შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ორი გზა ტყეში და არჩევანი

პოეზიის აბი რობერტ ფროსტისგან

 

„რამდენი ხანია, რაც მე შევიყვარე და რაც მე შევითვისე
ნოემბრის დღეები, ჩუმი, გაძარცვული, ნოემბრის დღეები,
პირველ მოთოვამდე რომ იბინდებიან მდუმარე ტყეები…
მაგრამ ამაოა ყველა დარწმუნება ჩემთვის და მისთვისაც,
რადგან მისის თვალით სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები”.

(რობერტ ფროსტი, „ნოემბრის სტუმარი“ (თარგმნა ზვიად გამსახურდიამ)

 

 

თუ რობერტ ფროსტის პოეზიას გაეცნობით, ერთი მთავარი მეტაფორა, რომელიც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, „ტყე“ იქნება. ადგილი, საიდანაც და სადაც  სამყაროს აკვირდება პოეტი, ხშირად ტყეა… იქნებ ეს მისი პოეტური მედიტაციის ადგილია, იქნებ – არაცნობიერი, იქნებ – ცხოვრება… ან ის ადგილი, სადაც ფიზიკურად ხშირად უწევდა ყოფნა. პოეტისთვის გარესამყარო მხოლოდ ნიშანია, აღმნიშვნელების ადგილი, რომელშიც თავადაც არის და, ამავე დროს, როგორც უბრალოდ ნიშანზე მეტი, საკუთარ არსებობასაც აკვირდება გარედან, ზემოდან, გვერდიდან…

პეიზაჟები, რომელსაც ფროსტი ხატავს, შინაგანი განწყობის ემოციური სურათებია. დიახ, იხ ხატავს, სიტყვებით ხატავს: „პირველ მოთოვამდე რომ იბადებიან მდუმარე ტყეები“… როგორი ნაცნობი პეიზაჟი და განცდაა. გიგირძვნიათ დუმილი პირველ თოვამდე? ეს რაღაც უცნაური მდგომარეობაა. მიჩუმებული არემარე თოვლის მოლოდინში, ყურებში სიჩუმის ხმა, მანძილი მიწამდე სულ უფრო მცირდება და სადაცაა, პირველი ფიფიქები ჩამოიყრება და დუმილს დაარღვევს, აშრიალდება სივრცე, თითქოს თეთრი პეპლებით გადაივსოო….

ის, რასაც პოეტი უმზერს და განიცდის, ერთია, და აქვე სხვა მზერასაც ამჩნევს ფროსტი: რასაც უყურებს და ეხება მზერით, როგორ იყურება აქეთ, და ამ ყველაფერს როგორ ხედავს ის სივრცე, რომელიც დაკვირვების ობიექტია. იცის, რომ იქიდან აქეთ მომართული მზერა და სურათები, სრულიად განსხვავებულია, თუმცა არ იცის, როგორი…

„რადგან მისის თვალით, სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები“.

 

ლექსში, „არარჩეული გზა“ (თარგმნა გიგი თევზაძემ,) ისევ შემოდგომის ტყეშია პოეტი. მთელი ლექსი ეძღვნება ორ გზას ტყეში და არჩევანს.

ორი გზა ტყეში, ყვითელ ფოთლებში,

თითქოს თანაბრად, მიიწევს მაღლა.

მომიწევს გავლა, თუნდაც ერთ-ერთის.

თვალით მოვნიშნე ერთი და მივდევ,

ვცდილობ გავიგო, სად მიწევს დაღლა.

 

ამ ორიდან ერთ გზას უნდა დაადგეს ლექსის ლირიკული გმირი, მანამდე კი სურს გაიგოს, რომელ გზაზე რა ხდება, სად დაიღლება და რა ელოდება. გონების თვალს გადაავლებს და მიჰყვება ერთს, მაგრამ მერე…

 

მერე, მეორეს შევხედე. თითქოს,

ის უკეთესად მოპყრობას ითხოვს.

ბალახი იქცევს ჩემს ყურადღებას;

კიდევ მწვანეა. ვფიქრობ, მოელის,

რომ ამ შარაზე წავა ყოველი.

 

თითქოს მეორე გზა უფრო მნიშვნელოვნად გამოჩნდა პოეტის თვალში, ნაკლებნავალი და ამიტომაც ბალახიანი იყო, თითქოს ამის გამო უფრო მიმზიდველიც…

 

ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვნენ,

და ერთნაირად მიხმობდნენ დილით.

მეორეს გავლა გადავავადე,

თუმცა, ვიცოდი, ეს გზა ხვალამდე

არ დარჩებოდა უსიერ ტყეში.

 

ორივე გზა მაღლა მიიწევდა, ორივე ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვა. უბრალოდ, ერთი ნაკლებნავალი და გადაბალახებული იყო, მეორე – მეტად გატკეპნილი. თითქოს ასეთი დილემის წინაშე არც უნდა დამდგარიყო პოეტი, არც უნდა დაფიქრებულიყო, რომელი გზა იყო უფრო მნიშვნელოვანი: სტერეოტიპებით სავსე და გატკეპნილი, ნაცადი და ნაცნობი, თუ ხიფათიანი, უცნობი, გაუკვალავი. ხომ თავისთავად ცხადია,  რომ მაძიებელი გმირი არასდროს აირჩევდა მარტივ და გაკვალულ გზას… მაშ, რამ ჩააფიქრა პოეტი და რა იყო მნიშვნელოვანი ამ გზაზე?

უნებური ასოციაცია ჩნდება ბარათაშვილის „მერანთან“ (ფროსტიც ხომ ხშირად თავის ცხენთან ერთად არის ამ ტყეში).

ბარათაშვილის მერანიც უვალ გზას ირჩევს იმ იმედით, რომ:

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,

რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სავალი გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს.“

 

იქნებ ფროსტი ის „მოძმეა“, რომელიც ბარათაშვილმა იწინასწარმეტყველა და რომელსაც სხვა დროიდან და სხვა სივრციდან მერანის გზას უნდა დადგომოდა?

ვინ იცის… ბევრი ნიშანი კი ემთხვევა ერთმანეთს.

გახარებული  და დალხენილი არ მიდის ბარათაშვილი ამ გზაზე… ის თავგანწირულია და ერთადერთი იმედი, რაც ასულდგმულებს, მოძმის დახმარებაა… არც ფროსტის ლირიკული გმირია წუთისოფლით ბედნიერი და ისიც ჭვრეტს იმ მომავალს, რომელიც ჯერ არ დამდგარა და როდესაც, წინასწარ იცის, რომ ამოოხვრით იტყვის:

 

და ამოოხვრით ვიტყვი, როდესაც

წლების სისრულის ვიგრძნობ რაობას:

მე ავირჩიე ნაკლებ ნავალი,

იმ ორი გზიდან, ტყეში რომ შემხვდა.

და მხოლოდ ამან შექმნა სხვაობა.

 

რა არის არჩევანი? რა ქმნის სხვაობას?

როდესაც გზაჯვარედინზე ხარ, როგორ უნდა მიხვდე, რომელი გზით წახვიდე?

რას ცვლის გზა…? გვცვლის თუ არა ის ჩვენ?

იქნებ გზა გვირჩევს და ჩვენ, უბრალოდ, დრო გაგვყავს ფიქრში და ეს უკვე გადაწყვეტილია?

ან იქნებ გზა თავად ვართ?

ან როგორც სარტრი იტყოდა: არარჩევანიც – არჩევნია…

“არ არსებობს არანაირი წინასწარგანსაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან – არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია.”

P.S.

ზემოთ ჩამოთვლილ  კითხვებზე ფროსტის ამ აბის („არარჩეული გზა“) მიღების შემდეგ ველოდები პასუხს…

მიღების წესი:

შეგიძლიათ მიიღოთ დღეში რამდენჯერმე.

უკუჩვენება არ აქვს.

მაგრამ ნუ შეეჩვევით…  2 კვირიანი პაუზა გააკეთეთ და ისევ მიუბრუნდით…

რამდენიმე წაკითხვის შემდეგ თუ მოგეჩვენათ, რომ პასუხი იცით, გადაამოწმეთ… თუ მეორე დღეს სხვა პასუხი გაგიჩნდათ, ესე იგი, სწორი გზით მიდიხართ და გააგრძელეთ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი