პარასკევი, ივნისი 12, 2026
12 ივნისი, პარასკევი, 2026

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, დარჩეს სააზროვნო პროცესის ლიდერად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას

თანამედროვე ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი ხშირად აღიქმება, როგორც მზა პასუხების ინსტრუმენტი. სწორედ ამიტომ, მასწავლებლების მთავარი ამოცანაა, AI ვაქციოთ არა კარნახის, არამედ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების ინსტრუმენტად.

სტატიაში განვიხილავთ კონკრეტულ მოდელს – როგორ შეიძლება VII კლასის მოქალაქეობის გაკვეთილზე ტექნოლოგიამ ხელი შეუწყოს კრიტიკულ აზროვნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ისეთი მნიშვნელოვანი თემის შესასწავლად, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრება.

VII კლასში მოქალაქეობის საგნის ერთ-ერთ სავალდებულო თემა არის ჯანსაღი ცხოვრება. თემა გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ჰიგიენა, ძილი, დასვენება) დანერგვას; ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის აუცილებელი სოციალური, პიროვნული და ფსიქოემოციური უნარ-ჩვევების (მაგალითად, დღის რეჟიმის დაგეგმვა) განვითარებაზე ზრუნვას; ადიქციის (კიბერდამოკიდებულება, თამბაქოზე, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება) უარყოფითი შედეგების გაანალიზებას და სხვ.

საკითხი: ჯანსაღი ცხოვრების წესი – ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობები, ჰიგიენა, ძილი, დასვენება

სამიზნე ცნება: საზოგადოება

საკვანძო კითხვა: როგორ დამეხმარება ჩემი „ციფრული დღიურის“ მონაცემები და ხელოვნური ინტელექტის ანალიზი, გავაცნობიერო ჩემი ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა?

შეფასების ინდიკატორები – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის საჭიროებაზე მსჯელობა; მათი დაცვისას წარმოქმნილი (ჯანსაღი კვება, ასაკობრივი თავისებურებები) სირთულეების გაანალიზება;
  • საკუთარი ფიზიკური აქტივობებისა და ჯანსაღი კვების რეჟიმის დაგეგმვა.

დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხარ მკვლევარი, რომელიც სწავლობს კავშირს ინდივიდუალურ ჩვევებსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას შორის. შენი მიზანია თანატოლებს დაუმტკიცო, რომ პირადი ჩვევები არ არის მხოლოდ პირადი საქმე, არამედ სამოქალაქო ვალდებულებაა.

ერთი კვირის განმავლობაში ნაწარმოები „ციფრული დღიურის“ მონაცემებზე დაყრდნობით, NotebookLM-ის დახმარებით შექმენი ვიდეო-რეპორტაჟი ან ინტერაქციული ციფრული პოსტერი, სადაც ახსნი და დაასაბუთებ, რომ შენი პირადი ჯანმრთელობა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ დაგეხმარა AI -NotebookLM შენი „ციფრული დღიურის“ მონაცემებისა და სამეცნიერო წყაროების შედარებაში და რა კანონზომიერებები აღმოაჩინე?
  • რატომ და როგორ მოქმედებს შენი ჯანსაღი ან არაჯანსაღი არჩევანი საზოგადოებრივ რესურსებზე? (მაგ: 1 საათით ადრე დაძინება, ყველაზე მეტად რომელი საზოგადოებრივი რესურსის დაზოგვაში დაგეხმარება?)
  • რატომ არის ჯანსაღი მოქალაქე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და როგორ ეხმარება ენერგიულობა ადამიანს, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ თუ სამოქალაქო აქტივობებში?
  • დაასაბუთე, რატომ არის შენი ფიზიკური ენერგიულობა პირდაპირ კავშირში საზოგადოებრივ აქტიურობასთან. აღწერე ერთი კონკრეტული სამოქალაქო აქტივობა მაგ: გარემოსდაცვითი აქცია, მოხალისეობა, რომლის განხორციელებასაც მეტი ფიზიკური და მენტალური მზაობა სჭირდება.

ზოგჯერ ასეთი ტიპის დავალებების შესრულებისას მოსწავლეს „ციფრული დღიური“ საბოლოო პროდუქტი ჰგონია, სინამდვილეში კი ის მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია საბოლოო ვიდეო-რეპორტაჟის ან ინტერაქციული ციფრული პოსტერის/ინფოგრაფიკის შესაქმნელად.

მასწავლებლისთვის სწორედ აქ ჩნდება საკვლევი კითხვა – AI გამოყენებისას როგორ დარჩეს მოსწავლე სააზროვნო პროცესის ლიდერად?

NotebookLM-ის გამოყენება ამ დავალებაში ტექნოლოგიური მიღწევაა. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევითი ასისტენტი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, თავისი მონაცემები მეცნიერულ და სამოქალაქო კონტექსტში გააანალიზოს.

NotebookLM არის Google-ის მიერ შექმნილი ინოვაციური, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი ნოუთბუქი“. მისი მთავარი განსხვავება სხვა AI-ჩატებთან შედარებით არის ის, რომ ის მუშაობს მხოლოდ თქვენ მიერ მიწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მოსწავლეები კვირის განმავლობაში აგროვებენ მონაცემებს: ძილის საათები, დღიურად დალეული წყალი, საკვები, ფიზიკური აქტივობის დრო, ჰიგიენის წესები, შემდეგ ამ მონაცემებს გარდაქმნიან ვიზუალურ ინფოგრაფიკად-პოსტერად, სადაც ჩანს პროგრესი ან ხარვეზები.

სანამ მოსწავლე მონაცემებს შეიყვანს, NotebookLM-ში უნდა აიტვირთოს დამხმარე მასალა – მასწავლებლის მიერ შექმნილი ან კონკრეტული სახელმძღვანელოდან მითითებული, მაგ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მოზარდების ძილზე, კვებასა და აქტივობაზე. სტატიები ჯანსაღი ცხოვრების წესის ეკონომიკურ და სამოქალაქო გავლენაზე.

მოსწავლე თავის კვირის მონაცემებს ტექსტური ფაილის სახით ტვირთავს პროგრამაში და პროგრამას უსვამს კითხვებს:

  1. ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე, კვირის რომელ დღეებში მაქვს ყველაზე დიდი გადახრა ჯანმრთელი ცხოვრების ნორმებიდან?
  2. დამიწერე 3 კონკრეტული რეკომენდაცია ჩემი ძილის რეჟიმის გასაუმჯობესებლად ატვირთული წყაროების მიხედვით.

AI ეხმარება მოსწავლეს, რომ მონაცემები უბრალო ციფრებად კი არ დარჩეს, არამედ პერსონალიზებულ რჩევებად იქცეს.

მოსწავლე სთხოვს პროგრამას – ჩემი მონაცემების საფუძველზე, შემირჩიე 3 მთავარი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე კარგად გამოაჩენს ჩემს პროგრესს პოსტერზე/ინფოგრაფიკაზე. პროგრამა გამოყოფს მთავარ აქცენტებს, მაგ: წყლის სმის 80%-იანი შესრულება, რაც ინფოგრაფიკას უფრო აზრიანს ხდის.

მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალები, რომ მოსწავლისთვის უფრო საინტერესო და მამოტივირებელი გავხადოთ, აქვე უნდა გამოვიყენოთ სწორედ NotebookLM-ს უნიკალური ფუნქცია დიალოგის გენერირება. მაგ: მასალა, სადაც ახსნილია, რომ პრევენცია – ჯანსაღი კვება, აქტივობა – ბევრად იაფია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. რომ ჯანმრთელი მოქალაქე ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს ჯანდაცვის სისტემისთვის და დაზოგილი სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება მოხმარდეს სხვა სამოქალაქო საჭიროებებს, მაგალითად, განათლებას ან ინფრასტრუქტურას. შეგვიძლია, გამოვიყენოთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პუბლიკაციები, რომლებიც ეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს რთული დოკუმენტები კი მოსწავლეებისთვის საინტერესო მარტივ მასალად გარდაიქმნება.

ვინაიდან NotebookLM მუშაობს ატვირთულ ფაილებზე, საუკეთესო გზაა, მომზადდეს ერთი PDF დოკუმენტი, მაგ: ჯანმრთელობის ეკონომიკა მოზარდებისთვის, სადაც მოკლედ იქნება ჩამოწერილი ძირითადი საკითხები:

  • რამდენს ხარჯავს სახელმწიფო საშუალოდ ერთი დაავადებული ადამიანის მკურნალობაზე;
  • როგორ ამცირებს სპორტი და სწორი კვება ამ ხარჯებს;
  • რა კავშირია მოსწავლის ენერგიულობასა და მის პროდუქტიულობას შორის.

ეს მასალა NotebookLM-ს მისცემს საშუალებას, აუდიოდისკუსიაში დაუკავშიროს მოსწავლის პირადი „ციფრული დღიური“ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას.

მოსწავლეები უსმენენ თავიანთი ნაშრომების პოდკასტს, რაც მკვეთრად ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას.

აქტივობების მიმდინარეობის ჯაჭვი საბოლოოდ ამ დავალებისთვის ასე გამოიყურება

  1. ნაბიჯი 1: მონაცემების შეგროვება

ცხრილის ნიმუში:

დღე ძილის ხანგრძლივობა ფიზიკური აქტივობა (წუთი) დალეული წყალი (ჭიქა) ეკრანთან გატარებული დრო (სთ)
ორშაბათი 7 სთ 20 წთ (ფეხით სიარული) 4 ჭიქა 5 სთ
სამშაბათი 6 სთ 0 წთ 3 ჭიქა 6 სთ
ოთხშაბათი 8 სთ 60 წთ (ფეხბურთი) 6 ჭიქა 4 სთ
ხუთშაბათი 7 სთ 15 წთ 5 ჭიქა 5 სთ
პარასკევი 6 სთ 0 წთ 4 ჭიქა 7 სთ
შაბათი 9 სთ 90 წთ (ლაშქრობა) 8 ჭიქა 3 სთ
კვირა 8 სთ 30 წთ (ვარჯიში) 6 ჭიქა 6 სთ

 

  1. ნაბიჯი 2: ატვირთვა NotebookLM-ში + სამეცნიერო წყაროების დამატება
  2. ნაბიჯი 3: AI-სთან დიალოგი ანალიზი და დასკვნები
  3. ნაბიჯი 4: ციფრული ვიზუალიზაცია სხვადასხვა პროგრამებში
  4. ნაბიჯი 5: პრეზენტაცია და კლასში დისკუსია

ხელოვნური ინტელექტი მოქალაქეობის გაკვეთილზე არის ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება, საკუთარ ცხოვრებას შეხედოს, როგორც მკვლევარმა და გააცნობიეროს, რომ ციფრები და მონაცემები რეალური სამოქალაქო ქმედებების საფუძველია. ჩვენი მიზანია, AI-მა გამოათავისუფლოს დრო, რათა მოსწავლემ შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – ფიქრი, ჩვენ კი ამ ფიქრის კონსტრუირებაში დავეხმაროთ.

იმისათვის, რომ მოსწავლე დარჩეს სააზროვნო პროცესის ლიდერად, აუცილებლად უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს:

  • რა კონკრეტული ბრძანება, პრომპტი მისცა AI-ს და რატომ?
  • რა შეცდომა დაუშვა AI-მა ან რა მნიშვნელოვანი კონტექსტი გამორჩა?
  • შეადარა თუ არა AI-ის პასუხი სახელმძღვანელოსთან ან მასწავლებლის მიერ მოწოდებულ PDF-თან?
  • როგორ შეცვლიდა მის სამოქმედო გეგმას, AI რომ არ ჰქონოდა?

სამოქალაქო პასუხისმგებლობა იწყება იმ წერტილში, სადაც მოსწავლე ხედავს კავშირს საკუთარ თეფშსა და გარემოცვას შორის. ნაცვლად სტანდარტული კითხვისა – რა არის ჯანსაღი კვება და რატომ არის ის სასარგებლო? AI-სთვის დასასმელი ტრანსფორმირებული კითხვა იქნება – თუ კლიმატის ცვლილების გამო ჩვენს რეგიონში ტემპერატურა მოიმატებს და ხილის ხარისხი გაუარესდება, რამდენად გაიზრდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები და რა როლი მაკისრია მე, როგორც მოქალაქეს, ამ რესურსების დაზოგვაში?

ამგვარი კითხვის დასმა მოსწავლეში ავითარებს სამ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას:

სისტემური აზროვნება – მოსწავლე ხვდება, რომ მისი იმუნიტეტი არ არის იზოლირებული მოვლენა. ის დამოკიდებულია რეგიონის ეკოლოგიაზე, ეკოლოგია კი საზოგადოებრივ ქცევაზე.

რესურსების მართვა – ჯანმრთელი მოქალაქე არის ქვეყნის სოციალური კაპიტალი. როცა მოსწავლე სვამს კითხვას ხილის ხარისხსა და იმუნიტეტზე, ის სინამდვილეში იკვლევს, რამდენად მედეგი იქნება მისი თემი მომავალი გამოწვევების წინაშე.

სწორი კითხვა ბადებს მოქმედებას. თუ მე ვიცი, რომ ტემპერატურის მატება ჩემს იმუნიტეტს საფრთხეს უქმნის, მე უკვე მაქვს მოტივაცია, ჩავერთო სასკოლო „მწვანე პროექტებში“ ან ნარჩენების მართვაში.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ინგოროყვა, ნ. (2026). ალგორითმის „აღსარება“ რატომ არ ნიშნავს ინფორმაცია პასუხს? თანამედროვე განათლების დილემა. Mastsavlebeli.ge
  • ინგოროყვა, ნ. (2026). მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები. Mastsavlebeli.ge
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მდგრადი განვითარების მიზნები. მიზანი 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ჯანმრთელობის ხელშეწყობის გლობალური სამოქმედო გეგმა: ინდივიდუალური ჩვევების გავლენა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე
  • ევროპის საბჭო. (2016). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო
  • Google. (2024). NotebookLM: კვლევისა და მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიური გზამკვლევი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“