სამშაბათი, ივნისი 16, 2026
16 ივნისი, სამშაბათი, 2026

საშინაო დავალება და ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში

დღეს განათლების სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას – ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შეცვალა სწავლის პარადიგმა. ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ განათლების სფეროში ეპოქალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი გამოწვევების საფუძველზე ტრადიციული მეთოდები ცვლილებებს საჭიროებს. იზრდება მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ საგანმანათლებლო სივრცეში შექმნა ახალი რეალობა – მოსწავლეებს შეუძლიათ არა მარტო სწრაფად მოიძიონ ინფორმაცია და ჰქონდეთ მზა პასუხები, არამედ AI-ის მეშვეობით შექმნან მაღალ დონეზე დაწერილი ესეები და ანალიტიკური დავალებები. ხელოვნურმა ინტელექტმა დაარღვია სწავლა-სწავლების კლასიკური მოდელი – მოსწავლე გახდა ალგორითმზე დამოკიდებული, ინდივიდუალიზმი და პირადი გამოცდილება ჩაანაცვლა შაბლონურმა პასუხებმა. უახლესი კვლევების თანახმად, საგრძნობლად გაიზარდა საშინაო დავალებების შესრულებისას ხელოვნური ინტელექტის როლი – მოსწავლეები გამოკითხვისას აღიარებენ ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას, რაც, მათივე აზრით, ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ვითარებას ართულებს კიდევ ერთი ფაქტორი – შეფასების სანდოობა – რას ვაფასებთ? მოსწავლის მიერ შექმნილ პროდუქტს თუ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ დავალებას? საშინაო დავალება, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი, გადახედვას საჭიროებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საჭიროა საშინაო დავალების ფორმატის ცვლილება — მისი ფუნქციის გაფართოება და ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და ჩვენ კვლავ შევძლებთ მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარებას.

საშინაო დავალება აღარ უნდა იყოს მხოლოდ კლასში მიღებული ცოდნის განმტკიცების საშუალება. ციფრულ ეპოქაში საშინაო დავალება დამოუკიდებელი სწავლის კულტურის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევები მიუთითებს, რომ საშინაო დავალება უნდა განიხილებოდეს, როგორც სწავლების პროცესის ორგანული ნაწილი და არა როგორც დამატებითი აქტივობა. მისი მთავარი მიზანია არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცება, არამედ ისეთი უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითრეგულაცია, დროის მართვა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებელი აზროვნება.

ცოდნის გამეორებასა და მექანიკურ ქმედებაზე ორიენტირებული დავალებები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს, ასეთი ტიპის დავალებები არ მოითხოვს ღრმა გააზრებას და ხშირად აგდებს კიდეც მოსწავლის მოტივაციას. თანამედროვე საშინაო დავალებები მოსწავლეს უბიძგებს ფიქრისკენ, აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, ქმნის სივრცეს ინდივიდუალური აზრის გამოსახატად. ასეთი დავალებები ხელს უწყობს როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ განვითარებას.

დაწყებით საფეხურზე რეკომენდებულია მოკლე და მკაფიო დავალებები, ზომიერი დატვირთვა („დროის ეკონომიის“ პრინციპი), თამაშზე დაფუძნებული სწავლება, ვიზუალური და პრაქტიკული აქტივობები, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული დავალებები, დავალების ფორმატის არჩევანის საშუალება, დიფერენცირებული მიდგომა და თვითრეფლექსიის ელემენტები. მშობელი უნდა იყოს პროცესის მხარდამჭერი და არა დავალების შემსრულებელი.

საბაზო საფეხურზე საშინაო დავალებები მიმართული უნდა იყოს აზროვნების უნარის გაღრმავებაზე, პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე, კვლევით დავალებებზე, კრიტიკულ აზროვნებასა და მედიაწიგნიერებაზე, ციფრულ კომპეტენციებსა და აკადემიურ პატიოსნებაზე. მნიშვნელოვანია არგუმენტირებული მსჯელობა, ინდივიდუალური პოზიციის ჩამოყალიბება, თანამშრომლობითი სწავლება, თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება.

კვლევების მიხედვით, ამ საფეხურზე იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სიხშირე საშინაო დავალებების მომზადებისას. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ვასწავლოთ მისი გამოყენება გააზრებულად — ხელოვნური ინტელექტი უნდა მოიაზრებოდეს, არა როგორც მზა პასუხების წყარო, არამედ როგორც კოგნიტიური პროცესის მხარდამჭერი.

შეფასების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეფასების კრიტერიუმების ახლებურად გააზრება – შეფასდეს არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, არამედ პროცესიც.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში საშინაო დავალება და ხელოვნური ინტელექტი განუყოფელია. მათი ეფექტიანი ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალება იქნება აზროვნებაზე ორიენტირებული და ტექნოლოგიას გამოვიყენებთ გონივრულად.

საბოლოოდ, განათლების მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებელ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია ეფექტური ნავიგაცია თანამედროვე, ციფრულ სამყაროში. საშინაო დავალება უნდა პასუხობდეს თანამედროვეობის გამოწვევას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Sevim Güven, Demet Şahin Kalyon,Homework in Primary School: Investigation of Teachers’ Perspectives, European Journal of Education Studies,Volume 12, Issue 5, 2025
  2. Mátyás Turós, What percentage of secondary school students do their homework with the help of artificial intelligence? – A survey of attitudes towards artificial intelligence, Computers and Education: Artificial Intelligence, (DOI): 10.1016/j.caeai.2025.100394
  3. Heather L. Schwartz, Melissa Kay Diliberti, More Students Use AI for Homework, and More Believe It Harms Critical ThinkingResearchPublished Mar 17, 2026

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“