შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
25 ოქტომბერი, შაბათი, 2025

როგორ ვასწავლოთ ბავშვს „არა“-ს თქმა და საკუთარი თავის დაცვა

ერთხელ, სრულიად შემთხვევით შევესწარი, თუ როგორ წუხდა ახალგაზრდა ქალბატონი   შვილის გამო და თავის გულისტკივილს მეგობარს უზიარებდა – „არ ვიცი რა მოვუხერხო ამ ბავშვს. უარს ვერავის ვერაფერზე ეუბნება. თავის უსაყვარლეს სათამაშოს თვალცრემლიანი პარკში მოთამაშე ბავშვს ჩუქნიდა იმის გამო, რომ მას ის მოეწონა და ხელიდან გამოსტაცა. საჭმელს რომ ვაჭმევ, რომც არ უნდოდეს უარს არ ამბობს და ბოლომდე ჭამს. დასაძინებლად რომ შემყავს ოთახში, ვგრძნობ არ სიამოვნებს, არ ეძინება და ჩვენთან ყოფნა სურს, მაგრამ პროტესტს არ გამოხატავს. ვიცი ძალიან დამეჩაგრება მომავალში.“ აქვს თუ არა რაიმე საფუძველი მშობლის შიშს და მართლაც ელის თუ არა რაიმე საფრთხე მომავალში პატარას, რომელიც ვერასოდეს ვერავის ეუბნება „არა“-ს. რითი რისკავს ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია „არა“-ს თქმა. ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებენ „არა“-ს თქმას, უგულებელყოფენ საკუთარ ემოციებს და ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. მათთვის ბევრად იზრდება ცუდ კომპანიაში მოხვედრის, მავნე ჩვევების შეძენის და კანონდარღვევების რისკიც კი. გარდა ამისა, ისინი შეიძლება გახდნენ ზრდასრულთა მხრიდან ცუდი განზრახვის მსხვერპლი – მათ ხომ ასწავლიდნენ, რომ უფროსისათვის უარის თქმა „უხერხულია“, მათთან კამათი კი „უზრდელობაა“. ასეთი ბავშვები ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით და თვითპატივისცემის ნაკლებობით. ამიტომ, მათ უჭირთ საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციის, აზრის დაცვა და სკოლაში ხანდახან თანატოლების მხრიდან ძალადობის სამიზნედ იქცევიან. ბავშვი, რომელმაც ვერ ისწავლა „არა“-ს თქმა, ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს, საკუთარ მოთხოვნილებებს, სურვილებს და ინტერესებს. მისთვის ძნელია, უჭირს საკუთარი დროის, ძალების შეფასება; ამიტომ, აძლევს დაპირებას მასწავლებელს, მშობლებს, მეგობრებს, რომლის შესრულება შემდეგ არ შეუძლია. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების განცდა, ცხოვრებასთან გამკლავების უუნარობა და წარუმატებლობის განცდა.

რატომ უჭირთ ბავშვებს „არა“-ს თქმა – ძირითადი მიზეზები:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვები მიისწრაფიან მოიპოვონ მოწონება, აღიარება გარშემომყოფთა მხრიდან – მშობლების, აღმზრდელების, მეგობრების მხრიდან. გარშემომყოფთა მხრიდან მოწონების და აღიარების მიღება იმდენად ძლიერია, რომ ამის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ბავშვი ხშირად სწირავს საკუთარ სურვილებს და კომფორტს. „არა“-ს თქმა ნიშნავს სხვების კეთილგანწყობის დაკარგვის რისკს. პატარა ბავშვისთვის ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს;
  • ბევრი ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც უარი აღიქმება, როგორც უხეშობა ან დაუმორჩილებლობა. მათ ადრეული ასაკიდანვე შთააგონებენ: „იყავი თავაზიანი“, „ნუ შეეპასუხები უფროსებს“, „გაუზიარე სხვას შენი ნივთი, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება არ გინდა“; ასეთი მოწოდებები, მაშინაც კი, როდესაც ისინი საუკეთესო განზრახვით არის ნათქვამი, ბავშვს ასწავლის საკუთარი გრძნობებისა და სურვილების  ჩახშობას სხვების მოლოდინების სასარგებლოდ;
  • დადებითი მისაბაძი მაგალითის არარსებობა. ცნობილია, რომ ბავშვები მიბაძვით სწავლობენ. თუ მათ გარშემო მყოფი უფროსები მუდმივად უთმობენ სხვებს, ეშინიათ, უჭირთ პირადი საზღვრების დაცვა, ან პირიქით – რეაგირებენ უარზე აგრესიით, ბავშვისთვის რთულია იმის გაგება, რომ „არა“-ს თქმა შეიძლება მშვიდად, მტკიცედ და პატივისცემით და, რომ ეს ნორმალურია;
  • „არა“-ს თქმის უნარი დაკავშირებულია ემოციური ინტელექტისა და თვითშეფასების განვითარებასთან. პატარა ბავშვები ჯერ მხოლოდ სწავლობენ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გაცნობიერებას, იმ სიტუაციების გარჩევას, როდის არის დათმობა მიზანშეწონილი და როდის უნდა დაიცვას საკუთარი პოზიცია. ხშირად უფროსები სათანადოთ არ ვაფასებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის იყოს მიღებული, აღიარებული ოჯახში და საზოგადოებაში. უფროსების მხარდაჭერის და სიყვარულის დაკარგვის შიში სიტყვა „არა“-ს თითქმის შეუძლებელს ხდის.

     რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს „არა“-ს თქმა და საკუთარი თავის დაცვა:

  • იმისათვის, რომ ყველაფერზე დათანხმების ჩვევამ თვითშეფასების დაქვეითება არ გამოიწვიოს, უფროსება ადრეული ასაკიდანვე უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვმა კარგად შეისწავლოს საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლოს დამოუკიდებლად მსჯელობა და არ იყოს მუდმივად სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი იგრძნობს, რომ მის აზრს აქვს მნიშვნელობა მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა გარშემომყოფთა მოლოდინებს. რაც უფრო ადრე გაიგებს პატარა, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის „არა“- ს თქმა იქ, სადაც ეს ნამდვილად აუცილებელია – სკოლაში, მეგობართა წრეში და შეიძლება ოჯახურ გარემოშიც კი;
  • უარის თქმის ყველაზე მარტივი ფორმაა ჩვეულებრივი „არა“. თავდაჯერებული ტონით ნათქვამი ეს სიტყვა უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გზა თხოვნისთვის თავის ასაცილებლად, ან თუნდაც ხანგრძლივი ახსნა-განმარტება. სიტყვა „არა“ მაშინვე ნათელს ჰფენს სიტუაციას და ადამიანს აგრძნობინებს, რომ მოთხოვნა ცალსახად უარყოფილია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს საკმარისი არ არის. ყველაზე ხშირად უარის დასაბუთება აუცილებელია, როდესაც თხოვნა მოდის მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ან სხვა ახლობელი ადამიანებისგან;
  • ვასწავლოთ ბავშვს გარკვეული შეკითხვების დასმა, როდესაც თხოვნა მას ძალიან არ მოსწონს, როდესაც დისკომფორტს განიცდის თხოვნის გამო. პირველ რიგში, ბავშვმა ნათელი უნდა გახადოს, დააზუსტოს, ახსნას სიტუაცია: „კონკრეტულად რა უნდათ მათ ჩემგან, რატომ სწორედ მე“? ბავშვს უნდა შეეძლოს პირდაპირი შეკითხვების დასმა, მაგ, „რატომ გინდა, რომ ეს მე გავაკეთო, რატომ არ აკეთებ ამას თავად“? თუ არსებობს მოქმედების ვარიანტები, რომლებსაც ბავშვი უფრო წარმატებულად, მისაღებად, სწორად მიიჩნევს, მას შეუძლია შემხვედრი შეთავაზების გაკეთება: „მოდი სხვაგვარად გავაკეთოთ….“ ან „უკეთესი იქნება, თუ….“. ამ გზით მეორე ადამიანი (ზრდასრული ან ბავშვი) დაინახავს დახმარების ან საერთო საქმეში მონაწილეობის გულწრფელ სურვილს, მაგრამ არა ისე, როგორც თავდაპირველად იყო შეთავაზებული. თუ ბავშვის მოსმენას არ მოისურვებენ, ავუხსნათ მას, რომ შეუძლია სუფთა სინდისით თქვას  „არა“  და დაასრულოს საუბარი. ამის შემდეგ შეიძლება მშვიდად დამშვიდობება და დამშვიდობებისას ჩვეული ფრაზების გამოყენება, მაგ. „შეხვედრამდე“. ასე უფრო ადვილი იქნება უხერხულობის თავიდან აცილება. ასეთი მოქმედებით ბავშვი აგებინებს მოპირდაპირე მხარეს, რომ ის უარს ამბობს კონკრეტულად ამ თხოვნაზე, მაგრამ არ არის ურთიერთობის წინააღმდეგი და სურს ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ვასწავლოთ ბავშვს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მანიპულაციებსა და შანტაჟს. დავუშვათ მეგობარი აშანტაჟებს ბავშვს: „თუ შენ ჩემთან ერთად მათემატიკის გაკვეთილიდან არ გაიპარები, შენთან აღარ ვიმეგობრებ“, ან „მშიშარა ხარ და ამას ვერ გააკეთებ“. ავუხსნათ, რომ თუ ის ნამდვილად მეგობარია, მაშინ მეგობრობა უარის თქმის გამო არ დასრულდება, მომავალში კი ეს ბიჭი მოერიდება  ულტიმატუმების წაყენებას და პატივს სცემს სხვის პოზიციას. „იფიქრე, როგორც გინდა, მე უბრალოდ არ მომწონს ეს იდეა“ – ასეთი პასუხი გამორიცხავს საკუთარი არჩევანის გამართლების აუცილებლობას და შეუძლია თავიდან აიცილოს შემდგომი თავდასხმები. ავუხსნათ ბავშვს, რომ მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი პირადი საზღვრები;
  • გავითვალისწინოთ ბავშვის მოთხოვნილებები, საჭიროებები და დავასაბუთოთ უარი არგუმენტირებულად. არაფერს შეუძლია ასწავლოს ბავშვს საკუთარი მოთხოვნილებების პატივისცემა უკეთესად, ვიდრე ჩვენს რეაქციას მის თხოვნაზე. თუ ბავშვის ჩივილს, ან თხოვნას – „დავიღალე, მწყურია“ ვუპასუხებთ ამგვარად: „მოითმენ სახლამდე!“ ან უფრო უარესი – „სულ არ მაინტერესებს რა გინდა, მეც ბევრი რამ მინდა.“  – ჩვენ გავაუფასურებთ მის გრძნობებს  და სურვილებს ასეთი დამოკიდებულებით. ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ მისი მოთხოვნილებები არც ისე მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, რაც მისგან სურთ. მაგრამ, არსებობს რეაგირების სხვა ხერხიც: „მეც მინდა დალევა, მაგრამ ახლა წყალი არ მაქვს, მოდი მოვითმინოთ სახლამდე“ ან „მესმის, რომ დაიღალე, მოდი უბრალოდ გავჩერდეთ ნახევარი წუთით და შემდეგ გავაგრძელოთ სიარული, თორემ დროულად ვერ მივალთ, ვერ მოვასწრებთ მისვლას“. ამგვარად, ასეთი მოქმედებით ჩვენ ბავშვს გადავცემთ ინფორმაციას: „მესმის შენი საჭიროებები, მოთხოვნილებები, ისინი მნიშვნელოვანია და ყურადღებას იმსახურებს“. ადრეული ასაკიდან ჩვენ მიერ ბავშვში ჩადებული განწყობა-დამოკიდებულებები კიდევ მრავალი წელი მოახდენს გავლენას ბავშვის ქცევაზე;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება იყოს ბუნებრივი, ლაღი და თავისუფალი. მშობლების და სხვა ადამიანების მხრიდან მოწონების და შექების დამსახურების სურვილი აიძულებს პატარას უარი თქვას საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე;
  • შევეცადოთ თავად ჩვენ ვიყოთ მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის ჩვენი ქცევით. გავითვალისწინოთ, რომ პატარები სწავლობენ არა იმდენად ჩვენი ჭკუისდამრიგებლური საუბრებით, რამდენადაც უფროსების ქცევაზე დაკვირვებით. ისინი გვბაძავენ ჩვენ და ითვისებენ ჩვენს ქცევას, კარგი მანერებიდან ცუდ ჩვევებამდე, გვსურს ეს თავად ჩვენ, თუ არა;
  • მივცეთ ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვის მაგალითი. ჩვენ ვერიდებით, გავურბივართ „არა“-ს თქმას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის პროვოცირება, არ გავანაწყენოთ ის, ვინც რაიმეს გვთხოვს, არ დავაზიანოთ ჩვენი ურთიერთობა მასთან. თუმცა, სხვებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილმა შეიძლება საკუთარი თავის დაკარგვამდე მიგვიყვანოს. გარდა ამისა, თუ ჩვენ ყოველთვის ყველაფერში ვეთანხმებით გარშემომყოფებს, მათ შეიძლება ეჭვი შეიტანონ ჩვენი „კი“ – ის გულწრფელობაში. ამიტომ, ნუ მოგვერიდება უარის თქმა, წინააღმდეგობის გაწევა და მშვიდად „არა“ -ს თქმა ბავშვის თანდასწრებით. ამით ჩვენ მას ვაჩვენებთ, რომ უკეთესია გონივრულად, საღად შევაფასოთ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, ვიდრე მოგვიანებით დავიტანჯოთ და ვინანოთ ჩვენი არჩევანი;
  • მივცეთ ბავშვს უფლება გარკვეულ სიტუაციებში უფროსსაც უთხრას „არა“. გავაგებინოთ მას, რომ არგუმენტირებული „არა“ პასუხის სრულიად მისაღები ვარიანტია. ვუთხრათ, რომ ჩვენ ის იმ შემთხვევაშიც ისევე ძლიერად გვეყვარება, თუკი ყოველთვის არ დაგვეთანხმება. შევეცადოთ მაქსიმალურად პატივი ვცეთ მის აზრს, მაგრამ გავაფრთხილოთ ამა თუ იმ შემთხვევაში „არა“-ს თქმის შედეგების შესახებ. აღარ სურს ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მის თეფშზე ჯერ კიდევ არის საჭმელი დარჩენილი? „კარგი, მაგრამ მაშინ შევთანხმდეთ: ვახშმამდე წახემსება არ შეიძლება“. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ყველა სურვილი უნდა დავაკმაყოფილოთ – ასეთ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ პატარა ადამიანს, რომელმაც არ იცის სხვების პატივისცემა და სირთულეებისთვის თავის გართმევა. თუმცა, „არა“-ს თქმის უფლების ჩამორთმევა მშობლებთან ურთიერთობაშიც კი, შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცეს მომავალში. თუ ბავშვი არ სწავლობს მშობლებისთვის „არა“-ს თქმას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებს ამ სიტყვის სხვებისთვის თქმას. და, თუ მომავალში მას შესთავაზებენ მაგ. ნარკოტიკს, კარგი იქნება, თუ უკვე გამომუშავებული ექნება „არა“-ს თქმის უნარი და არასასურველი გავლენის ქვეშ არ მოხვდება.

დაბოლოს, „არა“-ს თქმის უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც საჭიროა ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ ბავშვს, რადგანაც ის თავდაჯერებულობის, თვითპატივისცემისა და გარშემომყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველია. ის ეხმარება ბავშვს თავიდან აიცილოს არასასურველი სიტუაციები (მაგ. ბულინგი, სახიფათო თამაშებში მონაწილეობა და ა.შ.), თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და შეინარჩუნოს შინაგანი სიმშვიდე და სტაბილურობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“