პირველი გაკვეთილები აუცილებლად განსაკუთრებული უნდა იყოს, ისეთი, მთელი წელი რომ გაჰყვება ბავშვებს. დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად მიდიხარ სკოლაში. პირველკლასელების მასწავლებლობა დიდი გამოწვევა და მისიაა. ფაქტობრივად ერთად ვქმნით სამომავლო დღეების ჩანასახს და ვიწყებთ საძირკვლის შენებას, რომელზეც შემდეგ უზარმაზარი სასახლეები და ციხე-კოშკები დაშენდება.
ჰოდა, ეს საძირკველი აუცილებლად ძალიან მყარი, ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს, ჩვენ ხომ ბავშვებს მივუძღვებით იმ თავგადასავალში, რომელსაც სკოლის წლები და სწავლება, ცოდნის სამყაროში მოგზაურობა ჰქვია.
მოდი, გაგიზიარებთ პირველი კლასის, პირველი დღის რამდენიმე აქტივობის იდეას, რომელიც შესაძლოა გამოგადგეთ ან თქვენებურად, ინტერპრეტირებულად გამოიყენოთ.
ბავშვების გასაცნობად კარგი იდეაა ძაფის გორგლის გამოყენება.
ბავშვები წრეზე სხედან, მასწავლებელს უჭირავს ძაფის გორგალი, რომლის ძაფსაც შლის და ამ ძაფს ბავშვები კიდებენ ხელს. ძაფი იშლება და ბავშვების წრეზე აბლაბუდა იქმნება, ვინც ძაფს ხელს მოკიდებს ის თავის სახელს იძახის, არა მხოლოდ სახელს – ასევე ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს მის ხასიათს, ინტერესს, მისწრაფებებს, ჰობს… მაგალითად: მე ინა ვარ – წიგნი, მე ანდრო ვარ – ფეხბურთი, მე ნინი ვარ – მზე და ასე შემდეგ.
უცნაური ნივთების თავგადასავალი
ვიღებთ ერთ დიდ ქილას ან სკივრს, რომელშიც ვდებთ შემდეგ ნივთებს: ნიჟარა, ფოთოლი, კენჭი, ფერადი ცარცი, ქვიშა პაწაწინა პარკში ან პატარა გამჭვირვალე ქილაში, წყლის პატარა ბოთლი, პატარა სათამაშო, წიგნაკი, ფანქარი, გამხმარი ყვავილი და სხვა. თითოეულმა ბავშვმა უნდა ამოიღოს თითო ნივთი და მოგვიყვეს საიდან მოხვდა ის აქ, როგორი თავგადასავალი აქვს მას? ზაფხულში თავადაც ხომ არ შეხვედრია და თუ შეხვედრია, სად და როგორ? სასურველია სკივრში იმდენი ნივთი იყოს, რამდენი ბავშვიცაა კლასში. ასე მეტი მოლოდინი იქმნება და უფრო განსხვავებული, ორიგინალური ამბები შეიქმნება. თუ ეს ნივთები ჩვენთვის განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს, შეგვიძლია ვაჩუქოთ კიდეც მათ. ბავშვებს უყვართ საჩუქრები, განსაკუთრებით კი პირველ დღეს. ჩვენ ამით მათ ნდობასა და პატივისცემას მოვიპოვებთ.
ჩვენი სკოლა
დიდ ფურცელზე სკოლა გვაქვს დახატული, ფანჯრები ღიაა და შიგნით საკლასო ოთახი მოჩანს, ყველა ბავშვი ამ ფანჯარაში, სკოლაში ხატავს თავის სიმბოლოს, ნივთს – იმას, რაც მას გამოხატავს… ეს აქტივობა ეხმარება მათ, რომ აღიქვან სკოლა, კლასი როგორც საკუთარი ნაწილი, სახლი მშვიდ და სასიამოვნო ადგილად, მეორე დღეს შეგვილია ის ნივთები და საგნები მოვატანინოთ ბავშვებს, რომლებიც ქაღალდზე დახატულ სკოლაში ჩახატეს, ნივთებით კი კლასს მოვრთავთ და გავაფორმებთ.
გამოიცანი, რა ან ვინ გამოსცემს ხმას?
მასწავლებელი რთავს სხვადასხვა ხმას: ფოთლების შრიალი, ჩიტის ჭიკჭიკი, ბავშვის სიცილი, წვიმის ხმა, ზარის რეკვა და ასე შემდეგ. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, რის ხმაა. შეგვიძლია წინასწარ დავურიგოთ ბარათები, რომლებზეც ამ ნივთების სახელი იქნება დაწერილი. ხმის მოსმენისას მათ სწრაფად უნდა ასწიონ შესაბამისი ილუსტრაცია.
ცოცხალი ანბანი
შესანიშნავი აქტივობაა ქართულის გაკვეთილისთვის, მასწავლებელი აჩვენებს კონკრეტულ ასოს, მაგალითად მ-ს და ბავშვები ისე უნდა დადგნენ რომ მ მიიღონ. ამ დროს კარგი იქნება ანბანთან დაკავშირებული რაიმე მუსიკის გამოყენება. მაგალითად: https://www.youtube.com/watch?v=sDDvSvOosEY ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მათ მასწავლებელი ეხმარება. კარგი იქნება, ასოების გაცოცხლებისთვის დიდი სივრცე თუ იქნება შერჩეული.
ემოციების კომპასი
შესანიშნავი აქტივობაა გაკვეთილის დასასრულისკენ. დაფაზე გამოკრულია ფურცელზე დახატული კომპასი, რომელსაც მხარეების ნაცვლად ემოციები ახატია, მაგალითად: სიხარული, მოწყენილობა, გაბრაზება, გაოცება, შიში, დაინტერესება. ბავშვები მიდიან კომპასთან და საკუთარ სტიკერებს ან სახელებს აწებებენ იმ ემოციას, რომელსაც თავად გრძნობენ, შემდეგ კი ხსნიან ამ არჩევანს და მასწავლებელთან ერთად საუბრობენ.
საიდუმლო ყუთი – მომავლის ფიქრები
ბავშვები ხატავენ ან წერენ იმ მოლოდინებსა და ფიქრებს, რომლებსაც ისურვებდნენ პირველ კლასში – რა სურვილი აქვთ, რა უნდათ ისწავლონ ან გააკეთონ. ეს მოლოდინები ინახება ყუთში, პირველი კლასის ბოლოს კი ყუთი იხსნება და წელიც შეჯამდება.
ცოდნის პიკნიკი
მასწავლებელი კლასში შლის პიკნიკის ხალიჩას, იქვე აქვს პიკნიკის კალათაც. ბავშვები სხდებიან ხალიჩაზე და კალათიდან ალაგებენ ნივთებს, როგორებიცაა, მაგალითად: გლობუსი, ფანქარი, წიგნი, ფუნჯი, სახაზავი და ასე შემდეგ. მოსწავლეები იწყებენ „ცოდნის პიკნიკს“, ანუ გამოთქვამენ ვარაუდებს თითოეული ამ ნივთის გამოყენება რა ცოდნას მათ მისცემს და რის სწავლაში დაეხმარება.
მხიარული მისალმებები
შესანიშნავი აქტივობაა გაკვეთილის დასაწყისისთვის. კართან დგას დიდი კალათა, რომელშიც აწყვია მოზრდილი ბარათები, თითოეულ ბარათზე ორიგინალური მისალმება წერია, მაგალითად: „გამარჯობა, გაიღიმე!“, „მშვენიერი დღე მისურვებია!“, „საუკეთესო დღე გვექნება!“, „სამყაროს გაუცინე!“ და სხვა. ბავშვი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ბარათს, ამოიღებს და წაიკითხავს ან მასწავლებელი წაუკითხავს. ეს იქნება მისი იმდღევანდელი მისალმება.
ცოცხალი წიგნი – მე ვარ წიგნი, წამიკითხე!
ბავშვებმა უნდა წარმოიდგინონ, რომ თავად არიან წიგნები, რომლებსაც აქვთ სათაური, პირველი გვერდი და ილუსტრაცია. თითოეულ მათგანს აქვს დიდი ფურცელი, სადაც წერენ სათაურს, მაგალითად: „ელენე დაკარგული ვარსკვლავი“, ან „გიორგი საოცრებათა სამყაროში“, ან „თეკლა და რობოტი“ და სხვა. შემდეგ ქმნიან პირველი გვერდის ილუსტრაციას. ბავშვები ერთმანეთს უყვებიან საკუთარ ისტორიებს, ანუ ერთმანეთს კითხულობენ, როგორც წიგნებს.
ექსპედიცია სკოლაში – მეცნიერთა აღმოჩენები
მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს „მეცნიერების პასპორტებს“, პატარა ბარათებს, სადაც მათი ფოტოებია დაწებებული და აწერია მეცნიერი. შემდეგ უხსნის, რომ ისინი დღეს მეცნიერები არიან და მათი მიზანია, შეისწავლონ სკოლა, გამოიკვლიონ და მოაგროვონ მასალები სხვადასხვა სივრციდან. მაგალითად:
ბიბლიოთეკაში იპოვონ ყველაზე სქელი წიგნი და ჩაიწერონ მისი სახელი;
ეზოში მოაგროვონ სამი ფოთოლი;
სპორტდარბაზში დაითვალონ ბურთები;
და სხვა.
ყველა აღმოჩენა საკუთარ პასპორტებში უნდა ჩაწერონ, ხოლო ბოლოს მოაწყონ აღმოჩენების პრეზენტაცია. შესაძლოა ჯგუფებად დაყოფაც. ასეთ შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს თავისი განსხვავებული დავალებები მიეცემა.
საბოლოოდ, ამდაგვარი აქტივობებით ჩვენს მოსწავლეებს მივაჩვევთ იმას, რომ პროცესით ტკბობა შედეგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს სამყარო გასაოცარი აღმოჩენებითაა სავსე, რომ შესაძლოა ჩვეულებრივი რამეები ჯადოსნურ ნივთებად იქცნენ.
მთავარია – მონდომება, ფიქრი, ოცნება და თამაში; თამაში, როგორც ცხოვრების ყველაზე მშვენიერი ნაწილი.