პედაგოგისთვის მოსწავლის მიმიკა, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, გამოპასუხების სტილი, მიმართება, ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ისეთივე სიმპტომია, როგორც ექიმისთვის ხველება, ცხელება და მოთენთილობა…
საერთოდ, მოსწავლეების რეაქციაზე დაკვირვებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია მათი უნარების განსავითარებლად, მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
ახალ და რთულ მასალასთან პირველი შეხებისას მოსწავლეთა რეაქცია იშვიათად არის ხოლმე ასეთი: „ვაჰ, რა მაგარი გამოწვევაა!“, „რამდენი რამ არ მესმის“, „რა საინტერესო საკვლევი იქნება“ და „ნეტავ, თუ გავართმევ თავს…“. უფრო ხშირად გვესმის (ან უარესი, არ გვესმის, მაგრამ მოსწავლე თავისთვის, გულში ფიქრობს): „ეს რა დებილობაა!“, „ვერაფერი ვერ გავიგე!“, „არაფერი არ ვიცი!“, „ამას როგორ გავაკეთებ!“, „ამის გამკეთებელი მე არ ვარ!“.
ეს რეფლექსური მიმართებები, მყისიერი რეაქცია ახალი მასალის პირისპირ აღმოჩენისას, ჩვენი, უფროსების ბეჯითი და მიზანმიმართული გარჯის შედეგია. სასკოლო სისტემა ხომ დასჯა-დაჯილდოების ქანქარასებურ პრინციპზეა დაფუძნებული: შეგეშლება – დაისჯები, რამეს სწორად გააკეთებ – დაჯილდოვდები. ეს აყალიბებს მიმართებას – შეცდომა დასაძრახია, თუ ვერ გავიგე რამე, „დებილი ვარ!“ .
ინტერესის გაღვივებას, ცნობისმოყვარეობას, გამოსავლის ძიების გზებსა და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს დრო ნაკლებად ან საერთოდ არ ეთმობა.
მოსწავლეების გულწრფელი კომენტარები, მათი განწყობა-დამოკიდებულებები ძვირფასი რამაა. ესაა მასწავლებლის საკვლევი ლაბორატორიაც, ინსტრუმენტიც, რესურსიც.
მასწავლებლები ყველანაირად უნდა შევეცადოთ და ნდობით აღჭურვილი გარემო შევქმნათ, სადაც მოსწავლეს შეეძლება ალალად, გულწრფელად, ღიად გამოხატოს თავისი შეხედულებები და მიმართებები.
მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – „ვერგაგების გაცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაგება და მისი თანმდევი შედეგი“.
რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი მასალის დამუშავებისას, შემეცნებისას, იმაზე დაკვირვება, რა ვერ გავიგე და მიზეზის ძიება – რატომ ვერ გავიგე – ასევე გადაჭრის გზაზე ფიქრი – რა გავაკეთო, რომ გავიგო – ფასდაუდებელი რამაა.
შემეცნების აქტი მხოლოდ ასე შედგება, როგორც თვითკმარი და სრულფასოვანი რამ. ეს ნიშნავს: გაცხადებული „ვერგაგება“ თავად გაკაფავს გზას „გაგებისკენ“.
შემეცნება აქტიური პროცესია და გულისხმობს საკუთარ სააზროვნო აქტზე დაკვირვებას, მონიტორინგს, რეგულაციას, დაგეგმვას, შეფასებას, გაცნობიერებას, სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, დაგეგმილის განხორციელებას, არსებული ცოდნის გაცხადებას, გააქტიურებას, გამოყენებას, ვერგაგების გაცხადებასა და ასევე – გამოყენებას. შემეცნების აქტის დამხმარე სტრატეგიაა პროცესის ტემპის რეგულირება და კორექტირება.
ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ტემპის შერჩევა სჭირდება რაიმეს გასაგებად, გასააზრებლად და შესამეცნებლად.
შემეცნების მიზანი არაა, სხაპასხუპით დაისწავლო რაიმე. მიზანია გაიგო, გაიაზრო, გაითავისო, გამიჯნო გაგება და ვერგაგება ერთმანეთისგან, დასახო გაგებისკენ მავალი გზები და ბილიკები, განსაზღვრო დრო და ტემპი.
ამასთან: სასკოლო განათლების მთავარი მიზანი „სამიზნე ცნებების“ დასწავლა არაა. ესაა საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობის გზაზე აღმოჩენების კეთება, დაბრკოლებებთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება, თანამშრომლობა, გუნდურ აქტივობებში საკუთარ შესაძლებლობებზე დაკვირვება, შემეცნებისადმი, როგორც საინტერესო საკვლევისადმი; სწორი მიმართებების ჩამოყალიბება, მოქმედებისთვის საჭირო მოტივაციის გამომუშავება, ცნობისმოყვარეობით სავსე მზერის მიმართვა ნაცნობისა და უცნობისადმი…
დავუბრუნდები საკლასო ოთახს:
საკლასო სამუშაოების შესრულებისას, როცა დრო ცოტაა, მასწავლებლები ბევრს ვცოდავთ იმ მოსწავლეების წინაშე, ვისაც მეტი დრო ან უფრო საგულდაგულო მიდგომა სჭირდებათ, სჭირდებათ განსხვავებული ატმოსფერო და ტემპი შესამეცნებლად. გაკვეთილზე უფრო სხარტები და სწრაფები „ხეირობენ“.
როდესაც მოსწავლეს შეუძლია, გაიცხადოს ვერგაგება და მას აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, თუ მას თავის დროზე მიაწოდეს მეტაკოგნიტური სტრატეგიები, ის შემეცნებისას ემოციურ და გონებრივ რესურსს დახარჯავს არა საკუთარი თავის დამუნათება-კრიტიკაზე, არამედ სათანადო სტრატეგიების შემუშავებასა და პროცესის სწორად წარმართვაზე.
როცა მესმის მოსწავლის გულიანი შეძახილი „ვერაფერი გავიგე!“, ვაგებებ – „გამოიყენე ეგ ვერგაგებაც და ეგ ენერგიაც, რაც ახლა გაქვს. დაეყრდენი გაგებას, ჩაეჭიდე იმ ყველაფერს, რაც გაიგე, გაიცხადე. ვერგაგება ჩამოაყალიბე კითხვებად. დასვი ეს კითხვები და დაეხმარე საკუთარ თავს“.
სიტუაცია ლიტერატურის გაკვეთილზე:
პირველი შეხება ძველ ქართულ ლიტერატურასთან ჩემს კლასებში ყოველთვის ამ ექსპერიმენტით იწყება: მოსწავლეებს ეძლევათ „შუშანიკის წამების“ შესავალი და ინსტრუქცია: თქვენ ხართ კრიპტოგრაფები. თქვენ წინაშეა ტექსტი. გაშიფრეთ, გახადეთ ცხადი, რა წერია. უნდა ამოიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, ვინ სად და რა მიზნით გაემგზავრა, რა გააკეთა დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და როგორ განვითარდა და დასრულდა გამგზავრების ამბავი. იქეცით გამომძიებლებად, თქვენ წინაშეა გასაშიფრი ტექსტი. დაიწყეთ!
ჩვენ კი, უფროსებს, სპეციალისტებს, ფილოლოგებსა და კურიკულუმების სპეციალისტებს გვგონია, რომ ენა „თექვსმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა“ (მეოცე საუკუნეში რეზი თვარაძის შემოთავაზებულ ამ ფორმულას ერთი საუკუნეც შევმატოთ), მაგრამ თანამედროვე მოზარდებს ძალიან უჭირთ ძველი ქართულის სწორად გაგება და ეს საკმაოდ საინტერესო გონებრივი სამუშაოა მათთვის.
დავალება პირველ ჯერზე და საწყის ეტაპზე სახალისოცაა და სასარგებლოც, ოღონდ შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში პერაფრაზირებისა და „გაშინაარსების“ მავნე ტრადიციის გამო, იქცევა გარანტირებული უკუეფექტის მომცემ წვალებად – არ შეიძლება მთელი ძველი ქართული ლიტერატურის სასკოლო ტექსტები მოსწავლეებს „ვაშინაარსებინოთ“, თუმცა ამაზე ამ კონკრეტულ წერილში აღარ ვისაუბრებ დაწვრილებით (ჩემი არაერთი კვლევა და მასალა ეთმობა ამ საკითხს).
მაშ, მოსწავლეები ერკინებიან ძველი ქართულის ლექსიკასა და სინტაქსს და ცდილობენ, გზა გაიკაფონ „ცოდნის“ ბილიკისკენ.
რას უნდა დაეყრდნონ?
თუ მოსწავლეს არ აქვს გამომუშავებული უნარი, შეანელოს ტემპი იქ, სადაც „ტევრია“ უცხო სიტყვებისა და „ჩიხი“ სინტაქსური კონსტრუქციების, თუ მას არ შეუძლია დამხმარე სტრატეგიების გამოყენება (ლექსიკონი, სქოლიო, წიგნის თეორიული მასალა, სწორი კითხვების ფორმულირება და ამ კითხვების კლასელებისთვის ან მასწავლებლისთვის დასმა), ის ადვილად ნებდება და საკუთარ თავსაც და ტექსტსაც განაჩენს გამოუტანს („ტექსტი გაუგებარია!“ „მე არაფერი მესმის!“ „ვერაფერი გავიგე!“).
მაგრამ ეს მარტივი გამოსავალია.
ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ტექსტი უნდა გამოიყენოს არა როგორც მიზანი (ისწავლოს ტექსტი შინაარსობრივად/ზეპირად), არამედ როგორც სამარჯვი სწავლისა და მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.
კვლევა ხომ საინტერესო გზაა და შემეცნებისკენ მავალი ბილიკიც მასზე გადის.
მაშ, ამ უცხო და რთულ ტექსტში დავიწყოთ იმაზე დაკვირვება, რაც გვესმის, რის გაგებაც შეგვიძლია, რაც ლექსიკონის/სქოლიოს/თეორიის/მიღებული პასუხების შედეგად შეგვიძლია „დავალაგოთ“.
თუ მოსწავლეებს სწორად გავუწევთ ამ გზაზე მეგზურობას, მათთან ერთად ბევრს აღმოვაჩენთ.
მაგალითად, აღმოვაჩენთ იმას, რომ ვერგაგებასთან გამკლავება საინტერესო გამოცდილებაა.
- მოსწავლეებისთვის დიდი სიამოვნებაა დაბრკოლების გადალახვა.
- შემეცნების ბილიკებზე ვერგაგება ჩიხი კი არა, გადასაბიჯებელი წინაღობაა.
- ხელშეწყობა და მხარდაჭერა უკეთესი პედაგოგიური სამარჯვებია, ვიდრე შეფასება (ყოჩაღ ან „უკეთ შეგეძლო“, ან „მეგონა, მეტი შეგეძლო“, ან საზარელი „ამას რა მიხვედრა უნდა“ და ა.შ.).
- მოსწავლეებს აქვთ უფლება, ვერ გაიგონ, გაგვიზიარონ, ეძებონ და იპოვონ გადაჭრის გზები. „ამის დრო არ გვაქვს?“ – უნდა გამოვნახოთ!
- გაგების, გააზრებისა და შემეცნების გზაზე ტექსტი არასდროს უნდა იყოს თვითმიზანი. შინაარსების მოხუფვასა და თეორიების დასწავლას არაფერი აქვს საერთო ცოდნასთან, შემეცნების თავგადასავალთან.