ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
17 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

ქართული საგუნდო მუსიკა და ლინგვისტურ-სემანტიკური ლექსემა

ქართული ზეპირსიტყვიერება და ტრადიციული მუსიკალური ფოლკლორი, დღემდე, ქართული იდენტობის მთავარ მსაზღვრელად რჩება. ქართულ ტრადიციულ სიმღერისა და საგუნდო მუსიკის ტექსტებში ხშირად შევხვდებით ლექსემებს.

„ვიდრე ისი არ გარდაიჴადოს, ნუცა ეკლესიასა, ნუცა ლასკარსა, ნუცა ანჯუმანსა, ნუცა სადა გამოუშვებთ ძმაი ძმასა“. ერთიანობის ასეთი ფორმულირება გვხვდება ძველ ქართული სამართლისა და კანონიკურ ძეგლებში. ქართული საგუნდო მუსიკის კონცეფცია, პოლიფონიური ფაქტურა, ტექსტის სემანტიკა, სწორედ, ამ ერთიანობიდან გამომდინარეობს. ამ ერთიანობის განცდით, ზესივრცული და ზედროული განზომილებითაა ნაკარნახევი „ჩაკრულო“, „ოდოია“, „ხასანბეგურა“, „ლილეო“ – ნებისმიერი კუთხის სიმღერა, რომლებიც ეპოქისა და დროის მეტაფორებად შეგვიძლია განვიხილოთ.

შემთხვევით არ მიხსენებია ლინგვისტურ-სემანტიკური ლექსემების მნიშვნელობა ქართულ ტრადიციულ კულტურაში. ზემოთ ნახსენები ძველი ქართული კანონიკური ტექსტის ფრაგმენტი საინტერესოა თავისი რიტუალური დატვირთვით. რიტუალის სემანტიკა თავისთავად არის მარადიული გაგების ცნება. რიტუალური წარმოდგენებით და მასში აღწერილი და გადმოცემული ამბის საფუძველზე იქმნება უწყვეტი კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ცხადია, რიტუალს შეუძლია ლოცვებს, დღეობებს, ხატობების დღესასწაულებს შეუნარჩუნოს ისეთი მნიშვნელობა და სისოცხლისუნარიანი მუხტი, რომელიც დღესაც, XXI საუკუნეში არ დაკარგავს თავის აზრობრივ და მხატვრულ ფუნქციას. საინტერესოა, სვანეთში გავრცელებული თვალსაზრისი სიტყვა „ლასკრას“ შესახებ, რომელიც სანათესავოს, ოჯახს უკავშირდება. ძველად ის თურმე ფუტკრების დიდ ოჯახსაც ნიშნავდა („სკრა“, „სკა“).

ეს შესავალი ეძღვნება გოგონათა აკადემიურ გუნდ „ლასკრას“ შექმნის ისტორიას. ძველ ქართულ ტექსტში ნახსენები სიტყვა „ლასკარი“ თანამედროვე ქართულ ენაზე ლაშქარს ნიშნავს: რელიგიურ დღესასწაულზე რამდენიმე ოჯახის ერთად ლოცვა – ლაშქარს, შეკრებას, თავყრილობას, კრებას, ოჯახს, სანათესავოს, ფუტკრების დიდ ოჯახსაც აღნიშნავს ძველ და თანამედროვე სვანურ დიალექტში. ოჯახს, სანათესავოს, ლაშქარს, კრებას, თავყრილობას ერთიანობის ღვთიური განცდა ახლავს. ეს ისტორიული პარადიგმა დღემდე მოგვყვება ქართველებს და გვამხნევებს ლაშქრულ-ლასკრული შემართებით, რომელიც შეგვძახებს გლოსოლალიების, ზეციური მადლიერებით გამსჭვალული მეტაფორულ-სემანტიკური პათოსით: „ჰარულალო….“.

უაღრესად დასაფასებელია გოგონათა გუნდ „ლასკრას“ მხატვრული ხელმძღვანელის, ქალბატონ მარი მუხაშავრიას გამოცდილებით ნაკარნახევი მიდგომები და მეთოდები. აკადემიური გუნდის რეპერტუარი პოლიჟანრულია. გუნდი მღერის როგორც აკადემიურ-საგუნდო, საესტრადო, კლასიკურ, ასევე ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებსაც. ანსამბლ „რუსთავის“ ახალი თაობა – გოგონათა გუნდი „ლასკრა“ ხუთი წლის წინ, 10 ივნისს ჩამოყალიბდა. ის აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო საგუნდო ფესტივალებსა თუ კონკურსებში. გოგონათა გუნდის მხატვრული ხელმძღვანელის ქალბატონ მარი მუხაშავრიას სამუშაო გამოცდილება მოიცავს კლასიკურ აკადემიურ განათლებას, კონსერვატორიის წლებს. ის დღემდე უზიარებს თავის გამოცდილებას ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ახალგაზრდა თაობებს.

ქალბატონი მარი ქართული საგუნდო მუსიკის უდიდესი წარმომადგენლის, ბატონი იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი ხაზის გამგრძელებელია. ბატონი იოსები ქალბატონ მარის ახლობელი გახლდათ დედის მხრიდან. შემთხვევითი არ იყო, რომ ბათუმის მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების კურსდამთავრებულმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს „ტრანსფორმაცია“ უკავშირდებოდა ქალბატონი მარის უიშვიათეს ნიჭს და პოლიფონიურ აზროვნებას, რომელიც საგუნდო მუსიკოსის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, არ არის გასაკვირი ქალბატონ მარი მუხაშავრიას მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით შექმნილი ახალი თაობის გოგონათა გუნდ „ლასკრას“ გამოჩენა აკადემიური მუსიკის სივრცეში. ეს სახელწოდება გუნდს ერთი წლის წინ მიენიჭა. გუნდში გაერთიანებულია 55 ნიჭიერი გოგონა, რომელთაგანაც უმეტესობას მუსიკალური განათლება არ აქვს. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდის რეპერტუარი მოიცავს აკადემიურ-კლასიკურ, საესტრადო, ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს. გუნდის რეპერტუარის ერთ-ერთი ავთენტური ნაწილია ქართული ფოლკლორი. შესაბამისად, გოგონების უმეტესობა უკრავს ფანდურზე, გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მეცადინეობები ტარდება „არტოს“ ბაღში ანსამბლ „რუსთავის“ შენობაში.

ყველაფერი რაღაცით იწყება, ყველაფერი გენიალური მარტივია, ყველაფერი კარგი და საინტერესო შენ გვერდითაა და უნდა დაინახო და შეამჩნიო, უნდა გეფიქრებოდეს, ყველაფერი დიდი და გრანდიოზულიც პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიღწევა. თავდაპირველად, ქალბატონ მარის მომღერალი გოგონები სახელდახელოდ შეუგროვებია, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის დარბაზის გახსნის დღის აღსანიშნავად, რომელიც „არტოს“ ბაღში მდებარეობს. როგორც ცნობილია, საკონცერტო დარბაზის გახსნამდე „არტოს ბაღს’’ „ყანჩელის ბაღი’’ დაერქვა. გოგონათა გუნდმა უდიდესი მაესტროს სახელის უკვდავსაყოფად კონცერტზე „ყვითელი ფოთლები“ შეასრულა. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია გუნდის ისტორიისთვის. გოგონათა გუნდის შექმნის იდეა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. იდეის განხორციელებაში, ბატონი ანზორის გარდაცვალების შემდეგ, უდიდესი წვლილი მიუძღვის ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ გიორგი ნატროშვილს.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საგუნდო საზოგადოება ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ეროვნულ საქმეს აკეთებს. ამ საზოგადოების ნებისმიერი ფესტივალი თუ კონკურსი დამშვენებულია გოგონათა გუნდ „ლასკრას“ საშემსრულებლო ოსტატობითა და მღერის მაღალი აკადემიური კულტურით, რომელიც კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

https://www.facebook.com/photo?fbid=417354224377333&set=pcb.417358624376893

გუნდის პატარა ისტორიის ულამაზესი ფურცელია ქართული და ბერძნული მუსიკის კოლაბორაციული ნამუშევრები, რომელიც 2024 წლის ივნისის ბოლოს კუნძულ კრეტაზე გაიმართა. საკონცერტო ნამუშევრის პრეზენტაცია დაიწყო ალექსანდრე რაქვიაშვილის სულისშემძვრელი მუსიკით კინოფილმიდან „ფესვები“. გოგონათა გამორჩეული ხმების ამპლიტუდა თითქოს ქარის ღელვას მიჰყვებოდა. „ლასკრას“ ლექსემის ალუზია სიმღერის კულმინაციურ ნაწილში კიდევ ერთხელ გასხივოსნდა სიტყვებზე: „ფესვები ჩემია… სიცოცხლეს ელიან’’.

https://www.facebook.com/reel/7792714737432809

კლასიკურ აკადემიურ მუსიკას ცვლიდა აჭარული ფერხული, თემო ნაცვლიშვილის „საქართველოო, ლამაზოს“, „სულიკოს“ ქალაქური ენის ახლებური ინტერპრეტაცია, აღმოსავლური კილოს „შენ ხარ ვენახი“ და გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა.

2025 წლის 17 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია გოგონათა გუნდის ისტორიაში. ეს იყო დღე, როდესაც ქართულმა კულტურამ აღნიშნა დიდი ქართველი კომპოზიტორის შოთა მილორავას დაბადების 100 წლის იუბილე. გუნდს წილად ხვდა პატივი ამ საღამოზე გაეჟღერებინა კომპოზიტორის უკვდავი სიმღერა „მასწავლებელი“ პეტრე გრუზინსკის ტექსტზე. მართლაც, ამაღელვებელი იყო სიმღერის სრულყოფილი შესრულება, ემოციური მუხტი და გოგონათა ხმის ტემბრალური ფერადოვნება.

https://www.facebook.com/reel/1233432175081327

გოგონათა გუნდ „ლასკრას“ხვდა წილად დიდი მისია, როდესაც დიდმა მაესტრომ – ვახტანგ მაჭავარიანმა, „ქართული ანბანის“ იდეის საფუძველზე საერთაშორისო კულტურის სივრცის დამფუძნებელთან მარიამ ლომთათიძესთან და ქალბატონ მარი მუხაშავრიასთან ერთად განახორციელა პროექტი, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდთან ერთად. პროექტის იდეა მოიცავდა ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისა და საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართული დამწერლობის ხმოვან-ფონოლოგიური მასალის შესწავლას, რომლის მოსმენით ბავშვები ეზიარებიან გაციფრებულ-ავთენტური, ქართული ანბანის ჟღერადობას. https://www.youtube.com/watch?v=61hd2UWZ5rI&list=RD61hd2UWZ5rI&start_radio=1

2025 წლის 9 ივლისს საეტაპო ნაბიჯი გადაიდგა საერთაშორისო აღიარების მიმართულებით. ონლაინკონკურსში London Award | Golden Time Talent – Season 69 გოგონათა გუნდი „ლასკრა“ I-II ადგილით დაჯილდოვდა ნომინაციაში Vocal Ensemble (Mixed). გუნდი სულმოუთქმელად ელოდება ლონდონში მიწვევას და ქართული კულტურის წარდგენას ბრიტანული საზოგადოების წინაშე.
https://www.facebook.com/photo?fbid=122214014456103862&set=pcb.122214014498103862

2025 წლის 21 ივნისს საერთაშორისო კულტურის სივრცის და „წინაპრის“ ქველმოქმედებით, ისტორიულ ციხე-გალავანში შედგა ვიდეორგოლების გადაღება, სადაც შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ქართული მუსიკის კლასიკოსის, ოთარ თაქთაქიშვილის საგუნდო „ნანები“, რომელიც თავისი კონტენტით, საგუნდო შესრულების სპეციფიკურობით და მაღალმხატვრულობით მიემართება „ლასკრას“ სემანტიკურ ლექსემასთან. გუნდი რეპერტუარის არცერთ ნაწილში არ წყვეტს კავშირს წარსულთან და ამით აშენებს მომავლის ხიდს შორეული მილენიუმისკენ.

https://www.facebook.com/reel/1504417284055524

„ლასკრას“ საერთაშორისო წარდგენა XI ფესტივალზე უდიდესი აღიარებით დაგვირგვინდა -Concert of the – 11th MRF Wien Music Festival.Ehrbar Saal – 2025. ფესტივალზე შესრულდა ბიძინა კვერნაძის „გულო, რა გემართება“, მარი მუხაშავრიას არანჟირებით ასევე შესრულდა გიორგი სალუქვაძის „გურული ნანა“.

https://www.facebook.com/reel/857862970314590

https://www.facebook.com/reel/895486986771731

ბოლო საილუსტრაციო მასალად შემოვიტოვე ამონარიდი ალექსი მაჭავარიანის სიმღერიდან „ოფოფი“, სადაც სრულფასოვნად გამოვლინდება გოგონათა გუნდის დიდი საშემსრულებლო პოტენციალი, გუნდის ხელმძღვანელის შემოქმედებითი და მეცნიერული მიდგომები ქართული ფოლკლორული თუ აკადემიურ-კლასიკური მუსიკის მიმართ, რომ არ დაიკარგოს ქართული კულტურის ავთენტურობა, ყოფითი მახასიათებლები და თავისთავადობა, რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი ეთნომუსიკოლოგები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“