შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გარე დაკვირვება დაიწყო, მთავარია, წესები დავიცვათ

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  უკვე დაიწყო გარე დაკვირვების პროცესი.  რეგისტრაცია გარე დაკვირვებაზე  2300 მეტმა უფროსმა მასწავლებელმა გაიარა. მათთვის უკვე ცნობილია, პედაგოგის ცხრილის გათვალისწინებით დაგეგმილი გარე დაკვირვებების ვადები.  გარე დაკვირვების პროცესსა და წესებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

– პედაგოგებისათვის ცნობილია, რომ ამ პროცესმა ჯერ პილოტირება  გაიარა და წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. ამიტომაც  ამ ეტაპის მონაწილე მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია აქვთ გარე დაკვირვებაზე და შესაბამისად, ნერვიულობის ფაქტორი უფრო შემცირებულია. ამაზე მეტყველებს დარეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელიც. მთავარია, წესების გათვალისწინება: მასწავლებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ხუთი თანმიმდევრული გაკვეთილის გეგმა. ცენტრი იტოვებს უფლებას,  ამ ხუთი გაკვეთილიდან არჩევანი გააკეთოს ერთზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ სხვა აქტივობებისას მასწავლებლებს აქვთ საშუალება, თავად  გადაწყვეტონ, რომელი  ფორმატით  წარმოადგენენ გეგმებს, გარე დაკვირვების გაკვეთილისთვის გეგმის ფორმა არის განსაზღვრული და აუცილებელია, გეგმის ამ ფორმით წარმოდგენა.

– ცენტრმა გარე დაკვირვების გეგმისთვის ახალი ფორმატი დაამტკიცა. რა ცვლილებას გულისხმობს ახალი გეგმა?

– ახალ  გეგმაში მცირე ცვლილებები შევიდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირის გამოკვეთა, თემატურ გეგმებთან კავშირი; ასევე, ყურადღება გამახვილებულია გაკვეთილისა  და აქტივობების მიზნებზე,  რომლებიც უნდა იყოს განსაზღვრული და გეგმაში უნდა დასაბუთდეს შინაარსობრივი რესურსების მიზნებთან შესაბამისობა. კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, დაგეგმილი აქტივობა მოდიფიცირებული უნდა იყოს ამ მოსწავლის საჭიროებების შესაბამისადაც. ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომლებიც წელს გეგმაში შევიდა. ყველაფერი დანარჩენი წარიმართება მოქმედი წესის მიხედვით, ისე, როგორც მანამდე იყო.

– იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ გარე დაკვირვებისთვის ატვირთული გაკვეთილის გეგმა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, კრიტერიუმებს,  გარე დაკვირვების პროცესი  ამ ეტაპზევე შეჩერდება?

– თუკი გარე დაკვირვებისთვის წარმოდგენილი გეგმები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ყველაფერი სათანადოდ არ არის შევსებული, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გეგმა ხარვეზიანად ჩაითვალოს და გარე დაკვირვება აღარ ჩატარდეს. ეს გარე დაკვირვების წესშიც არის განსაზღვრული, რომ, მაგალითისათვის, თუ არის რესურსის დასაბუთების მოთხოვნა და გეგმას აკლია რესურსის დასაბუთება, ასეთ მასწავლებელთან გარე დამკვირვებელი არ მივა, იმიტომ, რომ გეგმა ფორმატთან შეუსაბამო იქნება. ამიტომ გეგმის ფორმატი ყველა სკოლაშია გადაგზავნილი, ჩვენს შეხვედრებზეც მოხდა ამის განმარტება და გეგმის მომზადების პროცესი მეტ ყურადღებას მოითხოვს.

– რაც შეეხება მოთხოვნას თემატურ გეგმასთან შესაბამისობაზე, მასწავლებლები ხშირად კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა გარე დაკვირვების გაკვეთილისთვის თემების გადაადგილება?

– მასწავლებელს ამ ცვლილების საშუალებას, რა თქმა უნდა, ვაძლევთ. თუმცა, როცა ის ამ ცვლილებას ახდენს, უნდა ახსნას, რამდენად შედიოდა ეს მოსწავლეთა ინტერესებში. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს საგნის ლოგიკა. მაგალითად მოვიყვან გეოგრაფიის სწავლებას. რადგან მაისში დაიგეგმა  გარე დაკვირვება, არ შეიძლება, ცვლილება შეიტანო და რუკის კითხვა ასწავლო მაისში,  როცა მთელი წელი გეოგრაფიაში რუკა ინსტრუმენტად გამოიყენება. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მასწავლებელს შეაქვს, უნდა მოხდეს მოსწავლის ინტერესიდან გამომდინარე და უნდა იძლეოდეს შედეგის გაუმჯობესების საშუალებას.  თემატურ გეგმაში არის ჩანაწერი, რომ ცვლილება უნდა იყოს დასაბუთებული.

– განსხვავებით შარშანდელი წლისაგან, მომავალ სემესტრში გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია აღარ გამოცხადდება?

– წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, დარეგისტრირებულ მასწავლებელთა რაოდენობა საგრძნობლად დიდია. ამიტომ მათთან გარე დაკვირვების წარმართვის გრაფიკი მთელ სასწავლო წელზე გადანაწილდება, რათა პროცესი წარიმართოს მშვიდად და გამართულად. მომდევნო სასწავლო წელს მასწავლებლებს, რომელთაც 13 კრედიტქულა აქვთ, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ გარე დაკვირვებაზე.უკვე დაწყებულია გარე დაკვირვების პროცესი. ყველას მინდა, წარმატება ვუსურვო. სამომავლოდ ჩვენ მათ სწორედ წამყვანი მასწავლებლის სტატუსით ვხედავთ.

– თუ მასწავლებელი გარე დაკვირვებას წარმატებით ვერ გაივლის, სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო გახდება თუ არა სხვა აქტივობების განხორციელება?

– სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე ინფორმაციას ამ სემესტრის ბოლოს განვაცხადებთ. ის წესი, რომ მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა დაეგროვებინათ კრედიტქულები, შეიცვლება. ნაკლები ყურადღება მიექცევა იმას, თუ რამდენ კრედიტქულას აგროვებს მასწავლებელი. შესანარჩუნებლად ყურადღება მიექცევა უშუალოდ სასწავლო პროცესს, ანუ იმას,  როგორ ატარებს მასწავლებელი გაკვეთილს და როგორია მისი მოსწავლეების  შედეგები. ეს ცვლილებები არ გულისხმობს, რომ მასწავლებელს, რომელსაც 13 კრედიტქულა უკვე ჰქონდა, დამატებით  ექნება აქტივობები ჩასატარებელი, რადგან მათ უკვე სამოდელო გაკვეთილი ჩატარებული აქვთ და ეს ჩაეთვლებათ. ხოლო მასწავლებლებს, რომლებსაც ეს აქტივობები არ ჰქონდათ ჩატარებული, სრულ და დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი გაკვეთილის (ჩვეულებრივის თუ სამოდელოს) ჩატარება მოუწევთ, დეკემბერში მივაწვდით. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წერილობითაც და ვიდეოგაიდის სახითაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია ცვლილებებზე. ეს ცვლილებები იქნება, რადგან  უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომლებიც პირველ წელს ჩაერთნენ სქემაში, შესაძლებელია სტატუსის ჩამოქვეითების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ. ამიტომ ეს შეიცვლება.

– სქემის ოპონენტები გარე დაკვირვებას ,,დადგმულ  გაკვეთილებს“ უწოდებენ…

–  ეს არ არის ერთი გაკვეთილის გეგმა, ეს არის ხუთი გაკვეთილის გეგმა და თუ მასწავლებელი ასეთ ,,რეპეტიციებს“ 5 გაკვეთილისთვის ატარებს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, რაც  სკოლისთვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს  და  სკოლამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.  კრიტერიუმებშიც დევს ის კომპონენტები, რომ დადგმული გაკვეთილი ადეკვატურად შეფასდეს. გარე დამკვირვებლსაც არ გაუჭირდება, ერთმანეთისაგან გაარჩიოს ბუნებრივი და დადგმული  გაკვეთილი. მაგალითისათვის, მოსწავლეების მოტივაცია ვერანაირად ვერ იქნება მაღალი დადგმული გაკვეთილის შემთხვევაში და ეს აუცილებლად იჩენს თავს. იყო ასეთი შემთხვევები და ასეთმა გაკვეთილებმა ვერ გადალახა შესაბამისი ბარიერი. ამიტომაც მასწავლებლებს ვურჩევთ, არ მიმართონ ამ არასწორ მიდგომას. მოსწავლის დაშვებულ შეცდომაში საგანგაშო და უცნაური არაფერია, რადგან  მოსწავლეები შეცდომებზეც სწავლობენ, რაც  მასწავლებლის სწორი უკუკავშირით მიიღწევა. ასე ხდება  მოსწავლის პროგრესი და განვითარება. თუ გაკვეთილი მოდიფიცირდება, თუ მოსწავლისთვის რაღაც გაუგებარი დარჩა და დამატებითი განმარტებები გახდა საჭირო, მასწავლებელს ჩვეულებრივ აქვს საშუალება, რომ ამის შესახებ რეფლექსიაში დაწეროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ მასწავლებელს აქვს უნარები, ჩაატაროს კარგი გაკვეთილი, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ,,დადგმულ“ ნარეპეტიციებ გაკვეთილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი