შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

„ეს მე ვარ“, ანუ ნამდვილისა და ყალბის გარჩევის უნარი ციფრულ ეპოქაში

ერთ ზღაპარში პერსონაჟი თავის დაკარგულ დას ეძებს. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადაივლის და მიაგნებს კოშკს, სადაც მისი და ჰყავს ავსულს გამოკეტილი. ანტაგონისტი უამრავ ურთულეს დავალებას აძლევს, ოღონდ კი ტყვე არ გაათავისუფლოს. მთავარი გმირი ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ჯადოქარი მას ოთახში შეიყვანს, სადაც და დახვდება, მაგრამ ეს ბოლო ამოცანა ყველაზე რთული აღმოჩნდება: დასთან ერთად ოთახში უამრავი გოგონაა, მასავით ჩაცმული და მისი მსგავსი. ბიჭს უწევს, ამ უამრავი ერთნაირიდან თავისი და ამოარჩიოს, სხვაგვარად მარცხისთვის არის განწირული. აქ იწყება ამბავი: ყველა ერთნაირად იქცევა, ერთი მიატრიალებს თავს – დანარჩენებიც მიტრიალდებიან, ერთი გაიხედავს – სხვებიც მას ბაძავენ… პროტაგონისტი საგონებელშია. მაგრამ, აი, ხდება რაღაც განსხვავებული, ბიჭი ამჩნევს, რომ ყველანი ჰაერში ასოების მოხაზვას იწყებენ, მაგრამ მხოლოდ ერთი წერს: „ეს მე ვარ“. დანარჩენები უბრალოდ იმეორებენ მის ქცევას და გაურკვევლად, უმისამართოდ ამოძრავებენ ხელებს. ეს გახდება გამარჯვების მომტანი – ყმაწვილი ათას ერთნაირ არსებაში ამოიცნობს დას და ბოროტის კლანჭებიდან დაიხსნის, ყალბისა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი დაეხმარება, სიკვდილს გადაარჩინოს ყველაზე ძვირფასი.

ასეა ჩვენს სინამდვილეშიც – ხშირად გვიწევს ცრუსა და ნამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა, რაც უმეტესად სულაც არ არის ადვილი.

ეს ზღაპარი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჩვენს დროში – ინფორმაციის ეპოქაში, როცა ყალბთა შორის ჭეშმარიტის ამორჩევა ხშირად გაცილებით ძნელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

დღეს, როცა ყველა ადამიანს (და არა მხოლოდ ადამიანს – ხელოვნურ ინტელექტსაც) შეუძლია ინფორმაციის გავრცელება, ყოველდღიურად ვაწყდებით ზღაპარში აღწერილი სცენის ციფრულ ანარეკლს. სოციალური ქსელები, ახალი ამბების ვებგვერდები, ვიდეოპლატფორმები – ყველა ივსება ერთნაირი შინაარსით, იმეორებს ერთმანეთს ვიზუალურადაც, ტექსტითაც და აზრობრივადაც.

პრობლემა ის არის, რომ ამ ნაკადში ჭეშმარიტი ინფორმაცია (ზღაპრისეული ნამდვილი და) ადვილად შეიძლება ჩაიკარგოს იმიტაციებს შორის, რომლებიც ან განზრახ გვატყუებს, ან, უბრალოდ – გაუაზრებლად იმეორებს.

დეზინფორმაცია და მითები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიზუალურად და ემოციურად „დამაჯერებლადაა“  შეფუთული, ხშირად იმარჯვებს. სოციალური მედიის ალგორითმები უპირატესობას ანიჭებს იმას, რაც მარტივად ვრცელდება, რაც ძლიერ ემოციებს აღძრავს. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ჭეშმარიტება.

ზღაპრის მსგავსად, ყველაფერი „ერთნაირი“, არცთუ იშვიათად, ცარიელი იმიტაციაა. მხოლოდ დაკვირვება, განსჯა და კითხვების დასმა შეიძლება დაგვეხმაროს ნამდვილის ამოცნობაში.

და მაინც, როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“?

ზღაპრის გმირის გამარჯვება ეფუძნება არა ჯადოქრობას, არამედ ყურადღებას: მან დაკვირვებულობის წყალობით შეამჩნია ის, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა: მხოლოდ ერთი არსება არ იმეორებდა ქმედებას მექანიკურად, არამედ ქმნიდა აზრს – „ეს მე ვარ“.

ასევეა რეალურ ცხოვრებაშიც. საწუხაროდ, ამ პრობლემას ხშირად ვხვდებით ჩვენს მოსწავლეებთანაც, რომლებსაც, გამოუცდელობის გამო, უფრო მეტად უჭირთ სიყალბესთან გამკლავება.

დღეს, ციფრულ ეპოქაში, ჩვენც ვდგავართ ოთახში, რომელიც სავსეა ასობით „ინფორმაციული ტყუპისცალით“. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს: ათეულობით სტატია ერთ თემაზე; ფოტოები, რომლებიც განსხვავებულ კონტექსტში მეორდება; ვიდეოები, რომლებიც ემოციებს აღძრავს, მაგრამ არასწორად წარმოგვიდგენს სინამდვილეს…

ამ ყველაფერში რთულია ნამდვილის ამორჩევა. ყველა იმეორებს, ეს მე ვარო, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ატარებს შინაარსს. ისევე, როგორც ზღაპარში, ყალბისა და ნამდვილის გარჩევის უნარი გადამწყვეტია გადარჩენისთვის.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ „ოთახში“ სწორად ორიენტირებაში?

ვასწავლოთ დაკვირვება სიღრმისეულზე და არა მხოლოდ ფორმაზე: ვასწავლოთ, რომ ინფორმაციის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა ის, როგორ გამოიყურება, არამედ რას ამბობს და რატომ ამბობს.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა იმეორებს მოძრაობას, მაგრამ მხოლოდ ერთი ქმნის შინაარსს – წერს: „ეს მე ვარ“.

ვასწავლოთ მუშაობა წყაროზე – ვინ ჰყვება ამბავს? ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაასრულონ კითხვა: „საიდან მოდის ეს ინფორმაცია და რატომ მითხრეს ეს?“

გავიხსენოთ: ზღაპარში ყველა გოგონა ერთნაირი ჩანს, მაგრამ ნამდვილობის მოწმობა მხოლოდ ერთს აქვს – მისი მოქმედება არა მექანიკური, არამედ შეგნებული, გააზრებულია.

ვასწავლოთ ფაქტების გადამოწმება – სოციალურ მედიაში გავრცელებული ამბების გადამოწმება მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა იქცეს ჩვეულ პრაქტიკად.

გავიხსენოთ: ზღაპარში ყმაწვილი არ შეაცდინა მასობრივმა ქცევამ, დაკვირვებით გაარჩია ნამდვილი იმიტაციისგან.

ვასწავლოთ ემოციური გავლენის შეფასება – სტატიის ან პოსტის შეფასებისას ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა: რატომ მემართება ასე? ცდილობს თუ არა ინფორმაცია, ჩემზე ემოციურად იმოქმედოს და არა მცოდნე ადამიანად მაქციოს?

გავიხსენოთ: ზღაპარში მხოლოდ ერთი გოგონა გადმოსცემს მესიჯს, დანარჩენები ცდილობენ, ცრუ რეაქციებით მიიზიდონ ბიჭი.

ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული კითხვების დასმა ინფორმაციის შესამოწმებლად: ვინ ავრცელებს ინფორმაციას? (წყაროს შეფასება) არსებობს თუ არა მტკიცებულება? (შინაარსის ღირებულება). ემოციურ გავლენას ახდენს წაკითხული? (მანიპულაციის გამოვლენა) შეგვიძლია თუ არა გადამოწმება? (ფაქტების დადასტურება) როგორ ემსგავსება ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს? (შედარებითი ანალიზი)

ზღაპრის გმირი მხოლოდ ფიზიკური დაბრკოლებების გადალახვით არ აღწევს მიზანს – ის სიღრმისეული დაკვირვებით, კრიტიკული ანალიზით, აზრის წაკითხვით იპოვის ძვირფასს და გაიმარჯვებს.

იგივე გვმართებს დღესაც – ბავშვსაც, ზრდასრულსაც, მასწავლებელსაც.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, როგორ დააკვირდნენ და ამოიცნონ, როცა ყველა ამბობს: „ეს მე ვარ“.

შეგნებული კითხვა, დამოუკიდებელი ფიქრი და ფაქტების გამორჩევა არის ის გზა, რომელიც არა მარტო ინტერნეტში, არამედ ცხოვრებაში გვეხმარება „ნამდვილისა“ და „ყალბის“ გარჩევაში.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ასეულობით „ინფორმაციული ხმა“ ერთდროულად გვეძახის, ჭეშმარიტების ამოცნობა ხშირად ზღაპრულ გმირად გვაქცევს. ჩვენ, ამ პატარა ბიჭივით, ვდგავართ ოთახში, სადაც ყველას ერთი სახე აქვს, ყველა ერთნაირად იქცევა, ყველა ამბობს: „მე ვარ“. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი ქმნის აზრს, ამჟღავნებს თავს და იმსახურებს ნდობას.

ჩვენი – მასწავლებლების, მშობლებისა და საზოგადოების – მისიაა, ვასწავლოთ მომავალ თაობას იმის დანახვა, რაც ზედაპირზე არ ტივტივებს. ვასწავლოთ მათ, რომ კრიტიკული აზროვნება თავისუფლების გზაა.

იმისთვის, რომ ბავშვმა ამოიცნოს, ვინ ამბობს: „ეს მე ვარ“, – უნდა შეეძლოს კითხვა, დაკვირვება, გაჩერება და ფიქრი.

მთავარი გმირივით, ჩვენც უნდა ვისწავლოთ ყალბისა და ნამდვილის გარჩევა. როცა ყველა ამბობს: „მე ვარ“, მხოლოდ დაკვირვებულ გონებას შეუძლია, ამოიცნოს ის ერთი, ვინც აზრს წერს ჰაერში. და თუ ამას ბავშვებსაც ვასწავლით, ისინი არ დაიკარგებიან ინფორმაციის ზღაპრულ, მაგრამ ხშირად დამაბნეველ ლაბირინთში – მათ ეცოდინებათ, როგორ იპოვონ ჭეშმარიტება მაშინაც კი, როცა ის ყველაზე ჩუმად ხმიანობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“