შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლობანობიდან – მასწავლებლობამდე

ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას. სოფლის ბოლოს თხილის ბაღებია. ამ ბაღში გვქონდა მოწყობილი ჩვენი სკოლა. სკოლის მოსწავლე საოცნებო სკოლაში მასწავლებლის როლს ვირგებდი…

დავიბადე აზერბაიჯანში. კახის რაიონში არის ერთი სოფელი, რომელსაც ქართველები ქათმისხევს ვუწოდებთ, ოფიციალურად ალიბეგლო ჰქვია. დავამთავრე სოფელში არსებული შოთა რუსთაველის სახელობის ქართული სკოლა. სწავლის გაგრძელება ისტორიულ სამშობლოში გადავწყვიტე. 2010 წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2013 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2011-2013 წლებში ვმუშაობდი იურიდიულ კომპანიებში და პარალელურად – არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის ეგიდითაც ვეხმარებოდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ სკოლებს, ვახორციელებდით საგანმანათლებლო პროექტებს.

ყოველთვის მაღელვებდა ჩემი ქვეყნის ისტორია და დღევანდელობა. მსურდა, რამე მნიშვნელოვანი შემექმნა საქართველოში, საკუთარი კვალი დამეტოვებინა ისტორიული სამშობლოს მიწაზე. 2013 წელს მეგობრებისგან გავიგე პროგრამის შესახებ, რომელიც არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობდა. „ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის“, სახელიც მიმზიდველად ჟღერდა. გავიარე კონკურსის ეტაპები. დაგვინიშნეს ტრენინგები, რადგან არ ვიცოდით სწავლის მეთოდიკა და სკოლაში მუშაობის პრინციპები. ბაზალეთის ტბაზე მართლაც ოქროს აკვანი ვიპოვე. ჩემი მომავალი ოთხ დღეში შეიცვალა. ეს ამბავი ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერმა, ერთმა თითქოს ჩვეულებრივმა ქალმა ჯგუფს გვითხრა: ოთხი დღე დავრჩები ამ ჯგუფში და ტრენინგის ბოლოს მიხვდებით, არის თუ არა თქვენი საქმე მასწავლებლობა, მასწავლებლობა არაქართულენოვან სკოლაში ეთნიკურ უმცირესობებთან. ეს იყო დაუვიწყარი ოთხი დღე.

ერთი აქტივობის დროს პედაგოგმა როლური თამაშები შემოგვთავაზა. თემა: ქცევის კორექცია. მე მერგო ამრევი მოსწავლის როლი და უკანა მერხზე მჯდომმა, გავაცნობიერე, რა საინტერესოა და თან როგორი რთული – გაუგო და ჩაწვდე თითოეული მოსწავლის სურვილს. „მასწავლებელს” ის გაკვეთილი ჩავუშალეთ. იცით რა არის საინტერესო? სკოლაში, სადაც ვასწავლი, დირექტორის მოადგილე მაშინდელი, ჯერ კიდევ სწავლის პროცესში მყოფი „პედაგოგია“. ტრენერის ამბავი უფრო საინტერესოა. შორენა ხუხუა დღეს ჩემი დირექტორია.

ტრენინგების დასრულების შემდეგ სიებში ვეძებდით საკუთარ სკოლებს, სადაც ერთი წელი უნდა გვემუშავა პროგრამის ფარგლებში დამხმარე მასწავლებლად. არცერთ სიაში არ ვჩანდი. არც ქვემო ქართლის, არც ჯავახეთის, არც კახეთის. დაბნეულმა მივაკითხე კოორდინატორს, რომელმაც ღიმილით მითხრა: „შენ თავად ტრენერმა აგირჩია, გვთხოვა, სადახლოს N1 სკოლაში გამომიგზავნეთ, ადგილი გათავისუფლდაო“. არ მოველოდი, რადგან ტრენინგების დროს განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, არც ტრენერს ეტყობოდა განსაკუთრებული აღფრთოვანება ჩემით. ავიღე ტელეფონი, დავურეკე ტრენერს მადლობის გადასახდელად. მან მხიარულად მიპასუხა: „აბა, დავიწყოთ შენი ცხოვრების ახალი ისტორია. იქნებ მოგეწონოს ეს საქმე და დარჩე კიდეც სკოლის სისტემაში?“

ორი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ქართულს, როგორც მეორე ენას. მე და ჩემი მასწავლებელი კოლეგები გავხდით. ძალიან მომეწონა მასწავლებლობა. შორენამ ისევ ახალი იდეა მომაწოდა: „მოდი, ჩააბარე პედაგოგიური უნარების და საგნის გამოცდა, გახდი სერტიფიცირებული“. იმავე წამს ავიტაცე იდეა, გავაუქმე სოციალური ქსელები, გამოვრთე ტელეფონი ზაფხულში და 2014 წელს წარმატებით ჩავაბარე მაშინდელი სერტიფიცირების გამოცდები. ასე გავხდი მასწავლებელი და წარმოუდგენელი შემართებით შევუდექი გზას ახალი მიზნებისკენ.

დღესაც მახსოვს 2013 წლის 16 სექტემბერი. ეს იყო დღე, როდესაც პირველად შევედი საკლასო ოთახში მასწავლებლის სტატუსით. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, რადგან კარგ მასწავლებელს შევხვდი და უკვე მეც შემეძლო სხვისი ცხოვრების შეცვლა.

ჩემი ოთხწლიანი პედაგოგიური საქმიანობის დროს დავუმეგობრდი უამრავ მასწავლებელსა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ პრაქტიკას, ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას, ვეხმარებით კარიერულ წინსვლაში და ა.შ. 2015 წელს, თებერვლის დასაწყისში ჩემი კოლეგა-მასწავლებელი შორენა დირექტორი გახდა და დაგვტოვა. რაღაცნაირად ხელმოტეხილივით დავრჩი. გვიან მივხვდი, რომ უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება, მხარდაჭერა, განსაკუთრებით განსხვავებულ სივრცეში. იმავე წლის ივნისის თვეში ჩემმა უკვე ყოფილმა კოლეგამ, ყოფილმა ტრენერმა დამირეკა და დირექტორის მოადგილეობა შემომთავაზა. დაუფიქრებლად ვთქვი უარი – მე მიყვარს მასწავლებლობა და არ მიზიდავს თანამდებობა-მეთქი. ამიტომ დღეს ვმუშაობ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც არის მულტიკულტურული დაწესებულება. ჩვენი გუნდი ყოფილი ტრენერით და კოლეგით, ყოფილი პროგრამელებით დღეს ისევ ერთად ვართ.

2017 წელს სოციალური ქსელით შევიტყვე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ. დავრეგისტრირდი, მაგრამ ამაოდ, დავრჩი ათეულს მიღმა. ამ პერიოდში ჩვენი სკოლის აქტიურ გუნდთან ერთად არაფორმალური განათლების მიმართულება ბევრად გავაძლიერეთ. დავიწყე პროექტებით სწავლება სკოლაში. ყოველ ახალ გრანტს სხვა ხედვა მოჰქონდა, ახლა შარშანდელ „მეს“ რომ ვაფასებ, ვხვდები, ნებისმიერი დაბრკოლება განვითარების წინაპირობაა. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე კვლავ ვცადე ბედი და არ შევმცდარვარ – ამჯერად ათეულში მოვხვდი.


სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მასწავლებლობა არცთუ ისე პრესტიჟულ პროფესიად ითვლება. მაღალქულიანი აბიტურიენტები არ ინტერესდებიან პედაგოგიკით. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს – მაგალითად, საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ჩვენი პროფესია მიიჩნევა დაბალანაზღაურებად, რუტინულ და უპერსპექტივო საქმიანობად. არაერთხელ დავამტკიცე საპირისპირო და მგონია, რომ ჩემი პირველადი პროფესია არ მომცემდა საშუალებას – შემეცვალა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ და უფრო მნიშვნელოვანსაც ვერაფერს გავაკეთებდი ჩემი სამშობლოსთვის. ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი ყოველდღიური საქმიანობით. რა თქმა უნდა, გზა სამართალმცოდნეობიდან – მასწავლებლობამდე არ იყო მარტივი, მაგრამ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი არჩევანის სისწორეში მარწმუნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი