სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სხვა ცის გახსნა

„სხვა ცის გახსნა“ – ასე ჰქვია უნიჭიერესი ახალგაზრდა ხელოვანის, ალექსანდრე ჯინჭარაძის სადებიუტო პოეტურ კრებულს, რომელშიც პოეზიის მოყვარულებს თანამედროვე სამყაროსთვის უჩვეულო ლირიზმი, გულწრფელობა და სულიერი სიფაქიზე მოაჯადოვეს. მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია გაჩნდა. კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი სრულიად უცნობ ახალბედა მასწავლებელს. ალექსანდრემ სკოლა ოზურგეთში დაამთავრა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათენის უნივერსიტეტში სწავლობდა. 30 წლისაა. ამჟამად თსუ-ს მაგისტრანტია. მან სკოლაში ახალი პოზიტიური ენერგია, შემოქმედებითი მიდგომები და ნოვატორული პედაგოგიური ხედვები მოიტანა. ბავშვებმა უცებ შეიყვარეს ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული მასწავლებელი. ალექსანდრე კომუნიკაბელური, გახსნილი, ყველასადმი კეთილგანწყობილი ნატურაა და უშურველად უზიარებს ყველას თავის ლამაზ სამყაროს. ალბათ ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა საჯარო სკოლის მასწავლებლის კარიერას ირჩევს და უმაღლესი მოტივაციით მუშაობს ბავშვებთან. ვფიქრობთ, ალექსანდრესთან საუბარში ნათლად ჩანს ახალი თაობის მასწავლებლის მსოფლხედვა და დამოკიდებულებები გარე სამყაროსთან. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ინტერნეტგაზეთის მკითხველისთვის გაგვეზიარებინა მისი შეხედულებები. მე, როგორც გამოცდილ მასწავლებელს, მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდები ჩვენს რიგებში ფასდაუდებელი შენაძენი და „სხვა ცის გახსნაა“. ისღა დამრჩენია, რომ ულევი წარმატება ვისურვო ალექსანდრეს, ვფიქრობ, გამოცდილი მასწავლებლებიც ბევრ პედაგოგიურ ხრიკსა და საიდუმლოს ვასწავლით ალექსანდრეს და თავადაც ბევრს ვისწავლით მისგან.

ალექსანდრე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს მასწავლებელთა მრავალათასიან არმიაში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები ირჩევთ მასწავლებლის კარიერას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშკარა გენდერული დისბალანსი გვაქვს, სკოლებში ძირითადად ქალბატონები არიან დასაქმებული და მამაკაც მასწავლებელთა საყოველთაო დეფიციტია. თბილისის კლასიკური გიმნაზიის საკადრო კომისიამ მაღალკონკურენტულ კონკურსში თქვენ შეგარჩიათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მოგვიყევით თქვენ შესახებ. სად მიიღეთ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება? რა გამოცდილება გაქვთ, როგორც ჰუმანიტარს?

ჩემი ცხოვრების გზა ერთი გრძელი ოდისეაა. თავდაპირველად წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დავამთავრე. ბავშვობიდან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. ვწერდი, ვკითხულობდი. როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურა ჩემი განუყოფელი მეგობარი აღმოჩნდა. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. პირველადი პროფესიით სოციოლოგი ვარ. ამის მერე იყო დიდი გზა – ათენისკენ. იქ ჯერ ახალი ბერძნული ენა შევისწავლე, დიპლომი ავიღე და ამის შედეგად ჩავაბარე თეოლოგიის ფაკულტეტზე. მთელი ათენური ოდისეა ჩემთვის დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. რა შეედრება იმ წამებს, როცა ფეხით მისეირნობ დიდი აკროპოლისისკენ პატარა ქალაქის (ოზურგეთის) პატარა პოეტი. თუმცა, ერთ ლექსში ვწერ: “მე პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ვფიქრობ ვარსკვლავების შექმნის წამზე.” პანდემიის პირობებში საქართველოდან ვსწავლობდი და ამ დროს მომეცა საშუალება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩამებარებინა, შემდეგ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გამევლო ისევ თსუ-ში და შემეძინა ჩემი პირველი სასკოლო გამოცდილებაც. რაც შეეხება პრაქტიკას: თავდაპირველად ჩემს ქალაქში ვიყავი დამხმარე მასწავლებელი… მერე იყო თბილისი, უკვე ამ წლის დასაწყისში, სკოლა “მთიები”. ხოლო ბოლოს თქვენთან მოვხვდი. ასე მოვხაზავდი მოკლედ ჩემი, როგორც ჰუმანიტარის, გზას… მადლობა სკოლის დირექტორს ნდობისათვის. ნამდვილად დიდი კონკურენციის პირობებში ამარჩიეს. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს, მადლობა თქვენ, ქალბატონო მაკა, ამგვარი კეთილგანწყობისა და დაფასებისთვის! ნამდვილად ასეა, გენდერული დისბალანსია, თუმცა პროფესიას და პოეზიას სქესი არ აქვს. ქალთა და მამაკაცთა სრულ ინტელექტუალურ თანაბრობას ვუჭერ მხარს. ჩემთვის ერთი მთლიანია ადამიანი, მთელი თავისი დიდებულებით, ინტელექტით, ტალანტით, მრავალფეროვნებითა და სქესთა განყოფით.

ჩვენ კოლეგები ვართ და, საბედნიეროდ, ერთ საგნობრივ კათედრაზე გვიწევს მუშაობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება? რას გულისხმობს ეს პროცესი თქვენთვის?

ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მასწავლებელს არ აქვს ამის კულტურა. ვფიქრობ, უნდა შევიძინოთ. ამის გარეშე ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ. შეიძლება არსებობდეს კარგი სპეციალისტი, რომელიც, ამასთანავე, კარგი პედაგოგი არ არის. პედაგოგიკა და საგნობრივი კომპეტენცია როცა ერთმანეთს ავსებს, სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია დაგროვილი ცოდნის გაზიარება. როგორც რუსთაველი გვასწავლის: “უხვად გასცემდი, ზღავსაცა შესდის და გაედინების.” მე ჩვენი სკოლის ქართულის კათედრა განსაკუთრებულად შემხვდა და მრავალი რჩევაც მივიღე. მათ შორის, თქვენგან! მუდამ ვიზრდები. ვერ ვაფასებ იმგვარი ტიპის მოაზროვნეს, რომელსაც სწამს, რომ მაღალ საფეხურს მიაღწია და დროა, შეჩერდეს. შემეცნება მუდმივი და უწყვეტი პროცესია. ამასთან, ამგვარი თვითდაჯერებულობა ყალბ წარმოდგენას უქმნის ადამიანს საკუთარ თავზე და აფერხებს მის კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებას. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთი და იმავე საგნის მასწავლებლების თანამშრომლობა, სწავლების მეთოდების გაზიარება და ა.შ.

თქვენ უკვე გაქვთ გამოცემული პოეტური კრებული. მოგვიყევით მის შესახებ.

“სხვა ცის გახსნა” ჩემი პირველი პოეტური კრებულია. მანამ იყო ასამდე პუბლიკაცია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. ვწერ ნოველებს, ლიტერატურულ წერილებსაც. ამასთან, უკვე მზად მაქვს მეორე წიგნი, რომელიც ამ ზაფხულამდე მინდა გამოვცე. ამ კრებულს ამგვარი ეპიგრაფი დაამშვენებს: “ჩემი სახლის სარკეებს და მასში არეკლილ ადამიანებს.” რაც შეეხება “სხვა ცის გახსნას”, მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, თუმცა, მგონია, რომ იმგვარი გამოხმაურება არ მოჰყვა, როგორსაც იმსახურებდა. აქ არის ყველა ძირითადი და მთავარი ტექსტი, რომელიც, ვფიქრობ, მე საუკეთესოდ გამომხატავს. ასევე, იგი ისე შევადგინე, რომ კონვენციური ლექსს მოსდევს თეთრი ლექსი, მინიმა. არ მინდოდა, რომ მოსაწყენი ყოფილიყო. მრავალს მოეწონა და მხოლოდ ერთი სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ვნახოთ… დანარჩენს დრო გამოაჩენს. ისე, ჩემში რამდენიმე განზომილებაა. როგორც პოეტი – ვერ ვიქნები თავმდაბალი. ჩემი თავისა და ტალანტის მჯერა. მგონია, რომ ღირსეულად ვატარებ ამ სტატუსს და სისხლით და ხორცით პოეტი ვარ. სხვათა შორის, ზმნა “ποιώ” (პიო) რომლისგანც “პოეტი” იწარმოება, ნიშნავს – “ვქმნი”. ამრიგად, ნებისმიერი ადამიანური აქტის პოეტიზაცია ჩემი უმთავრესი მისიაა. სკოლაში რომ მოვდივარ და მტრედს გვერდით ჩავუვლი, შეიძლება ვთქვა: “ამიტომ ვდგები და გადმოვდივარ ამ არეული საწოლიდან, ფანჯრიდან, გზიდან, ამ მოსაწყენი ხმაურიდან და ალიონის სიჩუმეში ჩიტის ტანში შევიტან ამ სულს.” ამ ლექსს მომდევნო პოეტურ კრებულში ნახავთ.

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, კომუნიკაბელური, გახსნილი, საზოგადოებისადმი კეთილგანწყობილი ნატურა, გიყვართ ემოციების გაზიარება, გაქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი და ფაქიზი ფილოსოფიური მსოფლხედვა. ხშირად აქვეყნებთ ფოტოებს, ლექსებს, ჩანაწერებს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? როგორ უკუკავშირს იღებთ?

ჩემთვის სოციალური მედია არის საშუალება, რათა საზოგადოებასთან მქონდეს აქტიური ურთიერთობა. ძველ საბერძნეთში აედები როცა ლექსებს ზეპირად გადასცემდნენ მასებს, პოეზია იყო ძალიან სოციალური მოვლენა. ამ აზრს იზიარებს პოეტი შოთა ჩანტლაძეც, რომელიც თვლის, რომ პოეზია არ არის პიედესტალებისა და მაღალი სოციალური ფენის კუთვნილება. აკაკი წერეთლის ენაც დიდებულია. სწორედ მან გადაიყვანა ქართული პოეტური აზროვნება ახალ რელსებზე. იმის თქმა მინდა, რომ მე, როგორც პოეტი, მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როცა მკითხულობენ. ეს ზმნა არაა შემთხვევითი. ჩემი ლექსების კითხვა – ჩემი კითხვაა, როგორც შენიშნეთ. ინტერნეტის საშუალებით აქტიურობაც სწორედ ამის გამო მჭირდება. მაგრამ ჩემი თვითმიზანი არაა პოპულარობა, არამედ პოეზიის გადაცემა, რადგან ადამიანი თავისი არსით ესთეტიკური და ინტელექტუალური არსებაა. ამიტომ მისთვის პოეზია კათარსისია ამ ტკივილიან-სიხარულიან სამყაროში. მეც, როგორც პიროვნებას, პურივით მჭირდება იგი. თუ არ ვწერ, არ ვარსებობ. მიმიღია უარყოფითი შეფასებაც, თუმცა მრავალს ესმის ჩემი ლექსებისა თუ ჩანაწერების აზრი. ფოტოგრაფია პოეზიის ნაწილია. იმიტომ, რომ იგი იმ წამს აჩვენებს, რომელიც გაჩერდა წარსულში და დროის დინებამ გადმოისროლა აწმყოში. ლექსიც, როცა ვკითხულობთ, წარსულში გაჩერებული კადრია, რომელიც მუდამ მნიშვნელობას.

რა სირთულეებს აწყდებით საჯარო სკოლის მრავალრიცხოვან კლასებში მუშაობის დროს? რა მიგაჩნიათ გამოკვეთილ სირთულედ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის?

ზოგადად, ძალიან ვრცელი თემაა. პირველი და დიდი პრობლემა არის მოსწავლეთა რაოდენობა და საათები. მე, როგორც მასწავლებელი, ბევრად უფრო პროდუქტიული ვიქნებოდი ორ კლასთან, ვიდრე ოთხთან. ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაც. როცა ოცდაათი ბავშვი ზის შენ წინ, რთულია ინფორმაცია ისე მიაწოდო, როგორც თხუთმეტ ბავშვს მიაწოდებდი. ამას ემატება ასაკობრივი თავისებურებანი და განსხვავებულ მოწაფეთა სწავლის დონე. ასევე, არ შეიძლება ქცევის გამო ბავშვი ერთიანად შევაფასოთ, თუმცა, მეორე მხრივ, ამ დროს იმ მოსწავლეს ეშლება ხელი, რომელსაც სწავლა სურს. ისე უნდა მოხდეს, რომ ელემენტარული უნარ-ჩვევები ყველა მოსწავლეს განუვითარდეს, რათა მან შეძლოს ესგ-ს მიხედვით გათვალისწინებული საკითხების დაძლევა. არაა მარტივი ახალ-ახალი მეთოდების ძიება, რათა გაკვეთილი უფრო საინტერესო და პროდუქტიული გამოდგეს. ყველაზე მთავარი კი მაინც პიროვნული შეხვედრაა ბავშვებთან, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემთვის განმსაზღვრელი შეფასებაა. ამ ბოლოს ვფიქრობ მხოლოდ განმავითარებელი შეფასების არსებობაზე ჩვენს სკოლებში.

რა არის ის, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის სწავლების პროცესს თქვენთვის?

აუცილებლად “სწავლა კეთებით”. ვცდილობ, ტექსტთან ისე მივიდეთ, თან ვხატოთ, ვძერწოთ. როცა ვხსნით ლექსს, ამ ლექსში გაცოცხლებულ ყველა პერსონაჟსა და საგანს აქვს ამეტყველების უფლება. ამიტომ მოსწავლე უფრო ინტერესდება, როცა ტექსტს პასიურად კი არ ისმენს, არამედ თავადაც შემოქმედებს. ასეთ დროს უფრო ადვილი ხდება ტექსტისა თუ ნაწარმოების დასწავლაც. ამასთან, ვიზუალური ეფექტიც არსებობს. როცა მოწაფე ხედავს, რომ მის წინ, დაფის გასწვრივ, ან სხვა კედლებზე მისი ნახატები დაუკიდია მასწავლებელს, უფრო და უფრო მოტივირებული ხდება. საკუთარ თავს მნიშვნელოვან არსებად აღიქვამს და ასეც უნდა იყოს. სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში ხომ მოსწავლე დგას!

თქვენს პოეტურ კრებულში არაერთი ლექსია ახლახან გარდაცვლილი საყვარელი ბებიისადმი მიძღვნილი. გურული ბებიების ისეთი პროზაული სახეები შექმნა ნოდარ დუმბაძემ, რომ ძნელია მკითხველის გაოცება, მაგრამ თქვენ პოეტურად აცოცხლებთ მის საოცარ ლირიკულ პორტრეტს. ლექსში „საგალობელი ბებიისადმი“ წერთ: „ბე, დასასრული, გაიხედე, ახლოა წარღვნის“… როგორ გავშიფროთ თქვენი პოეტური წინასწარმეტყველება? იყო და სრულდება წარღვნა თუ?..

მადლობა ამ შეკითხვისთვის. დიახ, ჩემს კრებულში მრავალი ისეთი სტროფია, რომელიც, შეიძლება ითქვას, მომავლის წინხედვა აღმოჩნდა. გიზიარებთ 2018 წელს დაწერილი ლექსიდან ფრაზას: “აყვავებული კუბოები ცად მიფრინავენ, ცად მიფრინავენ აყვავებული კუბოები… და თუ შეგცივდა, გთხოვ, საბანი გადაიფარე. ო, შენს არყოფნას მე ვერასდროს შევეგუები!” 2023 წლის პირველ ივნისს, ყვავილების ნიაღვრით, ორ კუბოს გაჰქონდა ჩემი სახლიდან ბებოსა და მამას სხეულები. ამრიგად, იმ ლექსშიც, რომელიც ახსენეთ, არის რაღაც მინიშნება. არ ვიცი, ეს ინტუიციაა თუ მართლა წინასწარ… მოდით, ამ სიტყვას სამწერტილი ახლდეს. წარღვნა იყო. მაგრამ წარღვნის დასასრულიც უკვე მინახავს. აუცილებლად აღვდგებით სიყვარულში და სიყვარულისთვის, ოდეს მოვა ჟამი.

„მაოცარი“ – ამ სიტყვის ამგვარი წარმოება რეზო ინანიშვილს ეკუთვნის. როცა ბერიასადმი მიძღვნილი თქვენი ლექსის ერთი სტროფი გავიაზრე, ეს სიტყვა წამომცდა. აი, ისიც: „ზაფრანისფერად გაწოლილხარ მთელს ჰორიზონტზე დამავალი მზის პირველ სხივზე წამომცდარ ლოცვად… ჩამოგიწველავს საღამოზე მთვარე, ვით ძროხა, და გამოწვდილი შენი ხელი მებზისრტოება!“ საიდან მოდის ამგვარი მეტაფორული აზროვნება? საიდან მოდის ინსპირაცია? შეგიძლიათ, რომ მკითხველი შემოქმედებითი სამზარეულოს კულისებში შეახედოთ?

არ ვიცი, რამდენად კონკრეტული იქნება ჩემი პასუხი… ასეთია ჩემი არსება. სხვაგვარად არ შემიძლია. მეტაფორებით ვცხოვრობ. მუდმივად უკმარობის განცდა მაქვს. არ მყოფნის მხოლოდ რეალური სამყარო. ცოტა მოსაწყენია. წარმოგიდგენიათ, რომ არ არსებობდეს ვან გოგის “მზესუმზირები” და ბუნებაში მხოლოდ რეალური მზესუმზირები არსებობდნენ? ნაკლოვანი იქნებოდა სამყარო… ადამიანი, როგორც შემოქმედი, ალტერნატიულ სამყაროს ქმნის და სწორედ სიტყვა “μεταφέρω” (რომლისგანაც მეტაფორა მომდინარეობს) – “გადაყვანას” ნიშნავს. ამრიგად, მე ნებისმიერ შესაძლო მოცემულობას ჩემი არსების, სულისა და გულის პრიზმაში გადავტეხ, როგორც მზის სხივს… გადამყავს იგი ჩემს პირად რეალობაში… ადამიანი ხომ სიცხადისა და რეალობის მიჯნაზე ცხოვრობს…

როცა კოლეგებმა ახალ კოლექტივში გაგიცნეს, აკაკის, გალაკტიონისა და ტერენტის რეინკარნაცია დაგარქვეს სიყვარულით, რადგან ნათლად იკითხება პოეტური ნატურის თვითგამოხატვა. გაგვიზიარეთ, ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან და რატომ? განიცდით თუ არა რომელიმე პოეტის გავლენას?

ყველა პოეტს განუცდია წინამორბედის გავლენა. მსოფლიო ლიტერატურის მამა – ჰომეროსი არის ერთადერთი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაექცევა. ხორხე ლუის ბორხესს უთქვამს ერთხელ, რომ მსოფლიო ლიტერატურის ყველა მოტივი საბოლოდ ერთ, გზის მოტივზე დაიყვანება, რომლის მამაც ჰომეროსია. მერე და მერე, მსოფლიოს იყოფა ეპოქებად, კულტურებად და მიმდინარეობებად. შესაბამისად, ისინი, რომლებიც ქართული ლიტერატურის საზღვრებში აღმოვჩნდით, შეუძლებელია არ განვიცდიდეთ რუსთველისა და გალაკტიონის გავლენას. ყველაზე მეტად კი ჩემი სული ენათესავება ტერენტი გრანელს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი ტექსტების გავლენა აუცილებლად უნდა მემჩნეოდეს. ვგრძნობ, რასაც ამბობს, რასაც განიცდის. ჩემთვის ძალიან ახლობელია. ასევე მიყვარს დიდი ოთარ ჭილაძე, თავისი განსაკუთრებული ხმითა და სათქმელით. ამ სათქმელის ფორმით. ჩემთვის ძალიან საინტერესონი არიან: შოთა ჩანტლაძე, ესმა ონიანი და მრავალი სხვა. ერთი ავტორი არასდროს ამომირჩევია. გააჩნია განწყობასა და სულიერ მდგომარეობას. ჩემთვის ნიკო ლორთქიფანიძეც პოეტია. მისი რიტმული პროზა, დახვეწილი სიტყვა და მანერა განსაკუთრებულია. ვფიქრობ, იგი ჯეროვნად არ არის დაფასებული მწერალი საქართველოში.

თქვენ ფლობთ ბერძნულ ენას. რამდენად ეხმარება ფილოლოგს, პოეტს, რამდენიმე ენით სამყაროში ოპერირება თვითგანვითარებაში?

ნებისმიერი უცხო ენა დამატებითი იარაღია მწერლის ხელში. როგორ ვაზროვნებ მე სხვა ენაში? როგორ ვხედავ შემოდგომის ფოთოლთა ცვენას ბერძნულად, რუსულად, ინგლისურად? “ძალიან საინტერესოა ენა, როგორც ყოფიერების სახლი.” ამ სიტყვებს ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ამბობს. ჩემთვისაც უდიდესი გამოცანაა თვით ენა, მასში და მისით ხედვა სამყაროსი და საკუთარი თავისა. ისაა ჩემი სიზმრის, ტკივილისა და სიხარულის ენა. მიუხედავად რამდენიმე უცხო ენის კარგად ცოდნისა, მხოლოდ და მხოლოდ ქართულად ვწერ. სხვა ენებიდან კი ვთარგმნი. უცხო ენები კი თვალსაწიერს მიხსნის. მაგრამ ჩემი დედათა დედა ენა – ქართულია!

 „მე ერთ მუჭა ცას ვინატრებდი, ერთ ყლუპ ყვავილს და გულს, ერთი ლუკმა პურის ოდენას“… გვიმხელს თქვენი ერთი გულლექსი. რაზე ოცნებობს ამ სიტყვების ავტორი საოცარი ბიჭი? აწ უკვე მრავალი ბავშვის მასწავლებელი? არის თუ არა სკოლა ის სივრცე, სადაც ხანგრძლივად მოისურვებდით მუშაობას?

სკოლა ნამდვილად ის სივრცეა, სადაც საკუთარ თავს ვხედავ. სკოლა სიყვარულის მსახურებაა. აქ მხოლოდ ხელფასის გამო არ ვართ, თუმცა კარგი იქნებოდა შრომის შესაბამისი იყოს საზღაური. და მაინც… მასწავლებლობა ეს მოწოდებაა და იმის გაცნობიერება, რომ მოსწავლეებისგანაც ვსწავლობთ რაღაცას და ამ ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობაში იქმნება ის საფუძველი, რომელიც მოსწავლეს აძლევს უნარს, იქცეს ღირსეულ პიროვნებად და მოქალაქედ. ვისურვებდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ღირსეული მასწავლებლის სახელი მქონდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“