ეს უილიამ საროიანის ითაკაა – კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქი. ესენი უილიამ საროიანის ითაკელები არიან, რომელთა ამბებსაც „ადამიანურ კომედიაში“ ვკითხულობთ, სინათლით სავსე, გულში, გონებაში სამუდამოდ ჩასარჩენ წიგნში. ჰომეროსი, ულისე… სხვა რა უნდა ერქვათ ამ ქალაქის მკვიდრთ? (ქართულ თარგმანს მივყვები, შარშან გამოცემულს).
ჰომეროს მაქოლი თოთხმეტი წლისაა. ბევრს შრომობს, ბევრს ფიქრობს. უკეთეს სამყაროში ცხოვრება უნდა, სადაც სხვები მოლოდინს გაუმართლებენ, სადარდებელს მოაკლებენ. „ჩემი მარტოობა საერთოდ არ მადარდებს. მე ის ხალხი მადარდებს, ვისაც სიმტკიცე არ აქვს და ამიტომ მარტოობას და ტკივილს ვერ გაუძლებს. თან ასე მგონია, რომ სამყარო სავსეა ასეთი ადამიანებით“, – მსგავსი ფიქრებითაა სავსე ჰომეროსის დღეები. მოუსვენარი თვალი აქვს – ყველგან უნდა შეიხედოს, ყველა ბნელ კუთხეს უნდა მიაწვდინოს. იღლება. ხანდახან იმედიც ეწურება, მაგრამ დასანახს, საბედნიეროდ, სწორად ხედავს: „ადრე მეგონა, რომ ადამიანი როცა გაიზრდება, აღარ ტირის. მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ იწყებს ადამიანი ტირილს, რადგან სწორედ მაშინ აღმოაჩენს ბევრ რამეს“.
დედა მას სიმართლეს არ უმალავს, არ არწმუნებს, რომ მარტივი გამოსავალი უნდა ეძებოს, რომ ტკივილი თავიდან უნდა აირიდოს, რომ სამყაროს მომავალზე დარდი უნდა მიატოვოს. იმ იშვიათ მშობლებს შორისაა, ვისაც შეიძლება უშიშრად გაუმხილო ყველა დაკვირვება, ყველა ვარაუდი. რჩევები მართლაც საყურადღებო აქვს, დასამახსოვრებელი: „სკოლა იმისთვისაა, რომ ბავშვებმა რამე ისწავლონ და ქუჩებში უსაქმურად არ იყიალონ. მაგრამ დგება დრო, როცა ისინი მაინც გადიან ქუჩაში. […] ბუნებრივია, მშობლებს, დედებსაც და მამებსაც, ეშინიათ ამის. მიაჩნიათ, რომ ქუჩის სამყარო არ არის სიკეთის მომტანი მათი შვილებისთვის. მაგრამ სინამდვილეში ქუჩა არც ისეთი საშიშია, როგორიც ბევრს ჰგონია. სამყარო სავსეა დაშინებული ბავშვებით. თავისი შიშით ისინი ერთმანეთს აშინებენ. ეცადე, გაუგო“.
დედა იმასაც ეუბნება ბიჭს, ბოროტები თავს ბოროტებად ვერ აღიქვამენ და ამიტომაც უდანაშაულოები არიან, ცუდ ადამიანს ყოველდღე უნდა მიეტევოსო. გავიხსენოთ, ჰომეროსს ის ასაკი აქვს, სახელი თავიდან რომ უნდა დაარქვას ყველაფერს, შავი თეთრისგან თავიდან რომ უნდა გაარჩიოს – შეკითხვას შეკითხვაზე სვამს, მსოფლიო კი მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველ ქარიშხალშია გახვეული. „წინ მშვენიერი შეცდომები გელის, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიდინო და ჩაიდენ კიდეც, – მშვიდად უხსნის დედა. – რა შეცდომებიც უნდა დაუშვა, ნუ შეგეშინდება იმის გამო, რომ ისინი ჩაიდინე და ნურც იმის გამო, რომ მათ კიდევ ჩაიდენ. ენდე შენს გულს. გული ყოველთვის მართალია“.
ისტორიის მასწავლებელი, ქალბატონი ჰიქსიც უნდა ვახსენოთ, რომელსაც მოსწავლესთან საუბარი უხარია, აზრების გულწრფელად გაზიარება. დასჯა რა სახსენებელია, ბავშვებს – თუნდაც ყველაზე ჯიუტებს – იმიტომ ტოვებს გაკვეთილების შემდეგ, რომ მოუსმინოს და თავისიც უთხრას – ვინ იტყვის, როდის გამოადგებათ, რა გზაზე დამდგართ. ჰომეროსს ბევრ საგულისხმოსთან ერთად აი, რას ეუბნება: „მე სულაც არ მინდა, რომ შენ, ჰომეროსი, დაემსგავსო შენს რომელიმე კლასელს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ასე მესიამოვნება, ან მუშაობა გამიადვილდება. ალბათ შემძულდებოდა კიდეც ისეთი კლასი, მხოლოდ სამაგალითო გოგონებისა და ყმაწვილებისგან რომ იყოს შემდგარი. მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები პიროვნებები იყვნენ, ერთმანეთს არ ჰგავდნენ, თითოეული იყოს განსაკუთრებული, განუმეორებელი…“.
ასეთები არიან უილიამ საროიანის ითაკელები. განსაკუთრებულები.
ასეთია უილიამ საროიანის ჰომეროსი – თვალმახვილი, გულდარდიანი.


