ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

კლასის მშობლების სასაუბრო სივრცის ქართული პრაქტიკა

ვიდრე წერას დავიწყებდი „ჩატის“ ქართული შესატყვისის მოსაძებნად ლექსიკონს გადავხედე. შემოთავაზებულ ტერმინებზე – „ლაყაფი“, „ყბედობა“, „ჭორაობა“ – გასაგები მიზეზების გამო არჩევანი ვერ შევაჩერე. ამიტომ მკითხველის ნებართვით,  ბარბარიზმს გამოვიყენებ.

ბოლო დროს მშობლები და მასწავლებლები ურთიერთობის საშუალებად ჯგუფურ „ჩატში“ მიმოწერას რეგულარულად იყენებენ, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ კომუნიკაციის პირდაპირი პლატფორმები. მიიჩნევა, რომ ურთიერთობის ეს ფორმა უფრო მარტივია, დროს და ენერგიას გვიზოგავს. სხვა შენელებული საშუალებებისგან განსხვავებით ჩატი უსწრაფესად, რეალურ დროში ავრცელებს ინფორმაციას და ერთდროულად ბევრი ადამიანის საუბრის საშუალებას იძლევა.

მშობლებს შორის კომუნიკაციის დისტანციური ფორმა საქართველოში მეტად პოპულარულია. ყოველდღიურად საკლასო ჩატებიდან ინფორმაცია ასობით ათასი მშობლის ტელეფონსა და კომპიუტერში აღწევს. Online სასაუბროების აქტიურად გამოყენებას რამდენიმე გარემოებამაც შეუწყო ხელი. საჯარო სკოლის შენობებში მშობლების შესვლა კოვიდპანდემიის შემდეგ მკაცრად კონტროლდება. შეიზღუდა შენობაში შესვლის დღე და საათები. პარალელურად, ბევრი მშობელი სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლაში მისვლას იშვიათად ახერხებს. ამ და სხვა გარემოებების გამო ფიზიკური შეხვედრები online კომუნიკაციამ ჩაანაცვლა.

ხშირად თითოეულ კლასს ორი სასაუბრო ჩატი აქვს. ერთ-ერთში მასწავლებელიც არის გაწევრიანებული, ხოლო მეორეში – მხოლოდ მშობლები. სივრცეში სადაც პედაგოგიც იმყოფება, საუბარი შედარებით უფრო ფორმალური და საქმიანია. ცალკე სასაუბრო სივრცეებს კი, როგორც წესი, აქტიური მშობლები დამოუკიდებლად ქმნიან. ასეთი ჩატები არაფორმალურად ფუნქციონირებს. მასზე არ ვრცელდება სკოლის ორგანიზაციული წესები. ჩატის თითოეული წევრი მშობელი საკუთარი მორალურ-ეთიკური საზომით მოქმედებს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მძლავრად მოსწავლეთა მშობლების ხმა ცალკე ჩათებში ისმის.

კანონის შესაბამისად, მშობლებს უფლება აქვთ ჰქონდეთ სკოლისგან დამოუკიდებელი სასაუბრო სივრცე. ცხადია, არავის შეუძლია აუკრძალოს სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს სტატია იმაზეა, როგორ შეუძლია პედაგოგს  მშობლების ენერგია სწორად მიმართოს სკოლის განვითარებისკენ.

დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არ არის საკმარისი კლასის ძირითადი online სასაუბრო სივრცე და რატომ ხდება აუცილებელი მეორე, ცალკე მშობლების  ჩატის არსებობა? რაში ეხმარება და რაში უშლის ხელს ეს სკოლას? ამ საკითხებზე მსჯელობის დაწყებამ შეიძლება მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანოს.

პედაგოგისგან განცალკევებულ ჩათს რამდენიმე მახასიათებელი აქვს.

  1. სასკოლო სიახლეების გაზიარების უწყვეტი ნაკადი – ზოგჯერ, ცალკე ჩათების გახსნის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. თუ კლასის დამრიგებელი ვერ ახერხებს დრო გამონახოს მშობლებთან კომუნიკაციისთვის, ისინი თავად იწყებენ ყურმოკრული ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთისთვის. ხშირად ეს ამბები სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, მათზე დიდი ემოციური და დროის რესურსი იხარჯება. საბოლოოდ, კი შეიძლება სრულიად მცდარი წარმოდგენები შეუქმნას მშობლებს. იმისთვის, რომ პედაგოგმა თავიდან აირიდოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების რისკები, აუცილებელია, სარგებლობდეს მშობლების ნდობით. მშობლებს უნდა სჯეროდეთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდით პედაგოგი. ამავე დროს, არ უნდა ჰქონდეთ ზედმეტი მორიდება, რომ ყურმოკრული საკითხი მასთან გადაამოწმონ. არ უნდა შიშობდნენ, რომ მასწავლებელთან კომუნიკაციას მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვება.

 

  1. მეორე მახასიათებელი, რაც ცალკე ჩათის ერთგვარი უპირატესობაა, ეს არის ამ სივრცის უსაფრთხოება. მშობლები აქ ბევრად უფრო გულწრფელად წერენ თავიანთ მოსაზრებებს, არ ეშინიათ/არ ერიდებათ აზრის დაფიქსირების, რადგან იციან, რომ ამ ნაბიჯს უსიამოვნებები არ მოჰყვება. დაფიქსირებული აზრის გამო მათ არავინ განსჯის. ცალკე ჩათების არსებობის აზრი სწორედ იმაშია, რომ ისაუბრონ სკოლაზე უსაფრთხო სივრცეში. მშობლებს რომ სკოლაში ღიად საუბარი უჭირთ, ამის დასტურად მასშტაბური კვლევის მოყვანა გამიჭირდება, თუმცა პირად საუბრებში მშობლები არ მალავენ ამ მოცემულობას. ამასთან, ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ სატელეფონო საკონსულტაციო ცენტრის ანგარიშის (https://url-shortener.me/7KAY) მიხედვით, მშობელთა ნაწილს მხოლოდ ანინუმურად სურს პრობლემის შესახებ საუბარი, რადგან შიშობენ, რომ ამით შესაძლოა მასწავლებელი გაანაწყენონ ან შვილს დამატებითი პრობლემები შეუქმნან სკოლაში. ამის გამო, ხშირად მშობლების უკუკავშირი სკოლამდე ვერ აღწევს და ცალკე ჩათში საუბრად რჩება. ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.   მშობლების უკუკავშირის მიღების მექანიზმები დღევანდელ სკოლაში ნაკლებად არის განვითარებული. როგორც წესი, მოსწავლეთა ოჯახების მოსაზრებები ცალკე სასაუბრო ჩატებში რჩება და სკოლამდე არ მიდის.

რა უნდა ქნას სკოლამ?

  • შექმნას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმები შიდა საზოდოებისთვის, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებისთვის.
  • რეგულარულად დაგეგმოს შეხვედრები მშობლებთან, რათა მათ ცოცხალ გარემოში მისცეს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მათი შვილებისთვის.
  • რეგულარულად წარუდგინოს ხარისხის მაჩვენებლების შესახებ ანგარიში მშობლებს და მოისმინოს უკუკავშირი.

როდესაც სკოლაში განვითარდება თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კულტურა, მშობლების რესურსი ნაკლებად გაიფლანგება უშედეგოდ. მშობლები ისევე აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული განათლების ხარისხის უწყვეტ შეფასებაში, როგორც ცალკე სასაუბრო ჩატებში აქტიურობენ. ამისთვის კი სკოლამ ისინი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში უნდა ჩართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“