შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

როგორ შევაფასოთ ზეპირმეტყველება ანუ „Speaking“, როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი

ცოდნის შეჯამება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას, გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. ამ პროცესის დახვეწა – შეფასების სისტემის ვერიფიკაცია-ვალიდაციის ნაწილია. ის ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელი დავალების კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი მიანიჭეს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ უცხო ენის საგნობრივი ჯგუფისათვის მეტად აქტუალურ თემას, რომელიც ეხება ზეპირმეტყველების (Speaking-ის) კომპეტენციის შეფასებას მოსწავლეთა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მიმოვიხილავთ, განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კათედრაზე, მასწავლებლისა და კათედრის ხელმძღვანელის – სალომე ორმოცაძის მიერ და წარმოადგენს კარგ ნიმუშს სკოლაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების, მასზე ეფექტურად რეაგირების, ინტერვენციების დაგეგმვისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ის წარმოადგენს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ფოკუსირებული თვითშეფასების ფარგლებში შეფასების სანდოობისა და ვალიდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული მასშტაბური კვლევების ნაწილს. ასევე უკვე წარმატებული პრაქტიკა შეიძლება მაგალითის მიმცემი გახდეს სხვა ანალოგიური საჭიროების მქონე სკოლისთვის.

ზოგადი პრობლემის მიმოხილვამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხო ენაში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზეპირმეტყველების კომპეტენციის მნიშვნელობა ენის შესწავლაში დიდია. ის წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს მექანიზმს და მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გრამატიკისა და ლექსიკის მიმართულებით, არამედ წარმოთქმას, ინტონაციას, ტემპს, რეაქციას საუბრისას და სხვ. მაგალითად, British Council-ის კვლევების მიხედვით ინგლისისა და შოტლანდიის ზოგიერთ სკოლაში უცხო ენას ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ენის საკმარისი ცოდნა ან გავლილი არ აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ასევე ბევრ მასწავლებელს არ აქვს სათანადო მეტყველების უნარები, რაც ამცირებს მათ თავდაჯერებულობას და აფერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ამ პირობებში მასწავლებლები ხშირად გადადიან გრამატიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელზე, რაც ზღუდავს მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზეპირმეტყველების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ენის სწავლებისას პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბარიერები, რომლებიც უკავშირდება ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს (ენის შფოთვა და ნაკლები თავდაჯერება), ლინგვისტურ სირთულეებს (ლექსიკის სიმცირე და გრამატიკული სისუსტე), პრობლემებს გამოთქმასა და ინტონაციასთან დაკავშირებით და პრაქტიკის ნაკლებობას. პრაქტიკის ნაკლებობა მაინც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოიყოს, რადგან ის წარმოადგენს გასაღებს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ლინგვისტურ სირთულეებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად მიმართავენ დიალოგების, დებატებისა და სხვა ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს აიძულებს აზრი ჩამოაყალიბონ უცხო ენაზე.

მსგავსი საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს მასწავლებლებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს. ამას ამყარებდა სადირექტორო და დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები და მშობელთა უკუკავშირი. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ინგლისურ ენაში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა, სხვადასხვა თემაზე აზრის ჩამოყალიბება და სწორი გამოთქმის/ინტონაციის გამოყენება. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა კვლევა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შემაჯამებელი დავალების ნაწილში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას, რადგან სკოლა შეფასების მეორე მოდელის მიხედვით მუშაობს.

კვლევაში პრობლემის შესწავლისას გამოყენებულ იქნა გამოკითხვა მოსწავლეებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი დავალების დროს ზეპირმეტყველების კომპეტნეციის შეფასება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მრავალრიცხოვანი მოსწავლეების პირობებში ერთი მასწავლებელი ერთ საგაკვეთილო დროში ვერ ახერხებდა მსგავსი ტიპის შემაჯამებლის ეფექტურად წარმართვას. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან შემაჯამებელზე ზეპირი კომუნიკაცია შეფასების სანდოობასაც აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველა ზემოაღნიშნული რისკის დაზღვევის მიზნით, სკოლამ დაგეგმა ინტერვენცია, რაც გულისხმობდა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების პრინციპით – სკოლამ შეიძინა გარკვეული რაოდენობის ყურსასმენი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეს შეეძლო მოესმინა შეკითხვა, ჩაეწერა პასუხი და აეტვირთა შესაბამის პლატფორმაზე.

ინვენტარის შეძენის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე ორმოცაძემ დაიწყო შესაბამისი პლატფორმის მოძიება. განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტი, ისეთები, როგორებიცაა: Sanako Lab 100 პროფესიონალი და მრავალმხრივი ფუნქციონალით, Robotel Smart Class, Flipgrid და სხვა. მთავარ მოთხოვნას, რომ ეს პლატფორმები ყოფილიყო საკლასო სივრცეში კომფორტულად გამოსაყენებელი, ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ზოგი მათგანი იყო ნაკლებად ავტომატიზებული და უფრო მეტად ხელით მუშაობას საჭიროებდა. საბოლოოდ შეირჩა ონლაინპლატფორმა – Vocaroo, რომელსაც აქვს ფუნქცია, ჩაიწეროს მოსაუბრის ხმა, მოახდინოს მისი გაზიარება ლინკით და ჩამოიტვირთოს ჩანაწერი. აღნიშნული პროგრამა ჩაშენდა Google forms-ში. ამავე form-ში ჩაშენდა აუდიოფაილის ლინკი, რომელიც ატვირთული იყო დრაივზე. ასეთი ფორმით წარმოდგენილი დავალება ტექნიკურად მოსახერხებელი იყო, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებისათვის, ისე აუდიოფაილებთან წვდომისათვის.

სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 კლასი, რომელზეც მომდინარეობდა კვლევა. კლასი წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენციებით. მასწავლებელმა კარგად მოამზადა კლასი, მისცა რა მათ დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოეყენებინათ რესურსი.

პლატფორმის მომზადების შემდეგ პედაგოგმა შეარჩია ტესტის შინაარსი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ცოდნის ჯამურად შეფასება მე-4 თემატური ერთეულის (Unit) ფარგლებში. შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ე.ს.გ.-ის მოთხოვნები და თემატიკა, განსაზღვრული კონკრეტული კლასის საგნობრივი სტანდარტით. ტესტის ამოცანები მომზადდა ისე, რომ მოსწავლეს არ სჭირდებოდა მხოლოდ ტექსტიდან მექანიკურად გადმოტანილი ცოდნა. კითხვები დაეფუძნა ცნებებს (concept-based learning), რაც ითვალისწინებდა შესწავლილი თემის ღრმა გაგებას და არა ზედაპირულ რეპროდუქციას. ასევე შემუშავდა შეფასების რუბრიკა უშუალოდ ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებისათვის.

უშუალოდ შემაჯამებლის პროცესი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: მოსწავლეს პირადი ინფორმაცია შეჰქონდა Google Forms-ში, კითხულობდა ჩაშენებულ ფაილს, ისმენდა მოსასმენ მასალას და გადადიოდა Vocaroo-ს პლატფორმაზე. შემდგომ ამისა, წერდა კონკრეტული კითხვის პასუხს აუდიოფაილად (საუბრობდა კონკრეტული შეკითხვის პასუხზე), აკოპირებდა კითხვის ლინკს და ავსებდა ისევ Google Forms-ის შესაბამის ველში. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მას სჭირდება მაუსის მხოლოდ სამჯერ დაწკაპუნება ფაილის მოსმენის შემდეგ – პროგრამის გახსნა, პასუხის ლინკის დაკოპირება და Google Forms-ში ჩასმა.

ინტერვენციის შემდეგ გაანალიზდა მიღებული შედეგები. მსგავსი მეთოდით ზეპირმეტყველების კომპეტენციის შემოწმებას ტრადიციულისგან განსხვავებით დიდი უპირატესობა აქვს დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით – ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია თუნდაც 100 მოსწავლის ჩაწერა. მასწავლებელს კი საშუალება აქვს მოუსმინოს ჩანაწერს ნებისმიერ დროს. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი მასწავლებლის მხრიდან შეფასებაში ჩარევის რისკი (მაგ. წახმარება, სიტყვის შეხსენება და ა.შ.). მოსწავლეს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ჩანაწერს და გამოიყენოს თვითშეფასებისათვის – გააუმჯობესოს შედეგები და იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ლინგვისტურ ხარისხზე. რისკების ნაწილში იდენტიფიცირდა შებოჭილობა, ტექნიკური პრობლემები და ინტერაქციის ნაკლებობა რეალურ გარემოში. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა შემაჯამებელი ვერ ჩატარდება მსგავსი მეთოდით, თუმცა ზეპირმეტყველების უნარის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ცალსახაა.

მომავალი წლისთვის სკოლა გეგმავს პლატფორმის გამარტივების მიმართულებით მეტ მუშაობას და სავარჯიშო ჩანაწერების ეტაპის დამატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მოტივაცია, რაც არამხოლოდ თეორიულ მხარდაჭერაში, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებშიც გამოიხატა (პლატფორმის მოძიება და შერჩევა). რაც შეეხება მოსწავლეთა უკუკავშირს, სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი შეფასებებიდან:

„ჩემი აზრით, სახალისო იყო, ძალიან კარგი საშუალება იყო ინგლისურის საუბრის დონის გასაზრდელად. ყურსასმენების პრობლემა არ მქონია, არ ისმოდა გარედან ხმა, მხოლოდ მცირე ბუტბუტი“;

„მე მომეწონა პროცესი. სასიამოვნო იყო რაღაც ახლის გამოცდა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო, ვიდრე მხოლოდ რაღაც ტესტის წერა. უფრო კარგად შეუძლია მასწავლებელს, გაიგოს ბავშვის ცოდნა, რადგან აქ გადაწერა და რამე ეგეთი რაღაც არ შეგიძლია“;

„ჩემი აზრით, უცხო ენაში ყველაზე მთავარი ბარიერი საუბარია. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი აქტივობა იყო. ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ რადგან პირველია და სატესტო, მომავალში გამოსწორდება“.

შენიშვნა: ფოტოს გამოქვეყნების სტანდარტი დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“