ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
20 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

„სახლსა სათამაშოსა“

დაბადების დღის აღნიშვნა რიტუალია, ხოლო თუ იუბილარი თავად მეფეა – საყოველთაო დღესასწაული. მაშინაც კი, თუ მეფეების დრო დიდი ხანია გავიდა. მთავარი ამ მეფის სახელია და მისი დაბადების სიხარული, რომელსაც მთელი ქვეყანა საკუთარ დღესავით აღნიშნავს. ამ სახელს ყველა გულში იკრავს, თავად იუბილარის გული კი მცხეთაში, სვეტიცხოველში ასვენია – საქართველოს ცხელი გული…

7 ნოებერს 305 წლისა გახდა დიდი მეფე ერეკლე მეორე. ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ მისი დაბადების თარიღი მე-19 საუკუნეში რუსმა ისტორიკოსმა არასწორად დაამკვიდრა, სინამდვილეში ის 7 ოქტომბერსაა დაბადებული. მარტო თარიღი კი არა, სხვაც ბევრი რამე აურიეს მისი ცხოვრებისა და მრწამსის, მისი სულისკვეთებისა და ჭვრეტის განჩხრეკისას, მაგრამ ყველაზე დიდი მსაჯული ხომ მაინც ხალხია, გნებავთ – ერი, ამ სიტყვის ყველაზე ამაღლებული გაგებით. ჰოდა, ამ ხალხმა, ამ ერმა ბავშვობიდანვე შეიყვარა და შეისისხლხორცა, ყველა ჭრილობა დაუფასა და შეაფასა კიდეც. ამ ხალხში ყველაზე დიდი სიმართლეა და ამ სიმართლით ბრწყინავს დღესაც მეფე ერეკლეს სახელი – უკანასკნელი მეფე და „მზე ივერიისა“.

როცა მის მეფობაზე ვსაუბრობთ, ის პერიოდიც ზედმიწევნით უნდა აღვიდგინოთ, რომელშიც ქვეყნის მართვა მოუწია – სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან შუაგაყოფილი, შინა თუ გარეშე მტერთან ბრძოლით დაქანცული, ლეკთა თარეშისგან აოხრებულ-აბორგებული, ტყვეთა სყიდვის ცოდვით დამძიმებული… ბავშვობა ფშავ-ხევსურეთში გაატარა, სადაც ლეკებს გაარიდეს სამეფო ოჯახი, თავის კბილა ფშავ-ხევსურ გოგო-ბიჭებთან გაიზარდა, ნადირობა და ჯირითი ისწავლა, მათ ენას გაეჩვია, უბრალო ხალხის უსიტყვოდ მოსმენა ისწავლა, მათი გულისცემის შეგრძნება… 15 წლისა იყო, პირველად რომ აიღო ხმალი ხელში და ნეიშნის ველზე ქიზიყის დამრბევი ლეკები დაამარცხა. მას შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია, შიშის ზარს სცემდა მტერს თავისი მეომრული ძალით და გამჭრიახობით, თვით მრისხანე შაჰებიც კი ეკრძალვოდნენ ინდოეთის ბრძოლებში გამონაცად მეფეს, რომელსაც მოღალატე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე თანამოაზრე, მაგრამ ბედისწერამ ასე არგუნა, რომ სულ იყო მის გვერდით ვიღაც, ვინც საკუთარ თავზე მეტად მეფეს ერთგულებდა და ეს კი, უპირველესად, ქვეყნის ერთგულებას ნიშნავდა – ანტონ კათალიკოსითა და სოლომონ ლეონიძით დაწყებული, უბრალო ფშაველ-ხევსური მეომრებითა და სამასი არაგველით დამთავრებული – ერეკლეს თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა გუნდი იყო იმდროინდელი საქართველოს „მორიგე ჯარი“, სიკვდილის პირას მისული ქვეყნის ახალი სიცოცხლე და მკვდრეთით აღდგომა.

და ამ გაუთავებელი ბრძოლების მიუხედავად, ერთი უმთავრესი, რაც ერეკლეს ეპოქას აელვარებს, კულტურული აღმავლობაა. ამან სულ სხვა ხარისხი შესძინა მეფის მმართველობის სტრატეგიას – ეკონომიკურად და კულტურულად გაძლიერებული ქვეყანა უფრო მტკიცედ შეხვდებოდა ყველა გამოწვევას.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლური იმპერიების ზეგავლენა კულტურული ექსპანსიითაც გამოიხატებოდა, მე-18 საუკუნეში მაინც წარმოუდგენლად გააქტიურდა ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ. სულ უფრო მძლავრად შემოდიოდა ევროპული კულტურა – კათოლიკე მისიონერთა, მოგზაურთა თუ დიპლომატთა, მწიგნობართა თუ ხელოვანთა შემწეობით. შემოდიოდა ორი გზით – უშუალოდ ევროპიდან და რუსეთის გავლით, რომელსაც, საქართველოს მეზობლებს შორის, ევროპასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი ჰქონდა და იმდროინდელი პეტერბურგი ევროპული კულტურის ერთ-ერთი ცენტრიც იყო. 1783-1787 წლებში, რუსი დიპლომატი სტეფან ბურნაშევი, რომელიც თბილისში დიმპლომატიური მისიით იმყოფებოდა, წერდა: „მეფე ერეკლე არაფრისკენ ისე არ მიისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ“.

დიდი მეფის ამ ძალისხმევას და დაუღალავ სწრაფვას ბევრი მტერი ჰყავდა და უპირველესი სწორედ ჩრდილოელი მეზობელი იყო. თუმცა ეს ცოტა გვიანი ისტორიაა და ჩვენ ჯერ კარგ ამბავზე ვთქვათ – იმ მაგიურ დღესასწაულზე, თეატრი რომ ჰქვია და ჩვენი მხატვრულ-სულიერი ბიოგრაფიის ნაწილად რომ იქცა საუკუნეების განმავლობაში.

ქართველები რომ არტისტული, თეატრალური ხალხი ვართ, ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც. პირველი თეატრალური წარმოდგენები ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, ხალხური რიტუალებისა და მხატვრული ტრადიციების სახით გაჩნდა – ბერიკაობა-ყეენობა ის პირველი „პერფორმანსია“, რომელშიც თანამედროვე თეატრის მრავალი ელემენტი იყრის თავს და ქართული თეატრის ისტორიას უძველესი დროით ათარიღებს. თუმცა ერეკლე მეფის ეპოქაში თეატრმა პროფესიული სახე მიიღო და ეს იყო ის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, რამაც მისი ტრადიცია ჩამოაყალიბა და განსაზღვრა ჩვენს კულტურაში. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ერეკლესა და მისი გუნდის ნებამ და ძალისხმევამ, ახალგაზრდებს მაქსიმალურად მიეღოთ სრულყოფილი განათლება (საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ) და თავად ყოფილიყვნენ კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების შემოქმედნი.

1758 წელს თბილისში, ანჩისხატის ტაძრის ეზოში, გაიხსნა „სემინარია ფილოსოფიისა“, რომელიც მეფის ხარჯზე არსებობდა. მისი პირველი რექტორი ანტონ კათალიკოსის მოწაფე გაიოზ ნაცვლიშვილი იყო. სემინარიაში ქართულ ენასა და გრამატიკასთან, სქოლასტიკასთან, ფილოსოფიასა და ფიზიკასთან, ლოგიკასა და თეოლოგიასთან ერთად ასწავლიდნენ რიტორიკასაც, რომელსაც ასევე „სიტყვიერების თეორია“ ერქვა და დეკლამაციაში დაოსტატებას გულისხმობდა. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული იყო დრამატული თეორიის წესების შესწავლა, რომლის შედეგადაც უნდა შექმნილიყო ახალი, ორიგინალური პიესა. ამ სკოლის მოსწავლეები თავად დგამდნენ თავიანთსავე დაწერილ პიესებს და მაყურებელს წარუდგენდნენ. პირველი სპექტაკლი სკოლის დაარსებიდან მესამე წელს, 1761 წელს წარმოადგინეს. პიესის ავტორი ერეკლე მეფის სასახლის კარის მოხელე იასე მიქაძე იყო. სწორედ ის მიიჩნევა ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ უძველეს ქართულ პიესად (დრამატურგიულ მინიატურად, როგორც მას თეატრმცოდნეები უწოდებენ) და მისგან იწყება თელავის „სასკოლო თეატრის“ ისტორიაც.

ამ პერიოდში თელავი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. სამეფო კარიც მრავალფეროვანი სახელოვნებო სივრცეებით იყო დატვირთული: სასახლის შესასვლელი კარის ზემოთ, ორკესტრისთვის განკუთვნილ ადგილზე, ნაღარხანა (სამეფო საზანდრების – სახელმწიფო ანსამბლის სამუშაო ტერიტორია) იყო განთავსებული, დილა-საღამოს ან საპატიო სტუმრის, ანაც მეფის შესაგებებლად დაფდაფსა და ქოს-ნაღარას უკრავდნენ; სასახლეს ჰყავდა მგალობელთა გუნდი, მოცეკვავეთა ანსამბლი (მასში ქალებიც შედიოდნენ და კაცებიც), მასხარა-ხუმარები, რომლებიც სატირულ ნომრებში დიდგვაროვნებსა და სასულიერო პირებს კიცხავდნენ. ერეკლეს კარზე იყვნენ სახალხო პოეტები: საიათნოვა, აღალუა, გიორგი თარხანი, ერასტი ამილახვრიშვილი, მანანა… ქალაქებსა და დიდ სოფლებში აქტიურად იმართებოდა ბერიკაობა-ყეენობა.

1782 წელს სკოლის ბაზაზე გაიხსნა ფილოსოფიური სემინარია, რომელმაც „სასკოლო თეატრი“ კიდევ უფრო განავითარა. ამ დროს სემინარიის რექტორი იყო დავით ალექსი-მესხიშვილი, რომელიც თავადაც წერდა პიესებს და თამაშობდა კიდეც. იმდროინდელი წყაროების თანახმად, დავით რექტორი გამორჩეული ყოფილა „აქტიორული თამაშით“. ზაქარია ჭიჭინაძე კი წერს: „ქართველთა ძველის ცხოვრების კარგი მცოდნე იყო; მწიგნობარი, დაუცხრომელი გადამწერი, მასთანავე ხუმარა, კომიკი, მასხარა, ფილოსოფოსი, ამიტომ მას მეტ სახელად ცუკია ფილოსოფოსი უწოდეს…“ სასკოლო თეატრში, სხვა ორიგინალურ პიესებთან ერთად („ხოტბა ერეკლე მეორისა“, „გიორგი მესამე“) მისი პიესებიც დაიდგა: მისტერია „უსელი“, „გასაუბრება მოხუცი და ახალგაზრდა მწიგნობარისა“ და სხვ.

მე-18 საუკუნის 80-90-იან წლებში უკვე არსებობდა გიორგი ავალიშვილისა და გაბრიელ მაიორის თეატრები.

1790 წელს თელავში, ერეკლე მეფის კარზე, შეიქმნა წარჩინებულთა თეატრი გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით. თავის დროზე გიორგი ავალიშვილი ერეკლემ სასწავლებლად რუსეთში გაგზავნა. მან და მისმა თანამოაზრეებმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მცირე თეატრალური დასის შექმნა გადაწყვიტეს. მათ სიამოვნებით შეუერთდნენ მეფე ერეკლესა და ავალიშვილის ქალიშვილები, შეიძინეს შესაბამისი ბინა და დაიწყეს წარმოდგენების გამართვა. ისინი ამ წარმოდგენებს სახისმეტყველებას უწოდებდნენ.

ავალიშვილის თეატრი კლასიცისტური მიმართულებისა იყო და ძველი ქართული თეატრის, „სახიობას“ ესთეტიკასაც ოსტატურად იყენებდა. მის დასში სამეფო და დიდგვაროვანთა ოჯახის წევრებიც ირიცხებოდნენ. გიორგი ავალიშვილის პერიოდში ქართული დრამატურგიაც ვითარდებოდა. ამაში თავად ავალიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ქართველ ისტორიკოსთა და თეატრის მკვლევართა უმეტესობა სწორედ მას მიიჩნევს ქართული დრამატურგიის მამამთავრად. ის ევროპული თეატრისა და დრამატურგიის პრინციპების ერთგული იყო. ცნობილია მისი კომედია „მეფე თეიმურაზი“, რომლის ტექსტსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მის შესახებ წერდა გაზეთი „დროება“ და ამ პუბლიკაციიდანაც ჩანს, თუ როგორი თანამედროვე, სხარტი, მახვილი იუმორით და სერიოზული ფიქრით დამუხტული იქნებოდა ეს ნაწარმოები. პიესა 1791 წელს დაიდგა და ეს მოვლენა ერეკლე მეორის სამეფო კარის თეატრის დებიუტად არის აღიარებული.

გიორგი ავალიშვილის თეატრში იდგმებოდა ასევე სხვა დრამატურგთა – ალექსანდრე ამილახვრის, გოდერძი ფირანაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის – ორიგინალური და თარგმნილი პიესები. სწორედ თეიმურაზ ბატონიშვილმა თარგმნა ფრანგულიდან პიესა „აღათოკლე“, რომელიც თელავში რამდენჯერმე დაიდგა.

სპექტაკლებს თამაშობდნენ „სახლსა სათამაშოსა შინა, სალხინო დარბაზებში, იპოდრომებსა და მოედნებზე“. დასს დავით მაჩაბელი ხელმძღვანელობდა. ეს ის მაჩაბელია, „ფიცხელ ომში რომ მღეროდა“ და თავის მსახიობებთან ერთად გმირულად დაიღუპა კრწანისის ომში. ავალიშვილის თეატრის წევრი იყო გაბრიელ მაიორიც, რომელსაც ერეკლე მეფემ არეშიშვილობა უბოძა და რომელმაც მოგვიანებით საკუთარი თეატრალური სივრცე შექმნა.

გაბრიელი არტილერიის მაიორი იყო. მის შესახებ ალექსანდრე ორბელიანი წერს: „თელავსა და თბილისში ქართულ კომედიებსაც თამაშობდნენ მეფის ირაკლის დროში, რომლისაცა გამმართველი იყო გაბრიელ მაიორი, სომეხი“. გაბრიელი ანტერპრენიორობდა კიდეც – ლურჯ ქაღალდზე დაბეჭდილ ბილეთებს თავად ყიდიდა. ზედ მოკლედ ეწერა: „შაური ორი, გაბრიელ მაიორი“. ეს მარკეტინგული გათვლა იყოო, განმარტავენ თეატრმცოდნეები – სხარტი „სარეკლამო სლოგანი“ მაყურებელს მკაფიოდ ატყობინებდა, რომ ის გაბრიელ მაიორის და არა სხვა თეატრალური დასის წარმოდგენას უნდა დასწრებოდა. ეს ფაქტიც ნათელყოფს, რამდენად აქტიური იყო უკვე თეატრალური ცხოვრება და მაყურებლებსაც საქმე ასარჩევად ჰქონდათ.

1795 წელს კრწანისის ბრძოლა გაიმართა და საქართველოს ისტორიაში ამ ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ, სხვა რამეებთან ერთად, თეატრალური ცხოვრებაც დიდი ხნით მიაჩუმა. ბრძოლაში გმირულად დაეცა დავით მაჩაბლის დასი, გაბრიელ მაიორი, კიდევ ბევრი ხელოვანი. ამ ტრაგედიის შემდეგ თელავში თეატრის განახლების შესახებ პირველი ცნობები მხოლოდ 1866 წლით თარიღდება. მანამდე დიდი და სულისშემძვრელი ანტრაქტი იყო…

მანამდე იყო ერეკლეს სიკვდილი, საქართველოს ანექსია, თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლა და აჯანყებები. იყო ილიას დაბადებაც და თერგდალეულთა მძლავრი თაობის პირველი ნაბიჯებიც საქართველოს დავრდომილი სულის გასაცოცხლებლად… და გიორგი ერისთავიც იყო, რომლის სახელსაც სამართლიანად უკავშირდება ქართული პროფესიული თეატრის დაარსება. თუმცა შეუძლებელია, უგულებელვყოთ ის ღონიერი ნიადაგი, რომელიც ერეკლე მეფის ეპოქაში თეატრალური ცხოვრებისთვის მომზადდა. ამ დიდმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად ორგანულია ჩვენი შემოქმედებითი ბუნებისთვის თეატრი და რამდენად ცხოველად გამოხატავს ის ჩვენს თანამედროვეობას წარსულისა და მომავლის შუქზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ლაშა ჩხარტიშვილი, „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“