ქართული ენის სწავლებისას მნიშვნელოვანია, რომ გრამატიკული საკითხები არ ისწავლებოდეს მხოლოდ წესებისა და ტერმინების დონეზე. როდესაც მოსწავლე ფორმას აკვირდება კონტექსტში, ადარებს, აანალიზებს და თავად იყენებს, სწავლება გაცილებით შედეგიანი ხდება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობა აძლიერებს როგორც ენობრივ კომპეტენციას, ისე მოსწავლის ინტერესს.
ხარისხის ფორმების სწავლებისას მოსწავლეები, როგორც წესი, მხოლოდ ზედსართავი სახელის ხარისხებს ეცნობიან, რამეთუ საგნის ნიშან-თვისება, რომელსაც გამოხატავს ზედსართავი სახელი, შესაძლოა იყოს მეტი ან ნაკლები ოდენობის, სხვადასხვა ხარისხის. თუმცა, პრაქტიკაში აშკარად იკვეთება, რომ ხარისხის ცნების სემანტიკა სცდება ზედსართავი სახელის სფეროს და თვალსაჩინოა ზოგიერთი ზმნისწინის მეტ-ნაკლები როლი მოქმედების სიმცირის, სიცოტავის, ანუ ოდნაობითობის აღნიშვნა-გადმოცემაში ზმნებთან და რიგ ფორმებში სახელზმნებთანაც.
ოდნაობითი ხარისხის ფორმა, დადებითთან შედარებით, საგნის ნიშნის ნაკლები ოდენობით გამომხატველია. ეს ის შემთხვევაა, როცა სემანტიკა განაპირობებს სახელწოდებას. ოდნაობითი საგნის მახასიათებელს გამოხატავს ნაკლები ოდენობით, მაგრამ ერთგვარი განსაზღვრით, მიახლოებით, ოდნავ. მაგ.: მო-თეთრ-ო თეთრს უახლოვდება, სითეთრის ნიშნები აქვს, ანუ ოდნავ თეთრია.
პრაქტიკაში მოსწავლეებს განსაკუთრებით უადვილდებათ ოდნაობითობის გაგება ფერისა და ზომის აღმნიშვნელ სიტყვებზე დაკვირვებით. მაგალითად: მოლურჯო, მომწვანო, მოვარდისფრო — ეს ფორმები მკაფიოდ გამოხატავს მიახლოებით ფერს. ამიტომ, სასურველია, მასწავლებელმა დაწყებით კლასებში მოსწავლეებს შესთავაზოს ისეთი სახის აქტივობები, სადაც მათ თავად მოუწევთ ფერთა ან საგანთა აღწერა ოდნაობითის ფორმებით.
მაგალითად, აღწერონ სურათი ოდნაობითის ფორმების გამოყენებით: მოლურჯო ცა, მოთეთრო ღრუბლები, მოყვითალო ფოთლები…
ამგვარი პრაქტიკული მუშაობა ხელს უწყობს არა მხოლოდ გრამატიკული ფორმების დამახსოვრებას, არამედ სიტყვათა სემანტიკური ნიუანსების აღქმასაც.
საყურადღებოა, რომ ხარისხის გადმოსაცემად ენას მოეპოვება ასევე აღწერითი წარმოებაც, როდესაც ნიშნის ან თვისების გადმომცემ სახელთან ჩვეულებრივ გამოყენებულია ზმნიზედები. აღწერითი წარმოება, მართალია, საგნის ნიშნის მეტი ოდენობის შინაარსობრივი გადმომცემია, თუმცა ზოგჯერ ოდნაობითის, სიმცირის გადმოცემაც შეუძლია (ოდნავ დიდი და მისთ.).
ოდნაობითობის გაგება სცდება ზედსართავი სახელის სფეროს და ენაში ნათლად იკვეთება ზოგიერთი ზმნისწინის მეტ–ნაკლები როლი მოქმედების სიმცირის, სიცოტავის, ანუ ოდნაობითობის აღნიშვნა–გადმოცემაში ზმნებთან და რიგ ფორმებში სახელზმნებთანაც.
ამგვარ სემანტიკას გამოხატავს მო- ზმნისწინიანი ფორმები: მო-რბილდება, მო-მწარდება, მო-მჟავდება, მო-ისუსტებს, მო-იდიდებს… თუ ერთმანეთს შევადარებთ ფორმებს: მოათბო და გაათბო, მოალბო – გაალბო, მოაცოცხლა – გააცოცხლა… ცხადია, ეს უკანასკნელნი თავის ძირითად შინაარსს სისავსით წარმოგვიდგენს, ეს სისრულე უკვე აღარ იგრძნობა ამავე ზმნათა მო- ზმნისწინიან ფორმებში, სადაც მოქმედების შესრულება მცირე დოზით ხასიათდება. ასეთი ზმნები თანამედროვე ქართულში მრავლადაა: მოასველებს – ცოტათი დაასველებს; მოიზარმაცებს – ოდნავ ზარმაცია; მომხიარულდება – თანდათან გამხიარულდება; მოიკოჭლებს – ოდნავ კოჭლია; მოიძუნწებს – ცოტა ძუნწია და სხვ.
ოდნაობითის მნიშვნელობით ვხვდებით წა– ზმნისწინიან წარმოებასაც: წა-იმუშავა, წა-ითამაშა, წა-იმღერა, წა-თვლიმა, წა-იბორძიკა, წა-ივარჯიშა, წა-ისაუზმა, წა-იეშმაკებს, წა-იკოჭლებს, წა-იპოეტებს და ა.შ.
ამავე ფუნქციით გვხვდება წამო– ზმნისწინიც, რომელიც აღნიშნავს მოქმედების (ნიშან-თვისების) ოდნაობითობას: წამო-წითლდა, წამო-იზარდა, წამო-იჩიტა, წამო-წვიმა, წამო-ნამა, წამო-სტკივდა და სხვ.
მოქმედების სიცოტავის, ოდნაობის და ხარისხის ან მოცულობის შედარებითი სიმცირის გამოსახატად ასევე შე– ზმნისწინიც გამოიყენება: შე-მწიფდა, შე-ბინდდა, შე-ტკბა, შე-ხმა, შე-შრა, შე-იმღვრა, შე-ამცივნა და სხვ.
მაშასადამე, მოქმედება, რომელიც ცოტაა ზომით ან მოცულობით, ან ნაკლებია ხარისხით, შეგვიძლია მოსწავლეებს გავაგებინოთ ზმნურ ფორმათა შედარებით: გა-წითლდა და შე-წითლდა (გაწითლდა – წითელი შეიქმნა, შეწითლდა – ოდნავ წითელი შეიქმნა), გა-ხურდა და შე-ხურდა, და-თვრა და შე-თვრა, გა-თხელდა და შე-თხელდა, გა-თბა და შე-თბა, გა-თეთრდა და შე-თეთრდა და მისთ. შე- ზმნისწინიან ფორმებში ოდნაობითობა ზოგჯერ დაკავშირებულია დროის გაგებასთან: შე-აგვიანდა, შე-ყოვნდა, შე-ჩერდა და მისთ.
შედარებით ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა ოდნაობითობის გამოხატვა იშვიათად შეუძლია ჩა– ზმნისწინსაც: ჩა-იცინა, ჩა-ილაპარაკა, ჩა-იღიმა, ჩა-იბურდღუნა…
მრავალფეროვანი ენობრივი მასალის გააზრება ეხმარება მოსწავლეს, უკეთ შეიგრძნოს ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრე და ზუსტად გამოიყენოს სიტყვები მეტყველებაში. ამიტომ, მასწავლებელმა შეიძლება შეადარებინოს სხვადასხვა ზმნისწინიანი ფორმები და დააკვირვოს მოსწავლე, რომ პირველ შემთხვევაში მოქმედება სრულადაა განხორციელებული, ხოლო მეორე შემთხვევაში — ნაწილობრივ, ოდნავ, მცირე ხარისხით. ასეთი შეპირისპირებები საუკეთესო გზაა სემანტიკური განსხვავების დასანახად.
ასევე შეუძლია გამოიყენოს მზა ცხრილები, სადაც ნაჩვენები იქნება ორივენაირი ფორმები: სრული მოქმედებისა და ოდნაობითი მოქმედების გამომხატველი. ამ აქტივობის შემდეგ, სასურველია, მოსწავლეებმა თავად შეადგინონ წინადადებები ორივე ფორმის გამოყენებით.
მაგალითად: მზემ ოთახი გაათბო. – მზემ ოთახი მოათბო, შეათბო (ოდნავ გაათბო).
ამ გზით ისინი თავად დააკვირდებიან და უკეთ აღიქვამენ მნიშვნელობათა სხვაობას.
როგორც აღმოჩნდა, ოდნაობითის შინაარსი ზმნისწინების საშუალებით შეიძლება გადმოიცეს არა მარტო ზედსართავებთან და ზმნებთან, არამედ სახელზმნებთან, უფრო მეტად მიმღეობებთან, რამეთუ მიმღეობა, როგორც სახელზმნის ერთ-ერთი სახე, თანაბრად შეიგუებს როგორც სახელურ, ისე ზმნურ ნიშნებს. ზმნისწინის საშუალებით ხარისხის შინაარსს გადმოსცემენ ის პირველადი ზმნები და მათგან წარმოებული სახელზმნები, რომლებიც აღნიშნავენ მოქმედებას ან თვისებას, რომელიც რეალურად შესაძლებელია მოხდეს მეტი ან ნაკლები ინტენსივობით, სიღრმით (გაიყინა – შეიყინა, გაყინვა – შეყინვა, გაყინული – შეყინული).


