ფრაზეოლოგიზმების სწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რადგან ისინი ენობრივი აზროვნების სიღრმესა და ერის კულტურულ სიდიადეს ასახავენ. ფრაზეოლოგიზმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიმდიდრონ მეტყველება, ის უფრო ექსპრესიული, ემოციურად ზუსტი გახადონ. თუმცა, ფაქტია, რომ ტრადიციული მიდგომები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ფრაზეოლოგიზმების სწავლების ეფექტიან შედეგებს. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია ისეთი მეთოდიკის გამოყენება, რომელიც მარტივს ხდის მოსწავლისთვის სწავლების მიზნების მიღწევას, ასევე ჩართულობას, მოტივაციას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერაქტიული მეთოდების, მათ შორის „თამაშით სწავლების“ გამოყენება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების ეფექტიანობას და შედეგებსაც გაზომვადს ხდის.
სწავლების პროცესში ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა რამდენიმე ინდიკატორით შეიძლება შეფასდეს, მათ შორის:
- ენობრივი კომპეტენცია: ავითარებს მეტაფორულ აზროვნებასა და ენობრივ მოქნილობას;
- კულტურა და იდენტობა: ხალხური სიბრძნიდან, ზღაპრებიდან, ბიბლიური და ისტორიული კონტექსტებიდან მოდის;
- ლექსიკური მრავალფეროვნება: ის ტექსტს უფრო ცოცხალსა და მხატვრულს ხდის.
გთავაზობთ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მე-7 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესში განვახორციელე. მიღებულმა შედეგებმა აჩვენეს, რომ დაგეგმილმა აქტივობამ მიზნების გათვალისწინებით უზრუნველყო მოსალოდნელი მყისიერი შედეგი და რეალისტური გახადა გრძელვადიანი ცოდნა.
აქტივობის აღწერა: „თამაში ფრაზეოლოგიზმებით“
მოსწავლეებს დავურიგე ბევრი სხვადასხვა სახის ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც სწავლობდნენ და პერიოდულად ვიბარებდი. მოსწავლეები, რომლებმაც ყველა ხატოვანი თქმა ისწავლეს გადავიდნენ დასკვნით ეტაპზე, ანუ შემაჯამებელ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს არის 10 ტურისგან შემდგარი ინტელექტუალური თამაში, მოსწავლეები ორ გუნდად იყოფიან (2 მე-7 კლასი), თითო ტურში სხვადასხვა ტიპის დავალებას ასრულებდნენ.
ტურები
- ინდივიდუალური ამოცანა – მოსწავლე ყულაბიდან იღებს ფრაზეოლოგიზმს და განმარტავს.
- ფრაზეოლოგიზმის წარმომავლობა – გუნდებს ეძლევათ შეკითხვები ფრაზეოლოგიზმების ისტორიულ/კულტურულ წარმოშობაზე.
- ფოტოსურათის ამოცნობა – ეკრანზე გამოჩნდება სურათი და უნდა დაასახელონ რომელ ფრაზეოლოგიზმზე მიგვანიშნებს. მაგ: სიზიფეს შრომა
- შებრუნებული წყობა – (წყვილური თამაში) ვასახელებთ ფრაზეოლოგიზმის განმარტებას და უნდა გამოიცნონ, მაგ: დაკარგვა=დედამიწამ პირი უყო.
- „გულის“ ფრაზეოლოგიზმები – გუნდები წერენ მაქსიმალურად ბევრ ფრაზეოლოგიზმს, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა – გული. ქულა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც მეტს დაწერს.
- სინონიმური ფრაზეოლოგიზმები – ახსენი ფრაზეოლოგიზმი ფრაზეოლოგიზმით, მაგ: ენა მუცელში ჩაუვარდა=ენა დაება (დადუმდა, გაჩუმდა)
- გამოიცანი ფრაზეოლოგიზმი – მოცემული არეული ასოებისგან ფრაზეოლოგიზმის აწყობა.
- ჩანახატის წარდგენა – გუნდებმა წინასწარ მიწოდებული 10 ფრაზეოლოგიზმისგან შეადგინეს პატარა მხატვრული ტექსტი. (მაგ.: ლაფში ამოსვრა, ყურის გდება, გუდას პირი მოხსნა და სხვ.). შეფასების კრიტერიუმები: ორიგინალურობა, ყველა ფრაზეოლოგიზმის გამოყენება, მხატვრულობა.
- გუნდების მიერ მომზადებული დავალებები – ერთმანეთს მოუმზადეს დავალებები ფრაზეოლოგიზმებზე, მაგ: კროსვორდი.
- კაპიტნების ბლიცი – სწრაფი შეკითხვები კაპიტნებს. გამარჯვებულია ის, ვინ 1 წუთში მეტ ფრაზეოლოგიზმს განმარტავს.
თითო ტური ფასდებოდა 2 ქულით, მოსწავლეებს აფასებდა ჟიური.
აქტივობის შედეგად:
- მოსწავლეებმა გაიღრმავეს ფრაზეოლოგიზმების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
- განივითარეს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- განივითარეს გუნდური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.
ამრიგად, „თამაში ფრაზეოლოგიზმებით“ არის ინტერაქტიული სწავლების ეფექტური ფორმა, რომელიც აერთიანებს ლექსიკასთან მუშაობის სიღრმესა და თამაშის ელემენტებს. მსგავსი აქტივობები რეკომენდებულია როგორც დამატებითი ინსტრუმენტი ფრაზეოლოგიზმების სწავლის პროცესში, ვინაიდან ხელს უწყობს, როგორც ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.


