ორშაბათი, იანვარი 5, 2026
5 იანვარი, ორშაბათი, 2026

ჩანაწერები მხატვრობაზე

 

*
არ მახსოვს, ხატვა რა ასაკში დავიწყე, მაგრამ რაც თავი მახსოვს, მგონი, სულ ვხატავდი. სკოლაში უფროსკლასელი ბიჭები „სიყვარულის ხის“ დახატვას მთხოვდნენ, როცა რომელიმე გოგოსთვის უნდოდათ ჩუქება. რაღაც გრაფიკული ნახატი მქონდა ამ სახელწოდებით, თან ხე იყო და თან – ქალისა და კაცის სახე, ჰოდა, იქიდან ვიხატავდი. მეზობლებიც მთხოვდნენ პეიზაჟების ხატვას ან მოდიოდნენ და არჩევდნენ ნახატს და მიჰქონდათ. ვჩუქნიდი. ზოგ მეზობელს, მგონი, დღესაც უკიდია სახლში. ერთხელ „გაეროს ბავშვთა ფონდმა“ გამოფენა-კონკურსი მოაწყო. იქ რომელიღაც საპრიზო ადგილზე გავედი და ბადმინტონი მაჩუქეს. მერე თანდათან ძერწვა-გამოქანდაკებაც დავიწყე. ხობისწყლის ნაპირების გასწვრივ არის ასეთი დანალექსი ქანი – მერგელი. ფერად მუქი ცისფერია. როცა ნესტიანია, პლასტელინივითაა. მერეც ნესტიან გარემოში უნდა იყოს, თორემ თუ გამოშრა, იბზარება და იფშვნება. აი, ამ მერგელისგან ვძერწავდი ხოლმე რაღაცებს. ერთხელ ვაჟა-ფშაველას ნატურალური ზომის ბიუსტი გამოვძერწე და შევღებე, რომ გაეძლო. რამდენიმე წელი გაძლო კიდეც. მთელი სოფელი დადიოდა ამ ბიუსტის სანახავად. საიზოლაციო პენოპლასტისგანაც ვთლიდი პატარა სტატუეტებს – მსუბუქი და ადვილად დასამუშავებელია სამართებლით. დღესაც მაქვს სოფელში იმდროინდელი რამდენიმე ფიგურა. როგორც შეუმდგარ მხატვარს და მოქანდაკეს, მიყვარს მხატვრობა და ქანდაკება.

 

*
დიდი მხატვარი, ისევე როგორც დიდი პოეტი, ის არის, ვისაც მკვეთრი ხელწერა აქვს. დიდი მხატვარი და დიდი პოეტი ავტორის დაუსახელებლად უნდა იცნო. როგორც საკუთარი მეტრული სისტემის ან უბრალოდ ინტონაციური ინდივიდუალიზმის მქონე პოეტის ერთი პატარა სტროფი და სტროფოიდი იძენს მნიშვნელობას ავტორის მთლიან, უნიტარულ შემოქმედებით სამყაროსთან მიმართებით, ასევეა მხატვარიც – დიდი მხატვრის უმნიშვნელო ჩანახატიც ფასდაუდებელია, როგორც დიდი სამყაროს პატარა ფრაგმენტი. მიყვარს ბოტიჩელი, მონე, ვან გოგი, მოდილიანი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, მერაბ აბრამიშვილი და სხვები.

 

*
ლიტერატურა და კინო ჩემთვის უფრო გრძნობად-სენსუალური რეცეფციის წყაროა, სტატიკური ვიზუალური არტი კი (მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია) უფრო სპირიტუალურ-სულიერი. კარგ ნახატს რომ ვუყურებ, მკერდში რაღაც მეღვრება, რაღაცით ვივსები, და ეს არ არის ფიგურალური ნათქვამი – არა, ეს სომატურად საგრძნობია.

 

*
მხატვრებზე გადაღებული უამრავი ბიოგრაფიული ფილმი მინახავს, მაგრამ საუკეთესოდ ესენი მიმაჩნია:

  1. ალექსანდერ კორდა, „რემბრანდტი“, 1936 წ. მთავარ როლში – ჩარლზ ლოუტონი;
  2. გიორგი შენგელაია, „ფიროსმანი“, 1969 წ. მთავარ როლში – ავთო ვარაზი;
  3. ედ ჰარისი, „პოლოკი“. 2000 წ. მთავარ როლს რეჟისორი თვითონვე ასრულებს;
  4. მაიკ ლი, „მისტერ ტერნერი“, 2014 წ. მთავარ როლში – ტიმოთი სპოლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“