პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
21 ნოემბერი, პარასკევი, 2025

AI აპლიკაციები – დიალოგი ცოდნასთან: ინტერაქციის ახალი პარადიგმა

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ინფორმაცია აღარ არის პრივილეგია – ის უკვე მოცემულობაა. ციფრული ოკეანე სავსეა მონაცემებით, ფაქტებითა და არქივებით. ღილაკზე ერთი თითის დაჭერა და “გამოვიძახებთ” სასურველ ინფორმაციას.  ამ ციფრულ აურზაურში ჩემი დაკვირვებით, იკვეთება ახალი, ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ციფრულ სამყაროში ინფორმაცია ყველასთვის მისაწვდომია, ახლა გვჭირდება იდეები, რომ ცოდნა ვაქციოთ გამოცდილებად.

ხშირად ვამბობ, რომ AI სწყალობს იმას, ვისაც იდეები არ ასვენებს. ის აჯილდოებს ცნობისმოყვარეებს, მეოცნებეებსა და მათ, ვისაც აქვს ხედვა, მაგრამ სჭირდება ტექნოლოგია,  ამ ხედვის მატერიალიზებისთვის.

მონოლოგიდან დიალოგამდე

ტრადიციული განათლება საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა მონოლოგს: წიგნი “ესაუბრებოდა” სტუდენტს, ლექტორი – აუდიტორიას. მსმენელი იყო პასიური მიმღები. არადა, ჩვენი ცნობიერება თავისი ბუნებით ხომ დიალოგურია. და აი, გამოჩნდნენ “მოსაუბრე აპლიკაციები”. AI აპლიკაციების შემოსვლამ სასწავლო პროცესში  მონოლოგური მოდელი თავდაყირა დააყენა.

პირველი აპლიკაცია, რომელიც შევქმენი ჩემი სტუდენტებისთვის იყო “AI სოკრატე“. მოგვიანებით მივხვდი, რომ სოკრატე შემთხვევით არ ამირჩევია და რომ ამაში უფრო ღრმა აზრი იდო. სასწავლო აპლიკაციები მართლაც ძალიან ჰგავს სოკრატეს მეთოდს.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გადავდივართ “სოკრატესეულ ციფრულ დიალოგზე”. AI-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აპლიკაციები არ გვთავაზობენ მხოლოდ მშრალ პასუხებს; რაც უმნიშვნელოვანესია, ისინი გვიწვევენ ინტერაქციაში. ეს არის ცოდნასთან ერთგვარი ცეკვა, როცა შენს კითხვაზე პასუხი ბადებს ახალ კითხვას, ახალ პერსპექტივას და კრიტიკული აზროვნების აუცილებლობას.

“AI სოკრატეს“ აპლიკაცია ასე მუშაობს: ირჩევ თემას, ირჩევ დონეს და სოკრატე იწყებს კითხვების დასმას (მაიევტიკური მეთოდით, რა თქმა უნდა). 3 კითხვაზე პასუხის შემდეგ ის გიწერს შენი პასუხების ანალიზს და გირჩევს, რას მიაქციო ყურადღება. დიალოგი გამოდის ყველა ჯერზე უაღრესად საინტერესო. ერთ სტუდენტს ასეთი რამ დაუწერა: „რად გინდა ცოდნა, თუ ის არ შეცვლის შენს ფიქრს, შენს აზროვნებასა და მოქმედებას და არ გადმოვა ცხოვრებაში?“.

Claude Artifacts ამკვიდრებს სრულიად ახალ მიდგომას: „ახალი გაკვეთილი – ახალი აპლიკაცია“. მასწავლებელს აღარ სჭირდება მოერგოს მხოლოდ არსებულ, სტანდარტულ პროგრამებს. მას შეუძლია დამატებით შექმნას ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც მის კლასს, მის მოსწავლეებს და კონკრეტულად იმდღევანდელ თემას სჭირდება.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია შექმნას მარტივი სიმულატორი ან ქვიზი Claude-ის დახმარებით, კოდის ცოდნის გარეშე.

AI აპლიკაციის სცენარები

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს AI-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური თამაში HTML-ში, სადაც მოსწავლემ უნდა გადაანაწილოს ბიუჯეტი ქალაქის ასაშენებლად და დაინახოს ეკონომიკური შედეგები.“
  • შედეგი: წამებში იქმნება პატარა აპლიკაცია (Artifact), რომელიც „ჯადოსნურ წრეს“ ქმნის. მოსწავლე თამაშობს ეკონომიკით, უშვებს შეცდომებს, ბანკროტდება და თავიდან იწყებს  და ამ პროცესში სწავლობს ეკონომიკის ფუნდამენტურ კანონებს უშუალო გამოცდილებით.

ქვიზები

  • სცენარი: „შექმენი ‘Drag and Drop’ (გადათრევა) თამაში ინგლისური სიტყვებისთვის. მარცხენა მხარეს იყოს სიტყვები, მარჯვნივ – სინონიმები. სწორი შეთავსებისას გამწვანდეს, არასწორი შეთავსებისას – გაწითლდეს და გამოსცეს ხმა.“
  • შედეგი (Artifact): მარტივი, მაგრამ ეფექტური აპლიკაცია, რომელიც რუტინულ დაზეპირებას აზარტულ თამაშად აქცევს.

ბიოლოგია: „ცოცხალი“ დიაგრამები

  • სცენარი: „შექმენი ადამიანის უჯრედის ინტერაქტიური სქემა. როცა მაუსს მივიტან რომელიმე ორგანელასთან (მაგ. მიტოქონდრია), ის უნდა განათდეს და გამოჩნდეს პატარა ფანჯარა  ფუნქციის აღწერით.“
  • შედეგი (Artifact): მოსწავლე იკვლევს უჯრედს, როგორც ინტერაქტიურ რუკას. ეს ზრდის ვიზუალურ მეხსიერებას და ჩართულობას.

ფიზიკა და მათემატიკა: ვირტუალური ლაბორატორია 

მოსწავლეს უჭირს გაიგოს გრავიტაცია ან პარაბოლა მხოლოდ დაფაზე დაწერილი ფორმულით?

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური სიმულაცია, სადაც იქნება ზარბაზანი. მომეცი საშუალება, სლაიდერით ვცვალო გასროლის კუთხე და საწყისი სიჩქარე, ხოლო ეკრანზე ვიზუალურად გამოჩნდეს ჭურვის ტრაექტორია და დაცემის ადგილი.“
  • შედეგი (Artifact): ეკრანზე ჩნდება მოქმედი თამაში/სიმულატორი. მოსწავლე „ეთამაშება“ ფიზიკის კანონებს. ის ხედავს კავშირს რიცხვებსა და მოძრაობას შორის.

ისტორია და გეოგრაფია: დროის მანქანა

რუკები და თარიღები ხშირად სტატიკური და მოსაწყენია. Artifacts-ს შეუძლია ისინი გააცოცხლოს.

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შექმენი ინტერაქტიური რუკა საქართველოს ისტორიაზე. ქვემოთ იყოს დროის სლაიდერი (Time Slider). როცა სლაიდერს გადავაადგილებ საუკუნეების მიხედვით, რუკაზე იცვლებოდეს საზღვრები და ჩნდებოდეს ინფორმაცია იმდროინდელ მეფეებზე.“
  • შედეგი (Artifact): იქმნება დინამიკური რუკა, სადაც ისტორია ვიზუალური პროცესია და არა მხოლოდ ტექსტი.

Homo Ludens 2.0: თამაში, როგორც შემეცნების უმაღლესი ფორმა

კიდევ ერთი მეტაფორა, რომელიც შეიძლება გაგახსენდეთ ცოდნის ინტერაქტიურ ფორმასთან დაკავშირებით, ეს არის თამაში. იოჰან ჰეიზინგა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში Homo Ludens (მოთამაშე ადამიანი) ამტკიცებდა, რომ კულტურა იბადება თამაშში და თამაშის სახით. თამაში არ არის გართობა; თამაში არის წესრიგის შექმნა ქაოსში. AI აპლიკაციები განათლებაში აბრუნებენ თამაშს  პირვანდელი, საკრალური მნიშვნელობით:

                ჰეიზინგას ტერმინით, თამაში ქმნის დროებით სამყაროს საკუთარი წესებით. AI სიმულაციები ქმნიან სწორედ ასეთ “ჯადოსნურ გარემოს” –  უსაფრთხო სივრცეებს, სადაც მოსწავლეს შეუძლია მართოს ვირტუალური ლაბორატორია, იყოს ისტორიული მოვლენის მონაწილე ან მართოს ეკონომიკური მოდელები. რეალურ ცხოვრებაში შეცდომა ხშირად ისჯება. თამაშში კი შეცდომა არის უკუკავშირი (Feedback). AI აპლიკაციებში “Game Over” არ ნიშნავს დასასრულს, ეს ნიშნავს: “სცადე სხვა სტრატეგიით”. ამით იხსნება სწავლაში შიშის ბარიერი.

             თამაშს ახასიათებს სრული ჩართულობა. AI ტექნოლოგიები (განსაკუთრებით AR/VR ელემენტებით) აქრობენ ზღვარს სუბიექტსა (მოსწავლე) და ობიექტს (შესასწავლი მასალა) შორის. შენ არ სწავლობ ბიოლოგიას გარედან, შენ “მოგზაურობ” უჯრედში.

ახალი რეალობის არქიტექტურა

დიახ, ახლა იქმნება ახალი რეალობის არქიტექტურა – სულ სხვა მეთოდებით და გეომეტრიით. AI აპლიკაციებს ცოდნა აბსტრაქციიდან გამოცდილებაში გადაჰყავს. ცოდნის მიღებას თან ახლავს ემოცია. ახალი პარადიგმა – დიალოგი და თამაში – აყალიბებს უბრალოდ  ინფორმირებულ ინდივიდს კი არა, არამედ მოაზროვნეს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების და იცის, რომ ჭეშმარიტება ფინიშის ხაზი არ არის, არამედ თავად პროცესია.

ჩვენ აღარ ვსწავლობთ სამყაროს შესახებ, ჩვენ ვქმნით სამყაროს მოდელებს და ვტესტავთ მათ რეალურ დროში.

ამ ახალ რეალობაში ადამიანის მთავარი კაპიტალი არის წარმოსახვა. ტექნოლოგია კი არის ის ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელიც “იდეების მოუსვენრობას” გამოცდილებებად  გარდაქმნის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“