-რა არის ფანჯარა? – მჭიდროდ შეკრული ჩარჩო, რომელშიც მინაა ჩასმული და ანჯამებითაა მიმაგრებული უფრო გამძლე ჩარჩოზე. ფანჯარა ისაა, რომლის საშუალებით ვინმე გაიხედავს შიგნიდან გარეთ და შეიხედავს გარედან შიგნით; ფანჯრიდან შედის გარედან შიგნით დღის სინათლეც და ღამის სიბნელეც, დღის ხმაურიც და ღამის სიჩუმეც; ხოლო შიგნიდან – გარეთ გადის ოთახის შუქი და მცხოვრებთა ხმა. ღია ფანჯარა ოთახში ჰაერს ასუფთავებს, სიცხეში სივრცეს აგრილებს და სიცივეში მზის სითბოთი ავსებს ოთახს. ფანჯრის მიღმა ხან სუსხიანი ზამთარია, ხანაც გრილი შემოდგომა; ხან სურნელოვანი გაზაფხულია, ხანაც გვალვიანი ზაფხული. ღია ფანჯარა ადამიანს გარეთ არსებულ სამყაროსთან აკავშირებს, ხოლო გარეთ მყოფს შიგნით ითრევს ინტერესი… ყველაფერი მიმზიდველია და ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. თვითონ შესაძლებლობებია მრავალფეროვანი. შესაძლებლობები თუ ფანჯრები?
არსებობს არამატერიალური ფანჯრებიც – ე.წ. შესაძლებლობების. ამ ფანჯრებს წარმოსახვით ჰორიზონტამდე შეუძლია ჩვენი მზერის გადასროლა. ამ ფანჯრებიდან ჩვენს გონებას ზოგი სიახლისა და განვითარებისკენ ეზიდება, ზოგი – აქტიური წინსვლისკენ, ზოგი – უმოძრაო სტაბილურობისკენ, ზოგი – თავისუფლებისკენ, ზოგი – იზოლაციაში კეთილდღეობისკენ, არის – დემოკრატიისკენ მიმართულიც და დიქტატურის მაჩვენებელი ფანჯრებიც… რომელი სიტყვათშეთანხმება უფრო ჟღერადია: „ევროპის ფანჯარა“, „დემოკრატიის ფანჯარა“, „ამერიკის ფანჯარა“, „ჩინეთის ფანჯარა“, „BRICS-ის ფანჯარა“, „აზიის ფანჯარა“, „ჩრდილოეთის ფანჯარა“, „დასავლეთის ფანჯარა“ თუ სხვა მრავალი სახის, პოლიტიკური არჩევანის მიხედვით შექმნილი, ფანჯარა.
კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, საით გაიხედოს, რომელი ფანჯარა გამოაღოს, არსებითია, ერთმანეთისგან განასხვაოს ხედი თუ ფონი; მიხვდეს, შორს იყურება თუ ახლოს, იძულებით თუ ნებაყოფლობით, მნიშვნელოვანია, შესწავლილი ჰქონდეს, თავისკენ, მზერის უკუმიმართულებით, როგორი ჰაერი მოედინება – მაცოცხლებელი თუ მომწამვლელი, მადისაღმძვრელი თუ მომადუნებელი, გონების გამააქტიურებელი თუ დამბინდავი.
დღეს „ფანჯრების“ ეპოქაა. არის თავისთავად ღია ფანჯრები, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩვენ მიერ გასაღებია. იზოლაციას ანუ გამოკეტვას ნებისმიერი ფანჯრის გამოღება და თავისუფალი სუნთქვა სჯობს. თუმცა, ვეჭვობ, იქნებ ზოგი მათგანი ისევ კომუნისტური საბჭოთა მხუთავის იზოლაციის ანალოგიაში გვაბრუნებს. არის ასეთი ფანჯრებიც – ოთახიდან ოთახში გამავალი – კარმიხურული სივრციდან, ჩარაზულ სივრცეში.
ბავშვობისას სხვა ფანჯარა მიზიდავდა.
ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ უბანში, ხუთსართულიანი ბინის პირველ სართულზე, იყო ერთი ფანჯარა, რკინის გისოსით დაცული და მუდმივად განათებული. ქუჩის მხრიდან ქალის მკლავები, კისერი და სახის პროფილი ჩანდა მხოლოდ. პირი კედლისკენ ჰქონდა და თავი დახრილი, გარედან არ ჩანდა, რას უყურებდა ასე დაჟინებით, მაგრამ მთელი უბნის ბავშვებმა ვიცოდით, რას აკეთებდა. შუახნის ქალი მზესუმზირას ხალავდა ელექტრო ქურაზე. შესაძლოა გაზქურა ენთო. მარჯვენა ხელს ნელა ამოძრავებდა. როცა თბილი ამინდი იდგა, ფანჯარაც ბოლომდე იღებოდა და დასავლეთის ჰაერს კიდევ უფრო ანოტიოებდა სურნელოვანი ცხელი ორთქლი. მერე ეს სუნი გაუყვებოდა ქუჩას, გამვლელს ხელს ჯიბეში ჩააყოფინებდა, ხურდა ფულს მოასინჯვინებდა, აჩქარებულად ამოაღებინებდა და ახლად მოხალული მზესუმზირათი აავსებინებდა ჯიბეს. უჰ, არაფერი სჯობდა ჯიბეში თბილი მარცვლების ჩაჩხრიალებას.
კომუნისტური პარტიის დროება იდგა. მწირად საინტერესო ეპოქა…
ახლა მზესუმზირა რომ ჰქვია, იმას ჩემს ბავშვობაში ,,სემიჩკა“ ერქვა. ის ფანჯარაც ჩემს სახლთან ახლოს, ორი კორპუსის გამოტოვებით, ხელისაწვდენაზე იყო. ავიღებ ოცკაპიკიანს, გავივლი ტროტუარს, შევჩერდები კედელთან, მკლავს მივაწვდენ და მონეტით მინაზე მივაკაკუნებ. ზამთარ-ზაფხულ – ყოველთვის! თუ დახურულია, ქალის ხელი აღებს ფანჯარას, მონეტას გამომართმევს, ძველი წიგნის ფურცელს ჩემ თვალწინ წამიერად აქცევს ,,კულოკად“, ხელისგულში გამოივლებს, თვალის დახამხამებაში ჩააჩხრიალებს შიგ „ღვინის ჭიქიდან“ შავ მარცვლებს – თბილს და არომატულს, ბოლო მოძრაობა ნახევარი მუჭა მარცვლის ჩამატებაა და საქმიანი კომპეტენტური ღიმილით დამემშვიდობება.
„სემიჩკაზე წასვლა“ მხოლოდ მისი შეძენა კი არ იყო. ეს ნიშნავდა, რომ უკვე გამაღლებული (ბოლოს და ბოლოს თითებს იმ ფანჯარას ვაწვდენდი), შეფარვით აკეკლუცებული, უბანში მიზანმიმართულად გავისეირნებდი. თვითონაც ჯიბეებში ხელჩაწყობილსა და ამაყს არ მომეძებნებოდა უკეთესი მიზეზი ჩემზე მაღალი თავმომწონე ბიჭების წინ ჩასავლელად. უკანა გზაზე კი უფრო გამომწვევად მოვაბიჯებდი – ცერასა და საჩვენებელს შორის ოსტატურად მოვიქცევდი მარცვალს, მოვუჭერდი, ქერქი გასკდებოდა თუ არა, თითებს ისე გავუსვამდი ერთმანეთს, როგორც გატკაცუნებისას და გარსიც შემოემსხვრეოდა გულს. იმ თეთრ გულს კი საგანგებოდ გამობზეკილ ტუჩებში ვაუჩინარებდი, თვალები აქეთ-იქით გამირბოდა – აბა, თუ შემამჩნიაო, – აკვიატებული ფიქრით.
მახსოვს მტკივნეული გასეირნებებიც: როცა არ მიხდება არც ერთი კაბა, ფეხსაცმელი თუ ვარცხნილობა; ნაბიჯის გადადგმისას ტერფები ერთმანეთზე მებლანდება; ამ ჩემს დაბნეულობას ირგვლივ ყველა ამჩნევს; სხეულში ალი დარბის და სიწითლე მურად მედება; სადაცაა გული გამისკდება ამ გაურკვეველი შფოთვით.
მაშინ არ ვიცი, რომ ეს „დაქალიშვილებას“ ნიშნავს. თავგამოდებით ვკეკლუცობ, თან ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოქცეულ „სემიჩკის“ მარცვალს უკვე მოხერხებულად, ერთი დატრიალებით, ისე გულმოდგინედ ვაცლი კანს, თითქოს ,,საკუთარ თავს“ ზუსტად იქ ვიპოვი, რომელიმე კაკალში. …და, თუ ასე მოხდება, ესე იგი,
პირველი:
,,მასაც“ აუცილებლად მოვეწონები, მერე რა, თუ ჩენჩოთი ქუჩას ვანაგვიანებ, ვის არ ჩაუდენია?! –რას ვკითხულობ და რა ნიშნებზე ვსწავლობ, მაინც არავის აინტერესებს.
მეორე:
არც მე მჭირდება „ის“, წიგნებში თავჩარგული ბიჭი, რომელსაც ჩემთვის არასდროს სცალია, სამაგიეროდ, „კულოკის“ გაკეთებაც კი არ იცის. აი, მე კი ვისწავლე.
—
ის იყო „სემიჩკის“ ფანჯარა. მაშინ ასეთი მრავლისმქმნელი, დღეს სრულიად გამოუსადეგარი. თურმე, ის ფანჯარა ისევ აფრქვევს მზესუმზირას სურნელს, ოღონდ შიგნით მყოფ ქალბატონს ჭაღარა თმა და ღიმილი ნაოჭებით მოურთავს. „ოცკაპიკიანიც“ აღარავის აქვს.
ახლაც ჩავუვლი ხოლმე იმ ფანჯარას, როცა ბავშვობის უბანს სახლისკენ ფეხით გავუყვები. მარჯვნივ „დიდების მემორიალის“ ნაცვლად ყოფილი პარლამენტის შენობაა, რომელსაც უცნობი პლანეტა დავარქვი; გვირილების თაიგულსაც აღარ ვწნავ, რადგან გვირილა აღარსადაა და ჩემი წითელი, „მოსკოვიდან ჩამოტანილი“, ტილოს „ბალეტკებიც“ გამქრალია. აღარც ვკეკლუცობ, აღარც კორპუსის ფანჯრებს ვიკვლევ, მინდა, სხვა, შორეული ინტერესების ფანჯრები ვიპოვო ისე, როგორც დემოკრატიით გამთლიანებულმა მსოფლიოს მოქალაქემ.
ვფიქრობ, ვინც ისევ იმ მინაზე აკაკუნებს, სხვა ფანჯრის გამოღება არასდროს უცდია და, მაშასადამე, შესაძლებლობების ფანჯარას არც მიახლოებია.
—
…ბავშვობისას ფანჯრები მიყვარდა, როგორც საინტერესოსა და უცხოს შეცნობის გზა. ვერ ვიპოვე მაშინ. დღეს სადაა ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა? რომელია?..


