„მიეცით ბავშვებს თავისუფლება, გაამხნევეთ ისინი; დართეთ ნება, ირბინონ წვიმაში და შეტოპონ გუბეში; მიეცით თავისუფლება, ფეხშიშველმა ირბინონ ცვრიან ბალახზე; ნუ დაუშლით, მშვიდად ჩაძინებას ხის გრილ ჩრდილში და იცინონ და იყვირონ დილაობით, როდესაც მათ მზის პირველი სხივები გააღვიძებენ“.
მარია მონტესორი (Maria Montessori, 1870–1952),
იტალიელი ექიმი, პედაგოგი და განათლების რეფორმატორი
საქართველოში ჩვენებური ზაფხული, აგვისტოს ცხელი დღეები დგას და შვებულებების პერიოდიც დაიწყო! ბევრი ჩვენგანი, თბილისური ხვატისგან თავის დასაღწევად, დედაქალაქის გარშემო მდებარე მთებს აფარებს თავს, ბევრი კი უფრო შორეულ მარშრუტებს ირჩევს და შვებულებას ტაბაწყურის, ბაკურიანის, ბორჯომისა თუ რაჭის გრილი საღამოების გარემოცვაში ატარებს, ახლობლების წრეში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურ-ემოციური ჯანმრთელობისა და რეკრეაციისთვის. არდადეგებიც სწორედ ამისთვის „გაჩნდა“ ადამიანის ცხოვრებაში: როგორც მოგეხსენებათ, ძველ რომში, ივლისისა და აგვისტოს ყველაზე ცხელ დღეებს, ლათინურ სიტყვას „კანიკულას“ უწოდებდნენ, რაც „პატარა ძაღლს“ ნიშნავს. ამის მიზეზი გახლავთ ბუნებრივი მოვლენა, უფრო სწორად, ასტრონომიული კანონზომიერება – ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, მზის ამოსვლასთან ერთად ადამიანები ცაზე ხედავდნენ მცირე ძაღლის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავს, სირიუს-კანიკულას. სწორედ ამიტომ, ძველმა რომაელებმა, წლის ყველაზე ცხელ პერიოდს „კანიკულა“ უწოდეს და ამ დროს იმპერიაში საგრძნობლად მცირდებოდა საქმიანობა და აქტივობები. შესაბამისად, ეს საზაფხულო „პაუზა“ რომის იმპერიისა და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილი გახდა და ადამიანებმა (დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ლ.ა.) „ძაღლის დღეები“ (ლათ. Dies caniculares), არაფორმალურად, უქმ, არასადაგ დღეებად დაადგინეს.
დღეს, ისევე როგორც ადრე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და იმ გარემოს, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან. XXI საუკუნემ და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, მშობლები (და ჩვენი შვილები) სრულიად ახალი და მოულოდნელი გამოწვევების წინაშე დააყენა. უეცრად, სულ რამდენიმე წელიწადში, ადამიანები სმარტ-ტელეფონების, პლანშეტებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების (ე.წ. „გაჯეტების“) გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ბევრი გამოკვლევა ტარდება და ბევრი იწერება სმარტფონებისა და სხვა ციფრული მოწყობილობების მავნე გავლენაზე, ბავშვების მიერ ონლაინ გატარებულ დროზე, მოზარდებში (და მოზრდილებშიც) ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტზე, სხვა დარღვევებზე, რომელთა მიზეზადაც ვირტუალური სამყარო და ბავშვების იქ „ყოფნის“ ხანგრძლივობა სახელდება.
„ჩვენ ძალიან ვღელავთ ყურადღების უნარების შემცირებაზე და იმაზე, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი დეგრადაცია. ამავე დროს, პარალელურად, იზრდება ყურადღება გარესასკოლო აქტივობების და საგანმანათლებლო აპლიკაციების მიმართ, რომლებიც უკავშირდება ბავშვების აქტივობებს სკოლის კედლებს გარეთ, ეზოსა თუ ბუნებაში. სულ უფრო მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებები გვიდასტურებს, რომ შედარებით მარტივი, ეფექტური და ადვილად დასანერგი გამოსავალია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მძლავრი დადებითი ზემოქმედების „დავიწყებული“ საშუალება: ბუნებასთან კონტაქტი“, – წერს ამერიკელი ფსიქოლოგი, დოქტორი ალიზა პრესმანი.
გთავაზობთ ამონარიდს დოქტორი ალიზა პრესმანის პოდკასტიდან, Raising Good Humans („როგორ აღვზარდოთ კეთილი ადამიანი“), რომელშიც ბავშვების განვითარებაზე გვესაუბრება ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მარკ ბერმანი. ის გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერების სფეროს პიონერი და ახალი წიგნის Nature and the Mind: The Science of How Nature Improves Cognitive, Physical, and Social Well-Being (ბუნება და გონება: როგორ შეუძლია ბუნებას გააუმჯობესოს კოგნიტიური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობა) ავტორიცაა. გვიყვება, როგორ შეუძლია ბუნების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ყურადღება, მეხსიერება და ზოგადი კეთილდღეობა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
გარემოსდაცვითი ნეირომეცნიერება აერთიანებს რამდენიმე კომპლექსურ სფეროს, რომელიც ადამიანისა და მის გარშემო არსებული გარემოს კვლევას შეეხება. გარემოს ფსიქოლოგია და კოგნიტიური ნეირომეცნიერება, იკვლევს ჩვენს ტვინსა და ქცევაზე ფიზიკური გარემოს ზემოქმედებას და ჩვენი ტვინისა და სხეულის რეაქციებს ამ ზემოქმედებაზე. დოქტორ ბერმანის კვლევის თანახმად, უბრალოდ ბუნებაში დროის გატარება ადამიანის ყურადღებას 20%-ით უმჯობესდება. ის ამბობს – ეს მხოლოდ კარგი განწყობა არ არის. ეს არის ტვინის ფუნქციის ობიექტურად გაზომვადი გაუმჯობესება.
ბუნებაში ყოფნის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური სიკეთე და „სარგებელი“ მხოლოდ ეროვნულ პარკებში ექსკურსიებსა და მთებში ხანგრძლივ ლაშქრობებს არ უკავშირდება. არ არის აუცილებელი მთელი ოჯახი დავრაზმოთ, აღვჭურვოთ და საკმაოდ ძვირადღირებულ „სამთო ლაშქრობაში“ წავიდეთ. მით უმეტეს ჩვენთვის უცნობ ადგილებში… ბუნებაში გატარებული თუნდაც 15-20-წუთიანი სეირნობა მნიშვნელოვან დადებით შედეგს იძლევა. ძალიან საინტერესო და მოულოდნელია ისიც, რომ ბუნების ფოტოების ყურებაც კი, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, იძლევა მსგავს (თუმცა შედარებით ნაკლებად გამოხატულ) ემოციურ სიკეთეს. „მთავარი კი ის არის“, – ამბობს დოქტორი ბერმანი – „რომ ხშირად ესტუმროთ ადგილობრივ პარკებსა თუ მწვანე სივრცეებს, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, და გონებას მოდუნების საშუალებას მისცემთ“.
მიიღეთ და აღიქვით ბუნებრივი ფორმები – დოქტორი ბერმანი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ბუნების ფრაქტალურობა (ინგლ. Fractalness), ანუ მისი ფორმების განმეორებითობა, რომლებიც ბუნებაში ყველგან გვხვდება, მაგალითად, ხის ტოტების განშტოება, ფიფქის სტრუქტურა, მდინარის დინება თუ ტბის ზედაპირი — ადამიანისთვის განსაკუთრებით ადვილად აღსაქმელია. ტბების, ტყეების, ოკეანეების, უდაბნოებისა და მთების ხედები, თუნდაც იქ არ იმყოფებოდეთ, იმეორებს ამ მნიშვნელოვან ფრაქტალურ დიზაინს.
იქონიეთ მცენარეები სახლში. თუ გარეთ გასვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაშინ შემოიტანეთ ბუნება სახლში! მცენარეების განთავსება ინტერიერში და თქვენს ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში, თუნდაც ხელოვნურის, ბუნების ფორმებს იმეორებენ და დადებით გავლენას ახდენენ თქვენს გონებასა და შეგრძნებებზე, რადგან ისინი თქვენთვის ნაცნობი და აღქმადი ბუნებრივი ფორმებია! ავეჯისა და ხალიჩების შერჩევისას გაითვალისწინეთ დიზაინები, რომლებიც ამ ფრაქტალურ სტრუქტურებს მოიცავს. ზედმეტად ნუ გადააჭარბებთ (ბუნებრივი ფორმებისთვის საცხოვრებელი სივრცის 15–20% გამოიყენეთ), მაგრამ ყვავილები და მწვანე მცენარეები ჩართეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.
ხშირად იყურეთ ფანჯრიდან. გაიხედეთ გარეთ და დააკვირდით, როგორი ხედია თქვენი ფანჯრიდან. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ბუნების მოკრძალებულ ხედებს უყურებდნენ, ერთი დღით ადრე გამოჯანმრთელდნენ და ნაკლები ტკივილგამაყუჩებელი დასჭირდათ, ვიდრე მათ, ვინც აგურის კედელს უყურებდნენ. ასევე, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსებში მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებსაც ფანჯრიდან ბუნების ხედები ჰქონდათ, კვლევების შედეგად მეტი ყურადღება და თვითკონტროლის უნარები გამოავლინეს; იგივე შედეგი იყო მოზრდილებშიც — მათ ნაკლები აგრესია და დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ! ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბუნებასთან თუნდაც პასიური შეხება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის პირობებში ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ეცადეთ, თქვენი ფანჯრიდან ხედები ბუნებას უყურებდნენ.
დაანებეთ თავი რადიოს ან პოდკასტების მოსმენას! ირონიულია, მაგრამ გეტყვით, თუ ბუნებაში ხართ, პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა დროებით უნდა შეწყვიტოთ — ბუნების ხმებს და მათ მოსმენას დიდი აღდგენითი (რეკრეაციული) ეფექტი აქვთ. სეირნობისას მოიხსენით ყურსასმენები და უბრალოდ მოუსმინეთ გარემოს. თუ ეს რეალური ბუნების ხმები არ არის, სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სცადეთ ბუნების ხმების ჩანაწერის მოსმენა.
ჩაანაცვლეთ დღის მეორე ნახევრის გაღიზიანება სეირნობით – დოქტორი ბერმანი ამბობს, რომ ბუნებაში დასვენება ყველაზე ეფექტურია. შუადღის ის პერიოდი, როცა ყურადღება ქვეითდება და გაღიზიანება მატულობს, იდეალური დროა ბუნებაში გასასვლელად; შეწყვიტეთ „დროის გატარება“ ტელე-სმარტფონ-ეკრანების „სქროლინგში“, ან სოციალურ ქსელების უსასრულოდ ფურცვლაში! ეს კიდევ უფრო ფიტავს თქვენს გონებას და მეტად გაღიზიანებთ. თუ თქვენს შვილებს ყურადღების დეფიციტის ან გაღიზიანების ნიშნებს შეატყობთ, ბუნებაში მცირე გასეირნება შეიძლება, სწორედ ის წამალი იყოს, რომელიც მათ სჭირდებათ. გახსოვდეთ, მცირე გასეირნებაც კი გამოსავალია — ადგილობრივი პარკი, ეზო ან თუნდაც ყვავილების სურნელზე გაჩერება. ეს ყველაფერი სიკეთეს მოიტანს!
„ბავშვებს უყვართ ბუნება“ – უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. კვლევები აჩვენებენ, რომ ოთხი-ხუთი წლის ასაკის ბავშვებს ურბანული გარემოსა და ბუნებისადმი დამოკიდებულება და პრეფერენციები ასაკთან ერთად უყალიბდებათ. თუმცა ეს არ აკნინებს იმ დადებით ეფექტს, რომელსაც ბუნება ახდენს ადამიანზე. ბუნებაში დროის გატარების წახალისება, ან ბუნების სახლში შემოტანა სასიკეთოა ჩვენი შვილებისთვის.