შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ზურაბ კიკნაძის უპირატესობა

თუ ვინმეს ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძის ნახვა უნდოდა, უნდა ენახა ის უნივერსიტეტთან, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. მდგარი მრავალთა შორის და მსგავსი მრავალთა. მაგრამ ერთია; თუ იცოდი ვინ იყო, ეს მსგავსება ქრებოდა და იდგა კაცი, რომელიც არ იდგა. რადგან იმ კაცს იქაურობის არაფერი ეცხო – იმაზე შორს იყურებოდა, ვიდრე ნებისმიერ ავტობუსს შეუძლია წასვლა, ნებისმიერ მანქანას და მატარებელს. იყურებოდა შორს და უკან. უკან – შუამდინარეთში.

ხშირად დავკვირვებივარ ამ სცენას – მე მისი მოსწავლე და გვიან – მეგობარი. იდგა ხნიერი კაცი, ხელზე მსხვილი ბეჭდით, ჯიბეში ფურცლებით და მგონი რომ – სავარცხლით, პიჯაკით რუხით, ან ბაცი რუხით და ოდნავი შეხტომით, ვიფქრობ, ფიქრებისგან გამორკვევის ან ფიქრებში გარკვევის დროს.

სამი წლის წინ, ზურაბ კიკნაძეს სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. ქურუმის გარეგნობის კაცი ისე დასახლდა, როგორც ქურუმს ეკადრება – შორს ხალხისგან და ახლოს საკუთარ თავთან.

“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა”.

მითხრა სალმის გამივრად.

მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – ,,მეტანოია!’’ აქ, მარტომყოფი, ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორედ, სჯობს რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. ,,მეტანოია!” – ეს მითხრა გამოსამშვიდობებლად, როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – ,,მეტანოია!”.

,,ამარგი’’ არის მეტანოია. ადამიანად ყოფნის გააზრება და მონანიება. ოღონდ მონანიება და არა სინანული. თუმცა ამასაც წერს: ,,მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად’’.

იწყება ტექსტი ისე, როგორც გენიოსს შეშვენის. ყველა წინადადება თითო რომანია. Pro domo sua.  ავტობიოგრაფია შვიდი წინადადებით. ველოსიპედი. ტვირთი და მტვირთველი. ორი სიზმარი. ერთი გამოცდა. მეორე ვიღაცის ლოდინი სახლში. ამას რომ ვკითხულობდი, უცებ შერიფის ფინალური მონოლოგი გამახსენდა კოენების ფილმიდან ,,მოხუცების ადგილი აქ არ არის’’. და საერთოდ, იმათი ფილმი და ზურაბის წიგნი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს – ცოტა ირონიული ჭიდილი სიკვდილის და სიცოცხლის – ,,დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა’’.

მგონი მოცულობით დიდ წიგნებს დღეს აღარ კითხულობენ და ბევრსაც კარგავენ. მაგრამ ,,ამარგის’’ წაუკითხველობა ბევრზე უფრო ბევრს დაგაკარგვინებთ. მაგიური წიგნია, უწუნო და ზუსტი, გამოთლილი და გათვლილი წინადადებით, სუნთქვისდამხშობი სიღრმით და სივცრით, სუნთქვისმომნიჭებლით.

რადგან კინო ვახსენეთ, ჰგავს ცოტათი ,,ამარკორდსაც’’ – ერთდროულად ფრაგმენტულია, თითქოს უსიუჟეტო და ამავდროულად – მთლიანი.

,,გზა ყველაფერია. გზა უნდა გიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე მისაღწევი ადგილი’’.  მისაღწევი ადგილი, საბოლოო და გარდაუვალი –  სიკვდილია. ამიტომაც აროს არჩევანი სიცოცხლე. ოღონდ სიცოცხლე, რომელსაც ალუდა ირჩევს. ალუდა, როგორც მთავარი ქართული პერსონაჟი ავთანდილთან ერთად, ჯერაც შორი და მიუღწეველი.

 

ფიქრის და წერის კაცი იყო. დიდი კაცი. ალბათ ლაპარაკისაც, მაგრამ ბევრი ამ ლაპარაკს ვერ იგებდა. ეს ლაპარაკი რომ გაგეგო, ჭეშმარიტი ზურაბ კიკნაძე უნდა გენეხა, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი და მომლოდინე. აწი ვეღარ ნახავთ და თუ მაინცდამაინც მოგინდათ – ,,ამარგი’’ წაიკითხეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“