რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს უცნაური რამ შევნიშნე. ისეთი, რაც, სავარაუდოა, დიდი ხანია მემართება, უბრალოდ ყურადღება ახლა გავამახვილე და შესაბამისად, გავაანალიზე კიდეც. გაკვეთილის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე უცნაური შფოთი მიპყრობს, მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, ყბები მეძაბება და თავში ათასობით აზრი ისე სწრაფად დარბის, რომ ვერცერთ მათგანს ვერ ვეწევი. არც ვცდილობ ხოლმე. ალბათ შფოთვის სიმპტომებს იმდენად ვართ მიჩვეული, რომ თუ რამე უფრო რთულში არ გადაიზრდება, ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება. ეს ხომ სულ შეიძლება დაგვემართოს? მაგალითად, ზედმეტი კოფეინის, ძილის ნაკლებობის, გადაღლილობის გამო. არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ აკლია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას, ამიტომ შფოთი ზოგჯერ უკანა ფონზე, ჩუმად „მიმდინარეობს“, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვფუსფუსებთ. საზიანოა, თუმცა ასეა.
ერთ დღესაც, როცა არც ძილი მაკლდა, არც დაღლილი ვიყავი და არც ზედმეტი ყავა მქონდა დალეული, ჩემს თავს ასეთი აბეზარი შფოთი შევნიშნე და დავფიქრდი. საათს დავხედე, გაკვეთილის დაწყებას ოციოდე წუთი აკლდა. ყველაფერი მზად მქონდა. რაც მთავარი და ყველაზე უცნაურია, იმ კლასში უნდა შევსულიყავი, რომელსაც ერთ წელზე მეტია, ვასწავლი და ბავშვებს შესანიშნავად ვიცნობ. ვიცი, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მოსწონთ, რას ვერ იტანენ. ისინიც ასევე, ძალიან კარგად მიცნობენ და, როგორც წესი, დროს ბრწყინვალედ ვატარებთ ხოლმე ერთად. მაშინ რატომ ვიჯექი დაძაბული, რატომ ვცდილობდი ავტომატურად ღრმად მესუნთქა და რატომ ვიმტრევდი თითებს? ამჯერად შფოთი არ დავაიგნორე და შევნიშნე, რომ გაკვეთილის დაწყებიდან პირველ ორ-სამ წუთში მთლიანად გაუჩინარდა.
თანამედროვე კლვევების მიხედვით მასწავლებელთა საშუალოდ 40-50% მუდმივად განიცდის შფოთვის ან სტრესის ნიშნებს. შფოთვა განსაკუთრებით ძლიერდება როცა, მასწავლებელი ემოციურადაა ჩართული სწავლების პროცესში, ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, შეცდომები თავიდან აირიდოს და ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს. ვფიქრობ, ჩვენი ეს მდგომარეობა სისუსტე სულაც არაა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ სწავლება ჩვენთვის მექანიკური პროცესი არ არის და მასში სულსა და გულს ვდებთ, თუმცა შფოთვა და სტრესი ჩვენს ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე უდიდეს კვალს ტოვებს. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუკი პირველ რიგში სწორედ მის გაკონტროლებას შევეცდებოდით. გაკონტროლებამდე კი აუცილებელია შევნიშნოთ და დავაკვირდეთ, როდის ჩნდება, რატომ და რა სიმპტომებით. შემჩნევა პირველი ნაბიჯია გამკლავებისკენ.
ჩემი სამუშაო დღეები საოფისე საათებით იწყება. გაკვეთილის დაწყებამდე ზოგჯერ ოთხს ან ხუთ საათს სიჩუმეში ვატარებ: გეგმებს ვწერ, საჭირო მასალებს ვამზადებ, ვბეჭდავ. ზოგჯერ ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე ვაკეთებ, ან თანამშრომლებს მშვიდად ვესაუბრები, გვერდით მოდგმულ ყავას ვსვამ და არ ვჩქარობ. მერე კი უცებ გაკვეთილების დრო მოდის, რომლის რიტმიც ძალიან სწრაფია და ჩემგან საერთოდ სხვა უნარების გამოხმობასა და გააქტიურებას მოითხოვს. გაკვეთილის ჩატარება ხომ სცენაზე ასვლას ჰგავს, უნდა გამოცოცხლდე, ხმა აიმაღლო, განწყობა შეიცვალო, გაკვეთილის თემას გადახედო და მზად უნდა იყო, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესს მოერგო. ასე და ამგვარად ჩემმა ნერვულმა სისტემამ ჩემზე ადრე იცის, რომ მალე უნდა ავდგე და ჩემი პროფესიული ვერსია ჩავრთო, რომელიც მოქმედებს სწრაფად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. კომფორტის ზონაში მაგიდასთან ცხელ ყავასთან ერთად მოკალათებული ჩემი თავის ნელი ვერსია ნელ-ნელა უნდა გადაირთოს კონცენტრაციის რეჟიმში და ეს ჩუმი გადართვა ჩემში იწვევს უმისამართო შფოთს. ვღელავ, ხომ ყველაფერი გამომივა?! რამე ხომ არ შემყვება კლასში, რაც ხელს შემიშლის?! რამემ რომ არ იმუშაოს?! რომ დავმარცხდე?! თითქოს მფრინავი ვარ, რომელმაც აფრენამდე უნდა შეამოწმოს, გააქტიურებულია თუ არა ყველა ღილაკი. მერე კი, როგორც კი ავფრინდებით (გაკვეთილის დავიწყებთ), ყველაფერი თავის ადგილას დგება. თვითმფრინავი დინჯად მიაპობს სივრცეს. ეს უკვე ფოკუსის ფაზაა, როცა გონება ზედმეტ ხმაურს ამცირებს და საშუალებას გაძლევს, იმოქმედო – ასწავლო.
მნიშვნელოვანია ისიც გავიაზროთ, რომ ზოგჯერ შფოთვა სულაც არ არის იმ დღის გაკვეთილების ბრალი. შეიძლება ეს სულაც ძველი პროგრამაა, რომელიც ნერვულ სისტემაში დარჩა და ისიც ყოველ ჯერზე დაუღალავად ამოყოფს თავს. თუკი ოდესღაც ახალ სამსახურში, დემოზე, პირველ ჯერზე ან საჩვენებელ გაკვეთილზე ძალიან ვღელავდით და დიდი სტრესი მივიღეთ ან რაღაც არ გამოგვივიდა, ჩვენმა სხეულმა ეს ისე დაიმახსოვრა როგორც გაფრთხილება. ახლა კი, ამდენი წლის და ამდენი გაკვეთილის მერეც კი, როცა დრო დგება, ისევ გზავნის სიგნალებს, რომ სადღაც საფრთხეა. ეს თავდაცვის მექანიზმია, რომელიც, იდეაში, კვლავ ჩვენთვის აქტიურდება. წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ ჩვენზე ზრუნავს და ცდილობს აგვარიდოს იმ საფრთხეს ან უსიამოვნებას, რომელიც კვლავ ჰგონია, რომ განმეორდება. ამის გაცნობიერება პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ძველი პროგრამები როგორმე წავშალოთ და საკუთარ თავს შთავაგონოთ, რომ უსაფრთხოდ ვართ.
როცა ჩემი შფოთვის სავარაუდო მიზეზები ჩამოვწერე და იმ ყველაფერში გავერკვიე, რაც ზემოთ აღვწერე, ისიც ცხადი გახდა, რომ არსებობს კონკრეტული გზები, რითაც მასთან გამკლავება შემიძლია. პირველ რიგში, აუცილებელია მას სწორი სახელი დავარქვათ, შემდეგ კი ჩავატაროთ ისეთი პატარა რიტუალი, რაც დამშვიდებაში დაგვეხმარება – დავლიოთ წყალი, მოვუსმინოთ მუსიკას, წარმოვიდგინოთ მოსწავლეების მოღიმარი სახეები, ღრმად ვისუნთქოთ, თვალები დავხუჭოთ, ხუთი წუთი ჩუმად, სიმშვიდეში გავატაროთ და ა.შ. ეს რიტუალი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს.
თუკი ამის მსგავსად თავს ხშირად გრძნობთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენი ეს მდგომარეობა სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვზრუნავთ. ყოველი მასწავლებელი კი, ვინც შფოთის მიუხედავად მაინც შედის კლასში, უპირობოდ უმამაცესია. უსიამოვნოა, თუმცა შფოთი ჩვენი პროფესიის მუდმივი თანმხლებია, რომელიც ალბათ საგაკვეთილო პროცესისადმი სიყვარულს ვერასდროს წაგვართმევს, თუმცა ძალა კი ნამდვილად შეიძლება წაგვართვას, თუკი, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ გავუფრთხილდებით.
ამიტომ, თავს გაუფრთხილდი, მასწავლებელო!


