მასწავლებლობა მუდმივად განახლებადი პროფესიაა. გადაღლილობის ჟამს შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვადასხვა ამბებით ვართ დახუნძლული. ერთი და იგივე აქტივობებიც კი ყოველ მეორე დღეს და ყოველ მეორე კლასთან სხვადასხვანაირად მუშაობს. თუმცა პროფესიულ განახლებებში მხოლოდ იმ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის სხვანაირად და ახლებურად წარმართვაში გვეხმარება, არამედ ყველა ნაბიჯს, რომლებსაც ვდგამთ, რათა უკეთესი პროფესიონალები გავხდეთ. სერტიფიცირება, მათ შორის საერთაშორისო, მუდმივი სწავლა და კვლევა-ძიება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.
ჩემი ბრძოლა სერტიფიკატების შეგროვების ველზე, ცხადია, საგნის პროფესიული გამოცდის ჩაბარებით დაიწყო, რომელიც უფროსი მასწავლებლობით დაგვირგვინდა. განათლების სამინისტრომ ჯამში ორი სერტიფიკატი რომ გამომიგზავნა სკოლის მისამართზე, იქიდან ზუსტად ერთ წელში ავიკარი გუდა-ნაბადი და შორს გავფრინდი, სადაც არათუ ჩემი უფროსი მასწავლებლობა, არამედ საგულდაგულოდ დაწერილი და ჩემს პროფესიულ პორტფოლიოში ჩადებული „სწავლების ფილოსოფიაც“ კი აღარაფერს ნიშნავდა (რადგან ქართულად იყო დაწერილი). ასე და ამგვარად, ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო, თუმცა არის რაღაც, რაც გამოცდილ მასწავლებელს სულ თან დააქვს: ინტუიცია, თუ როგორ მართოს კლასი, როგორ ეურთიერთოს ბავშვებს, როგორ შექმნას აქტივობები, როგორ ახსნას და მიაწოდოს მასალა მოსწავლეებს და ყველაზე მთავარი – როგორ მიმართოს სწრაფ იმპროვიზაციას საჭიროების შემთხვევაში, აი იმ დროს, როცა არცერთი აქტივობა და არაფერი აღარ მუშაობს. ალბათ ყველას გვქონია ეს მომენტი. ამიტომ, ჩემი თითქოსდა თავიდან დაწყებული კარიერა, სულაც არ იყო თავიდან დაწყებული და პირიქით. ერთადერთი, რაც მაკლდა საერთაშორისო კრედიტები და სერტიფიცირება იყო, რაც სულ ახლახან გამოვასწორე.
გასულ თებერვალს სკოლის მეილზე წერილი მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ყველა მასწავლებელს სავალდებულო ტრენინგები უნდა გაგვევლო და ბოლოს გამოცდაზე უნდა გავსულიყავით. ტრენინგისა და გამოცდის თანხები სკოლამ სრულად დაფარა, რაც იდეალურად ჟღერდა, რადგან საუბარი საერთაშორისო გამოცდაზე იყო. ტრენინგები 5-6 კვირას გაგრძელდა და 22 აპრილს გამოცდაც ჩაინიშნა.
TKT იგივე Teaching Knowledge Test Cambridge English-ის საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც მასწავლებლის თეორიულ ცოდნას აფასებს ინგლისური ენის სწავლებისა და ზოგადად სწავლების სფეროში, რაც მოიცავს ენის სტრუქტურას, სწავლის მეთოდებს, გაკვეთილების დაგეგმვას, კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს და ა.შ. TKT სერტიფიცირება განსაკუთრებით სასარგებლოა საერთაშორისო ან დამწყები მასწავლებლებისთვის.
TKT-ის სამი ძირითადი და ორი დამატებითი მოდული აქვს:
- მოდული 1: Language and Background to Language Learning – ფოკუსირებულია ენის სტრუქტურაზე, გაგებასა და გამოყენებაზე. პირველი მოდული განიხილავს ენის შესწავლისა და სწავლების პროცესს სხვადასხვა ასაკისა და კულტურის ადამიანებისთვის. ამ მოდულზე მუშაობისას შეისწავლით ან გაიხსენებთ, როგორ უნდა ვასწავლიდეთ ლექსიკას, გრამატიკას, გამოთქმებს, სტილისტიკას და ა.შ. პირველი მოდული ასევე მოიცავს სწავლების პარადიგმებს და ენობრივი გარემოს გავლენას სწავლაზე.
- მოდული 2: Lesson Planning and Use of Resources – ფოკუსირებულია გაკვეთილის სტრუქტურაზე, მიზნებსა და რესურსებზე. სწავლობთ, როგორ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი, როგორ დავადგინოთ მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნები, რა მიმდევრობით გამოვიყენოთ აქტივობები და როგორ ვმართოთ დრო. მეორე მოდულზე მუშაობისას განიხილავთ სასწავლო მასალების (წიგნების, აუდიო-ვიზუალური რესურსების, ტექნოლოგიების) გამოყენებასაც, რათა გაკვეთილი მეტად პრაქტიკული, პროდუქტიული და სასწავლო მიზნებზე მორგებული იყოს.
- მოდული 3: Managing the Teaching and Learning Process – უფრო მეტად ფოკუსირებულია კლასის მართვასა და სწავლების პროცესის კონტროლზე, შესამოწმებელი შეკითხვების ეფექტურ გამოყენებაზე, დისციპლინაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების მეთოდებზე. თუმცა შინაარსიდან გამომდინარე მესამე მოდულში ინტეგრირებულია პირველი და მეორე მოდულებიც. მესამე მოდულის მიზანია, მასწავლებელმა შეისწავლოს როგორ შექმნას სწორი სწავლების გარემო, რომელიც მხარს უჭერს თითოეულ მოსწავლეს.
- YL (Young Learners) – ეს მოდული სწავლობს მოსწავლეებს 3-12 წლის ასაკში, მათ თავისებურებებს, განვითარების ეტაპებს, სწავლების მეთოდებს, ჩართულობას, შეფასების სტრატეგიებსა და კლასის მართვას.
- CLIL (Content and Language Integrated Learning), – ეს მოდული ეხება სწავლების მეთოდს, სადაც საკვლევი საგანი, მაგალითად, ისტორია, ისწავლება ინგლისურად და ისტორიისა და ინგლისური ენის შესწავლა თანადროულია. ამ მოდულზე მასწავლებელი სწავლობს, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ერთდროულად ორ სფეროში.
მასწავლებლებს შეუძლიათ თითოეულ მოდულის გამოცდაზე ცალ-ცალკე ან ერთდროულად გავიდნენ. თითოეული მოდულის გამოცდა 80 კითხვისგან შედგება, რომელთაგანაც ზოგი შემოსახაზია, ზოგი დასაკავშირებელი, ჩასასმელი და ა.შ. გამოცდა მთლიანად წერითია, შეფასება 1-4 ქულამდეა. ტერმინი „ჩაჭრა“ აქ არ არსებობს, რადგან გამოცდა ძირითადად ცოდნის დონის დადგენაზეა ორიენტირებული შემდეგნაირად: Band1- ძირითადი დონე: მასწავლებელს აქვს ძალიან შეზღუდული ცოდნა. Band2 – განვითარებადი დონე: მასწავლებელს აქვს ზოგადი, თუმცა ფრაგმენტული ცოდნა. Band3 (∼60-75/80) – დამაკმაყოფილებელი დონე: ეს დონე საკმარისია, რომ მასწავლებელმა დამოუკიდებლად და ეფექტურად იმუშაოს. Band4 (∼75-80/80) – მაღალი დონე: მასწავლებელს აქვს სიღრმისეული ცოდნა სწავლების თეორიებისა და პრაქტიკის შესახებ.
TKT სერტიფიცირება კარგი სვლაა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზაზე, მით უმეტეს თუ კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე ფიქრობთ. იგი ფართოდაა აღიარებული მრავალი საერთაშორისო სკოლისა და ორგანიზაციის მიერ. სხვა სასერტიფიკატო გამოცდებისგან კი სწორედ ის გამოარჩევს, რომ მისი მიღება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი და ფასიც გაცილებით ხელმისაწვდომია. TKT ასევე კარგი საბაზისო საწყისია, თუკი შემდეგში უფრო სერიოზულ და კონკრეტულ კვალიფიკაციებზე მუშაობა გსურთ, მაგალითად CELTA- ზე ან DELTA-ზე.
საქართველოში ამ გამოცდის ჩაბარებაში British Council Georgia დაგეხმარებათ.