კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

წერისა და მეორე ენაზე წერის სწავლების თეორიული საკითხები

საქართველო როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ერთიანდება ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში, რომელშიც უცხო ენების ცოდნის გარეშე ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება შეუძლებელია [ესგ. 2016:454]. ენების შესწავლაში კი წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს. წერა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განეკუთვნება გამჭოლ კომპეტენციას – წიგნიერებას[1]. იმავდროულად, ის რთულად ორგანიზებული ოპერაციაა, რომლის დაუფლებაც მრავალი უნარის კოორდინირებულ განვითარებას გულისხმობს. ვინაიდან წერა ერთდროულად მოითხოვს სამეტყველო ენის ლექსიკის, მართლწერის, გრამატიკის, წინადადების სტრუქტურების, წერის წესებისა და სტრატეგიების ცოდნას, მიიჩნევენ, რომ ის შემოქმედებითი, მაღალი სააზროვნო უნარია. შესაბამისად, წერის სწავლა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, ხოლო „როგორ ვასწავლოთ კარგად წერა?“ – ალბათ, ყველაზე რთულად პასუხგასაცემი კითხვა.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს არაერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარი. ისინი გვთავაზობენ კონცეპტუალურ თეზისებს[2], მრავალფეროვან მსჯელობას წერის სწავლების პროცესების, მოსწავლე-მასწავლებლის მიზნების, ცოდნისა და კოგნიტიური სტრატეგიების შესახებ [ფლოუერი, ჰეისი, 1980; ჰეიესი, 1996, მაილსი, 2009][3]. თუმცა ყველა თანხმდება, რომ წერა რთული კოგნიტიური პროცესია, რომელიც მოიცავს რამდენიმე რგოლს, კერძოდ:

  • წერის მოსამზადებელ ეტაპს,
  • უშუალოდ წერის პროცესს,
  • ნაწერის გადახედვასა და შემოწმებას: რედაქტირებას, კორექტურას,
  • ნაწერის პრეზენტაციასა და შეფასებას.

თითოეული რგოლი თანაბრად მნიშვნელოვანია და მოიცავს კონკრეტულ მეთოდებს, სპეციფიკურ სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომელთა კვლევასა და შესწავლას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა.

მიჩნეულია, რომ წერითი აქტივობა თავისთავად გულისხმობს შექმნის პროცესს, იქნება ეს ნარატივის ან აღწერის საშუალებით ინფორმაციის უბრალოდ გადმოცემა თუ არგუმენტირებული ან ანალიტიკური წერის პრინციპების მეშვეობით მოცემული ინფორმაციის გარდაქმნა-დამუშავება. მაშასადამე, წერის პროცესი მოიაზრებს დეკლარაციული ცოდნის წარმოდგენას ან მის პირობით ცოდნად ტრანსფორმირებას. ახალი ცოდნის ეფექტურად და წარმატებით კონსტრუირება კი შესაძლებელია მეტაკოგნიტიური, კოგნიტიური და სოციალური სტრატეგიების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, წერის სწავლება მოითხოვს ყველა ამ სტრატეგიის გააქტიურებას და სასწავლო გარემოში, კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე, გააზრებულად თანმიმდევრობით ან ჩანაცვლებით გამოყენებას [შაბაშვილი 2012, 6].

საკითხი ორმაგად აქტუალური ხდება, როდესაც საქმე ეხება მეორე ენაზე წერას. უცხო ენაზე წერა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს, რადგან კოგნიტიური პროცესების მართვის პარალელურად მნიშვნელოვანია მათი ენობრივი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვაც. ამ სირთულეების შესახებ მსჯელობისას მკვლევრები გვთავაზობენ ტრადიციული მეთოდების ანალიზს და სხვა ალტერნატივებს, როგორიცაა: შერეული სწავლის მიდგომა [აკოლაშვილი 2016], წერის სხვადასხვა ამოცანები [შაბაშვილი 2016] თუ სტრატეგიები [გოდუაძე: 2014, 2018].

ასე რომ, საკითხი ძალიან აქტუალურია. რაც უფრო განვითარებული აქვს მოსწავლეს წერითი უნარები, მით უფრო მკაფიოდ და არგუმენტირებულად შეუძლია თავისი მოსაზრების დასაბუთება. ეს კი აუცილებელი პირობაა 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.

სამუშაო შეხვედრებისა თუ ტრენინგების დროს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოღვაწე ინგლისური ენის მასწავლებლებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ წერის სწავლა მათი მოსწავლეებისთვის აქილევსის ქუსლია, მასწავლებლებისთვის კი სწავლებაა ყველაზე რთული გამოწვევა.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ მეორე ენის წერის სწავლება ყველაზე დიდი გამოწვევაა. ის დამოკიდებულია ენის სათანადო და სტრატეგიულ გამოყენებაზე სტრუქტურული აკურატულობითა და კომუნიკაციის შესაძლებლობით. როლანდ კელოგი [Kellogg 2008][4] მიიჩნევს, რომ წერა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ცდის მეხსიერებას, რომ წერა აზროვნების ჩვევაა და ზმნების ხელმძღვანელობით აზრების წარმატებული გამოხატვა. სხვები ფიქრობენ, რომ ტექსტის სათანადო აგებულება მეორე ენის ცოდნის ხარისხის მაჩვენებელია [Geiser & Studley 2002]. ასევე მიჩნეულია, რომ წერის სწავლა-სწავლებამ ბოლო ორი დეკადის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა ორი ფაქტორის: როგორც კომუნიკაციისთვის, ისე იდეების ასაგებად მისი გამოყენების და დღეს ესოდენ მნიშვნელოვანი კვლევითი საქმიანობის დანიშნულებითი ღირებულების გამო [Dar & Khan,2015;Graham & Perin 2007;Haider 2012;Hyland 2003][5].

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მიერ ენის ათვისების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა ტიპის წერით პრობლემებს ვაწყდებით. აღნიშნულ პრობლემებს კი ყოფენ ლინგვისტურ, ფსიქოლოგიურ, აზროვნებით (კოგნიტიურ) და პედაგოგიურ კატეგორიებად [Haider 2012]. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მოსწავლეთა მიერ ინგლისურ ენაზე შექმნილი ტექსტების სტრუქტურული გაუმართაობა ხშირად ხელს უშლის ტექსტის სწორად აღქმას და კითხვასთან დაკავშირებულ სააზროვნო პროცესებს ანელებს, ამიტომ საჭიროა ჯერ ტექსტის ცალკეული სტრუქტურული კომპონენტების, მერე კი მთლიანი წერილობითი ნაწარმოების სწავლება [Quintero 2008]. ასევე მიუთითებენ, რომ მოსწავლეთა არაკოჰერენტული ტექსტები ხელს უშლის წერით კომუნიკაციას და მკითხველში ნდობის გამოწვევას, რადგან ნაკლებია სინტაქსის, ლექსიკისა თუ სხვა ტიპის გრამატიკული ცოდნა [Rico 2014].

სპეციალისტების თვალსაზრისით, წერითი უნარების სიმწირეს იწვევს ორი ფაქტორი: მასწავლებელი და მოსწავლე. ერთი მხრივ, ზოგჯერ მასწავლებელი აკლებს სათანადო მიდგომებს წერის სწავლებისას, მაგალითად, აგვიანებს ან არ აძლევს მოსწავლეს წერილობით ტექსტზე მყისიერ და ეფექტურ უკუკავშირს. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებელს არ შესწევს მოსწავლის მოტივირების უნარი. მეორე მხრივ, მოსწავლეები დგანან უამრავი გამოწვევის წინაშე – ისეთის, როგორიცაა მშობლიური ენის (L1) გადატანა, კითხვის ნაკლებობა, მოტივაცია და პრაქტიკა. მაგალითად, პაკისტანელი მოსწავლეების შედეგების კვლევამ ცხადყო, რომ ისინი ეჯახებიან ფსიქოლოგიურ, კოგნიტიურ, სოციალურ და ენობრივ პრობლემებს, როდესაც აზრებს ტექსტებად გარდაქმნიან. მკვლევართა ერთი ნაწილი ხაზს უსვამს მოტივაციის ფაქტორს და აცხადებს, რომ მოსწავლეთა ნაწერებში არ იგრძნობა მათი მოტივაცია, მიზეზებისა და მნიშვნელობის ცოდნა, რაც მეორე ენის შესწავლას უნდა ახლდეს თან. სოციალური მედია, მასწავლებელთა მხრივ არარეგულარული უკუკავშირი, მოსწავლეთა მხრივ ანალიზური და შეფასებითი მიდგომების არარსებობა/ნაკლებობა, კლასებში ბავშვების წარმოუდგენლად მაღალი რიცხოვნება უარყოფითად აისახება წერითი ნაშრომების სტრუქტურულ და კომუნიკაციურ აკურატულობაზე [Pineteh 2013].

ტორონტოს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის კარლ ბერეიტერის და განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის მარლენ სკარდამალიას აზრით, წერა ენის პროდუცირების უნარია. მათი მიზანი იყო, გარდაექმნათ ენის პროდუცირების უნარების განმავითარებელი სისტემა ისეთ სისტემად, რომელიც ახდენს პროდუცირების უნარების თავისთავად განვითარებას. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ პროცესს რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, კერძოდ: 1. მეორე წერის სწავლებისას შესწავლა ხდება ისეთ კონტექსტში, რომელიც არ მომდინარეობს რეალური მოსაუბრისგან; 2. წერის შესწავლისას ფოკუსირება ხდება ადამიანის მეხსიერებაზე და არა იმის დამახსოვრებაზე, რა თქვა თანამოსაუბრემ; 3. წერის შესწავლისას ხდება დიდი თემატიკის შესწავლის დაგეგმვა და არა იმის გააზრება და კონცენტრირება, რას იტყვის შემდგომში თანამოსაუბრე; (4) წერის შესწავლისას შემსწავლელი არის როგორც „მიმღები“, ისე „გამცემიც“. ამდენად, ბერეიტერი და სკარდამალია მიიჩნევენ, რომ წერის შესწავლა რთულია, რადგან მისი შესწავლა ხდება ნორმალური და ბუნებრივი მდგომარეობის მხარდაჭერის გარეშე, რომ ზეპირი ენობრივი კომუნიკაცია ვერ უზრუნველყოფს წერითი უნარების განვითარებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია წერის სწავლების პროცესის რეკონსტრუირება, რათა ეს პროცესი ხორციელდებოდეს ავტონომიურ და არა ინტერაქციულ რეჟიმში. ავტონომიურობაზე, ანუ ნაკლებ დამოკიდებულებაზე დაისმის აქცენტი ბრინერის, ოლსონის, დონალდსონის, ბერეიტერისა და სკარდამალიას ნაშრომებში, როცა საკითხი წერისა და კითხვის უნარების განვითარებას ეხება. აქვე საინტერესოა, კოგნიტიური განვითარების თვალსაზრისით რა მნიშვნელობა ენიჭება ენის ისეთ უნარებზე მუშაობას, როგორებიცაა წერა და კითხვა. ბერეიტერი და სკარდამალია მიიჩნევენ, რომ წერის უნარების განვითარებისას ავტომატიზებულობამდე ვითარდება ისეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა კალიგრაფია, მართლწერა, პუნქტუაცია და სინტაქსი. ამ უნარების განვითარება კი თავისთავად იწვევს უფრო მნიშვნელოვანი კოგნიტიური და სააზროვნო უნარების განვითარებას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ იმ თეორეტიკოსთა დიდი ნაწილი, რომლებიც წერითი ენისა და აზროვნების ურთიერთკავშირზე მუშაობენ, მიიჩნევს, რომ უნდა გავმიჯნოთ ენის პროცესირება არაფორმალურ კომუნიკაციურ გარემოში და ენის გამოყენება ისეთ ფორმალურ და აკადემიურ გარემოში, როგორიცაა სკოლა. ესეს დაწერა და რთული ტექსტის წაკითხულის გააზრება მოითხოვს უფრო მაღალი დონის აზროვნებას, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობართან საუბარი. სხვადასხვა ინფორმაციის გადამუშავებისთვის სხვადასხვა უნარებია საჭირო ზემოთ ნახსენებ ამ ორ განსხვავებულ კონტექსტში – კომუნიკაციურსა და აკადემიურში [ბერეიტერი და სკარდამალია 1983][6].

მნიშვნელოვანი თვალსაზრისებია წარმოდგენილი გიული შაბაშვილის წიგნში: „მეორე ენა – წერა“ (2012). მასში საუბარია მეორე ენის წერის სწავლების ასპექტებსა და თავისებურებებზე, ლინგვისტური კომპეტენციის დონეებზე და წარმოადგენს თეორიული და პრაქტიკული კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების განხილვას. მართალია, წიგნში არ არის განხილული საკუთრივ ინგლისური ენის წერის სწავლების საკითხები, მაგრამ ზოგადი რჩევები მისაღები და უდავოდ გასათვალისწინებელია, რადგან თავად წიგნი მეტწილად ინგლისურენოვან ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას და ქართულენოვან სივრცეზე მორგებას წარმოადგენს[7].

დაბოლოს, ერთიორად საინტერესოა ის მეთოდოლოგიური რჩევები, რომლებსაც ინგლისური წერის მასწავლებლებს Top Score-ის წერის გუნდი სთავაზობს კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით. სახელმძღვანელო ინსტრუქციების, წერის ეფექტური სტრატეგიებისა და ხარაჩოს პრაქტიკის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://topscorewriting.com/wp-content/uploads/2017/05/Top-Score-IEDS-Research-Paper.pdf.

 

გამოყენებული ლიტერატურა და ელექტრონული რესურსები:

 

  1. აკოლაშვილი – აკოლაშვილი, მ., შერეული სწავლა უცხოურ ენაზე წერის უნარ-ჩვევების სწავლებისას (ზოგადი ინგლისურის სწავლების მასალაზე უმაღლეს სასწავლებელში) განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი, თელავი, 2016.
  2. ბერეიტერიBereiter, C and Scardamalia, M., 1983, Does learning to write have to be so difficult? In Freedman, A, Pringle, I, and Yalden, J (eds.) Learning to write: first language/second language: 20-33. Longman.
  3. გეისერი და სტუდლი – Geiser, S., & Studley, w. R., 2002, Uc and the sat: Predictive validity and differential impact of the SAT I and SAT II at the University of California. Educational Assessment 8(1), 1–26.
  4. გოდუაძე – ა) გოდუაძე, მ., წერის სათავეებთან, 2014 https://mastsavlebeli.ge/?p=2059; ბ) გოდუაძე, მ., მასწავლებლის საიდუმლო და წერის სწავლების კონცეპტუალური თეზისები, 2014 https://mastsavlebeli.ge/?p=2055; გ) გოდუაძე, მ., ჟაკ დერიდა – „წერა“, „არქიწერა“, „მეტყველება“ – პარალელების გარეშე 2015 https://mastsavlebeli.ge/?p=4638; დ) გოდუაძე, მ., სკოლა და პლაგიატთან ბრძოლის ხუთი სტრატეგია, 2015
  5. https://mastsavlebeli.ge/?p=1634; ე) ოდუაძე, მ., აზროვნება და წერის დონეები, 2016 https://mastsavlebeli.ge/?p=9444; ვ) გოდუაძე, მ., სათაურის დრო, 2016 https://mastsavlebeli.ge/?p=10618; ზ) გოდუაძე, მ., წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები (ნაწილი პირველი), 2018 https://mastsavlebeli.ge/?p=16724; თ) გოდუაძე, მ., წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები (ნაწილი მეორე) 2018 https://mastsavlebeli.ge/?p=18226; ი) გოდუაძე, მ., ესეის წერის სტრატეგიები, 2018 https://mastsavlebeli.ge/?p=17642
  6. გიუდი დაკუორთი და ჰალიველი – ა)Gude, K., Duckworth, M., Halliwell,H., Top Score Student’s Book 2, Oxford University Press. 2012. ბ) Gude, K., Duckworth, M., Halliwell,H Top Score Student’s Book 3, Oxford University Press. გ) Gude, K., Duckworth, M., Halliwell,H Top Score Teacher’s Book 2, Oxford University Press. 2012. დ) Gude, K., Duckworth, M., Halliwell,H Top Score Teacher’s Book 3, Oxford University Press. 2012.
  7. ინასარიძე – ინასარიძე, მ., სანამ მოსწავლე წერას დაიწყებდეს, 2018, https://mastsavlebeli.ge/?p=2292
  8. კაპანაძე, ჭიჭინაძე – კაპანაძე,ნ., ჭიჭინაძე, ნ., მოსწავლეთა წერითი უნარების გაუმჯობესება თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე IV კლასის მოსწავლეთა მაგალითზე, პრაქტიკული კვლევა, 2018.
  9. რიკო – Rico, L. J. A. (2014). Identifying factors causing difficulties to productive skills among foreign languages learners. Opening Writing Doors Journal,11 (1), 65–86.
  10. ქუინტერო – Quintero, L. M. 2008, Blogging: A way to foster EFL writing. Colombian Applied Linguistics Journal,10 (1), 7–49.
  11. შაბაშვილი – შაბაშვილი, გ., წერა – მეორ ენა, თბილისი, 2012.
  12. აიდერი – Haider, G. (2012). An insight into difficulties faced by Pakistani student writers: Implications for teaching of writing. Journal of Educational and Social Research,2(3), 17–27.
  13. ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში, 2018

[1] გამჭოლი კომპეტენციები, ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011:32.

[2] გოდუაძე, 2014, https://mastsavlebeli.ge/uploads/mariam%20goduaZe%20(1).pdf

[3] აღნიშნული მსჯელობა თავმოყრილია ნაშრომში: http://cciir.ge/upload/text/geo/1342458851_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%20%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90.pdf

[4] https://neillthew.typepad.com/files/training-writing-skills-1.pdf

[5] ინგლისურ ენაზე აღნიშნული მიმოხილვის ნახვა ხელმისაწვდომია მუჰამედ ფარიდის, ალმას აშრაფისა და მუჰამედ ბილარის ერთობლივ ნაშრომში: https://www.researchgate.net/publication/311669829_ESL_Learners’_Writing_Skills_Problems_Factors_and_Suggestions

[6] Bereiter, C and Scardamalia, M., 1983, Does learning to write have to be so difficult? In Freedman, A, Pringle, I, and Yalden, J (eds.) Learning to write: first language/second language: 20-33. Longman

[7] წერის საკითხები, მოსწავლეებში წერითი უნარების განსავითარებლად იხ.: გოდუაძე 2014 ა; 2016, გოდუაძე 2014 ბ, გოდუაძე 2018 ი; გოდუაძე 2016 ე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი