და აქტივობა საკომუნიკაციო აქტივობად, როგორ გავუადვილოთ მოსწავლეებს გრამატიკის სწავლა, რაც ყველაზე რთული პროცესია ინგლისური ენის სწავლებაში. ერთ-ერთი გაკვეთილი , რომელიც ბრიტანეთში დავგეგმე და ჩავატარე იყო „ღიმილების“ გამოყენება სასაუბრო და წერითი უნარ-ჩვევის გასავითარებლად. მოსწავლეები ირჩევენ  წინასწარ მომზადებულ „ღიმილებს“(emojiis) და ადგენენ მოთხრობას სევდიანს ან მხიარულს, ხოლო სხვა ჯგუფის მოსწავლეები შეცვლიან სევდიანს პოზიტიურად ან პირიქით. ასევე მინდა გამოვყო ამერიკის საელჩოსა და შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული რეგიონალური კონფერენცია, სადაც უცხოელმა და ქართველმა მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მრავალფეროვანი აქტივობები, ტექნოლოგიების გამოყენება, როგორ გამოვიყენოთ facebook მართლწერის გასაუმჯობესებლად, ვისწავლე kahoot გამოყენება გაკვეთილზე. მიღებული ცოდნა დავნერგე საკუთარ გაკვეთილზე: შევქმენი მერვე კლასელთა ჯგუფი და დავწერე კითხვები თავისუფლების ქანდაკებასთან დაკავშირებით, მოსწავლეები კი პასუხობდნენ წერილობით, ხოლო მართლწერის შეცდომებს ასწორებდნენ სხვა მოსწავლეები. იგივე აქტივობა გავაკეთე  kahoot -ის გამოყენებით, სადაც მოსწავლეებმა ბევრი მათთვის უცნობი ინფორმაცია დააგროვეს.

მასწავლებლის კარიერული ზრდისათვის აუცილებელია ზემოთ აღნიშნული აქტივობები, მასწავლებელი, საჭიროების მიხედვით, უნდა ესწრებოდეს ტრენინგებსა და კონფერენციებს და  მიღებული ცოდნა და გამოცდილება   დანერგოს  საკუთარ მოსწავლეებთან და კოლეგებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი