პარასკევი, ივნისი 5, 2026
5 ივნისი, პარასკევი, 2026

ინტეგრირებული გაკვეთილი „სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

ინტეგრირებული გაკვეთილი თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო დინამიკურს, საინტერესოსა და პრაქტიკულს ხდის. მისი არსი მდგომარეობს სხვადასხვა საგნის ცოდნისა და უნარების გაერთიანებაში ერთი საერთო თემის ან პრობლემის ირგვლივ.

ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა რამდენიმე ძირითად ასპექტში ვლინდება:

 

  1. ცოდნის ჰოლისტური (მთლიანობითი) აღქმა

ტრადიციული სწავლებისას მოსწავლეები ხშირად აღიქვამენ სასწავლო დისციპლინებს იზოლირებულად (მაგალითად, ბიოლოგიასა და მათემატიკას შორის კავშირს ვერ ხედავენ). ინტეგრირებული გაკვეთილი დაანახებს მათ, რომ სამყარო არ არის დაყოფილი საგნებად და ნებისმიერი მოვლენა მრავალგანზომილებიანია.

  1. კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები

როდესაც მოსწავლე ერთი საკითხის გამოსაკვლევად იყენებს სხვადასხვა დისციპლინის ინსტრუმენტებს, მას ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარი უვითარდება. ეს მიდგომა ხელს უწყობს SOLO ტაქსონომიის მაღალ დონეებზე (მიმართებითი და გაფართოებული აბსტრაქტული) გადასვლას.

  1. მოტივაციის ზრდა და პრაქტიკული გამოყენება

ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. როდესაც მოსწავლე ხედავს, როგორ ეხმარება მას, მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოები ბიოლოგიური პროცესების გაგებაში, სწავლის პროცესი მისთვის უფრო აზრიანი და რელევანტური ხდება.

ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის ძირითადი კომპონენტები:

  • საერთო თემა – საკითხი, რომელიც ბუნებრივად აკავშირებს ორ ან მეტ საგანს;
  • ესგ-ს სტანდარტებთან შესაბამისობა – თითოეული საგნისთვის წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები);
  • შეფასების რუბრიკა – მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსური რუბრიკის შემუშავება, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მოსწავლის მიერ სხვადასხვა საგნიდან მიღებული ცოდნის სინთეზს.

გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას.

საგანი: ბიოლოგია/ქართული ენა და ლიტერატურა (შორენა გოგალაძე /ნათია ხურცილავა)

სწავლების საფეხური/კლასი:  VII

გაკვეთილის თემა: სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

სამიზნე ცნებები: სტრუქტურა, ფუნქცია, მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება

გაკვეთილის მიზანი:

. მოსწავლემ დაინახოს კავშირი მხატვრულ სახესა და რეალურ ბიოლოგიურ პროცესებს შორის;

. გააანალიზოს მხატვრული ხერხები (ეპითეტი, გაპიროვნება) და იმსჯელოს ავტორის სათქმელზე;

. გააცნობიეროს გამხმარი ხის როგორც ეკოსისტემის ნაწილის მნიშვნელობა, იმსჯელოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

 

ესგ-ით განსაზღვრული შედეგი/ინდიკატორი

ბიოლ. საბ. 1: ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე მყოფი ცოცხალი სისტემების სტრუქტურა, ფუნქცია, სტრუქტურისა და ფუნქციის დახასიათება (ცნებები: სტრუქტურა, ფუნქცია)

ბიოლ. საბ. 2: ორგანიზმების საერთო სასიცოცხლო თვისებების დახასიათება, მათში მიმდინარე ენერგიისა და ნივთიერებების გარდაქმნებზე არგუმენტირებული მსჯელობა (ცნებები: სასიცოცხლო თვისება)

ბიოლ. საბ. 3: ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მისი ცვლილების მნიშვნელობის გააზრება (ცნებები: ბიომრავალფეროვნება)

ბიოლ. საბ. 5: ბიოლოგიური ობიექტების/პროცესის შესწავლის მიზნით კვლევის დაგეგმვა (ცნებები: მდგრადობა, ჯანმრთელობა)

ბიოლ. საბ. 6: ბიოლოგიური ობიექტების/პროცესების კვლევისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება (ცნებები: დაავადება)

ქართ. საბ. 1. ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება

ქართ. საბ. 2. ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა

ქართ. საბ. 3. ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში

ქართ. საბ. 4. ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით

ქართ. საბ. 5. ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან/და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით (მაგ., ხედვის პერსპექტივის შეცვლით, დროისა თუ სივრცის გადანაცვლებით)

ქართ. საბ. 6. ერთსა და იმავე თემაზე/საკითხზე, პრობლემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედარება, მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებებზე სხვადასხვა კუთხით (მაგ., ტიპობრივი, ჟანრობრივი, ინტერტექსტობრივი მიმართებები) და სათანადო დასკვნის გამოტანა

ქართ. საბ. 7. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება

აქტივობა N1

გამოწვევა: ლიტერატურული პასაჟის მოსმენა და ბიოლოგიური „პროვოკაცია“ (ხმელი ტოტის ჩვენება); კითხვა ხის ბიოლოგიურ „სიკვდილზე“ და მის როლზე ტყეში

გამოყენებული მეთოდი: დემონსტრირება / ალეგორიული საუბარი

ორგანიზაციის ფორმა: საერთო საკლასო

რესურსი: ვაჟა-ფშაველას ტექსტი

აქტივობა N2

ტექსტის გაშიფვრა. მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად: ლიტერატორებად, რომლებიც მუშაობენ ტექსტის მიხედვით „ხმელი წიფლის“ ლიტერატურულ სახეებზე, ქმნიან საპრეზენტაციო მასალას „ხმელი წიფლის ჩივილი“, და ბიოლოგებად, რომლებიც მუშაობენ ტესხტის მიხედვით ხმელ წიფელში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების იდენტიფიცირებაზე, ქმნიან საპრეზენტაციო მასალას „ხმელი წიფლის სამედიცინო ბარათი“.

გამოყენებული მეთოდი: კვლევა / ტექსტზე მუშაობა.

ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური (ლიტერატორები/ბიოლოგები)

რესურსი: ბიოლოგიის სახელმძღვანელო, ამონარიდები ტექსტიდან, მზა ფოტოები (წიფელი), ფორმატი – 2 ცალი.

 

აქტივობა N3

ჯგუფური მუშაობის შედეგების წარდგენა. ჯგუფების წარმომადგენლები ატარებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.

ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფების წარმომადგენლები

რესურსი: წინასწარ მომზადებული ფორმატები ბარათებით

 

აქტივობაN4

ადამიანის ჩარევის გავლენა ეკოსისტემაზე. მოსწავლეები ფოტო- და ვიდეომასალის მიხედვით მსჯელობენ ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

გამოყენებული მეთოდი: დისკუსია

ორგანიზაციის ფორმა: საერთო საკლასო /ინდივიდუალური

 

აქტივობა N5

შეჯამება: ორგანზომილებიანი ცხრილის შევსება (ემოცია /ბიოლოგიური პროცესი)

მეთოდი: გრაფიკულ მაორგანიზებელზე მუშაობა

ორგანიზაციის ფორმა: ინდივიდუალური

რესურსი: სამუშაო ფურცლები

შეფასება:  თვითშეფასების რუბრიკა მოსწავლეებისთვის

 

ჯგუფური შეფასების რუბრიკა

SOLO დონეები დონის აღწერა (ბიოლოგია & ქართული ენა) მოსწავლის მიღწევის ინდიკატორი (პრაქტიკული მაგალითი)
პრესტრუქტურული მოსწავლეს საერთოდ არ ესმის საკითხი ან მოჰყავს შეუსაბამო არგუმენტები. ვერ აკავშირებს ტექსტს ბიოლოგიურ პროცესებთან; ვერ გამოკვეთს მხატვრულ სახეებს.
უნისტრუქტურული მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი, იზოლირებული წარმოდგენა საკითხზე. ასახელებს მხოლოდ ერთ ტერმინს (მაგ., ფესვები) ან ერთ მხატვრულ ხერხს (მაგ., გაპიროვნება), მაგრამ ვერ ხსნის მათ მნიშვნელობას.
მულტისტრუქტურული მოსწავლეს აქვს რამდენიმე ცალკეული ინფორმაცია, თუმცა მათ შორის კავშირის დამყარება უჭირს. ჩამოთვლის ხმელი წიფლის „სიმპტომებს“ (ქერქის დასკდომა, ტოტების ხმობა) და რამდენიმე მხატვრულ ხერხს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზშედეგობრივ კავშირს მათ შორის.
მიმართებითი მოსწავლე აკავშირებს ნაწილებს ერთმანეთთან და ხედავს მთლიან სურათს. ზუსტად აკავშირებს ვაჟას მხატვრულ აღწერებს ბიოლოგიურ პროცესებთან: ხსნის, რომ „ქერქის დასკდომა“ ქსილემის ფუნქციის მოშლაა, რაც იწვევს წყლისა და მინერალების დეფიციტს. მსჯელობს ეკოსისტემისთვის ხმელი ხის მნიშვნელობაზე.
გაფართოებული აბსტრაქტული მოსწავლე ახდენს ცოდნის განზოგადებას და ტრანსფერს ახალ კონტექსტში. განაზოგადებს ვაჟასეულ ეკოფილოსოფიას: მსჯელობს ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე; პარალელს ავლებს თანამედროვე ეკოლოგიურ კრიზისსა და ნაწარმოების სათქმელს შორის; წარმოადგენს გარემოს დაცვის გზებს.

 

 

დამატებითი მასალა:

ინტეგრირებული გაკვეთილის სამუშაო ფურცელი

საგანი: ბიოლოგია / ქართული ენა და ლიტერატურა

თემა: „სიცოცხლის ექო – ხმელი წიფელი“

მოსწავლის სახელი, გვარი: _______ _______________

თარიღი: ________________

ინსტრუქცია: ვაჟა-ფშაველას ტექსტსა და ბიოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი. შეეცადეთ, თითოეულ ემოციურ აღწერას მოუძებნოთ შესაბამისი მეცნიერული ახსნა და პირიქით.

ორგანზომილებიანი ცხრილი: მხატვრული სახე vs ბიოლოგიური პროცესი

რას გრძნობს/ამბობს წიფელი? (ლიტერატურული პასაჟი) რა ემართება წიფელს სინამდვილეში? (ბიოლოგიური პროცესი)
ნივთიერებათა ცვლის შენელება: მინერალური და ორგანული ნივთიერებების ტრანსპორტირების შეფერხება
„ტანზე გამხმარი  ქერქი ასძრობია…“ (სულიერი და ფიზიკური ტკივილი)
„ტოტები მოსტყდება, წაიქცევა, გვერდზე წაწვება…“ (უძლურება)
მერქნის ლპობა: მიკროორგანიზმებისა და სოკოების მოქმედება, რაც ქმნის ფუტუროს (საცხოვრებელს სხვა ორგანიზმებისთვის).

 

აირჩიეთ ორი კითხვიდან ერთი და უპასუხეთ

  1. ბიოლოგიური თვალსაზრისით, მკვდარია თუ არა „ხმელი წიფელი“ ეკოსისტემისთვის? დაასაბუთეთ 1-2 წინადადებით:

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. რატომ არის ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფლის“ დაცვა იგივე, რაც საკუთარი თავის დაცვა?

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

 

თვითშეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი შევძელი () ნაწილობრივ შევძელი () გამიჭირდა ()
ამოვიცანი ტექსტში ბიოლოგიური სიმპტომები და ლიტერატურული პასაჟი.
გამოვიყენე სწორი ბიოლოგიური ტერმინოლოგია და მხატვრული გამოხატვის საშუალებები.
ავხსენი გამხმარი ხის როლი ტყის ბიომრავალფეროვნებაში / აღვწერე მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა.

 

მოსწავლეთა ნამუშევარი:

ამრიგად, ინტეგრირებული გაკვეთილი არ არის მხოლოდ ორი ან მეტი საგნის მექანიკური გაერთიანება; ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მოსწავლეს ეხმარება სამყაროს ერთიანი, მთლიანობითი სურათის დანახვაში. დისციპლინებს შორის ხელოვნური ბარიერების მოხსნით ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებად გარდაიქმნება.

ინტეგრირებული სწავლება უზრუნველყოფს:

* ცოდნის გაღრმავებას – მოსწავლეები სწავლობენ არა ფაქტების დაზეპირებას, არამედ მათ შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიებასაც;

* უნარების კომპლექსურ განვითარებას – ხელს უწყობს კვლევითი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების სინთეზს, რაც გადამწყვეტია 21-ე საუკუნის გამოწვევების პირისპირ;

* პროფესიულ ზრდას – მასწავლებლებისთვის ეს არის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლის საუკეთესო პლატფორმა, რაც პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე.

საბოლოო ჯამში, მსგავსი მიდგომა მოსწავლეს აქცევს აქტიურ მკვლევრად, რომელიც მზად არის, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, არასტანდარტული პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს. ეს არის გზა ზედაპირული სწავლებიდან სიღრმისეულ, გააზრებულ განათლებამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“