საბავშვო ლიტერატურაში პერსონაჟების ოთახებს განსაკუთრებულად ვაკვირდები. თავგადასავლებთან ერთად ისიც მაინტერესებს, სად არის სივრცე, რომელიც მკითხველს მყუდროებას შეუქმნის და თავს იმ სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს, რომლის შესახებაც კითხულობს. პერსონაჟების ოთახები მკითხველს თამაშისკენ, ფანტაზიორობისა და შემოქმედებითობისკენ უბიძგებს. მკითხველსაც შეუძლია, იატაკზე მაჭკატები გააბრტყელოს, ეზოში სტუმრად მოიწვიოს მეგობრები, მერე კი უზარმაზარი ხის ფუღუროში ყავაც მიირთვას მათთან ერთად ან ფარდებისგან მოჩვენებები გამოჭრას.
„შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში ერთი ძალზე მოუვლელი ბაღია. ბაღში ძველისძველი ჩაშავებული სახლი დგას. აი, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს პეპი გრძელწინდა. ეს ძველისძველი სახლი, რომელსაც მოუვლელი ბაღი ერტყა გარშემო, პეპის მამამ იყიდა დიდი ხნის წინათ. ფიქრობდა, როცა მოვხუცდები და ხომალდის მართვას ვეღარ შევძლებ, აქ მე და პეპი ვიცხოვრებთო. ვილა „ყიყლიყო“, ჰო, ასე ეძახდნენ იმ ძველ სახლს. ოთახებში ავეჯი იდგა, ხოლო სამზარეულო ჯამ-ჭურჭლით იყო სავსე. იფიქრებდით, პეპისთვის საგანგებოდ მოუწყვიათ ეს ბინაო“.
პეპის სახლი პეპისავით არაორდინარულია, უსისტემო და მოუწესრიგებელი, ხალისიანი დაუდევრობით სავსე. პეპი იმდენად ლაღი ბუნების პერსონაჟია, არც კი გვიკვირს, რომ მის ტერასაზე ცხენი ცხოვრობს, სახლში კი – მაიმუნი, თავად პეპი კი სკოლაში არ დადის და უზარმაზარი ფეხსაცმელებით დააბოტებს ქუჩებში. ვის არ მოუნდება ისეთ ეზოში თამაში, სადაც უზარმაზარი მუხა ლიმონათებს „ისხამს“?
„ვილა ყიყლიყო“ ის ადგილია, სადაც პეპი არაჩვეულებრივად ერთობა, სტუმრად მისულ მეგობრებს სიხარულით უმასპინძლდება, ქურდებს, რომლებსაც მისი ოქროების ხელში ჩაგდება სურთ, ისე აბრიყვებს და აბიაბრუებს, „ვილა ყიყლიყოსკენ“ გახედვის სურვილსაც უკარგავს. გახსოვთ, პოლიციელები რამდენი არბენინა? ბოლოს ისე დაღალა, უიმედოდ ჩაიქნიეს ხელი პატარა ობოლ გოგოზე, რომელსაც სკოლაში სიარული არ სურდა.
პეპის დამოუკიდებლობისა და ძლიერების მიზეზი მისი სახლიც იყო, რომლის ყოველ კუთხე-კუნჭულს ხუთი თითივით იცნობდა.
„ლამაზი იყო პეპის ბაღი. მართალია, მოვლა-პატრონობა აკლდა, მაგრამ, სამაგიეროდ, აბუჩქული გაზონები ამშვენებდა. თეთრ, ყვითელ და წითელ ვარდებს მიწამდე დაეხარათ ბებერი ტოტები. იქნებ არც ისე რჩეული ჯიშისა იყვნენ, რაოდენ დამათრობელი სურნელიც ასდიოდათ. ხეხილიც იდგა ამ ბაღში და ტოტებგაბარდნილი მუხა და თელაც, რომლებზეც სულ ადვილად ადიოდნენ ბავშვები. მუხა ზემოთ ორად იტოტებოდა და შუაში ისე იყო მწვანე ტოტებით გადახურული, გეგონებოდა, ქოხიაო“.
ბავშვებისთვის „ვილა ყიყლიყო“ ჯადოსნური ადგილია, სადაც მხიარულად თამაშობენ პეპი და მისი მეგობრები – ტომი და ანიკა. პეპი ყოველთვის ახერხებს მათ გაკვირვებას, რადგან მის სახლში უამრავი ისეთი რამაა, რაც ცნობისმოყვარე ბავშვებს აინტერესებთ: „უცნაური ნიჟარები, მარგალიტის მძივები, ფერად-ფერადი ზღვის კენჭები, პატარა კოლოფები, ვერცხლის ჩარჩოში ჩასმული სარკეები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი პეპის და მამამისს ეყიდათ დედამიწის გარშემო მოგზაურობის დროს“. ტომისა და ანიკას სახლისგან განსხვავებით, პეპის სახლში თავისუფლება და ვეებერთელა სივრცეა გართობისა და ხალისიანი თამაშებისთვის. აქ არ არსებობს შემზღუდავი წესები, პირიქით, „ვილა ყიყლიყოში“ თამაში საოცარი თავგადასავალია. ასეთ საოცარ სივრცეში რომელი ბავშვი არ მოიწვევს მეგობრებს და სიხარულით არ გაუმასპინძლდება?!
„ვილა ყიყლიყო“, ეს ჭრელი, სასაცილო და ცოტა მოუწესრიგებელი სახლი, შეიძლება საოცნებო ადგილი გახდეს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კითხვა და წიგნებთან განმარტოება უყვართ.
საინტერესო ოთახებზე საუბრისას, წარმოუდგენელია, არ მოგვაგონდეს სახურავის ბინადარი კარლსონი, რომელიც სახურავზე ცხოვრობს. კარლსონის სახლი ნამდვილად შთამბეჭდავია, თანაც ყველაზე მყუდრო, ყველაზე დაცულ და ყველასგან თვალს მოფარებულ ადგილას დგას. ის პატრონის უნიკალურ, არაორდინარულ და უცნაურ ხასიათზეც მიუთითებს. სად უნდა იცხოვროს პატარა, პროპოლერიანმა კაცუნამ, თუ არა სახურავზე, სადაც ვერავინ შეამჩნევს?
კარლსონის სახლში უამრავი უცნაური ნივთია მიმოფანტული, პატარა ფანჯარა კი ქალაქს გადაჰყურებს და კარლსონიც ისეთ რამეებს ამჩნევს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და ისეთ ოინებს იგონებს, რასაც სხვები ვერც კი გაბედავდნენ.
კარლსონის ოთახი არ არის ტიპური საცხოვრებელი სივრცე; ეს არის განსაკუთრებული ადგილი განსაკუთრებული პერსონაჟისთვის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც თავად სურს.
წიგნში „ლიონელბერგელი ემილის თავგადასავალი“ აღწერილია შვედური სოფლის გარემო. ავტორი გვიხატავს ხუტორ კატხულტისა და კატხულტელების ცხოვრებას. სწორედ იქ ცხოვრობს ემილი მშობლებსა და დაიკო იდასთან ერთად. როგორც ბავშვების უმეტესობა, ემილიც ცელქობს, თანაც ხშირად ცელქობს, ამიტომ უამრავ დროს ატარებს ფარდულში, სადაც ჩადენილი ცელქობისთვის გამოკეტავენ ხოლმე და ემილსაც სხვა რა დარჩენია, ზის და საყვარელ ხის კაცუნებს თლის.
სივრცე, რომელიც პერსონაჟებს ეკუთვნით, კითხვისას ცოტა ხნით ჩვენი, მკითხველების კუთვნილებაც ხდება. ასეთი ადგილები ძალიან ჰგვანან პატრონებს ხასიათით, განწყობით, ატმოსფეროთი და ალბათ ეს საოცარი მსგავსება გვიქმნის ჯადოსნურ განცდას, რომ ჩვენც იქ ვართ.
თქვენ რომელი ოთახი გაგახსენდათ საბავშვო ლიტერატურიდან?