პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

    ნელი ქიტიაშვილის კლასი

მე, ქეთი და ლალი ნელი ქიტიაშვილის სადამრიგებლო კლასში ვიყავით. კიდევ – გივი, ცირა, მაკა, ლექსო, ნანა და მეორე მაკაც (კიკაბიძე); და ფიქრია, მურთაზი და გოგიტა, მგონი შემდეგ შემოგვიერთდნენ. დიდი დრო გავიდა იმ დღიდან, პირველად რომ წავედი სკოლაში და ახლა ამ ამბების გახსენებისას, ისეთი  შეგრძნება მაქვს, როცა ამბობენ ხოლმე  –  ,,თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი”.

დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის სკოლის სამყარო უზარმაზარია – თავისი კედლებით, დერეფნებით, ეზოთი, სპორტული დარბაზის დიდი სივრცით. ამ სივრცისთვის ის ერთი ციცქნაა, თითქოს ვინმეს ხელისგულზე ზის და ახლა სხვას შეუძლია შეათვალიეროს, აწონოს და შეაფასოს.

ეს ახალი და ძნელი  გამოცდილების მიღების წლებია, როცა ერთი წუთითაც არ გტოვებს განცდა, რომ პატარა ხარ და მარტო ხარ; პატარა ხარ და შეიძლება ვინმემ დაგჩაგროს; პატარა ხარ და შეიძლება რაღაც არასწორად თქვა, რაღაც შეგეშალოს და შეცდომა დაუშვა. ყველაზე მეტად შეცდომების დაშვების გეშინია და ფიქრობ, რომ ამის უფლება არ გაქვს. პირველ მასწავლებელთან შეხვედრამ ეს შიშები და შფოთვები მოგვიხსნა  და თავი უხიფათოდ ვიგრძენით. ასე დაცულად სკოლის სივრცეში შემდეგ კარგა ხანს აღარ მიგვრძვნია თავი. ნელი მასწავლებელი კი ცდილობდა პატარა მოსწავლეებთან  დიდი სითბო გამოეჩინა და მახსოვს, რომ ამ სიახლოვესა და მის დამოკიდებულებაში არ იყო სიყალბე. პირიქით,  ძალიან გულწრფელი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენც საკმაოდ ,,თავდაჭერილად” ვიქცეოდით, როგორც შეგვეძლო. თვითონ კი ძალიან მშვიდი, მეგობრული იყო, და  თბილი და კეთილი ღიმილი ჰქონდა, რომელიც ჩვენზე ძალიან კარგად მოქმედებდა. აი, ასეთი დამამახსოვრდა ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელმაც ისეთი სიმშვიდის  განცდა გამოგვაყოლა, რომ, როდესაც მისი საკლასო ოთახი დავტოვეთ,  ეს განცდა ძალიან დიდხანს გაგვყვა, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის გრძნობა, და კიდევ უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი აღსაზრდელების სიმშვიდისთვის, არ თრგუნავენ და მეგობრული ურთიერთობა აქვთ მათთან.

unnamed

დროის გახსენება მაფრთხობს – ალბათ ესაა ბავშვობის დაკარგვის ან მოგონებების დაკარგვის შიში. ძველ კლასელებს  ისე თავისუფლად ვეღარ წერ, ემოციების გაზიარებას ერიდები. არადა, გინდა უთხრა, რომ ის დრო, რომელიც ერთად გაატარეთ, ნამდვილად ბედნიერი დრო იყო. მართალია, დღეს ყველა სადღაც-სადღაც ვართ დაფანტული, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აკიდებული, წლებია ერთმანეთი არ გვინახავს. მოზომილი სიტყვებით მოვიკითხავთ ერთმანეთს, გვეძნელება იმის თქმა, რომ ძალიან ვწუხვართ იმ ადამიანების გამო, რომლებიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არიან; რომ მათი წასვლით ჩვენი ცხოვრებიდანაც  გაქრა  უშფოთველობის პატარა  ნაწილი, უდარდელობის წლები დამოკლდა და აღარასოდეს აღარ იქნება ისე, როგორც ადრე იყო, როცა ოცდამეჩვიდმეტე სკოლაში  ვსწავლობდით. სკოლაში, სადაც მეტ-ნაკლებად მხიარულები ვიყავით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით სირბილში, ვეხმარებოდით მათემატიკის გადაწერაში, სიამოვნებით ვწერდით ან ვერ ვწერდით თავისუფალ თემებს, არ გვიყვარდა დაფასთან გასვლა, დარბაზში გოგონები ფეხბურთს ვთამაშობდით და თოკზე ვცოცავდით, არ გვყოფნიდა შესვენება და ყველას უნდოდა, ცარცზე და ჟურნალზე გაეგზავნა მასწავლებელს.

დღეს კი, ზრდასრული ადამიანები საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობთ ერთმანეთისთვის სათქმელად და  ლოდებივით გვადგას ენაზე სიმართლე, რომელიც გვტკენს და გვაწუხებს. გავხსნით და ისევ ჩავხურავთ ჩვენი ციფრული ფოსტის ყუთებს და ამის იქით აღარ მივდივართ. შეგვიძლია უბრალოდ გავიხსენოთ ძველი ამბები, როდესაც დიდხანს არ ვფიქრობდით სიტყვებზე და არც ასეთი თავდაჭერილები ვიყავით ურთიერთობებში, როგორიც ახლა ვართ. ისე კი ძალიან მაინტერესებს, რა ქნა კვესაძემ ჭიდაობაში, რა წარმატებებს მიაღწია, დაანება თავი თუ გააგრძელა ეს საქმე? მაკა კიკაბიძე რატომ აღარ გამოჩენილა ან სად გადავიდა? ან ფიქრია რას შვება, რამდენი შვილი ჰყავს? თამუნა, ქეთი, სალომე და ლალი ისევ ხშირად ხვდებიან  ერთმანეთს?  “სალაქეთა” დაიშალა თუ წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებენ  შეკრებას? ჩემს ძველ მეგობრებს რა ინტერესები აქვთ, გავუგებთ თუ არა ერთმანეთს და ნეტა რაზე ვილაპარაკებდით, ერთად რომ ვიყოთ და ა.შ., და ა.შ

ძალიან შემეშინდება ერთ დღესაც მთელ ამ ამბებს თუ დავივიწყებ. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ასეთი მოგონებები ერთ-ერთი ძვირფასი საჩუქარია ადამიანისთვის; მოგონებები სკოლის პირველი წლების, პირველი მასწავლებლისა და ახალი გამოცდილებების შესახებ. როცა   ერთმანეთს ხვდებიან პატარა ადამიანები, ეჭვის თვალით აკვირდებიან ყველაფერს, ბევრს ფიქრობენ იმაზე, მოეწონებათ ერთმანეთი თუ არა, ვისთან იმეგობრებენ და ვის გვერდით დასხდებიან მერხზე. აი, ამ პატარა სადარდებლების მიღმა არის კიდევ ერთი საფიქრალი, ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც მათ დახვდებათ იქ და გადასცემს  საიდუმლო გზავნილს, სადაც წერია, რომ  ისინი ნამდვილად კარგ გარემოში მოხვდნენ და  საშიში არაფერია.

დაცულობის, უსაფრთხოებისა და უშიშრობის განცდამ გამახსენა ნელი ქიტიაშვილი, ჩემი პირველი დამრიგებელი, საშუალო სიმაღლის  ქალი, შუბლზე  გადაწეული და კეფაზე დამაგრებული თმით, ხორბლისფერი სახის კანით და მშვიდი ღიმილით, რომელიც მომენატრა.…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი