სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ელინიზმი

გადმოცემის მიხედვით, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ალექსანდრე მაკედონელს უთქვამს:
– წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრება გაიმართება.

ეს წინასწარმეტყველება მალე ახდა – მაკედონელის სარდლებმა, დიადოქოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები), იმპერიის გასანაწილებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა გააჩაღეს, რომელიც დაახლოებით 40 წელიწადს გაგრძელდა. ალექსანდრეს მემკვიდრეები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაეგდოთ ხელში და მეტად გაეფართოებინათ თავიანთი სამფლობელო.

ამ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო: ეგვიპტეში პტოლემაიოსთა დინასტია დამკვიდრდა; იმპერიის ყველაზე ვრცელი, აზიური ნაწილი სელევკს ერგო და იქ სელევკიდების სამეფო დააარსა, თუმცა მოგვიანებით მისმა მემკვიდრეებმა ვერც ინდოეთი შეინარჩუნეს, ვერც ავღანეთი და შუა აზია და ვერც ირანის აღმოსავლეთი პროვინციები; მაკედონიაში კი ცალთვალა ანტიგონე გამეფდა და ანტიგონიდთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.

ამ დიდ სახელმწიფოებთან ერთად წარმოიშვა მრავალი მცირე სამეფოც, რომლებსაც დიადოქოსების მემკვიდრეები ან აქემენიანთა დროინდელი დინასტიების წარმომადგენლები მართავდნენ. განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო პოლისური სისტემა, თუმცა ამ პოლისებს თითქმის დაკარგული ჰქონდათ სუვერენიტეტი და უმთავრესად ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკას ატარებდნენ.

დიადოქოსთა ბრძოლის დასრულების შემდეგ შედარებითმა სტაბილურობამ დაისადგურა, რასაც სრულიად ახალი ცივილიზაციის კონტურების გამოჩენა მოჰყვა. ისტორიის ამ პერიოდს ელინიზმს უწოდებენ.

ტერმინი „ელინიზმი” გერმანელმა ისტორიკოსმა ი. დროიზენმა XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო. სამეცნიერო წრეებში დღემდე არ წყდება კამათი ამ ტერმინის ქრონოლოგიის, გეოგრაფიული ჩარჩოებისა და შინაარსის შესახებ. უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ ისტორიის ეს პერიოდი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

1. ელინისტური სახელმწიფოების წარმოშობა – ძვ. წ. IV ს-ის ბოლო – ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევარი;
2. ელინისტური სახელმწიფოების აღმავლობა – ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევარი – ძვ. წ. II ს-ის პირველი ნახევარი;
3. ელინისტური სახელმწიფოების დაცემა – ძვ. წ. II ს-ის მეორე ნახევარი – ძვ. წ. I ს-ის ბოლო.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ჩარჩოებს, აქ კიდევ უფრო რთულადაა საქმე. ელინიზმის გავრცელების ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, ის მოიცავდა ტერიტორიას დასავლეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით ინდოსტანამდე და ჩრდილოეთით შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროებიდან სამხრეთით იემენამდე, თუმცა ელინიზმის ნაკვალევს არქეოლოგები და ისტორიკოსები შორეულ ჩინეთშიც კი აწყდებიან.

რას წარმოადგენს ელინიზმი? რით განსხვავდება ეს ცივილიზაცია წინა და მომდევნო ცივილიზაციებისგან? რა როლი მიუძღვის მას კაცობრიობის განვითარებაში? აი, ის კითხვები, რომლებიც დიდი ხანია ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, კულტუროლოგთა და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთა განსჯის საგანია.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ელინიზმის ეპოქა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეპოქა იყო, რომელიც აღმოსავლური (აზიური) და ევროპული (ბერძნული, ელინური) კულტურების სიმბიოზს წარმოადგენდა. ამგვარ მოვლენას მანამდე არასოდეს ჰქონია ადგილი. განსხვავებული კულტურების დაახლოების თვალსაზრისით, ის შეიძლება შევადაროთ რომაული ცივილიზაციისა და აღმოსავლეთის ურთიერთობას, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ელინიზმის უბრალო გაგრძელებას წარმოადგენდა, ასევე – ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ევროპულ კოლონიალიზმსა და თანამედროვე გლობალიზაციას.

რამ განაპირობა ელინიზმის წარმოშობა?

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დროს ბერძნულ-მაკედონური მოსახლეობის დიდი მასა აზიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ესენი იყვნენ, უპირველესად, მეომრები, ასევე – ვაჭრები, თავგადასავალთა მოყვარულები და ჯარის მომსახურე პერსონალი. ამასთანავე, ალექსანდრე თავის ჯარს დაპყრობილი მოსახლეობითა და დამარცხებული ლაშქრის მეომრებითაც ავსებდა (კამპანიის დასაწყისში ალექსანდრეს 40 ათასი მებრძოლი ჰყავდა, უმთავრესად – ბერძენ-მაკედონელები, ხოლო ინდოეთში ლაშქრობისას მისი ლაშქარი უკვე 120 ათას კაცს ითვლიდა), რაც თვით აზიის მოსახლეობის გადაადგილებასაც იწვევდა. ასე რომ, საქმე გვაქვს როგორც ევროპელების, ასევე აზიის მოსახლეობის მიგრაციასთან.

მოსახლეობის ამგვარმა გადაადგილებამ განსხვავებული კულტურების დაახლოება და სინთეზი გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ელინისტური სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ. აზიური და ევროპული ცივილიზაციების დაახლოება თითქმის ყველა სფეროში გამოვლინდა.

მთავარი განსხვავება ბერძნულ კლასიკურ და ელინისტურ ეპოქებს შორის მონარქიული იდეოლოგიის ფორმირება იყო. იმ დროის ფილოსოფიური მიმდინარეობები (პითაგორელები და სტოიკოსები) ავითარებდნენ ძლიერი პიროვნების კონცეფციას. მათთვის მეფე წარმოადგენდა ცოცხალ, გასულიერებულ უზენაეს კანონს, რაც მონარქის ღვთაებრივი ბუნებით აიხსნებოდა. ამგვარი იდეოლოგიის ჩამოყალიბება აღმოსავლური გავლენით შეიძლება ავხსნათ. აღმოსავლური თეოკრატიის ელინისტ მემკვიდრეებს აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ, რადგან ისინი ღმერთების შვილები ან თვით ღმერთები იყვნენ. მაგალითად, პტოლემაიოსებმა ფარაონების ტიტული მიიღეს. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ეგვიპტის მონარქს ნილოსის მიწები ღმერთმა ჰორმა უბოძა, რაც ღვთებრივმა მწერალმა – თოთმა დაადასტურა.

მეფობა მემკვიდრეობით მამისგან უფროს შვილს გადაეცემოდა, თუმცა არსებობდა გამონაკლისიც. სამეფო კარის ეტიკეტი მაკედონური და სპარსული მონარქიების მსგავსად იყო მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ელინიზმის ეპოქაში არ შენდებოდა აღმოსავლელი დესპოტების მსგავსი გიგანტური სასახლეები, მონარქის საცხოვრებელი ბრწყინვალე და მდიდრული იყო. 

მეფე აწესებდა კანონებს და მისი გადაწყვეტილებები ერთპიროვნული იყო. ძირითად ეს განსხვავებდა ელინიზმს კლასიკური ეპოქისგან, როდესაც კანონი თემის (საზოგადოების) ნების გამოხატულებას წარმოადგენდა.

მეფეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე იყო, არ შეეძლო ყველაფრის ცოდნა და გადაწყვეტა, ამიტომ არსებობდა „მეგობართა” საბჭო, რომელზეც სახელმწიფოებრივი საქმეები განიხილებოდა. ამ საბჭოს შემადგენლობიდან ინიშნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღევანდელი მინისტრების ანალოგებად შეიძლება ჩავთვალოთ. მეფის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა ვეზირს ეკავა. ეგვიპტეში არსებობდა კანცლერის თანამდებობაც – ის მეფის კანცელარიას და ბიუროკრატიულ აპარატს განაგებდა. ელინისტურ სახელმწიფოებში მეფე ინარჩუნებდა ორ ძირითად ფუნქციას: აუცილებლად უნდა ყოფილიყო არმიის მთავარსარდალი, რაც განასხვავებდა მას ძველი აღმოსავლელი დესპოტებისგან და ფლობდა უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას.

ელინიზმის ეპოქაში ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მაკედონელის დაპყრობამდე არსებული სისტემისგან იყო გადმოღებული. სელევკიდების ტერიტორიებს ისევ სატრაპები მართავდნენ, თუმცა მათ სამხედრო ფუნქცია ჩამორთმეული ჰქონდათ, ხოლო ადგილებზე სამხედრო საქმეებს სტრატეგოსები განაგებდნენ. ასეთივე ვითარება იყო ეგვიპტეში, აქაც ადგილობრივი ხელისუფლება ნომარქოსებს ებარათ.

ელინისტური სახელმწიფოების ძლევამოსილება, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ და ფისკალურ სისტემას, მეორე მხრივ კი არმიას და ფლოტს ეფუძნებოდა. როგორც ალექსანდრე მაკედონელის დროს, ელინისტურ არმიაში გამორჩეულ ძალას ფალანგა წარმოადგენდა, თუმცა, კლასიკურ საბერძნეთთან შედარებით, გაიზარდა ცხენოსანი ჯარის როლი. აღმოსავლური გავლენა იგრძნობოდა საბრძოლო ეტლების გამოყენების თვალსაზრისითაც. სიახლე იყო ბრძოლებში სპილოების ჩართვაც. სპილო ძირითადი დამრტყმელი ძალა გახდა ამ ეპოქაში. კლასიკურ პოლისებთან შედარებით გაიზარდა ჯარის რაოდენობაც. მაგ., პტოლემაიოს II-ს 240 ათასი მეომარი ჰყავდა, ხოლო რაფიუსთან ბრძოლაში სელევკიდების არმია 62 ათას ქვეითსა და 12 ათას ცხენოსანს ითვლიდა, თუმცა ჯარისკაცების შეიარაღება წინა ეპოქებთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, დაიწყეს ბრძოლებში ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით – საალყო ოპერაციების დროს. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეული იყო იმით, რომ თითქმის ყველა ქალაქს გალავანი ერტყა, მეორე მხრივ კი ინჟინერიის განვითარებით, რომელმაც ახალი საალყო მანქანების გამოგონება გახადა შესაძლებელი. დიდი ცვლილებები განიცადა სამხედრო ფლოტმაც. გაიზარდა მისი როგორც რაოდენობა, ისე საბრძოლო შესაძლებლობებიც. შეიძლება დავასკვნათ, რომ სამხედრო საქმემ წინა ეპოქებთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რითაც მომავალში კარგად ისარგებლეს რომაელებმა.

ელინისტურ ეპოქაში ეკონომიკურმა ცხოვრებამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. სამეურნეო თვალსაზრისით საბერძნეთი უკვე აღარ წარმოადგენდა წამყვან რეგიონს. ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ მცირე აზია, სირია და ეგვიპტე. ისტორიკოსთა აზრით, ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა ელინისტურ სახელმწიფოებსა და საბერძნეთს შორის და ასევე თვით ელინისტურ ქვეყნებს შორის. საბერძნეთიდან ძირითადად ღვინო, ხელოსნობისა და ხელოვნების ნიმუშები გაჰქონდათ, ხოლო ეგვიპტიდან – ხორბალი და პაპირუსი.
ამავე დროს, აღმოსავლეთის დაპყრობამ ხმელთაშუა ზღვის აუზში აფრიკის, ინდოეთისა და არაბეთის შიდა რაიონებიდან საქონლის შემოდინება განაპირობა. მათ შორის იყო სპილოს ძვალი, მარგალიტი, ძვირფასი ქვები, ხის იშვიათი ჯიშები, სანელებლები და მრავალი ეგზოტიკური ნივთი. საერთაშორისო ეკონომიკაში სირიის პორტებისა და ალექსანდრიის როლის გაზრდა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ქალაქებისკენ მიემართებოდა ძირითადი სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზები. სავაჭრო არეალის გაფართოებამ გამოიწვია კომერციაში ჩაბმულ აქტორთა რაოდენობის ზრდა. თუ კლასიკურ ეპოქაში სავაჭრო ოპერაციებს ძირითადად ბერძნები წარმართავდნენ, ახლა ინდოეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების საზღვაო ვაჭრობაში შუამავლის როლს არაბები კისრულობდნენ, ხოლო სახმელეთო ვაჭრობას პართელები განაგებდნენ. თვით ხმელთაშუა ზღვაშიც კი ბერძნებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ. ესენი იყვნენ კართაგენელები და რომაელები.

ელინიზმის ეპოქის ეკონომიკური აღმავლობა რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული: გაუმჯობესდა სანავიგაციო ტექნიკა, მმართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ პორტების გაფართოებასა და კეთილმოწყობას, ასევე – გზების გაყვანასა და შენახვას. იზრდებოდა მოთხოვნა სხვადასხვა ნივთზე, რაც გამოწვეული იყო არისტოკრატიისა და ახალწარმოქმნილი „ბურჟუაზიის” მზარდი მოთხოვნილებით. ამ საზოგადოებას მეტი და მეტი ფუფუნების საგნები სჭირდებოდა, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა V საუკუნის ბერძნების მკაცრი ცხოვრების წესისგან.

ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურებამ და მისი მასშტაბის გაზრდამ გამოწვია ფულადი მიმოქცევის ინტენსიფიკაცია და საბანკო სისტემის წარმოშობა. მთელ ელინისტურ სამყაროში დამკვიდრდა როგორც ოქროს, ასევე ვერცხლისა და სპილენძის ერთიანი ფულადი ნომინალი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბანკების როლის გაზრდა. არსებობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო (სამეფო) ბანკები. ამ ბანკების მუშაობა ხელს უწყობდა ფულადი მასის მიმოქცევას და დიდ მანძილებზე სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას.

ელინისტური სახელმწიფოები დაპყრობათა შედეგად წარმოიშვა. ამან განაპირობა მრავალი სირთულე, რაც, უპირველესად, ადგილობრივი და დამპყრობელი (ჩამოსული) მოსახლეობის ურთიერთობაზე აისახა. პირველ ხანებში ელიტას დამპყრობლები – ბერძენ-მაკედონელები წარმოადგენდნენ, ხოლო ადგილობრივები მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ, რაც ურთიერთდაპირისპირებას იწვევდა. მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, რაც მკვიდრი მოსახლეობის სიმრავლით (მაგ., ეგვიპტეში ერთ მილიონ ჩასულზე რვა მილიონი ადგილობრივი მოდიოდა) და ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება. უკვე II საუკუნეში არც ისტორიული ცნობების მიხედვით და არც საკანონმდებლო დონეზე არავითარი დისკრიმინაცია ეთნიკურ თუ რელიგიური დონეზე აღარ არსებობდა. ამას უნდა დავუმატოთ შერეული ქორწინებებიც, რომლებიც არცთუ იშვიათი იყო იმდროინდელ საზოგადოებაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელინისტური ცივილიზაცია ძირითადად ქალაქური ტიპისა იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ქალაქის მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენდა, მაგრამ ქალაქები საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. აქ იყო თავმოყრილი ინტელექტუალურად, ეკონომიკურად და კულტურულად აქტიური მოსახლეობა. ქალაქები წარმოადგენდნენ ადმინისტრაციულ ცენტრებსაც.

ქალაქური ცივილიზაციის წარმოშობა გამოწვეული იყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ალექსანდრიების დაარსების ტრადიციით და ბერძნული ქალაქური ცივილიზაციის ექსპორტით აღმოსავლეთში.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სელევკიდების მიერ რამდენიმე ახალი ქალაქის დაარსება სირიასა და მესოპოტამიაში, ასევე ატალიდების მიერ პერგამონის აგება და ეგვიპტის ალექსანდრიის მსოფლიოს უდიდეს ქალაქად ქცევა. ახალი ქალაქების დაგეგმარებაში აშკარად ჩანს აღმოსავლური და ბერძნული ქალაქმშენებლობის ელემენტები. თითქმის ყველა ქალაქს, ბერძნულის მსგავსად, ჰქონდა აკროპოლისი, რომელშიც განთავსებული იყო მეფის სასახლე და ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები. ასევე ყველა ქალაქში იყო აგორა (ცენტრალური მოედანი), რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ბერძნული პოლისების მსგავსად, მიუხედავად მონარქიული სისტემისა, მაინც აქტიურად მიმდინარეობდა. აღმოსავლური ქალაქდაგეგმარების ელემენტი იმით გამოიხატებოდა, რომ ქუჩები ბადისებურად იყო განლაგებული. 
ამრიგად, ვცადეთ პასუხი გაგვეცა კითხვაზე, რას წარმოადგენდა ელინისტური ცივილიზაცია, რით განსხვავდებოდა ეს ეპოქა სხვებისგან.

ნაწილობრივ შევძელით ამ ამოცანის გადაწყვეტა, თუმცა უამრავი მომენტი, რომლებიც უფრო მეტად დაგვანახებს ელინიზმის ორიგინალურობას, სტატიაში არ არის ასახული. განსაკუთრებით ეხება ეს რელიგიურ წარმოდგენებს, ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებას. ამ თემებზე მომავალ სტატიებში გესაუბრებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“