შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

პირველი სიყვარული და პირველი გაწბილება

გახსოვთ წიგნით თქვენი პირველი იმედგაცრუება?

მე მახსოვს.

არა, არც სიუჟეტმა გამაწბილა და არც პერსონაჟის სიკვდილი მწყენია. მართალი გითხრათ, მაშინ საერთოდ არ ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას („ჰარი პოტერის“ გარდა, მაგრამ ეგ სხვა სტატიის თემაა). კითხვა მაშინ ჩემთვის შემეცნების წყურვილს და კითხვებზე პასუხების მიღებას უკავშირდებოდა. კითხვები კი ღმერთსა და სამყაროს მოწყობას შეეხებოდა.

არ მახსოვს, ვინმეს დავუსვი თუ არა ეს კითხვები. მგონი, არა. მგონი, მაშინაც ასეთი გულჩათხრობილი ვიყავი – არც დახმარებას ვთხოვდი ვინმეს და არც რამის ახსნას, რაც არ მესმოდა. ვცდილობდი, ყველაფერი თვითონ მომეგვარებინა და გამერკვია. ამ შემთხვევაში საკითხიც სპეციფიკური იყო – რელიგიებს შორის განსხვავებები, თითოეულის სწავლება და ისტორია მაინტერესებდა.

სწორედ ამ დროს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ „საბავშვო ენციკლოპედია“.

გინახავთ ეს წიგნი? კრემისფერ ყდაზე დედამიწა ახატია. მგონი, განახლებული ტირაჟი დღესაც არის. აი, მაშინ კი, პირველად რომ დაისტამბა, სატელევიზიო რეკლამაც გაუკეთეს. როგორ მახსოვს, რეკლამაში მხოლოდ წიგნი ჩანდა, ბრუნავდა, იფურცლებოდა, უხილავი ხმა კი ჩამოთვლიდა, რის შესახებაა. ულამაზესი იყო! დიდი და დასურათებული.

მომინდა. ისე მომინდა, სული მელეოდა ნატვრაში. და ყოველ ჯერზე, როცა რეკლამას იმეორებდნენ, სიხარულით მივაშტერდებოდი ხოლმე – ასე, შორიდან ყურებით მაინც რომ დამეკმაყოფილებინა სურვილი.

მშობლებს არ გამოჰპარვიათ ან, შეიძლება, მე ვთქვი, მინდა-მეთქი, და დაბადების დღეზე მიყიდეს.

როგორ გამიხარდა! გვერდიდან არ ვიშორებდი, ვათვალიერებდი, პრიალა ფურცლებს ხელს ვუსვამდი.

გადავწყვიტე, თავიდან ბოლომდე წამეკითხა – მე ხომ თხრობით ტექსტებზე ვიყავი გაზრდილი, რომლებსაც სწორედ ასე კითხულობენ. არ ვიცოდი, რომ ენციკლოპედია სხვაა, რომ იქ ნახულობ კონკრეტულად იმას, რაც გაინტერესებს და არაა აუცილებელი, მთლიანად ჩააბულბულო; რომ ასე არავინ იქცევა.

მეც, რა თქმა უნდა, პირველ თავს ვერ გავცდი, პლანეტებსა და გალაქტიკას რომ ეხებოდა. ნაჩვენები იყო, რატომ ცვლის დღე ღამეს და წელიწადის ერთი დრო – მეორეს.

მერე არ მახსოვს, რა მოხდა; ან ვინმემ მიმითითა, რომ შემიძლია, თავი არ გავიტანჯო და ან მე წამძლია სულმა. ალბათ, უფრო მეორე. ჰოდა, გადავშალე რელიგიის თავი და…

იქ არაფერი, სრულიად არაფერი ეწერა!

არაფერი ის, რაც მე მაინტერესებდა. თითო რელიგიას თითო, ოთხ-ხუთ სტრიქონიანი აბზაცი ეთმობოდა. ეგ იყო და ეგ.

მას მერე უამრავი უვარგისი წიგნი მომხვედრია ხელში, მაგრამ ამ, ბავშვობისდროინდელ, პირველ გაწბილებას მაინც ვერცერთი ვერ შეედრება. მახსოვს, ნათესავთანაც კი დავიჩივლე, ძალიან ცოტა რამ წერია-მეთქი.

რაღაცები არ იცვლება და ცოდნის შეძენაზე დიდ ბედნიერებას დღემდე არაფერი მანიჭებს. შემეცნების წყურვილიც ზუსტად ისეთივე მძაფრი მაქვს, როგორც მაშინ, ბავშვობაში – ეს ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ეგაა, რომ რელიგიებით დაინტერესება თეოლოგიისადმი ინტერესით განივრცო, თუმცა ესეც სხვა სტატიის თემაა.

თქვენ რა წიგნმა გაგიცრუათ იმედი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“