ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

Sopranista Fireworks – მაიან ლიხტი თბილისის ბაროკოს ფესტივალზე

ბგერა იყო უნაზესი და ძლიერი. თერთმეტი წამი. ვიღებდი და დავთვალე. თერთმეტი წამის განმავლობაში მხოლოდ ბგერა ისმოდა, სხვა არაფერი. გული გამიჩერდა, ცოტა თავბრუც დამეხვა და შემეშინდა, ლოჟიდან არ გადმოვვარდე-მეთქი. როცა მაიან ლიხტმა დაღმავალი პასაჟი შეასრულა რამდენიმე ძალიან ლამაზი ორნამენტით, მაშინღა ამოვისუნთქე.

ჩანაწერები მომისმენია, როგორ არა. სულ ვუსმენ – ჩემი საყვარელი მომღერალია. მაგრამ ეს სხვა იყო. ცოცხლად მოსმენა სხვა იყო. თვითონაც ისეთი ქარიზმატულია! როცა მღერის ჰენდელს, თან წაიცეკვებს, როგორც საკლუბო სცენაზე. ეპოქებს შორის ზღვარი იშლება. ჰენდელი მარადთანამედროვეა. როგორ შეიძლება, კაცს ასეთი ხმა ჰქონდეს? ყოველგვარი ზღვარი იშლება.

მაიან ლიხტი – უსაზღვროების მომღერალი.

„თანამედროვე ფარინელი“.

პროგრამა მისი აწყობილია. არიები სხვადასხვა ოპერიდანაა და სხვადასხვა ოპერის უვერტიურებითაა გათიშული. ბაროკოს მუსიკაში ეს შეიძლება – ბაროკოს მუსიკა იმპროვიზაციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არიებს ასე შესრულებულს ვეღარ მოისმენ. მათ ასე მხოლოდ მაიან ლიხტი მღერის და ეს ნამღერი მხოლოდ დროის ამ მონაკვეთის საკუთრებაა. სხვებს სხვანაირი კადენციები ექნებათ, იმდენად სხვანაირი, რომ გამოუცდელმა ყურმა შესაძლოა არია ვერც იცნოს.

ვუსმენ და გული მწყდება, რომ ეს პირველი და უკანასკნელი მოსმენაა, რომ არ შემიძლია, ეს ბგერები მუჭში მოვიმწყვდიო და თან ვატარო. ამიტომ მხოლოდ ერთ მოკლე ვიდეოს ვიღებ – ფოტოს ჩხაკუნმა არ უნდა გამიფანტოს გონება და სმენა, ყველა ნოტი უნდა შევიტკბო, აწმყოს ყველა მომენტი.

მისი ჩამოსვლა უხმაუროდ ჩაივლის, მხოლოდ მუსიკის ჰანგებით – ის ვარსკვლავია, მაგრამ ძალიან თავისებური სცენის, ბაროკოს სცენის, საოპერო სცენის. ჩანაწერად მომისმენია მისი ქერუბინო. ყველაფრის გადმოცემა შეიძლება მუსიკით, ქერუბინოს ეშმაკური სიანცისაც კი.

ბოლო ნომრად ნიკოლა პორპორა მეორდება, „Allontanta agnella“, და ოქროსფრად მბრჭყვინავი ქაღალდების წვიმა მოდის სცენაზე – ფოიერვერკი. აი, თურმე რა! მაგრამ განა უამისოდაც უკვე ფოიერვერკი არ იყო? ბგერის, იმპროვიზაციის… როგორ შეიძლება, ასე აკონტროლო ხმა? თითქოს ხმა კი არა, ინსტრუმენტი იყოს. არის კიდეც ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი ადამიანის სხეულში, უნიკალური და შეუცვლელი.

თქვენ წინაშეა არაჩვეულებრივი მაიან ლიხტი.

https://www.youtube.com/watch?v=pQrgUP4eOtM&list=RDpQrgUP4eOtM&start_radio=1

https://www.youtube.com/watch?v=W8C4BcVopl0

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“