ბევრი ჩვენგანი კითხვის დაწყებას წიგნების კითხვის დაწყებასთან აკავშირებს. სინამდვილეში ის ფურცელზე დაბეჭდილი სულ რამდენიმე ბგერის ამოცნობით იწყება, რომლებიც ერთიანობაში სიტყვას ქმნიან. ვიდრე ბავშვი სიტყვას ამოიკითხავს, უნდა გაიგოს, როგორ ერთიანდება ბგერები სიტყვად და როგორ ცვლის ერთი ასო ზოგჯერ სიტყვის მთელ ჟღერადობასა და მნიშვნელობას.
ინგლისურის სწავლებას ბევრი მასწავლებელი (და ხშირად მშობელიც) კლასიკური მეთოდით – ანბანით იწყებს – “A”, “B”, “C”. მაგრამ ბავშვი, რომელიც მხოლოდ ასოების სახელებს იცნობს, ხშირად იბნევა, როცა სიტყვების ამოკითხვას ცდილობს. სწორედ აქ ჩნდება განსხვავება ასოს და ბგერას შორის.
მთავარია, გავიაზროთ, რომ სიტყვა ეს მხოლოდ და მხოლოდ ბგერების შეკავშირებაა, მოგვიანებით კი, ამის გააზრებაში მოსწავლეებსაც დავეხმაროთ. როდესაც მოსწავლე სწავლობს, რომ “B” ჟღერს როგორც /b/, “A” – /æ/, და “T” – /t/, ის თავად აყალიბებს სიტყვას bat. ეს მოსწავლეებს კითხვის დაწყებისას დამოუკიდებლობასა და თვითრწმენას უვითარებს. ამის საპირისპიროდ, ასოების სახელებზე ფოკუსირება ქმნის მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას: ბავშვი შესაძლოა შესანიშნავად ცნობდეს ასოებს, მაგრამ ვერ უკავშირებდეს მათ შესაბამის ბგერას. ბგერებზე ფოკუსირებული სწავლება კი მას აძლევს იმ სისტემას, რომელიც ყოველ ახალ სიტყვაზე კანონზომიერებით მუშაობს.
ფონეტიკის სწავლებისას ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი Magic e-ს სწავლებაა. ეს ერთი „უპრეტენზიო“ ასოა, რომელსაც სინამდვილეში ძალიან დიდი ძალა აქვს და ერთმარცვლიან სიტყვებში გამოჩენისას ყველაფერს ცვლის. Magic e არის იგივე Silent e. როცა “e” სიტყვის ბოლოს ჩნდება, ის არ იკითხება, მაგრამ ახანგრძლივებს წინ მდგომ ხმოვანს.
მაგალითად:
cap → cape /kæp/ → /keɪp/
hop → hope /hɒp/ → /hoʊp/
kit → kite /kɪt/ → /kaɪt/
mad → made /mæd/ → /meɪd/
“e” თითქოს ჩუმად დგას, მაგრამ მაინც ახდენს გავლენას. ამიტომ მასწავლებლები მას „ჯადოსნურ“ ასოს უწოდებენ. მოსწავლეებისთვის ამის აღმოჩენა თითქმის ექსპერიმენტია: ისინი ხედავენ, როგორ ცვლის ერთი პატარა ასო მთელი სიტყვის ჟღერადობასა და მნიშვნელობას. თუკი მოსწავლეებს აჩვენებთ რომ “e”-ს გარეშე წინა ხმოვანი მოწყენილი და დათრგუნულია და ამის გამო მხოლოდ მოკლედ ამბობს თავის სახელს, ბავშვები ამ წესს სიყვარულით აითვისებენ.
Magic e-ს სწავლებისას მნიშვნელოვანია თამაშებისა და ინტერაქციული აქტივობების სწორად და სახალისოდ დანერგვა, რათა მისი მაგიურობა შევინარჩუნოთ და ბავშვებსაც ასე დავამახსოვროთ. დაიწყეთ მარტივი ექსპერიმენტით: დაწერეთ სიტყვები ბარათებზე: cap, hop, mad, kit, და მოსწავლეებს სთხოვეთ, წაიკითხონ. შემდეგ (აუცილებლად სხვა ფერით) ბოლოში “e” მიაწერინეთ და ერთად დააკვირდით, როგორ იცვლება ყველაფერი. თითქოს მათ თვალწინ სიტყვები ცოცხლდებიანო, hop ხდება hope, mad – made. ეს ცვლილება ბავშვებისთვის ჯადოსნურია, და თამაში წესის ემოციურ გააზრებაშიც ეხმარებათ.
კიდევ ერთი ეფექტური გზა წესის დასასწავლად Magic e ბინგოა. შექმენით ბინგოს ბარათები, სადაც ზოგი სიტყვა შეიცავს Magic e-ს, ზოგი — არა (cap, cape,hat, hate, kit, kite, not, note, cub, cube, cut, cute, pet, Pete, hop, hope). თქვენ კითხულობთ ხმამაღლა, მოსწავლეები კი მონიშნავენ შესაბამის სიტყვასა და ფორმას. თამაშისას ისინი ხმოვანთა სიგრძეზე ფოკუსირდებიან და ყურადღებას იმ ბგერით განსხვავებებზე ამახვილებენ, რომლებიც ჩვეულებრივ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ ხოლმე.
უფრო შემოქმედებითი მიდგომა Magic e თეატრია. მოსწავლეები ასრულებენ სიტყვებს მოძრაობით: ერთი თამაშობს ხმოვანს (“a”), მეორე თანხმოვანს (“p”), ხოლო მესამეს ეძლევა „ჯადოსნური e“-ს როლი. როცა “e” სცენაზე შემოდის, ხმოვანი გრძლად იწყებს ჟღერადობას.
Magic e-ის სწავლება სწორედ ამ თამაშებსა და ექსპერიმენტებში იძენს ნამდვილ ძალას. როდესაც მოსწავლე აღმოაჩენს, რა შეუძლია ერთ უპრეტენზიო ასოს, დაიწყებს ფონეტიკის კანონების დანახვასაც. სწორედ აქედან იბადება ნამდვილი ინტერესიც კითხვისადმი, მანამდე, სანამ წიგნებამდე მივიდოდეთ.