მასწავლებლობა უდიდეს პასუხისმგებლობაა. რაც, უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო იზრდება მასწავლებლის როლი და მით მეტი ძალისხმევა, მოთმინება, სიყვარული და თავდადება გვჭირდება მიზნის მისაღწევად: სწორად ჩამოვუყალიბოთ ფასეულობები ჩვენს მოზარდებს და ვასწავლოთ სამყაროს სწორი ხედვა.
თემა, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, ვფიქრობ, არაერთ ჩემს კოლეგას დააინტერესებს. საკითხი ეხება მასწავლებელი დედისა და შვილის ურთიერთობას სწავლა-სწავლების პროცესში.
შვილთან ურთიერთობა მასწავლებლისთვის არის საფუძვლიანი და მრავალმხრივი ექსპერიმენტი და კვლევა, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ შვილის სრულფასოვან, დახვეწილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. დედა-მასწავლებელი, რომელიც მუშაობს შვილთან, ან ქმნის საფუძველს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობის განმტკიცებას, ან კიდევ პირიქით, იმედგაცრუებისკენ და დაბალი თვითშეფასებისკენ უბიძგებს მას!
ჩემს პრაქტიკაში ხშირად შევხვედრივარ ორივე კატეგორიის მასწავლებელს: პირველი – პედაგოგი, რომელიც შვილს განსაკუთრებით მკაცრად ექცევა და ყოველთვის ყველაზე მეტს სთხოვს, არცერთ შეცდომას არ აპატიებს და ხშირად მიუთითებს, რომ მასწავლებლის შვილობა მას მეტად ავალდებულებს; და მეორე – პედაგოგი, რომელიც საკუთარ შვილს პრივილეგიას ანიჭებს, შეცდომებზეც წაუყრუებს და ნებსით თუ უნებლიეთ მის მიმართ მიკერძოებულობას იჩენს.
როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი და ჩემი შვილის მასწავლებლობა დამევალა, განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი საკითხის სიღრმე. იმ დღიდან მოყოლებული მუდმივ რესპონდენტად მყავდა საკუთარი მე – რომელსაც შვილთან კლასში ურთიერთობის დეტალებზე ვუსვამდი შეკითხვებს. მუდამ ეჭვის ჭია მღრღნიდა – არ მინდოდა რომელიმე მხარე უპირატესი ყოფილიყო – დედის ან მასწავლებლის.
„ჭეშმარიტი მასწავლებელი იცავს თავის მოსწავლეებს საკუთარი პირადი გავლენისგან“. დღემდე მაწუხებდა კითხვა, რამდენად დავიცავი ჩემი შვილი პირადი გავლენებისგან.
დღეს ერთ-ერთი სემესტრული ესეის წყალობით, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვე და თავი უბედნიერესად ჩავთვალე, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა. მომინდა, ეს გამოცდილება და ნოველად ჩამოყალიბებული შვილის ესეი კოლეგებისთვის გამეზიარებინა და მოკრძალებულად კიდევ ერთხელ მეთქვა: ნუ დავაკისრებთ ზედმეტ ტვირთს მოსწავლეს მასწავლებლის შვილობის გამო, ის ისეთივე ბავშვური და მიამიტია, როგორც სხვები; ნურც ზედმეტ პრივილეგიას მივანიჭებთ, რადგან მის თანატოლებს თვალი უნდა გავუსწოროთ და მათთან მართალი უნდა ვიყოთ, რათა ბოლომდე სჯეროდეთ ჩვენი!
დედის ხმა დაფასთან…
დაფასთან ვდგავარ. თეთრ ცარცს ხელში ვატრიალებ, გულში კი ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი კლასის წინაშე ორჯერ უნდა ვიპოვო საკუთარი თავი — როგორც მოსწავლემ და როგორც შვილმა. ზურგს უკან მესმის ხმა, რომელიც ჩვილობიდანვე მიზიდავს და მამშვიდებს, ახლა კი უცებ უცხო ტონს იღებს.
ეს ხმა დედაჩემისაა. ის ჩემი მასწავლებელია.
როცა დედა შენი მასწავლებელია, ეს არც უპირატესობაა და არც ტვირთი — ეს უბრალოდ სხვა სამყაროა, რომელშიც ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. თითქოს ერთი უბრალო გაკვეთილი ყოველთვის ოდნავ მეტია შენთვის. ხანდახან ვფიქრობ, გამართლებაა თუ არა, როცა დედა შენი მასწავლებელია, სამყაროს სხვა რაკურსით უყურებ – თითქოს ყველა ნაბიჯს ოდნავ მეტი ფერი აქვს, ყველა პასუხს ოდნავ მეტი მნიშვნელობა. ბავშვობაში ამას ვერც ვხვდებოდი ბოლომდე – უბრალოდ მქონდა მუდმივი სიფრთხილე.
დედაჩემის მოსწავლე ვიყავი. დედა არასდროს ყოფილა ისე მკაცრი, რომ გრძნობები დამეკარგა. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემ უკან მდგარიყო – არა როგორც დედა, არამედ როგორც ფრთხილი დამკვირვებელი, რომელიც მელოდებოდა, როდის გადავდგამდი ნაბიჯს.
მაგრამ მაინც — ჩემი ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის დიდი იყო. პატარა ბავშვივით ვეღარ ვბრაზობდი, როცა რამე არ გამომდიოდა. იმიტომ, რომ კლასში დედაჩემი იყო. ყველა ჩემს ნაბიჯს ორმაგი ფასი ჰქონდა — მისი შვილის ნაბიჯიც იყო და მისი მოსწავლისაც. მე საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი. ჩემგან არავინ ელოდა, რომ უბრალოდ კარგი ვყოფილიყავი. თითქოს ის, რაც სხვას კარგ მოსწავლედ აქცევდა, ჩემთვის მხოლოდ მინიმუმი იყო. ალბათ იმიტომ, რომ მე მისი სახელის შემოქმედი ვიყავი, მისი პროფესიის გაგრძელება — სახელის, რომელსაც მაშინაც ვიცავდი, როცა თვითონ კლასში არ იყო. ხანდახან მინდოდა, კლასელებივით რაღაც დამეტოვებინა სახლში ან მეძინა მშვიდად. მაგრამ მე უნდა ვყოფილიყავი „მისი შვილი“ – ზუსტად ისეთი, როგორსაც ის არ მოითხოვდა, თუმცა მე მაინც ვგრძნობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი. თითქოს ერთ უბრალო შეცდომასაც შეეძლო, დედას პიროვნება შეელახა. ეს კი სინამდვილეში ჩემში გამჯდარი განცდა იყო, რომელსაც არავინ მახვევდა თავს – მე თვითონ ვფიქრობდი ასე. იმიტომ, რომ მისი შვილი ვიყავი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის მუდამ პასუხისმგებლობა იყო – არა სიმძიმე, არა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მაკვირდება — არამედ შინაგანი ვალდებულება, რომ დედას იმედები არ უნდა გამეცრუებინა. იმედები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არასდროს არაფერი უთქვამს. უბრალოდ ჩუმად მიყურებდა და ჩემს გაზრდას ელოდებოდა.
საშინელი შიშიც მქონდა ხანდახან – რომ ჩემი საქციელის გამო ის იმედგაცრუებას იგრძნობდა. მაგრამ ეს არასდროს უთქვამს. ის ყოველთვის არჩევდა დუმილს, რომელიც მეხმარებოდა. არასდროს მახსენდება, რომ ხმამაღლა ეთქვას – „შენ უფრო მეტი უნდა იცოდე, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ’’. მაგრამ მის თვალებში ეს თითქოს მუდმივად იკითხებოდა, და ეს არ იყო ზეწოლა – ეს იყო იმედი, რომ ის მასავით სუფთა ადამიანს გაზრდიდა.
დედა ზედმიწევნით იცავდა ბალანსს. არასდროს ყოფილა მასწავლებელი, რომელიც შვილს თვალს აარიდებდა ან პირიქით – გამორჩეულად მოექცეოდა. მე ვიყავი მისი ერთ-ერთი მოსწავლე – არც მეტი, არც ნაკლები. მისთვის მთავარი იყო სისუფთავე — სწავლებაშიც, ურთიერთობაშიც, და ეს სისუფთავე მის დამოკიდებულებაშიც იგრძნობოდა. ის არასდროს მაძლევდა პრივილეგიებს, არ მაცდუნებდა ამ გზით. დღეს, ზრდასრულობაში ვხედავ: სწორედ ეს ყოფილა მისი სიჩუმის ყველაზე დიდი გაკვეთილი — რომ წარმატებულ ცხოვრებას მხოლოდ სხვების მხარდაჭერით კი არა, საკუთარი შრომითაც შეიძლება მიაღწიო.
სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გააზრებული ბავშვობა – იქ, სადაც სხვებისთვის გაკვეთილი უბრალოდ დრო იყო, ჩემთვის ის იყო პატარა სარკე, რომელშიც დედას ამაყი თვალები უნდა დამენახა. ამ გამოცდილებამ მასწავლა ყველაზე მთავარი: სიყვარული მხოლოდ მოფერება არ არის. სიყვარული — ხშირად უკომპრომისო სიმკაცრეცაა. დედამ მასწავლა, რომ თავი უნდა დავიცვა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნო და ვიყო სამართლიანი.
ის გაკვეთილები წარსულში დარჩა, მაგრამ ხმა არ გამქრალა. ის ჯერ კიდევ ჩამესმის – ხმა, რომელიც აღარ იმეორებს ჩემს სახელს, მაგრამ ჩემს ყოველდღიურობაზე მაინც ახდენს გავლენას. იმავე ხელით, რომელშიც ცარცი მეჭირა, ახლა კალამს ვატარებ, სხვის შვილებს ვასწავლი და ხანდახან, როცა რაიმეს ვიტყვი, ვგრძნობ — ის ხმაა. დედას ჰგავს. მკაცრი, მაგრამ სიყვარულით სავსე. და ხშირად ვფიქრობ – რას იზამდა დედა? როგორ გაიღიმებდა, როგორ გაივლიდა დაფის წინ, როგორ დადგებოდა ჩემს ადგილას. ვხვდები — მაშინ ვერც კი ვიაზრებდი, რა დიდი საქმე გააკეთა. რომ არ იყო ეს უბრალოდ შვილის აღზრდა, ეს იყო მისი ადამიანად ჩამოყალიბება.
ყველა მასწავლებელს სახელით ვიხსენებ. დედას კი, როცა ვიხსენებ, პირველ რიგში მისი ხმა ჩამესმის დაფასთან. და ეს საკმარისია, ვიცოდე – ყველა ჩემი შრომა, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ის სიტყვა, რომელსაც გაკვეთილზე წარმოვთქვამ — სწორედ იმ ხმაში დაიბადა, იმ დღეს, როცა დაფასთან მისი თბილი ხმა პირველად გავიგონე.
დღეს მადლობელი ვარ იმ დაფის, იმ ზურგის, რომელსაც ჩავყურებდი. იმ ტონის, რომელიც მაშინ ზედმეტად მკაცრი მეჩვენებოდა, რადგან საბოლოოდ მან მასწავლა –სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული.
დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმა იყო. და მე მიხარია, რომ მე მყავდა დედა,
რომელმაც მასწავლა, როგორი უნდა იყოს ადამიანი — სამართლიანი, თავდაჭერილი და… ადამიანური.
ამ თემაზე ბევრს არ ვსაუბრობ, უბრალოდ ვიცი — მე დღეს მის ხმას ვატარებ.
და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.
დედის ხმა დაფასთან – ჩემი ცხოვრების ხმაა.
მაშინ მაბნევდა.
დღეს კი, როცა ყველაფერი გავიაზრე, მინდა ისევ ის ხმა გავიგონო.
…
არ ვიყავი საკმარისად მადლიერი.