„წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ, არცერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი — რომელიმე ბავშვი რომ იქით გაიქცევა, უფსკრულისკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე — დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში“.
ჯერომ სელინჯერი, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“
ეს წერილი მათთვისაა, ვისაც ჰოლდენ კოლფილდივით დამჭერობაზე უოცნებია, ვისაც არ უოცნებია, მაგრამ თავისდა უნებურად გახდა დამჭერი.
ზოგისთვის დამჭერობა პროფესიაა, ზოგისთვის კი – ცხოვრების წესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანები დიდ საქმეს ემსახურებიან, იმდენად დიდს, რომ ხშირად ამის შესახებ თავადაც არ უწყიან. ისინი ლაპარაკობენ, თავიანთ საქმეს ასრულებენ, ცდილობენ, ძალიან ცდილობენ და ზოგჯერ ყურებსაც ჩამოყრიან ხოლმე, დანებებაც უნდებათ, მაგრამ… განა შეიძლება ცხოვრებას დანებდე, მერე როგორ გინდა, ჭვავის ყანაში მოთამაშეებს თვალებში შეხედო?! ვერ, ვერ იზამენ მაგას და კვლავ იმართებიან, „მერანისა“ და „იგის“ სულისკვეთებას ჭიგოებად შეიყენებენ და აგრძელებენ დარდებითა და იმედებით განოყიერებულ გზას, შესაძლოა, უწინდელზე დიდი შემართებითაც კი.
მასწავლებლობა უცნაური პროფესიაა. აქ ცალსახა მსწავლელი და მასწავლებელი არ არსებობს. დამჭერსა და მოთამაშეს შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია. შენ ასწავლი, ამავდროულად მათგან უფრო მეტს სწავლობ, ზოგჯერ შენ ხარ მათი ყავარჯენი, ზოგჯერ ისინი – შენი. ეს უკუკავშირი რომ არ არსებობდეს, მასწავლებლობის, როგორც პროფესიის, ჩანაცვლებას მართლაც თავისუფლად მოახერხებდა ხელოვნური ინტელექტი.
ამ წერილით სწორედ იმის შეხსენება გვინდა თქვენთვის, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. ზოგჯერ შეიძლება გეგონოთ, რომ თქვენი ხმა ვიღაცის ყურამდეც კი ვერ აღწევს, რომ თქვენი სიტყვები გზაშივე იკარგებიან. გახსოვდეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც თქვენმა სიტყვებმა არათუ ყურამდე, არამედ გულამდე მიაღწია და იქ სამუდამოდ დაიდო ბინა. ამის გამო, შესაძლოა, უკვე მიიღეთ მადლობა სხვადასხვა ფორმით: წერილით, სიყვარულიანი მზერით, გაუმჯობესებული აკადემიური მოსწრებით, საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესით, ჩახუტებით და ა.შ. „ექომ“ იმ მადლიერების მოგროვება გადაწყვიტა, რომელიც მოსწავლეებმა ვერ დაიტიეს და ხმამაღლა გაანდვეს თავიანთ მასწავლებლებს. ჩვენ თქვენს კოლეგებს ვთხოვეთ, რომ გაეგრძელებინათ ფრაზა „ერთხელ ჩემმა მოსწავლემ…“, გაეგრძელებინათ ისე, როგორც სურდათ და იმ სიტყვებით, რომლებიც პირველად გაახსენდებოდათ. მათ მიერ გაზიარებულ დაუვიწყარ ამბებს გიგზავნით, რათა კიდევ ერთხელ დაინახოთ თქვენი როლი მოსწავლეთა ცხოვრებაში და გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა, თქვენი მცდელობა, თქვენი საქმე მნიშვნელობს მაშინაც კი, თუ ამას ხმამაღლა არავინ გეუბნებათ.
ამბავი #1 (თინა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა: „თქვენ ხართ ხუთწლიანი შავი ღრუბლის შემდგომ ლურჯი და კრიალა ცა ჩემს ცხოვრებაში. მადლობა, რომ ჩემს სამყაროში გამოჩენა მოინდომეთ“.
ამბავი #2 (ქეთი მასწავლებელი)
ერთხელ ჩემი მოსწავლე მერხის ქვეშ შეძვრა თავისი რვეულითა და კალმით. როგორც აღმოჩნდა, მოტორიკა ასე უკეთ უმუშავებდა, ყველა ასო სიმეტრიულად მოხაზა. თუ რამე გაუჭირდებოდა, ვთხოვდი ხოლმე მერხის ქვეშ შეძრომას… იქ ყველა დავალებას მარტივად უმკლავდებოდა.
აშკარაა, რაღაც ჯადოსნური ხდებოდა…
ძალიან მინდოდა მის „გუნდში“ ყოფნა და მეც შევუერთდი.
ნამდვილად ჯადოსნური ადგილი აღმოჩნდა. ხატვა მცოდნია…
ამბავი #3 (მირანდა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, ლამაზად და კალმით წერა იმიტომ დავიწყე, რომ თქვენ გაგახარათო (ფანქრით წერდა ხოლმე). შემდეგ ამავე მოსწავლის რვეულში რამდენიმე ადგილას წითელ არეზე აღმოვაჩინე ლამაზად დაწერილი და გაფორმებული ჩემი სახელი.
ამბავი #4 (სოფო მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ გაკვეთილი დამიწუნა, დღეს აქტივობები არ გქონდათ და მოსაწყენი იყოო. მაშინ მივხვდი, რომ მის თვალში მე კარგი მასწავლებელი ვიყავი. ჩემგან მეტს ელოდა, თან იცოდა, რომ გულწრფელად და თავისუფლად შეეძლო საკუთარი შთაბეჭდილებები გაეზიარება და იმედი ჰქონდა, რომ გავითვალისწინებდი. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცი.
ამბავი #5 (ნონა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ, როცა პროექტის დასკვნითი ღონისძიებიდან ვბრუნდებოდით, მითხრა, რომ მუშაობის პროცესში ის უნარები განუვითარდა, რომლებიც ყველაზე დიდ გამოწვევად მიაჩნდა. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
ამბავი #6 (ქეთი მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, ესე იგი, თქვენ 22 შვილი გყოლიათო! ოცეულებისა და ერთეულების შეკრება რომ ისწავლა, პირველად, დამოუკიდებლად, 20 კლასელი და ჩემი 2 შვილი დაუმატა ერთმანეთს და ეს აღმოჩენა გააკეთა…
არ ვიცოდი, რომელი უფრო გამხარებოდა: ცოდნის, გაგებისა და გამოყენების შემდეგ მაღალ სააზროვნო უნარებს რომ შეეჭიდა თუ ის, უპირობოდ რომ მივიღეთ და შევიყვარეთ ერთმანეთი…
ამბავი #7 (მანანა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები და წერილი დამიტოვა მაგიდაზე, მადლიერების ნიშნად.
ამბავი #8 (ანანო მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, რომ ყოველწლიურ სასკოლო კონფერენციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგანაც ძალიან ღელავდა პრეზენტაციის წარდგენისას და მტკიცედ განაცხადა, რომ ამ შიშს ვერ დაძლევდა, მით უმეტეს, დიდი აუდიტორიის წინაშე. იმ წამიდან ვერაფრით მოვისვენე, რადგან ამ უსაყვარლეს გოგონაში, მაშინ მე-7 კლასში იქნებოდა, ისეთი ნაპერწკალი შევამჩნიე, თითქოს თვალებით მთხოვდა დავხმარებოდი ამ გამოწვევის დაძლევაში, თანაც მასში დავინახე დიდი პოტენციალიც, რომელსაც სწორად წარმართვა სჭირდებოდა. ეს ისტორია დაიწყო ასე, ძალიან ბანალურად, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მის შიშებზე, ფიქრებსა და ემოციებზე. მერე დეტალურად გავიარეთ ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკებიც, საჯარო გამოსვლის ნიუანსებზეც რაღაცები გავანდე და ასე ეტაპობრივად დავიხვეწეთ, გავიზარდეთ, ემოციების მართვაც ვისწავლეთ და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტატორია, რომელსაც შეუძლია ყველა ტექნიკისა და ნიუანსის გათვალისწინება, როცა მას ვუსმენ, თვალებზე ცრემლები მადგება და მიხარია, რომ სულ მცირედი წვლილი შევიტანე მის პროგრესში და სწორედ ეს არის ის, რაც მაძლევს მოტივაციას, ვაკეთო საქმე, რომელიც უკეთესობისკენ ცვლის სამყაროს.
ამბავი #9 (გვანცა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ პატარა, ასოებნაკლული ფრაზით მომცა ზუსტად ის ძალა, რომელიც გზის გასაგრძელებლად მჭირდებოდა.
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, მოსწავლეების წასახალისებლად, მოკლე თუ ვრცელ კომენტარებს ხშირად ვტოვებთ მათ რვეულებში. ასე იყო მაშინაც. ახალ წერა-კითხვანასწავლი მოსწავლის რვეულში – „ყოჩაღ!“ – მივაწერე და გავაგრძელეთ სასწავლო პროცესი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მე თვითონ ვიყავი გადამწვარი და გამოფიტული, დანის რვეული გადავშალე და თავისთვის, ჩუმად მიწერილი საპასუხო წარწერა დამხვდა: „გვანც შენც ყოჩაღ”. ეს გამხნევება დღემდე საუკეთესო მოგონებაა ჩემი მასწავლებლად ყოფნის გამოცდილებიდან.
შენი ნასწავლი ასოებით რომ გამხნევებს უკვე – მიყვარს ის შეგრძნება, მაშინ რაც მქონდა.
ამბავი #10 (მირანდა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, მათემატიკის ყველა გაკვეთილზე თქვენზე ვფიქრობო.
ამბავი #11 (მაკა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ, შესვენების დროს, გვერდით ჩამიარა და გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ გარეპა, გაუბედავად. ახალი შესული ვიყავი კლასში. ნიკა არასდროს ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესში და ამაზე სულ ვღელავდი. ალბათ ამიტომაც, ხმაურის მიუხედავად, არ გამომპარვია მისი ხმა. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. ამასობაში ზარიც დაირეკა. მახსოვს, სრულიად სხვა თემას ვამუშავებდით, მაგრამ გაკვეთილი გალაკტიონით დავიწყე და ნიკას მივმართე: – წეღან რას რეპავდი?
დაბნეული წამოდგა, ვერ მიხვდა, რას ვაპირებდი, მაგრამ გულწრფელად მიპასუხა, გალაკტიონსო.
კლასი დუმდა.
ავიღე ტელეფონი და ჩავრთე გალაკტიონისეული ხმა, „ჯერ არასდროოოს…“. არასოდეს დამავიწყდება კლასის რეაქცია, აღმოჩენა, რომ გალაკტიონი თავად „რეპავდა“ იქ.
ნიკა მორცხვად იდგა და ბედნიერი ღიმილით გვისმენდა ყველას (ეს ხშირად არ მომხდარა მანამდე). თვალები უბრწყინავდა: მან შეძლო, გაიმარჯვა, პირველმა აღმოაჩინა! ჩემს ემოციებზე ლაპარაკი, ვფიქრობ, ზედმეტია, ისედაც მიხვდება ყველა. ვისაუბრეთ იმ გაკვეთილზე გალაკტიონზე, კიდევ ბევრი ლექსი მოვისმინეთ, მაგრამ ეს ამბავი აქ არ მთავრდება.
საღამოს მომდის ნიკას დედის სამადლობელი წერილი და ვიდეო. ეს ვიდეო არის იმის დასტური, რომ არ არსებობს მოსწავლე, შესაძლებლობის გარეშე. მთავარია, ჩვენ ვიპოვოთ ის, არ გაგვეპაროს არც ერთი წამი. ხომ შეიძლებოდა, ნიკას მორიდებული და გაუბედავი ხმა გამომპაროდა? მე შევძელი დამეჭირა წამი, რომლითაც მისი ახლიდან გაცნობა შევძელი. ახლიდან გაიცნეს კლასელებმაც.
იმ ვიდეოში ნიკა ზის მაგიდასთან, ხმამაღლა კითხულობს და იზეპირებს გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეს“.
ამბავი #12 (დათო მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, რომ ჩემ გვერდით თითქოს ასაკი ემატება და დიდი ხდება…
ამბავი #13 (მირანდა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, მას, თქვენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო რჩევა მომეცითო.
ამბავი #14 (დათო მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ მითხრა, რომ ორი წლის წინ გაკეთებული დავალება ახსოვს…
ამბავი #15 (ნინო მასწავლებელი)
ერთხელ, მასწავლებლობის პირველ წელს, ჩემმა მოსწავლემ, გვერდით რომ ჩავუარე, თავზე ხელები დაიფარა…
არასდროს ასეთი მტკივნეული არ ყოფილა ძალადობის შედეგის ნახვა. მასწავლებლობა ყველაზე მეტად ადამიანებზე დარდი და ზრუნვა მგონია.
ამბავი #16 (ნინო მასწავლებელი)
ერთხელ (90-იანებში) ჩემმა მოსწავლემ მაგიდაზე ფერადი ძაფების რამდენიმე კოჭა დამახვედრა საჩუქრად. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო, რაც კი მიმიღია. მოსწავლეობაც ყველაზე მეტად ადამიანებზე დარდი და ზრუნვა მგონია.
ამბავი #17 (მირანდა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემი მოსწავლეები ერთმანეთს ჩემ მიმართ სიყვარულში შეეჯიბრნენ.
ამბავი #18 (მანანა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემს მოსწავლეს, რომელიც მაშინ მეათე კლასში სწავლობდა და გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მრავალმხრივი ინტელექტითა და საოცარი სიკეთით, მამა გარდაეცვალა. სანდროს ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, თვითონ ყველაზე უფროსი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ სკოლას ხშირად აცდენდა, აღარ სწავლობდა, რადგან დედას ეხმარებოდა სამი მცირეწლოვანი ბავშვის მოვლაში, დროდადრო მუშაობდა კიდეც სხვა ადამიანებთან დამხმარედ და ზოგჯერ სკოლაში გადაღლილი მოდიოდა. ამხანაგებს თანდათან შორდებოდა, ხშირად კლასელების ირონიულ სახეებსაც ვაფიქსირებდი.
ერთხელ დასვენებაზე გამომიცხადა, რომ სკოლის მიტოვება გადაწყვიტა, მიზეზი არ აუხსნია, დათრგუნული და გაღიზიანებული ჩანდა. თანაკლასელმა ლალიმ ყურში ჩამჩურჩულა: – მათემატიკის მასწავლებელმა სანდროს საჯაროდ, ხმამაღლა უთხრა, ოფლის სუნი აგდის და მოიწესრიგე ეგ პრობლემაო… თავზარი დამეცა, გამოვუდექი და დავეწიე, ვთხოვე, სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო, რადგანაც იმ ღონისძიებაზე, რომელსაც ვამზადებდით, სანდროს მთავარი როლი ჰქონდა შესასრულებელი, ღონისძიების სტრუქტურა ბავშვების მოფიქრებული იყო.
საოცრად წარმატებული გამოდგა ჩვენი ღონისძიება, სკოლის დირექტორმა სანდრო განსაკუთრებულად ნიჭიერ პატარა მსახიობად გამოაცხადა, მათემატიკის მასწავლებელმა, რომელსაც ძალიან უყვარდა მუსიკა, აღტაცება ვერ დამალა სანდროს ნიჭიერებაზე და ცრემლნარევი საჯაროდ გადაეხვია.
მომდევნო გაკვეთილებზე სანდრო აღარ იგვიანებდა, იშვიათად აცდენდა, აღარსად ჩანდა ირონიული სახეები, სწავლას მოუმატა და სემესტრის ბოლოს წარმატებული აკადემიური მოსწრებით გაგვახარა.
დღეს სანდრო სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს და წარმატებული ბიზნესმენია!
ჩემს საყვარელ ნივთებს ამშვენებს მისი ნაჩუქარი კალამი და ორიოდე საინტერესო წიგნი, მახარებს ჩემს დაბადების დღეზე ყოველწლიური ზარი უცხო ქვეყნიდან…
ამბავი #19 (ქეთი მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მოსწავლემ დედა დამიძახა.
ამბავი #20 (თეა მასწავლებელი)
ერთხელ ჩემმა მესამეკლასელმა მოსწავლემ მთხოვა, თვალები დამეხუჭა და რასაც მეტყოდა, გამეკეთებინა. პატარა თითებით ხელისგული გამიშალა და ვარდისფერი, ფურცელი ჩამიდო. მაშინ აზერბაიჯანულენოვან სკოლაში მოხალისედ ვმუშაობდი და ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. უცხო გარემოში ყოფნა მიჭირდა და მეშინოდა, რომ საქმეს თავს ვერ გავართმევდი. ნარმინის ტკბილ ხმაზე თვალები გავახილე, ოთხად გადაკეცილი ფურცელი გავხსენი და ცრემლები ვერ შევიკავე. დიდი ასოებით ეწერა „თეა მასწავლე“. მოგვიანებით შევნიშნე ყვავილებით გაფორმებული გულიც და წარწერა ,,თეა მასწავლებელი“. ღრმად ჩავისუნთქე და პირველად დავაკვირდი სიტყვას ,,მასწავლებელი“. მივხვდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ჩემთვის ეს იყო ამბავი, სამოტივაციო ფრაზა, შეგონება და ცხოვრების გზის მანიშნებელი, რომელმაც სულიერად და ფიზიკურად შემცვალა. დამეხმარა, დაბნეული გოგოს როლი დამეთმო და მებრძოლი გავმხდარიყავი. ნარმინის ფრაზა „მასწავლე“ დღემდე მეხმარება, რთულ პერიოდში ჯავშანი მოვირგო და სირთულეები გადავლახო. დიახ, მე მასწავლებელი ვარ და ვეხმარები მოსწავლეებს, დამოუკიდებელი ცხოვრების კარი უშიშრად გააღონ.
* * *
ძვირფასი ამბების გაზიარებისთვის „ექო“ მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს.
თუ შენც მასწავლებელი ხარ და გაქვს ამბავი, რომლის გაზიარებაც გინდა, რომელიც მასწავლებლების როლს გამოკვეთს და მოტივაციას მოგვცემს, მაშინ გაგვანდე ჰეშთეგით #ერთხელ_ჩემმა_მოსწავლემ ან გამოგვიგზავნე „ექოს“ ფეისბუქგვერდზე.
მანამდე კი, თავი მაღლა ასწიე, მხრებში გაიმართე და შენს იდეებს ხორცი შეასხი, წინ ახალი სასწავლო წელი, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვები და უამრავი დასაჭერი წამია.
შევხვდებით 1001-ე ამბავში.