ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

საშობაო საჩუქარი

მწერლობა თორმეტი წლისამ გადავწყვიტე, როცა საშობაოდ პატარა საბეჭდი მანქანა მაჩუქესო, წერს რეი ბრედბერი ერთ ესეიში, რომლის ქართულ თარგმანსაც ცოტა ხნის წინ გამოსულ კრებულში წაიკითხავთ. წიგნს „ძენი და წერის ხელოვნება“ ჰქვია და ისეთი საკითხავია, სწორედ სიყმაწვილეში რომ უნდა გადაეყარო – როცა ფეხი პირველ საფეხურზეც კი არ დაგიდგამს და ყოყმანობ, გაბედო თუ არა.

რჩევას რჩევა მოჰყვება, მაგრამ ისე, რომ მცირედაც არაფერი გაღიზიანებს. დაიმახსოვრებ და გამოიყენებ, ხომ კარგი, თუ არა და, მრავალია გზა და გზაჯვარედინი – მისაგნებს თავად მიაგენი.

ყველაზე ღირებულით დავიწყებ – იმით, რასაც „მარსის ქრონიკებისა“ და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი მოთხრობების ავტორისგან ნაკლებად ელი: „არ იფიქრო!“, ისე წერე, შენს ამოცანაზე, მთავარ მიზანზე, საბოლოოდ მისაღწევ შედეგზე ფიქრში დრო არ დაკარგოო. შემოქმედებითი წერის მასწავლებლები – სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში – ხომ სულ საპირისპიროს ამტკიცებენ – წინასწარ უნდა ააგო მყარი კონსტრუქცია, გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობაც უნდა განსაზღვრო და ისიც, მკითხველისთვის გულის აჩუყების დრო როდის უნდა დადგესო. რეი ბრედბერი კი წერს: „გახსოვდეთ: სიუჟეტი სხვა არაფერია, თუ არა თოვლზე დატოვებული ნაფეხურები, მას შემდეგ, რაც თქვენმა პერსონაჟებმა იქ გაირბინეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ“. ცოტა ბუნდოვანია? აი, ზუსტი ნათქვამიც: „გადექით გვერდზე, დაივიწყეთ სამიზნე და მიეცით საშუალება თქვენს პერსონაჟებს, თითებს, სხეულს, სისხლსა და გულს, თავიანთი საქმე აკეთონ“.

ხელმა იცის, რა უნდა დაწეროს.

თითებმა იციან, როგორ უნდა ქარგონ.

კიდევ ერთი ფასდაუდებელი რჩევა – ცხადია, მხოლოდ მათთვის არა, ვინც წერის სურვილს შეუპყრია: „იკითხეთ პოეზია ყოველდღე. პოეზია იმ კუნთებს ავარჯიშებს, რომელთაც საკმარისად ხშირად არ იყენებთ. […] მეტაფორები შეიძლება იაპონური ქაღალდის ყვავილებივით გიგანტურ ფორმებად გაიშალოს“. რომელიმე თავბრუდამხვევი მეტაფორიდან მთელი მოთხრობა შეიძლება დაიბადოსო, გვარწმუნებს ავტორი, რომელიც ახალბედობისას თავს გადახდენილ ამბებზე, წლიდან წლამდე დაგროვილ გამოცდილებაზეც გვიყვება.

ბევრი იარა თუ ცოტა, ბევრი ქაღალდი გახარჯა თუ ცოტა, ერთ გზაჯვარედინზე აი, ეს სიმართლე შეიტყო: „გავიგე, რომ პერსონაჟები ჩემს საქმეს გააკეთებდნენ, თუ ნებაზე მივუშვებდი, აზროვნების უნარს მივცემდი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ფანტაზიასა და შიშებს გზას თუ გავუხსნიდი“. ამიტომაც ურჩევს დამწყებ ავტორებს, საბეჭდ მანქანას მიუსხედით, სხვადასხვაგვარი პერსონაჟები შეარჩიეთ და ნება მიეცით, ერთმანეთს შეასკდნენო. მოსახდენი თავისთავად მოხდება, თუ ხელს არ შეუშლითო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდებს გამაყრუებელი ხმაურისკენ, მტვრის ბუღის დაყენებისკენ მოუწოდებს – მკითხველზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მაგრამ არა, მხოლოდ ეს არ არის: „მშვიდმა ისტორიამ შესაძლებელია იმგვარადვე შეგძრათ, როგორც ნებისმიერმა სხვამ. ვენერა მილოსელის მშვიდი სილამაზე ძალიან ამაღელვებელია“.

გზის ნაწილი მაინც ბრმად გასავლელია – როგორი კარგი მრჩეველიც უნდა გყავდეს და როგორი მონდომებითაც უნდა ცდილობდე, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო. რეი ბრედბერი გვარწმუნებს, რომ წერის ძველ და საუკეთესო ხერხებს ექსპერიმენტების მეშვეობით მიაგნო, ბევრი ეძება, ბევრჯერ შეაბიჯა იმ სიბნელეში, ბავშვობისას შემზარავი არსებებით გამოვსებული რომ წარმოედგინა. მრავალი ჩემნაირი ადამიანი დაიღუპება, თუ არ დაწერსო, ამასაც გვიმხელს და ჩვენც რა დაგვრჩენია – საშობაო თუ საახალწლო საჩუქრების სია მეტი ყურადღებით უნდა შევადგინოთ, მით უფრო მაშინ, თუ გვერდით წიგნებისკენ ყურადღებით მომზირალი მოზარდები გვეგულება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“