(პრაქტიკული გამოცდილება არაფორმალური განათლების ელემენტებით)
შემაჯამებელი დავალება სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები შემაჯამებელ გაკვეთილს სასჯელად აღიქვამენ. შიში, დაძაბულობა და ნეგატიური მოლოდინი ლამის ჩვევადაა ამ დროს ქცეული. ამ რეალობის წინაშე ბუნებრივად ჩნდება კითხვები:
- რა არის შემაჯამებელი გაკვეთილის მიზანი და დანიშნულება?
- როგორ შეიძლება შევცვალოთ მოსწავლეთა ნეგატიური დამოკიდებულება შემაჯამებელი დავალების მიმართ?
შემაჯამებელი როგორც კომპლექსური დავალება
თვითონ სიტყვა „შემაჯამებელი“ გვარწმუნებს ამ აქტივობის აუცილებლობაში — ეს არის უკვე განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს შედეგების შეგროვება და გაანალიზება. სწორედ ამ პროცესში ვიგებთ, რამდენად შეძლო მოსწავლემ კონკრეტულ მონაკვეთში წინსვლა: რა გააუმჯობესა, რა დატოვა უწინდელ დონეზე, რა ახალი შესაძლებლობები გამოავლინა, მოახერხა თუ არა წინარე ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება და რაში სჭირდება დახმარება.
შემაჯამებელი დავალება კომპლექსურ დავალებად მოიაზრება, სადაც მხოლოდ ტესტური შეფასება მიუღებელია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ ღია და დახურული კითხვების გამოყენებით რთულია მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე მაღალი და დაბალი სააზროვნო უნარების გამოვლენა.
პრობლემა პრაქტიკაში
შემაჯამებელი დავალების დროს ხშირად იჩენს თავს შემდეგი სირთულეები:
- ხმაური და დისციპლინური პრობლემები;
- ფორმალურად ან საერთოდ შეუსრულებელი დავალებები;
- გაურკვევლობა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით;
- დაბალი მოტივაცია.
ამ ყველაფერმა დამაფიქრა: როგორ შეიძლება შემაჯამებელი გაკვეთილი ვაქციოთ სასიამოვნო, მართვად და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად?
როგორ გარდავქმნათ ინფორმაცია ცოდნად?
განსხვავებული პრაქტიკის დაგეგმვა
ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ მიმიყვანა განსხვავებული ტიპის შემაჯამებელ სამუშაომდე, რომლის განხორციელებაც ჩემს სადამრიგებლო კლასში გადავწყვიტე.
გადაწყდა, რომ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაგვეტარებინა ფორმალური სწავლების პარალელურად არაფორმალური განათლების ელემენტების აქტიური გამოყენებით. ამისთვის შევარჩიეთ ქალაქში მდებარე „ორკოლ სტუდია“ — სივრცე, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის კერამიკული ნამუშევრებითა და შემოქმედებითი გარემოთი.
შემაჯამებლის თემა იყო „ჟანრული მრავალფეროვნება“.
სამუშაო გეგმა და აქტივობები
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შემდეგი ეტაპები:
- საინფორმაციო შეხვედრა;
- სტუდიის ხელმძღვანელთან შეხვედრა;
- დავალების პირობის გაცნობა-გააზრება;
- შეფასების კრიტერიუმების გაცნობა;
- ჟანრული მახასიათებლების გახსენება-განხილვა;
- ვიზიტი „ორკოლ სტუდიაში“;
- შთაბეჭდილებების გაზიარება;
- ჟანრის არჩევა;
- რესურსებზე მუშაობა;
- შემაჯამებელი დავალების შესრულება;
- პრეზენტაცია და უკუკავშირი.
დავალების პირობა და მიზნები
დავალების პირობა იყო შემდეგი:
მიღებული ინფორმაცია (ნანახი და მოსმენილი) მოსწავლეს უნდა ექცია მისთვის სასურველ ჟანრად. ჰქონდათ ჟანრების არჩევანი:
- საინფორმაციო ტექსტი;
- რეკლამა;
- წერილი;
- ინტერვიუ;
- დღიური.
დავალების დაგეგმვისას გავითვალისწინე, მოსწავლეთა წინარე ცოდნა და გამოცდილება მიმესადაგებინა სხვადასხვა ჟანრთან მუშაობისთვის.
დავისახეთ შემდეგი მიზნები:
- შემაჯამებლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მოხსნა;
- არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა;
- მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა;
- სტერეოტიპის დამსხვრევა რომ შემაჯამებელი სასჯელია;
- ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნა;
- არაფორმალური განათლების ელემენტების ინტეგრაცია;
- ცოდნის სამივე კატეგორიის თავმოყრა;
- მოტივაციის ამაღლება.
შედეგები და დაკვირვებები
ვიზიტმა მოლოდინს გადააჭარბა. არაფორმალურ გარემოში მოსწავლეები მეტად გაიხსნენ, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა. გახდნენ მეტად ყურადღებიანი.
კლასში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა:
- გააზიარეს შთაბეჭდილებები;
- გააკეთეს გააზრებული არჩევანი ჟანრის შესახებ;
- აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.
ერთი საგაკვეთილო დრო საკმარისი აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაოსთვის. მოსწავლეებმა ყველა შერჩეულ ჟანრში შექმნეს ტექსტები (რეკლამა, ინტერვიუ, წერილი, საინფორმაციო ტექსტი, დღიური), რამაც რამდენიმე მოსწავლე სრულიად ახალი კუთხით აღმომაჩენინა. მოსწავლეთა ნამუშევრები შევკრიბე გასასვლელ ბარათებთან ერთად. მეც, მოსწავლეებისა არ იყოს, ამ ნამუშევრების გაცნობის პროცესში მქონდა განსხვავებული ემოცია და მოლოდინი. ერთი ამოსუნთქვით, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე გასასვლელი ბარათები, რომლებზე დაწერილ უკუკავშირსაც მეც არანაკლები გულისფანცქალით ველოდებოდი. თითოეული გასასვლელი ბარათი ჩემს სამუშაოს რესურსად, გზამკვლევად იქცა.
შეფასება და უკუკავშირი
თითოეულ ნამუშევარს დავურთე როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. დადებითი უკუკავშირი საჯაროდ გავაჟღერე, ხოლო გასაუმჯობესებელი რეკომენდაციები ინდივიდუალურად, წერილობით და პირადი საუბრის ფორმით მივაწოდე. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ წერილობითი უკუკავშირი მოსწავლისთვის ხშირად საკმარისი არ არის — მათ სჭირდებათ შეფასების კრიტერიუმების განმარტება და დიალოგი.
დასკვნა
შემაჯამებელი გაკვეთილის ძირითადი მიზანია, მოსწავლეს მიეცეს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზების საშუალება.
ნეგატიური დამოკიდებულება ქრება მაშინ, როდესაც მოსწავლე ხდება პროცესის თანამონაწილე, აქვს არჩევანი და ხედავს საკუთარი შრომის შედეგს.
შემაჯამებელი გაკვეთილი აღარ არის „სასჯელი“ — ის იქცევა შესაძლებლობად.


