(ზვიად რატიანის სამოქალაქო პოეზია, ოთხი ლექსი)
როგორც ამასწინათ ვწერდი, შოთა ჩანტლაძის შემდეგ, ასეთი მძაფრი ჟღერადობის ქართული ლექსთწყობა მე ჯერ არ წამიკითხავს. ზვიად რატიანის პოეზიაში ერთადაა ამსოფლიური ნაღველი და მისი დამარცხების პერსპექტივით მოგვრილი აღმაფრენა. მათში უდიდესი მუხტია სიცოცხლისა, ოპტიმიზმისა, მიუხედავად მათი „მორუხო შეფერილობისა“; განა, წუთისოფელიც „ბინდისფერი“ არაა?! მაგრამ ამ „ბინდში“ სხივის დამნახავი და შემომტანია სწორედ კარგი პოეტი. პოეტობა კი, მოგეხსენებათ, იოლი არაა საქართველოში. ეს ყველაზე უკეთ დღეს და ზოგადად, ალბათ ზვიად რატიანმა იცის.
მივყვეთ მისი პოეტური ცნობიერების „მარგალიტებს“, რომლებიც ისეთი შესაშური უბრალოებით „აეწყო“ ლიტერატურულ წერილად, მევე გამიკვირდა – როგორც ამ ქვეყნის მარადი თუ დღევანდელობის, ბაგეთაგან უნებლიეთ წამსკდარი, სათქმელი, თავს რომ არასდროს დამალავს…
„ნეგატივი 20 წლის შემდეგ“
სიტყვა „ნეგატივის“ ქვეტექსტს თუ დავიყვანთ უფერულ თუ ეფემერულ „შავ-თეთრობაზე“ და მერე ამას ცხოვრებას ეპითეტად წავუმძღვარებთ, მივხვდებით, რომ ამ ლექსში რაღაცა, გოიას გროტესკული მინიატურებისეულ, მტკივნეულ სიმართლეს „შევეხებით“.
„ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს“.
პირდაპირ რეალობის/რეალურისა და იდეალურის დაპირისპირებით იწყება ლექსი „საკუთარ წვენში მოხარშულობაზე“. სრულიად თვალში საცემია, რომ ლირიკული გმირი აქ დატყვევებულია – ის ჩვენი ათეული და ათასეული წლებია ნატანჯი თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა, ჩვენივე სულიერი გაღარიბება/გადაგვარების უტყვი მოწმე („ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ“). ეს სენი „არავისგანგამორჩეულობისა“, „უბრალო ჭანჭიკობისა“, რა თქმა უნდა, ძალით თუ ძილით, როგორც დიდი ილია ამბობდა, შემოგვაპარეს უმწარესი ბანგივით.
სიცოცხლე გაფართოებული შიშისა თუ შუშის თვალებით, აწმყოსა თუ მომავლისადმი (იქნებ წარსულისადმიც – „იქიდან“ ხომ ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენს მაღალადამიანობას ელიან და გვავალებენ?!), ვღალატობთ საკუთარ თავსა და ქვეყანას, როცა სხვის უბედურებაზე, უსამართლობაზე „ძარღვი არ შეგვერხევა“, რადგან „ეს ჩვენ არ გვეხება“.
„შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით…“
ეს კითხვაც პოეტისა, კითხვა აღარაა, იმდენად ძვალსა და რბილშია გამჯდარი მისი პასუხი – „შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო!…“. თუმცა ეს ახლა იმ მოსაბეზრებელ საზეპიროსავითაა, ძალით რომ უნდა დავისწავლოთ და ჩვენი „ცვილის ნიღბების“ შიგნით, ჩვენს მოღლილ სულებში ვეღარ აღწევს. ამ უკანასკნელში ათასჯერ წართმეული ოცნებების სიცარიელე და ნისლივით დამაბრმავებელი ნაღველია. ჩვენ უკვე გადავემტერეთ ჩვენივე ქვეყანას და ამ სიძულვილში, რომელმაც სიცარიელე ვითომ ამოგვივსო… იმაზე „ადვილი“ და იმაზე ძნელი არაფერია, საქართველოს გადააბრალო ყველა ძნელბედობა („ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა“); მისი „მკვდარი ბავშვებით გაჯერებული“ მიწა და „ცრემლით განელებული წყლები“ ვისი ბრალია სხვისი, თუ არა ჩვენი?!
უკვდავება სიკვდილთან გათანაბრება როდია, ის სიკვდილის, მარადი ტრაგიკულობის დამარცხებაა, ანუ მათზე გამარჯვება, ამაღლება.
„ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით“;
სიყვარული კი იდეიდან თუ გულში არ გადმოვიდა, გულიდან საქმეში, საქმიდან – ქვეყანაში, მხოლოდ „ჰაერში აალება“ შეგვრჩება, ჩვენი ხმის ჩახლეწვამდე ენთუზიაზმი: „ჯოს! ჯოს! ჯოს…“
ყველა წამებული შეშლილია წუთისოფლის მკვიდრთათვის, ყველა იდეალისტი კი – „კუზიანი“. ვერავინ დაიკვეხნის, რომ მის „ზეიმში“ ყალბი არ გარეულა. მაგრამ „იმ წლებს, იმ გვამებს“, იმ თბილი სისხლით „წითელპერანგა“, უიმედო სამშობლოს თავს ვერავინ დავაღწევთ, სამარადისოდ დაბნელებული მამების სიზმრებს თუ რეალობად ვერ ვაქცევთ! ალბათ ამას „ყვირის“ სიჩუმეც პოეტის მონოლოგში, რომელშიც როგორც ვთქვი – თავისუფლება ცალკე პერსონაჟია და ცალკეც იგია, ვინც ის დაკარგა, თუმცა არა სამუდამოდ, რადგან ამას მოწმობს და მიგვანიშნებს ჩუმი, მაგრამ მზარდი პროტესტის პათოსი ამ არცთუ მარტივად წასაკითხი ლექსისა…
„წერილი საიდუმლო დედას“
„იმედს ვიტოვებ, რომ მაპატიებ ამ სისუსტეს. ყველამ დამტოვა“ – პიროვნული თუ ეროვნული ძნელბედობისას მარტოსულობის აპოლოგიაა ეს ლექსი, პოეტური აღსარება. პირველივე ტკივილის ნერვი ასე ჟღერს: „საერთოდ, არსი დღეს უკვე არის არა სიღრმე, არამედ გარსი“. მოჩვენებითი „ზედაპირულობა“, დროში ხანმოკლეს ფეტიში, სწორედ „სიღრმეში“ ჩამალულ დილემებსა და მათგან გაქცევის დაუოკებელ სურვილს ცხადყოფს, მათი გადაფარვის მცდელობისდა მიუხედავად. ეს „მხატვრული გაუცხოება“, როგორც პოეტი ამბობს, იმისი ბრალია, რომ ჩვენთვის „არაფერი“ გახდა „ყველაფერი“. აქ შემთხვევითი არაა ალბათ მინიშნება ტექნიკაზე („…კომპიუტერებს, დანადგარებს. სწორედ საჩემო არის გარემო“), არცთუ ძნელადშესამჩნევი ირონიულობით, რაც ასეთი ჩვეულია, ბუნებრივი უკვე ჩვენი მომხმარებლური, ყოველგვარი რომანტიკისა და იდეალურის უშნოდ „მყლაპავი“ გარემოს მიმართ. ეს ხელოვნური გარემოა სწორედ უფრო მშვიდი და კომფორტული უკვე, ვიდრე ბუნება, თანამედროვე ადამიანისთვის, სამწუხაროდ, რომელიც ყველას გაუუცხოვდა. ნუ, საკუთარ თავთან გაუცხოებით იწყება ეს და მოცემული თემა, მწარე „ჰანგი“ ლექსშიც გადმოაქვს პოეტს:
„მე მიყვარს ცივი პოეზია და არა ცხელი,
არა წვნიანში ჩალბობილი, არამედ ხმელი,
რომელიც თითქმის ქვავდება ხმაში“.
კი, ეს ძალიან „მჭრელი“ პოეზიაა; „გასტეხს ქვასაცა მაგარსა“, გულს აგიფორიაქებს, უგემური, ვითომ „თავდამცავი“ მთვლემარებისგან გამოაფხიზლებს ცნობიერებას:
„ხოლო სიმართლე – მოსაწყენია“.
ესეც ამ ზემოხსენებული ცნობიერების „პროდუქტი“; ისევ ირონიაა, ქვეტექსტის ტრაგიკულობაში ჩაკარგული; ამ „ლოგიკით“, ლექსიც არაფერია, უბრალოდ, ნაწერი, რომელშიც „სევდას ათავსებ“, რომელიც საგინებლადაა განწირული. არა, ეს გადამეტება არაა. უკვე სრული გულწრფელობაა მკითხველთანაც და პოეზიის თვალუწვდენელი სიმაღლის მისიონერობის სიტყვებს მიღმა გამხელაც – რომ ეს ყველაფერი, თანაც საქართველოში, ტვირთის ზიდვაა!
თუმცა რაც უნდა მძაფრი იყოს შთაბეჭდილება, ის იფანტება დროში, განქარდება, როგორც „ქალი, რომელსაც ვერაფერს მოარგებ, გარდა დავიწყებისა“. ეს ხომ ჩვენი „თანდაყოლილი სიარაფრის“ („მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ – დაბადება, 3) მიერაა გადავიწყებული.
ეს ყველაფერი და ისიც, რასაც მალავენ სიტყვები, „ძველი და ძველი გულუბრყვილობით“, არის სწორედ იმპულსები სიცოცხლისა, შინაგანი გამარჯვებებისა საკუთარ თავზე, რომლებიც ყველაზე დიდი გამარჯვებებია:
„…ან ძარღვებში უცებ იყივლებს
სისხლის ერთ-ერთი ურჩი წვეთი ან, მით უმეტეს,
რომ გაქვს უფლება სიტყვის (იხილეთ კონსტიტუცია);
ვიწყებ წერას, რომ იშვიათად და ისიც წამით,
მაგრამ მოვწყდე – მიწას, იატაკს, ცხოვრებას,
დაშლილს – ამდენ სიზმრად, ცხადად, ეტაპად,
სამსახურებად, ქალაქებად, მკვდრებად, სუფრებად,
რომ მოვიპოვო ერთადერთი ტკბილი უფლება –
უფლება სიბერის… ასაკისდა მიუხედავად“.
ისე ითქვიფება „ირიბ მზეში ჭადრები“, როგორც წუთისოფლის „სიელმეში“ გამრუდებული ჩვენი გულწრფელობა, იდეალები, უანგარობა, ერთგულება, რაც უკვე უცხო ხილია დღევანდელობისთვის, ატავიზმი, ატროფიისთვის განწირული. აი, „რამ დააგროვა მის (პოეტის – მ.ი.) სიტყვებში ამდენი რკინა“.
დედის ხატი ყველა ხატის პარადიგმაა. ეს ხომ აღსარებაა;
„თუ არ მოირწყა, წალკოტიც ისე გადახმება, როგორც ბოსტანი“.
თითქოს მარტივი მეტაფორისტიკაა, არა? ან რაღაცა პრეისტორიული, მარტივად გენიალური სიბრძნე, რომლის „ცოდნა“ ყველას ყოველთვის გვაქვს, რადგან არავის არასდროს უსწავლებია ის.
„მე ვიწყებ წერას, ანუ ვამთავრებ
ცხოვრებას – უკვე მერამდენედ! – ანუ ვიმსხვრევი.
დავეფინები დედამიწას, მთვარეს, პლანეტებს და
მათთან ერთად ვმთლიანდები… ანუ ვამეტებ“.
სიბერემდე შორია, პოეტო, წინ დიდი და ეკლიანი გზაა, – პოეტის გზა საქართველოში!…
„მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა“
ადამიანს ცხოველისგან ზნეობა გამოარჩევს, შინაგანი სიმწყობრე, თანხმობა საკუთარ სინდისთან. თუმცა ერთია ზნეობა, ფართო გაგებისა და მეორე – მორალი, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება თუ ინდივიდი თავად „ირგებს“. ამიტომაა ხშირად, რომ ყველაზე ამორალურები „გვიკითხავენ მორალს“. მოდით, „გლეხურად“ ვთქვათ: როცა შევხედავთ ზოგადი სამართლიანობის თვალსაზრისით, ანუ ღვთის თვალით, ეს ზნეობად ჩავთვალოთ; ხოლო იმ „რეცეპტებს“, ვითომ სწორ წესებს ცხოვრებისა, რომლებსაც ადამიანები იგონებენ და ადგენენ, ხშირად „ზედაპირისა“ და არა „სიღრმის“ დათვალიერებისას, დავარქვათ – „მორალი“.
ამ მხრივ, ლიტერატურაში, ხელოვნებაში არსებობს ე.წ. „წმინდა მეძავის“ ოქსიმორონი, რომელიც პარადიგმულად მარიამ მაგდალინელისგან იღებს სათავეს. ასეთია თუნდაც სონია მარმელადოვა დოსტოევსკის რომანიდან „დანაშაული და სასჯელი“ ან კაბირია ფედერიკო ფელინის ფილმიდან „კაბირიას ღამეები“. მათი ხორცი ბიწიერია, მაგრამ ცხოვრების „ტალახი“ სულს ნაკლებად შეხებია. თუმცა ეს მაინც ილუზიური, უფრო ფანტაზიის, გამონაგონის სამყაროა; – რა ხდება ცხოვრებაში? რომელშიც შეიძლება სრულიად „რესპექტაბელური“ ქალბატონიც ბევრად დაცემული იყოს ზნეობრივად, ვიდრე თუნდაც ზვიად რატიანის ამ ლექსის მთავარი პერსონაჟი, წუთისოფელმა „უკუღმართი იავნანა“ რომ უმღერა;
„ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს“.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს ბოლო სტრიქონი ალუზია მგონია ქრისტესშობისა, რომლის დაბადებაც ჩვენს სულებში სწორედ ჩვენი ცოდვით ნატანჯი სხეულების გადარჩენაა. ეს ხომ უკეთესია, ვიდრე საკუთარი თავის უარყოფა, ანუ „მისი“ (ღვთისა თუ თავისა) სიყვარულის შეწყვეტა, „ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნა“… თუნდაც ღმერთზე მხოლოდ ის იცოდე, რომ ტანჯულებთან ყველაზე ახლოა, მის ძიებაშია ყოველი ჩვენგანი, თვით ყველაზე ერეტიკოსიც, რადგან სხეულებსაც და სულებსაც სჭირდება სითბო, ისევე, როგორც ცოდნა, რწმენა იმისი…
„რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ…“.
მათ, ტვირთმძიმეთ, ხომ ნახეს საკუთარი საფლავები, „საკუთარი გასისხლიანებული სახე“, აყმუვლებული ჭირისუფალი ძაღლები; მაგრამ არ სვამენ საძილე აბებს და ღმერთის შობას ელოდებიან, რომ მერე „მკვდრეთით აღსდგეს“ თუ აღდგნენ, რომ „სისხლმა თვალებიდან დენა“ შეწყვიტოს, მოვიდეს ცრემლი და შვება, ბალიშზე თითის დახატული ყვავილივით…
ეს ჩემი საყვარელი ლექსია, რადგან, სწორედაც, თავდაყირა აყენებს ადამიანურ ყალბ მორალს, სამართალს და ყველაზე მაღალ რეგისტრს ითხოვს ყოველი, თვით ცხოვრებისგან ყველაზე გათელილი, ადამიანის ცოდვა-მადლის შესაფასებლად…
„აი, ისინიც, ცუდი დღეები“
ამ ლექსში თითქოს მსოფლიო პოლიგონია, ჩვენი დღევანდელობის წინასწარმეტყველება, თუმცა ის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებშია დაწერილი.
აქ სიმშვიდეა ქარიშხლის შემდეგ. როცა ქალაქი აღარ იბომბება, როცა გასაქცევი არსადაა, როცა იცლები ემოციისგან და დღეც ისე თენდება, არქაული უმანკოებით, კვამლში მდგარი გიგანტური ხეებით, როგორც უხსოვარი დროიდან…
ხეები მითოსური აღქმისაა, ამიტომაა გიგანტური; თითქოს, მარადი სიცოცხლისაა ისინი (ხომ ისევ ინათა, არა?!…) თითქოს „ჯერ კიდევ მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებით“ სამუდამოდ მძინარეები უნდა გამოგლიჯონ მიწის შავ წიაღს, შეცოდებას, უსასოო უსუსურობას. თუმცა ამ მიწიდანაა ეს ხეებიც ამოზრდილი, ისევე, როგორც ცა, რომლიდანაც, თუ შეშინდი, ჩათვლი, რომ ისევ წამოვა საფრთხე, ხოლო თუ რწმენით შეხედავ – შველაც გამოჩნდება, რომელმაც სიკვდილის უშეღავათო, უიღბლო, „მყვირალა“ მდუმარებაში საუკუნეები გამოატარა ჩვენი ტანჯულ-ტრაგიკული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ვერავისგან დამონებული სულის ძახილიც:
- ჩვენ გავიმარჯვებთ!!!