მოგონებანი სკოლაზე – სიხარული თუ ტკივილი?
(მეორე ნაწილი)
ფსიქოლოგიის პროფესორები, პიტერ გრეი და კირსტენ ოლსენი სასკოლო გამოცდილებასა და მოგონებებზე
თავის წიგნში „სკოლით დაჭრილნი“ („Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture“)[1], დოქტორი კირსტენ ოლსონი სასკოლო წლებში მიღებულ ფსიქოლოგიურ იარებსა და ჭრილობებს შვიდ კატეგორიად ყოფს და თითოეულზე ინტერვიუებში გვესაუბრება. ის იმის შესახებაც გვიყვება, როგორ შეუძლიათ მზრუნველ მშობლებს, მასწავლებლებსა და თავად მოსწავლეებს, აღკვეთონ ამ ჭრილობების მიზეზები და ხელი შეუწყონ მათ შეხორცებას. ქვემოთ უბრალოდ ჩამოვთვლით და მოკლედ აღვწერთ დოქტორი ოლსონის მიხედვით გამოვლენილი მწარე მოგონებების (იგივე „სულიერი ჭრილობების“) შვიდ კატეგორიას. შენიშვნა: ტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგან, თითოეული ტიპის ჭრილობის აღწერისას, დამატებულია დოქტორი პიტერ გრეის საკუთარი ხედვა და ინტერპრეტაცია. ლ.ა.
„სასკოლო ჭრილობების“ პირველი ოთხი კატეგორია ძირითადად ჩნდება იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც სკოლაში არსებობს ყოფა-ქცევასა და სწავლებასთან მიმართებაში, ესენია: წინასწარგანსაზღვრული პროგრამა, სწავლების მეთოდების მწირი არჩევანი, ტესტები, რომლებშიც ყველა კითხვაზე მხოლოდ ერთი სწორი პასუხი და ხშირად ის სავალდებულო წესები და რეგულაციები, რომელთა შექმნა-შემოღებაშიც მოსწავლეები არ მონაწილეობენ. ეს კატეგორიები, ავტორის მოსაზრებით შეიძლება შვიდ ჯგუფად დაიყოს:
- შემოქმედების იარები
სკოლა თრგუნავს შემოქმედებითობას. ეს ალბათ სკოლით მიყენებული ყველაზე თვალსაჩინო იარაა. მოსწავლეების ინტერესები და ვნებები, ხშირად უგულებელყოფილია. მათი უნიკალური, არასტანდარტული მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად, ისევე როგორც კითხვებზე პასუხები, რომლებიც არ ემთხვევა სწავლებით გათვალისწინებულ სწორ პასუხს, სწორად არ აღიქმება და ხშირად, არასწორ პასუხად ფასდება. მექანიკური სწავლება და ტესტები, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია, არავისთვის ტოვებს შემოქმედებითობის სივრცეს. ოლსონის რესპონდენტებიდან, ვინც შემოქმედებით სფეროში წარმატებას მიაღწია, სკოლას არავინ უმადლის – მეტიც, ეს მათ, მათი სიტყვებით, „ასეთი [მწარე] სასკოლო გამოცდილების“ მიუხედავად მოახერხეს! მათ ფაქტობრივად მოუწიათ თავიდან აღედგინათ და „გაეზარდათ“ მათში არსებული შემოქმედებითი სული, რომელიც სკოლაში შესვლამდე ბუნებრივად ჰქონდათ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სკოლამ ისე ჩაუკლა შემოქმედებითი ნიჭი და ენერგია, რომ ამაზე აღარც კი უფიქრიათ. ზოგი დარჩა (ან წავიდა) იმ სფეროებში, რომლებსაც სასკოლო კურსი არ ეხებოდა, თუმცა, მათი თქმით, სრულად დაკარგეს შემოქმედებითი უნარი და მიდგომა იმ საგნებში, რომლებიც სასწავლო პროგრამაში შედიოდა! რამდენმა ადამიანმა დაკარგა მათემატიკური უნარები და სწრაფვა ამ დისციპლინისკენ, იმის გამო, რომ სკოლაში ეს საგანი ასე ასწავლეს?
- დამორჩილების იარები
სკოლაში მოსწავლეები იძულებულნი არიან, მუდმივად დაემორჩილონ წესებსა და პროცედურებს, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ და შეასრულონ დავალებები, რომლებიც მათ საჭიროებებს არ პასუხობს. ამ წესების და დავალებების შესახებ კითხვების დასმა, უმეტეს შემთხვევაში, აკრძალულია: ვინც ამას აკეთებს, „ჭკუისკოლოფად“ ან ურჩად ითვლება! კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, ბავშვები სწავლობენ უსიტყვო მორჩილებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება „დემოკრატიული მოქალაქეობის“ პრინციპებს. დემოკრატიას სჭირდება მოქალაქეები, რომლებიც უსამართლო წესებს ეჭვქვეშ (და)აყენებენ და ცვლილებებს მოითხოვენ. უსიტყვო მორჩილებას ჩვეული ადამიანები ცხოვრებაში უფრო ვიწრო, შეზღუდული გზებით მიდიან, რადგან სკოლამ მათ ასწავლა, რომ საზღვრების გადალახვა საშიშია.
- ამბოხის იარები
ზოგიერთი მოსწავლე სკოლის უსამართლო წესებსა და დავალებებს პროტესტით პასუხობს. მათ შეიძლება გაუჩნდეთ ძლიერი ბრაზი სისტემის მიმართ, რომელმაც მათ თავისუფლება და ღირსება წაართვა; მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ამ სისტემის ნაწილად აღიქმებიან; და თანაკლასელების მიმართ, რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან წესებს და მათი ამბოხისადმი არასოლიდარული არიან. მათი პროტესტი შეიძლება გამოიხატოს უკანა მერხზე ჯდომაში, ირონიულ კომენტარებში, წესების დემონსტრაციულ დარღვევასა და დავალებების უარყოფაში. ამბოხი ჯანმრთელი რეაქციაა, მაგრამ უკონტროლო და გადაჭარბებულად გამომწვევი ქცევის შემთხვევაში, იგი უფრო მეტად ვნებს, ვიდრე უსიტყვო მორჩილება. სკოლაში წარუმატებლობამ, შესაძლოა მოსწავლის მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შეზღუდოს. სკოლისადმი ბრაზი, ზოგჯერ სწავლასთან ყველა სახის კავშირის გაწყვეტას იწვევს. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ამბოხი შეიძლება თვითდაზიანების ფორმებს იღებდეს — მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება, უპასუხისმგებლო სექსუალური ურთიერთობები ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული – როგორც „თვითგამოხატვის“ ან „თვითდამკვიდრების“ ფორმები.
- გრძნობის შესუსტების ან აღქმის უნარის დაქვეითების იარები
სკოლის მუდმივმა რუტინამ — უსასრულო, მოსაწყენი დავალებების შესრულებამ, გრაფიკისა და რეგლამენტის მკაცრმა დაცვამ — შეიძლება ინტელექტუალური „დაბუჟება“ გამოიწვიოს. ბევრი რესპონდენტი აღწერდა თავს, როგორც „გამორთულს“ ან „გონებრივად დაბუჟებულს“, სანამ სკოლაში სწავლობდა. სკოლაში ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა იშვიათად ფასდება, სამაგიეროდ ფასდება დაუსრულებელი შრომა, დავალებების დროულად შესრულება და წესების მორჩილება. მაგალითად, თუ მოსწავლე ერთ საგანში ბრწყინვალედ იმუშავებს, მაგრამ მეორეს არ შეასრულებს, ერთი საგნისთვის მიიღებს „A“-ს და მეორისთვის „F“-ს. ხოლო ორივე საგანში საშუალო ხარისხის, მაგრამ არაინსპირირებულმა, არაშემოქმედებითმა ნამუშევარმა შეიძლება ორივეგან „A“ მოუტანოს. ესაა ერთ-ერთი გზა, რომლითაც სკოლა კლავს ინტელექტუალურ ენთუზიაზმს. ხშირად, თუ მოსწავლეები რაიმეს მიმართ ენთუზიაზმს ამჟღავნებენ, ეს ნაკლებადაა დაკავშირებული სასწავლო გეგმასთან.
შემდეგი სამი იარა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აფასებს და ახარისხებს სკოლა მოსწავლეებს. ჭრილობა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ როგორ ხარ „შეფასებული“: დაბალ, მაღალ თუ საშუალო დონედ.
- დაუფასებლობის იარები
ოლსონის ინტერვიუებში ზოგიერთმა რესპონდენტმა აღწერა, თუ როგორ დააზიანა ისინი სკოლამ, იმ ცრუ შეფასებების, დამოკიდებულებებისა და აღქმების საფუძველზე, რომლებიც მათ მიმართ მათი რასის, სოციალური კლასის, გენდერის, ან იმ ტესტების შედეგების საფუძველზე შეიქმნა, რომლებსაც მათი გონიერება და „შესაბამისობა“ უნდა განესაზღვრა. ზოგჯერ ეს დამოკიდებულებები იმდენად მძლავრი იყო, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი ხდებოდა და საბოლოოდ ჯობდა „დამოკიდებულებასთან“ შეგუება, ვიდრე მისი შეცვლა. შესაბამისად, ცრუ დამოკიდებულებები და აღქმები თვითგანსაზღვრულ და „თვითგანმსაზღვრელ“ წინასწარმეტყველებად იქცეოდნენ. მაგალითად, რაიმე ოცნების მქონე ახალგაზრდას შეიძლებოდა გადაეხვია სასურველი ბილიკიდან, ერთ ან რამდენიმე საგანში ცუდი ნიშნის გამო; მომავალი ბიოლოგი, შესაძლოა ამ მეცნიერებას ჩამოშორებოდა მეათე კლასის ბიოლოგიაში მიღებული „D“ ნიშნის გამო; ან წერის მოყვარულ მოსწავლეს შეიძლებოდა დაესკვნა, რომ მას პროფესიონალური წერის ნიჭი არ ჰქონდა, რადგან ლიტერატურის (ინგლისურის) მასწავლებელმა ვერ დაინახა მისი ესეების სიღრმე და მისი წინადადებების არატრადიციული სტრუქტურის ბრწყინვალება… რამდენ სტუდენტს ჰქონდა ცუდი ნიშანი იმ საგნებში, რომლებშიც ისინი ზრდასრულობისას, მსოფლიო წამყვანი ადამიანები გახდნენ! ნეტავ მოსწავლეებს სცოდნოდათ ეს… ნეტავ, მასწავლებლებსაც სცოდნოდათ…
აქ უნებურად გახსენდება ალბერტ აინშტაინის, თომას ალვა ედისონის, მარკ ტვენის, რეი ბრედბერის, ჩარლზ დიკენსის, ჯეკ ლონდონის, სტივ ჯობსისა თუ მარკ ცუკერბერგის შემთხვევები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ საუკეთესო „აკადემიური მოსწრებით“ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უარი თქვეს ფორმალური განათლების დასრულებაზე და მიატოვეს სკოლები თუ უნივერსიტეტები (ლ.ა.)
- სრულყოფილების იარები
მაღალი ნიშნები და ტესტებში საუკეთესო შედეგები, მიუხედავად მათი „კეთილი“ სტატუსისა, შეიძლება მტკივნეული გახდეს ახალგაზრდა პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე. შევეცდებით აგიხსნათ, რას ვგულისხმობთ: ზოგიერთი მოსწავლე, რომლებიც „წარმატებულის“ იდენტობას ირგებს, განიცდის მუდმივ ზეწოლას, რომ ყველაფერი ყოველთვის საუკეთესოდ უნდა გამოსდიოდეს. მათთვის „A“ შეიძლება მარცხის ტოლფასი გახდეს! ისევე როგორც მეორეხარისხოვანი როლი სპექტაკლში, ან უარი საუკეთესო უნივერსიტეტისგან. „სრულყოფილების იარით“ შეიძლება განიმარტოს, ის ფენომენი, რატომ ხდებიან „წარჩინებული“ მოსწავლეები ხშირად თაღლითები, როდესაც გრძნობენ, რომ მათ „ეკუთვნით“ და „უნდა“ მოიპოვონ ყველასგან მოსალოდნელი მაღალი შედეგები, თან ყველაფერში! როდესაც სრულყოფილება ნიშნებით იზომება, სწავლა გადაიქცევა შეჯიბრებად მაღალი ნიშნებისთვის და არა ცოდნისთვის. სკოლაში „სრულყოფილება“ და ინტელექტუალური „დაბუჟება“ ხშირად გვერდიგვერდ „დაიარებიან“.
- საშუალოობის იარები
საშუალო მოსწავლე — რომელიც კლასში არც წარუმატებელია და არც გამორჩეული — ხშირად „უხილავისა“ და „უმნიშვნელოს“ სტატუსს ირგებს. ოლსონის რესპონდენტებიდან ბევრმა თქვა, რომ სკოლის წლებში, თავს უმნიშვნელო პიროვნებებად გრძნობდნენ, ანუ ისეთ ადამიანად, რომელიც არაფერს წარმოადგენდა. ეს ახალგაზრდებში ხშირი მოვლენაა და ბევრი, სასკოლო სამყაროსა და იქ გაბატონებული „წესების“ გამო, საკუთარ თავს აღიქვამდა როგორც უხილავს, არასაინტერესოს, რომელსაც არავინ შეხედავს, ან მოუსმენს. ეს კი საკუთარ თავზე წარმოდგენას ისე მძლავრად არღვევს, რომ საბოლოოდ იმ რწმენამდე მიჰყავს, რომ მათ მხოლოდ გვერდის გამაგრება შეუძლიათ და არა თავკაცობა. რომ ისინი „უბრალოდ უმნიშვნელო ადამიანები არიან“.
ყველანი ვხვდებით და ვხედავთ, თუ რამდენად დამაზიანებელია ასეთი „გამოცდილება“ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ეს „გამოცდილება“ მას სკოლის კედლებში უგროვდება!
დოქტორი გრეის ბოლოსიტყვაობა: „განათლება არ საჭიროებს იძულებით სასწავლო პროგრამას, დავალებებსა და ნიშნებისთვის დაუსრულებელ რბოლას. განათლება ისეთ გარემოში ვითარდება, სადაც მოსწავლეები საკუთარ სწავლებას თავადვე წარმართავენ, თითოეულს აქვს თავისი უნიკალური ინტერესები და ძლიერი მხარეები. არ არსებობს უნივერსალური სკალა, რომელზეც ვინმე „უკეთესად“ ან „უარესად“ შეფასდება. ასეთი სკოლა უფრო მეტად ჰგავს რეალურ სამყაროს, ვიდრე სტანდარტული, „მოწესრიგებული“ და რეგულაციებით მართული სკოლა. რეალურ სამყაროში საჭიროა ყველა ტიპის ადამიანი, ყველა უნიკალური ნიჭი და ყველა პიროვნება, რათა ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.
[1] “სკოლით დაჭრილნი”; წიგნის სათაური ინგლისურად: Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture. იხ. ბმული: https://www.amazon.com/Wounded-School-Recapturing-Learning-Standing/dp/0807749559