„მზის სინათლემ, სწრაფად გაფურჩქნილმა ფოთლის კვირტებმა, როგორც ეს კინოში ხდება ხოლმე, თავიდან იმის შეგრძნება გამიჩინა, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად სიცოცხლე თვიდან იწყებოდა“.
(ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, „დიდი გეტსბი“)
საიდან გაჩნდა ზაფხულის სასკოლო არდადეგების იდეა? ერთი რამ შეიძლება თავიდანვე ვივარაუდოთ, რომ არდადეგები სკოლის გაჩენის შემდეგ მოიგონეს… თუ გავიხსენებთ სასკოლო განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტისა და მოვლენის ისტორიას, უნდა ვთქვათ, რომ სავარაუდოდ, ფორმალურ სასკოლო განათლებას საფუძველი პირველად დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი-სამი ათასი წლის წინ, მესოპოტამიასა (შუმერების ცივილიზაცია) და ეგვიპტეში ჩაეყარა, სადაც ბიჭებს უნდა სცოდნოდათ წერის წესები ბიუროკრატიული და რელიგიური საჭიროებებისთვის.
შემდეგ იყო ანტიკური საბერძნეთი (V-IV სს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ძველბერძნული ქალაქების (პოლისები) მოქალაქეებისთვის გრამატიკის, მუსიკის, რიტორიკის სწავლებისა და ფიზიკური განვითარებისთვის. ფორმალური განათლების შემდეგი პერიოდი მოიცავდა ანტიკურ რომს, რომელიც მეტწილად ძველ ბერძნულ მოდელს ეყრდნობოდა და სწავლების ქვაკუთხედად მეტყველების ხელოვნებას (ორატორობას), გრამატიკასა და ლოგიკას განიხილავდა. მოგვიანებით, იოჰან გუტენბერგის მიერ მე-15 საუკუნეში საბეჭდი დაზგის გამოგონებამ წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი განათლებისა და ზოგადად, სწავლების გავრცელებას საზოგადოების ფართო ფენებში.
ერთ-ერთ უძველეს დოკუმენტურ მოწმობად ზაფხულის არდადეგების არსებობის შესახებ მიიჩნევა რომის პაპ გრიგოლ IX-ის 1231 წლის ბრძანება. ამ ბრძანებით, პაპი ყველა კათოლიკურ საგანმანათლებლო დაწესებულებას ავალდებულებდა, რომ ზაფხულის თვეებში, სტუდენტებისთვის შვებულება მიეცათ, რათა ისინი თავიანთ ოჯახებს დახმარებოდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში.
სიტყვა „არდადეგები“, როგორც ჩანს, სუფთა ქართული წარმოშობისაა და ძალიან საინტერესოა როგორც სტრუქტურით, ისე ეტიმოლოგიით. არდადეგები შედგება სამი ნაწილისგან, „არ“ – უარყოფის ნაწილაკი; „დაგი“ – ძველი ქართული ფუძე, რომელსაც მნიშვნელობა აქვს „საქმე“, „სამუშაო“ ან ზოგადად „საქმიანობა“. მაგალითად „სა-დაგი დღეები“, იგივეა, რაც „სა-მუშაო დღეები“ და ბოლოს, „-ები“ – მრავლობითობის ნიშანი ქართულში.
ასევე ნიშანდობლივია, სიტყვა „კანიკულას“ (რუს. «Каникулы», არდადეგები) წარმოშობაც: ძველ რომში, ზაფხულის უცხელეს დღეებს უკავშირებდნენ ვარსკვლავი სირიუსის (ლათ. Canicula – პატარა ძაღლი) გამოჩენას დილით, როდესაც სირიუსი (ლათ. კანიკულა) მზესთან ერთად ამოდიოდა ცის კაბადონზე. ეს ვარსკვლავი დილაობით მხოლოდ 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე დღეებში იყო ყველასთვის ხილული. შესაბამისად, რომაელებმა ამ დღეებს „ძაღლის დღეები“ (ლათ. «dies caniculares») დაარქვეს და ისინი საზაფხულო უქმე დღეებად ითვლებოდა. სწორედ ასე გაჩნდა ტერმინი „canucula”, რომელიც თითქმის ყველა ლათინურ ენაში (ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური და რუმინული) გამოიყენება წლის ყველაზე ცხელი დღეების აღსანიშნად, ხოლო რუსულში ზოგადად, არდადეგების მნიშვნელობით დამკვიდრდა.
რაც შეეხება სასკოლო განათლებასა და მის სავალდებულო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და სტანდარტიზებულ სისტემას, იგი მე-18 და მე-19 საუკუნეებში ევროპასა (XIX ს. დასაწყისი – პრუსია/გერმანია, 1880 წელი – დიდი ბრიტანეთი) და ჩრდილოეთ ამერიკაში (მასაჩუსეტსის შტატი, აშშ, XIX ს. 30-იანი წლები) იშვა. ძირითადად, კაპიტალიზმის განვითარებას და ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციას უკავშირდება: ახალ სამრეწველო საწარმოებს მუდმივად სჭირდებოდათ ახალი ელემენტარული კომპეტენციების მქონე შრომითი ძალები, რომლებიც საჭირო იყო მე-19 საუკუნის სამრეწველო საწარმოებისათვის ქალაქებში თუ ახალ, სამრეწველო რაიონებში.
რამდენიმე მოსაზრება სასკოლო საზაფხულო არდადეგებზე[1]
სასკოლო პროცესის გრძელვადიანი შესვენება დადებითი მოვლენაა: იგი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დაისვენონ, იფიქრონ, დაგეგმონ და გაერთონ — თუმცა ჩნდება კითხვა, რატომ არის ეს შესვენება წლის ყველაზე ცხელი პერიოდში?
მრავალი წლის განმავლობაში, გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ზაფხულის არდადეგების აუცილებლობა წარმოშვა ინდუსტრიამდელი საზოგადოების სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკამ – ამ ვერსიის მიხედვით, ბავშვები ზაფხულობით დამატებითი მუშახელი იყვნენ ოჯახებისათვის, მათ ფერმერულ მეურნეობებში დასახმარებლად. თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს: დიახ, ზაფხული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი გახლდათ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (სადაც ევროპის ქვეყნები და ჩრდილოეთი ამერიკა მდებარეობენ). ამ დროს მიწაზე მომუშავე გლეხები უკვე ხედავენ მათი შრომის ნაყოფს და ემზადებიან შემოდგომაზე მოსავლის აღებისა და შემოდგომა-ზამთრის სამუშაოებისათვის, რაც მუშაობის შენელებას ნიშნავდა (!) და არა „დამატებით“ ხელს ნაკვეთებში.
ზაფხულში „სასოფლო სამუშაოების შენელების“ ვერსია შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს: თუ მოსავალი გაზაფხულზე ითესება და შემოდგომაზე იკრიფება, რატომ უნდა იყოს დასვენება ზაფხულში?
სასოფლო-სამეურნეო არგუმენტი ეჭვქვეშ დგება, როდესაც დეტალურად დავაკვირდებით მიწათმოქმედების სამუშაოების სეზონურ პროცესებს (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). სამუშაოების თანმიმდევრობის გააზრებისას, დავინახავთ, რომ ზაფხული ფერმერული დახმარებისთვის საერთოდ არცთუ ისე შესაფერისი პერიოდია: რეალობაში, განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში, როდესაც ჯერ არ არსებობენ ტრაქტორები და სხვა სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული დანადგარები, სოფლის მეურნეობით დაკავებულ რეგიონებში ბავშვები ყველაზე მეტად გაზაფხულსა (როცა მიმდინარეობდა თესვა) და შემოდგომაზე სჭირდებოდათ (როცა მოსავალი უნდა აეღოთ და გაეყიდათ). ისტორიულად, ბევრი ბავშვი ზაფხულშიც დადიოდა სკოლაში, რადგან ამ დროს შედარებით ნაკლები საჭიროება იყო მათზე ფერმაში. პასუხი, როგორც ჩანს, მარტივია.
რბილად თუ ვიტყვით, კონდიციონერის გამოგონებამდე, ზაფხული, მე-19 საუკუნის ქალაქებში აუტანელი და ცხელი იყო ყველასთვის (გარდა მსხვილი კედლით ნაშენები საცხოვრებელი სახლებისა, რომლებიც მეტად ინარჩუნებდნენ სიგრილეს, ლ.ა.) და შვების პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. განსაკუთრებით ცხელი იყო ზაფხულის დღეები იმდროინდელ, ინდუსტრიულ ქალაქებში. გახურებული ასფალტი, მინა და მეტალი და ქალაქის მიმდებარე უბნების ქარხნებისა და ფაბრიკების გამონაბოლქვი, ერთმანეთს ემატებოდა და ქალაქებს ზაფხულში ნამდვილ ცეცხლის ღუმელებად აქცევდა. მე-19 საუკუნის ქალაქებს შესანიშნავად აღწერს ფრიდრიხ ენგელსი, 1845 წელს დაწერილ კლასიკურ ურბანულ ტექსტში, „მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში“ (Condition of the WorkingClass in England):
„ყოველ დიდ ქალაქს აქვს ერთი ან რამდენიმე უბანი, სადაც მჭიდროდ არის დასახლებული მუშათა კლასის წარმომადგენლები, ე.წ. ჯურღმულები (ინგლ. slums). მართალია, ხშირად სიღარიბე მიჩქმალულია ვიწრო, მიყრუებულ ქუჩებში, პირდაპირ მდიდართა სასახლეების მახლობლად, მაგრამ, როგორც წესი, სიღარიბისთვის გამოყოფილია ცალკე სივრცე, სადაც ის უფრო იღბლიანი კლასების თვალთახედვისგან მოშორებით, იძულებულია თვითონ გადარჩეს, როგორც შეუძლია. ეს ჯურღმულები ინგლისის ყველა ქალაქში ზოგადად ერთნაირია: ყველაზე საძაგელი სახლები ქალაქის ყველაზე ცუდ ნაწილში — უმეტესად გრძელ რიგებად განლაგებული ორ ან ერთსართულიანი აგურის შენობები, ხშირად ქაოსურად განლაგებული, ბევრი მათგანი საცხოვრებლად გადაკეთებული სარდაფებით. ასეთი სახლები, რომლებიც შედგება სამი-ოთხი ოთახისა და სამზარეულოსგან, ეწოდება „კოტეჯები“ და მთელ ინგლისში, ლონდონის ზოგიერთი ნაწილის გარდა, მუშების ჩვეულებრივ საცხოვრებლად ითვლება. ამ უბნების ქუჩები ჩვეულებრივ დაუგეგმავია, ბინძური, ოღროჩოღრო, დაფარული მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით, არ აქვს წყლის გაყვანილობა ან სანიაღვრე არხები და სავსეა მდგარი წლით სავსე მყრალი გუბეებით. მსგავსი უბნების არასწორი და არაორგანიზებული განაშენიანება ხელს უშლის ჰაერის ცირკულაციას, და რადგანაც მცირე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ხალხია დასახლებული, მარტივად შეიძლება წარმოიდგინოთ, როგორ ჰაერს სუნთქავენ ამ უბნებში მცხოვრები მუშები. გარდა ამისა, კარგ ამინდში ქუჩები გამოიყენება თეთრეულის გასაშრობად: ერთი სახლიდან მეორემდე გაჭიმულია თოკები, რომლებზეც ჰკიდია სველი ტანსაცმელი[2]“.
ალბათ ამიტომაც, სკოლებისგან და მომქანცველი ყოველდღიური აქტივობებისგან დასვენება ზაფხულის ცხელ პერიოდში იდეალურ გადაწყვეტილებად ჩაითვალა. გამოდის, რომ სწორედ ქალაქებმა მათში არსებულმა მძიმე საცხოვრებელმა პირობებმა და არა სოფლად ცხოვრებამ, აქცია ზაფხულის არდადეგები ჩვეულ პრაქტიკად. მე-19 საუკუნეში, როცა ქალაქები სწრაფად იზრდებოდა და ზაფხულის არდადეგები ტრადიციად ყალიბდებოდა, სკოლაში სიარული სავალდებულო აღარ იყო. შესაბამისად, სიცხის მატებასთან ერთად, ბევრი მშობელი (რომელიც ამ დროს ჩვეულებრივ მუშაობდა) ბავშვებს უბრალოდ სახლში ტოვებდა, რათა თავი აერიდებინათ ხანგრძლივ, ცხელ და მტვრიან დღეებში, ქალაქებში მათი გადაადგილებისა და აქტივობებისგან.
ზოგადად, მინის, პლასტმასას, აგურისა და ბეტონის „კომბინაცია“ ქალაქურ გარემოში, მის ქუჩებს ნამდვილ ღუმელებად აქცევს — ეს ეფექტი ცნობილია როგორც „ქალაქური სიცხის კუნძულის ეფექტი“ (urban heat island effect). შესაძლოა, ამ ქალაქების ამ „ურბანულმა ეფექტმა“ და დისკომფორტმა გამოიწვია ის, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკისა და ევროპის საშუალო და მაღალი ფენის ოჯახებმა, წესად დაიდეს ზაფხულობით შედარებით გრილ სოფლებში და კურორტებზე დასვენება. საინტერესოდ გვეჩვენება ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) „ჯანმრთელი შენობების პროგრამის“ დირექტორის, ჯოზეფ ალენის სიტყვები, რომლებიც კლიმატსა და შენობების ჰავასთან ადაპტაციას ეხება: „კლიმატი სწრაფად იცვლება, ხოლო ჩვენი შენობები – არა. სკოლების შენობები უკვე ჩამორჩნენ ამ ცვლილებას“.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზაფხულის არდადეგების იდეა არ იყო თავიდანვე უნივერსალური და მისი წარმოშობა და გავრცელება სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდა:
- კლიმატური და სანიტარული მიზეზები: 1) მე-19 საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ქალაქებში (მაგ. აშშ, ევროპა) ზაფხული რთული იყო სანიტარიულად — მაღალი ტემპერატურა, არასახარბიელო ჰიგიენა, ინფექციების გავრცელება; 2) ექიმები და მშობლები თვლიდნენ, რომ ბავშვებისთვის სასარგებლო იყო „დასვენება და სუფთა ჰაერი“.
- სასოფლო-სამეურნეო საჭიროებები: 1) განსაკუთრებით სოფლის რეგიონებში, ბავშვები ადრეულ გაზაფხულსა და ზაფხულის ბოლოს/შემოდგომაზე ოჯახს მეურნეობაში ეხმარებოდნენ (მოსავლის აღება და სხვა სამუშაო). შესაბამისად, სკოლები ზამთარში და ზაფხულში მუშაობდნენ, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბავშვები შინ რჩებოდნენ და მშობლებს ეხმარებოდნენ.
- საგანმანათლებლო რეფორმები: 1) მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკასა და ევროპაში გაჩნდა იდეა, შემოეღოთ უფრო სტანდარტიზებული სასწავლო წელი, სადაც ზაფხული არდადეგებისთვის განისაზღვრა; 2) ეს არ უკავშირდებოდა მხოლოდ განათლებას – მიზეზი ძირითადად გახლდათ ცხოვრების ახალი, ურბანული წესი, რომელმაც საზოგადოებაში ცვლილებები გამოიწვია და თავისუფალი დროის გატარებისა და დასვენების ახალი წესები და იდეალები ჩამოაყალიბა.
როდის შემოიღეს საზაფხულო არდადეგები საქართველოში?
საქართველოში ზაფხულის არდადეგების ფორმალურად დანერგვა იწყება საბჭოთა პერიოდში, 20-იანი წლების ბოლოს, განათლების სისტემის სტანდარტიზაციის პროცესში. მთავარი ეტაპები: 1) 1920–30-იან წლებში, საბჭოთა განათლების მოდელში ჩაიწერა სტანდარტული სასწავლო წელი, რომელიც ზაფხულში არდადეგებით მთავრდებოდა – ზაფხულის არდადეგები უმეტესად ივნისის ბოლოს – სექტემბრის დასაწყისამდე იყო განსაზღვრული. ეს მოდელი დიდწილად მშრომელთა ბავშვების დასვენებას, პიონერულ ბანაკებში დროის გატარებასა და ორგანიზებული საბავშვო აქტივობების იდეას ეფუძნებოდა.
გარდა ამისა, საზაფხულო დასვენების აუცილებლობას, საქართველოს კლიმატური პირობებიც უწყობდა ხელს – სსრკ-ს საქართველოზე ჩრდილოეთით მდებარე რესპუბლიკებისგან (რუსეთი, ბელარუსი, ბალტიისპირეთი, ყაზახეთი, სხვა) განსხვავებით (სადაც შედარებით გრილი ზაფხული იყო) — ზაფხულის სიცხისგან ბავშვების გარიდებისა და ნაწილობრივ სოფლად სამუშაოების საჭიროებები აქ ჯერ კიდევ არსებობდა. შესაბამისად, ზაფხულის პაუზა (არდადეგები), იმდროინდელი საბჭოთა საქართველოს რეალობაში, სრულიად რაციონალური და გონივრული გადაწყვეტილება იყო.
დღეს საქართველოს სკოლებში:
- სასწავლო წელი სექტემბერში იწყება (უფრო ხშირად სექტემბრის შუა რიცხვებში) და მთავრდება მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში.
- ზაფხულის არდადეგები გრძელდება ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე — დაახლოებით 3 თვე, რაც ევროპასთან და აზიის ქვეყნებთან შედარებით გრძელ პერიოდად ითვლება.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით სკოლების უმეტესობა სასწავლო პროცესს უკვე ამთავრებს და მოსწავლეებს ხანგრძლივი არდადეგები ეწყებათ. უფროსების უმეტესობა ზაფხულშიც მუშაობს, მაგრამ ბავშვები, დღესდღეობით, ზაფხულის არდადეგებით სარგებლობენ, რაც წამყვანი მეცნიერებისა და ბავშვთა განვითარების ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, ძალიან საჭირო და სასიკეთოა მომავალი თაობის სწორი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.
[1] წყარო: https://blog.tcea.org/summer-break-history/ )
[2] Friedrich Engels, “Die Lage der arbeitender Klasse in England” (Condition of the Working Class in England) (1845), Druck und Verlag der Otto Wigand, 1845.Leipzig; p.45, წყარო: https://www.marxists.org/archive/marx/works/download/pdf/condition-working-class-england.pdf