ადამიანის ცხოვრების წესს მეტწილად განისაზღვრავს ის, თუ რას უთმობს ის ყველაზე მეტ ყურადღებას. ამიტომაც, მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი, რომელსაც ვფლობთ, მხოლოდ ინფორმაცია კი არა, ყურადღებაა.
მოდით, ვკითხოთ ჩვენს მოსწავლეებს: „რამდენჯერ აგიღიათ ტელეფონი მხოლოდ დროის დასადგენად და შემდეგ აღმოგიჩენიათ, რომ 20 წუთი TikTok-ზე სქროლვაში გაატარეთ?“ კლასში მოსწავლეების დიდ ნაწილს გაეღიმება. აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველას აქვს მსგავსი გამოცდილება.
ეს უბრალოდ სახალისო ეპიზოდი არ არის. ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური გამოწვევის გამოვლინებაა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყოველდღიურად ათასობით პლატფორმა, ალგორითმი და ხელოვნური ინტელექტის სისტემა იბრძვის, ერთი შეხედვით, უხილავი, მაგრამ უაღრესად ძვირფასი რესურსისთვის – ჩვენი ყურადღებისთვის. სწორედ ამიტომ, თუ წარსულში სკოლა ცოდნის გადაცემის სივრცე იყო, დღეს ის სულ უფრო მეტად ხდება ყურადღების შენარჩუნებისა და აზროვნების დაცვის სივრცე.
დეფიციტური რესურსი
ხშირად ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები და ახალგაზრდები „ინფორმაციის სამყაროში“ ცხოვრობენ. სინამდვილეში, ეს ფრაზა უკვე საკმარისი აღარ არის. მოსწავლეს შეუძლია, რამდენიმე წამში მიიღოს პასუხი თითქმის ნებისმიერ კითხვაზე: მოძებნოს ინფორმაცია Google-ში, ჰკითხოს ChatGPT-ს, უყუროს ვიდეოგაკვეთილს YouTube-ზე ან გაეცნოს ასობით სტატიას.
პრობლემა სხვა რამაა. თუ ინფორმაციის რაოდენობა უსასრულოდ იზრდება, ადამიანის ყურადღება კვლავ შეზღუდული რჩება. დღე-ღამე ისევ 24 საათს მოიცავს, ტვინის შესაძლებლობები კი უსასრულო არ არის. ამიტომ, თანამედროვე სამყაროში დეფიციტური რესურსი აღარ არის ინფორმაცია- დღეს მთავარი დეფიციტი ყურადღებაა.
გაკვეთილზე ხშირად გვგონია, რომ მოსწავლის ყურადღების გაფანტვა მხოლოდ დისციპლინის ან მოტივაციის პრობლემაა, თუმცა რეალობა გაცილებით რთულია. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს, მოსწავლის ყურადღებისთვის მას კონკურენციას უწევენ: TikTok, Instagram, YouTube, ონლაინ თამაშები, რეკლამები და ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები. ამ სისტემების უკან დგანან მონაცემთა მეცნიერები, პროგრამისტები, ფსიქოლოგები და დიზაინერები, რომელთა მთავარი ამოცანაა მომხმარებლის შენარჩუნება პლატფორმაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლასში მასწავლებელი ხშირად კონკურენციას უწევს მრავალმილიარდიან ონლაინ-ინდუსტრიას.
ორი სამყაროს კონფლიქტი
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სოციალურ ქსელებსაც აქვს თავისი „პედაგოგიკა“. ის მომხმარებელს ასწავლის სწრაფ რეაგირებას, მცირე მოცულობის ტექსტის აღქმას, სიახლეზე დამოკიდებულებასა და მყისიერი კმაყოფილების მოლოდინს. სკოლა, თავის მხრივ, ცდილობს განავითაროს სიღრმისეული გააზრება, კონცენტრაცია, მოთმინება და ცოდნის გადაცემისა თუ დამახსოვრების ხერხები.
ამ ორი სამყაროს შეხვედრა ხშირად კონფლიქტურია. თუ მოსწავლე ყოველდღიურად საათობით უყურებს 15 წამიან ვიდეოებს, მისთვის გაცილებით რთული ხდება 15 გვერდიანი ტექსტის გააზრება. ეს არ ნიშნავს, რომ თანამედროვე თაობა ნაკლებად ინტელექტუალურია; ეს ნიშნავს, რომ მათი ყურადღების ჩვევები სრულიად განსხვავებულ გარემოში ყალიბდება.
ალგორითმები და ემოციების ეკონომიკა
თანამედროვე ალგორითმები მხოლოდ ინფორმაციას აღარ გვაწვდიან. ისინი გვაკვირდებიან. ღილაკზე ყოველი თითის დაჭერა, გაჩერება, მოწონება და გაზიარება მონაცემად იქცევა. ალგორითმი სწავლობს, თუ რა გვაინტერესებს, რა გვაღელვებს, რა გვაღიზიანებს ან გვახარებს. ამ პროცესში იქმნება დეტალური ციფრული პროფილი. ზოგჯერ ალგორითმი მოზარდის ინტერესებს უფრო სისტემურად და ზუსტად სწავლობს, ვიდრე ნებისმიერი ზრდასრული მის გარემოცვაში. სწორედ ამიტომ ხდება მოწოდებული შინაარსი სულ უფრო პერსონალიზებული.
ყურადღების ეკონომიკა მხოლოდ ინფორმაციის ეკონომიკა არ არის. ის ემოციების ეკონომიკაცაა. ალგორითმები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ იმ შინაარსს, რომელიც იწვევს გაბრაზებას, შიშს, გაოცებას ან აღფრთოვანებას. მიზეზი მარტივია: ემოციური რეაქცია ზრდის ჩართულობას, ჩართულობა ზრდის პლატფორმაზე გატარებულ დროს, ხოლო გატარებული დრო კომპანიების შემოსავალს ქმნის. ამიტომ, თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში, ხშირად, ყველაზე მეტად ვრცელდება არა მნიშვნელოვანი, არამედ ემოციურად გაჯერებული ინფორმაცია.
ყურადღების ეკონომიკის თვალსაჩინოდ ჩვენებისთვის გთავაზობთ მათემატიკურ ფორმულას, რომელიც ასახავს ემოციური მუხტის გარდაქმნას.
ემოციური მუხტი − მოქმედებს როგორც მულტიპლიკატორი, რომელიც ზრდის ჩართულობას. ჩართულობა −ზრდის პლატფორმაზე გატარებულ დროს. პლატფორმაზე გატარებული დრო− უშუალო გავლენას ახდენს კომპანიის შემოსავალზე. ინფორმაციული მნიშვნელობა − არის მნიშვნელში, რადგან, რაც უფრო დაბალია შინაარსის მნიშვნელობა და მაღალია მისი ემოციური მუხტი, მით უფრო იზრდება ყურადღების ეკონომიკის მაჩვენებელი.
ხელოვნური ინტელექტი (AI) ახალი მძლავრი მოთამაშეა ყურადღების ბაზარზე. თუ სოციალური მედიის ეპოქაში ალგორითმები ძირითადად არჩევდნენ მზა ინფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ისინი თავად ქმნიან მას. AI-ს შეუძლია დაწეროს ტექსტი, შექმნას ფოტო, დააგენერიროს ვიდეო და წარმოქმნას ხმა. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა ყურადღებისთვის ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს უკვე შესაძლებელია თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური, უნიკალური შინაარსის შექმნა მისი ინტერესებისა და ქცევის მიხედვით.
ყურადღების წიგნიერება. მომავლის კომპეტენცია
რატომ უნდა აინტერესებდეს ეს მასწავლებელს? იმიტომ, რომ ყურადღება სწავლების საფუძველია. ყურადღების გარეშე ვერ მოხდება აღქმა, გააზრება, დამახსოვრება და, შესაბამისად, სწავლა. თუ განათლება ცოდნის მშენებლობის პროცესია, ყურადღება მისი საძირკველია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება არა მხოლოდ საგნის სწავლება, არამედ ყურადღების კულტურის განვითარება.
ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება ტერმინი — ყურადღების წიგნიერება. ეს არის უნარი:
- გავაცნობიეროთ, ვინ და როგორ ცდილობს ჩვენი ყურადღების მოპოვებას;
- ამოვიცნოთ მანიპულაციური სტრატეგიები;
- ვმართოთ საკუთარი ციფრული ჩვევები;
- შევინარჩუნოთ კონცენტრაცია მნიშვნელოვან საქმიანობაზე.
თუ წარსულში წიგნიერება ნიშნავდა კითხვასა და წერას, ხოლო მოგვიანებით, ინფორმაციის კრიტიკულ შეფასებას, დღეს მას ახალი, უმნიშვნელოვანესი უნარი, საკუთარი ყურადღების მართვა, ემატება. მომავალში წარმატებას მიაღწევენ ისინი, რომლებიც შეძლებენ საკუთარი ყურადღების, აზროვნებისა და არჩევანის კონტროლს.
როდესაც ვსვამთ კითხვას − „რატომ უჭირთ მოსწავლეებს გრძელი ტექსტის წაკითხვა?“, პასუხი ყოველთვის მოტივაციის ნაკლებობაში არ არის. ყურადღების დეფიციტი ტვინს სწრაფ ცვლილებებს, მოკლე სტიმულებსა და მუდმივ სიახლეს აჩვევს, სკოლა კი მათგან მოთმინებას, კონცენტრაციასა და ღრმა ანალიზს მოითხოვს.
პრაქტიკული აქტივობები კლასისთვის
მედიაწიგნიერების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, შეგვიძლია მოსწავლეებს რამდენიმე ეფექტური აქტივობა შევთავაზოთ:
- „რატომ ვხედავ ამას?“− კვირაში ერთხელ მოსწავლეებს დავავალოთ, აირჩიონ ერთი ვიდეო (TikTok, Instagram ან YouTube) და უპასუხონ კითხვებს: რატომ მაჩვენა ეს ალგორითმმა? რა ემოციას იწვევს ჩემში? რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მის ავტორს ან პლატფორმას?
- ყურადღების დღიური − ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლე აკვირდება და დღიურში იწერს: რამდენჯერ ამოწმებს ტელეფონს, რამდენ შეტყობინებას იღებს და რა დროს ატარებს სოციალურ ქსელებში. შემდგომ ხდება ამ მონაცემების ერთობლივი ანალიზი.
- AI პასუხების შემოწმება − მოსწავლეები დავალების შესრულებისას კითხვას უსვამენ ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ვალდებულები არიან, მოიძიონ კიდევ ორი დამოუკიდებელი წყარო და შეადარონ პასუხები. ასე ისინი სწავლობენ, რომ AI არ არის უშეცდომო და საბოლოო ავტორიტეტი.
- კითხვის საათი − კვირაში ერთხელ მოვაწყოთ 20-30 წუთიანი კონცენტრირებული კითხვის დრო ტელეფონების გარეშე, რასაც მოჰყვება ერთობლივი დისკუსია. ეს პრაქტიკა საუკეთესო ინსტრუმენტია ყურადღების კულტურის გასავითარებლად.
თანამედროვე მასწავლებელი ერთგვარი „ყურადღების არქიტექტორია“. ის ეხმარება მოსწავლეს, შეინარჩუნოს კონცენტრაცია, გაარჩიოს მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, დაიცვას საკუთარი აზროვნება და იპოვოს ოპტიმალური ბალანსი ტექნოლოგიებსა და ადამიანურ შესაძლებლობებს შორის. სკოლამ ისეთი ადამიანები უნდა აღზარდოს, რომლებსაც საკუთარი ყურადღების, აზროვნებისა და არჩევანის გაცნობიერებული მართვა შეუძლიათ. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წიგნიერება.
გამოყენებული ლიტერატურა:
World Economic Forum – Future of Jobs Report 2025
Stanford HAI – AI Index Report 2025
https://dl.acm.org/doi/10.1145/3685680



