პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
3 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

აკაკის სიზმრად მოვლენილი ნათლის სვეტი

გაღმერთებული სამშობლო

აკაკი წერეთელთანაც, როგორც ილიასთან, მამულის ცნება, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა საკრალიზებულია.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში უამრავ ისეთ სახე-სიმბოლოს მოუყრია თავი, რომელთა არქეტიპები თუ ფესვები უძველეს ქრისტიანულ კულტურასა და მწერლობაშია საძიებელი, თუმცა ეპოქისა და მწერლის ინდივიდუალური ხედვის შესაბამისად ტრანსფორმირებულები. ამასთან ქრისტიანულმა სიმბოლიკამ აკაკისთან მხატვრული ფუნქციაც კარგად შეითვისა და განსხვავებული სახით წარმოჩნდა. მაგრამ ძირითადი დანიშნულება და ქრისტიანული შინაარსი შეინარჩუნა, უფრო მეტიც, მათ ქრისტიანულ, სარწმუნოებრივ შინაარსს ეროვნული შინაარსიც დაუკავშირა, რაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეპოქის მწერლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია.

აკაკი წერეთლის პროზასა თუ პოეზიაში სიზმარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც დამაკავშირებელ რგოლს ამქვეყნიურობასა და ზეციურს შორის. მხატვრული თვალსაზრისით, ლიტერატურაში სიზმარს ხშირად იყენებენ, თუმცა აკაკი წერეთლის „სიზმრები“ არ არის მხოლოდ მხატვრული ხერხი, ის ხიდის, ლიმინალური ზღურბლის ფუნქციასაც ასრულებს. თავის თავში აქცევს აწმყოს წარსულს და მომავალს, რითაც მარადიულობის ილუზიას ქმნის, დროის ერთიანი, დაუნაწევრებელი მსვლელობა კი ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილია.

აკაკი წერეთლის მიერ საკუთარ შემოქმედებაში სიზმრების მოხმობა და ხშირ შემთხვევაში სათაურად მათი გამოტანა (ლექსი: „სიზმარი“, მოთხრობა: „ორი სიზმარი“ და სხვ.) იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ავტორი შეგნებულად და გააზრებულად მიმართავს სიზმრებს, რაც არა მხოლოდ მხატვრული სამკაულია, არამედ ეპოქის მიერ ნაკარნახები საჭიროებაც. კ. იუნგი არქეტიპებზე მსჯელობისას აღნიშნავს: „… მრავალი ასეთი არქეტიპული ხატი არსებობს, მაგრამ ისინი არ წარმოაჩენენ თავს სიზმარსა თუ ხელოვნების ნაწარმოებში, თუკი საერთო გზიდან გადახვევა არ აამოქმედებს მათ. როცა შეგნებული ცხოვრება ცალმხრივი ხდება ან მცდარი გზით მიემართება, ეს ხატები „ინსტინქტურად“ ამოდიან ზედაპირზე სიზმრებსა და ხელოვანის ან ნათელმხილველის ფანტაზიებში, რათა აღადგინონ როგორც ინდივიდის, ასევე ეპოქის ფსიქიკური ბალანსი“. აკაკიმ იგრძნო საფრთხე, რომ მისი სამშობლო, მისი „ხატი“ ტრადიციული გზიდან უხვევდა, გარეგან თავისუფლებაწართმეული შინაგან თავისუფლებასაც კარგავდა, ქრისტეს მცნებებს ივიწყებდა, მცდარი გზით მიდიოდა, „გარუსება“ დღითიდღე უფრო საშიში ხდებოდა, ქართველთა გულებში რაღაც უხილავი ძალა სამშობლოს ჩანაცვლებას ცდილობდა. სწორედ ამ საკითხების გაცნობიერების კვალდაკვალ მწერლის შემოქმედებაში ამოტივტივდა უძველესი ქრისტიანული არქეტიპი – ნათლის სვეტი. აღსანიშნავია, რომ ნათლის სვეტი აკაკისთან სიზმრებში ვლინდება. ქრისტიანული თვალთახედვით, რაც სიზმრად ეძლევა ადამიანს, ერთი ოცნებაა, მეორე ჩვენება და სხვა გამოცხადება. „გამოცხადება წმინდა და ნათლითმოსილი სულის ზემგრძნობიარე ჭვრეტაა, რომელიც ამა თუ იმ საკვირველ ღვთიურ საქმეებსა და დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს წარმოაჩენს“. მიგვაჩნია, რომ აკაკის „სიზმრები“, სადაც წარმოჩნდა ნათლის სვეტი, გამოცხადებაა, იგი უფრო მეტია, ვიდრე სიზმარი. ძველი აღთქმის წიგნებში სიზმრები ღვთის ნების გაცხადების ერთ-ერთი საშუალებაა.

„ბაში-აჩუკის“ დასაწყისშივე აღწერილია მოძღვრის სიზმარი, რომელიც ერთგვარი შინაარსია, წინასწარმეტყველებაა ნაწარმოებისა, იგი პირველი წერტილია აქ მოთხრობილი ამბის განვითარებისა. სიმბოლური სახეებითაა წარმოდგენილი საქართველო, მტერი და სამი ჭაბუკი. ეს სიმბოლური სახეები ისეთი სახეებია, რომლებიც ადვილად ასახსნელია. ნაწარმოების მსვლელობის დროს კი ამ სიმბოლურ სახეებს ნელ-ნელა ფარდა ეხდება, ნელ-ნელა კარგავენ თავის სიმბოლურობას და რეალურ სახეებად ყალიბდებიან. ეს რეალური სახეები კი ზედმეტად რეალურნიც კი არიან, ისტორიულად არსებულნი. ზღაპრული სახეებიდან (გველეშაპი, თეთრი მხედარი და სხვ.) ისტორიამდე – აი გზა, რომელსაც „ბაში-აჩუკის“ მკითხველი გადის. ამ შემთხვევაში ნაწარმოებში მოხმობილ სიზმარს, გარდა მხატვრული ფუნქციისა, გარდა კვანძის შეკვრის დანიშნულებისა, უფრო არსებითი როლიც აკისრია. ეს არის ირეალურისა და რეალურის შეკავშირება, ერთგვარი მედიუმობა, შუამავლობა. სწორედ ამ ლიმინალურ ზღვარზე, რომელიც „არც იქითაა“ და „არც აქეთ“, გვევლინება ნათლის სვეტი, სამშობლოს მტრის (გველეშაპის) დამმარცხებელი სამი მეომრის ცხედარზე გადმოსული. „შიგ რომ შევედით, საყდარი ცარიელი იყო, მხოლოდ აღსავლის კარებთან ის სამი მეომარი ესვენა: ამ სოფლით გასულიყვნენ… თავზე ნათლის სვეტი ადგათ და მაღლით გალობა გუნდთა ისმოდა: „წმინდათა თანა განუსვენეო“ და სხვანი“. აქაც, როგორც ჰაგიოგრაფიაში, ნათლის სვეტი მსხვერპლშეწირვის ჟამს ვლინდება, როგორც ნიშანი ღვთისა, ან ღვთისჩენა, მოწამის წმინდანად შერაცხვის მაუწყებელი. თუმცა ჰაგიოგრაფიაში რწმენას, უფალს ეწირებიან მსხვერპლად, აკაკისთან კი, როგორც ილიასთან, მსხვერპლშეწირვის საგანი სამშობლოა. ამ ორ მწერალთან მამულის იდეა ღმერთამდეა აყვანილი. „ბაში-აჩუკში“ ეს კარგად ჩანს, როდესაც ავტორმა საქართველო ცხოვრების ხედ, სვეტი ცხოვლის უძველეს პარადიგმად, ბიბლიურ ცხოვრების ხედ წარმოსახა: „საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დარჩენილი და ზედ ქრისტეს რჯული დამყნილი… ხე, როგორც მცენარე, მოურწყველად ვერ იხარებს; ისე ეროვნების ხესაც ძირის გასამაგრებლად და ფესვების განზე გასადგმელად ოფლთან ერთად ხანდახან წმინდა მოწამებრივი სისხლიც ეჭირვება სარწყავად!..“.

მამულისთვის, სამშობლოს თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი, მოწამეობა ნათლის სვეტით მტკიცდება, მოწმდება მათი მსხვერპლშეწირვა – „უფალი სამშობლოსთვის“. ეს ნათლის სვეტი კი ის ნათლის სვეტია, ქართული ჰაგიოგრაფიის გმირებს რომ ადგებოდათ ღვთიურ შარავანდედად, მათ ნაწამებ სხეულებს რომ გადმოადგებოდა, ღვთის ჩენას და სასწაულს რომ მოასწავებს. ეს ნათლის სვეტი არ არის ილიასეული განდეგილის სარკმელში შემოჭრილი მზის სხივი, ხანდახან სვეტადაც გარდაქმნილი, იგი მაშინ ჩნდება, როცა მოწამეობა უკვე აღსრულებულია. სიზმარში იხილვება იგი, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ აკაკის დროინდელ გაუცხოებულ საზოგადოებაში სვეტმა რეალობიდან სიზმარში გადმოინაცვლა, რადგან ქართველობამ რწმენა დაკარგა, ის რწმენა, რომელსაც ნათლის სვეტის გამოვლენა აძლიერებდა და კვებავდა ხოლმე.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ისევ სიზმრისეულ ჩვენებად გვევლინება სვეტი ნათლისა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოთხრობას მინაწერი აქვს – მოხუცის მოგონება, რაც იმის მაუწყებელია, რომ თხზულებაში განვითარებული მოვლენები წარსულის კუთვნილებაა. „ბაში-აჩუკიც“ ასევე წარსულს გამოხატავს, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აკაკი ნათლის სვეტს წარსულს მიაკუთვნებს, ისიც წარსულ სიზმარს. მწერალს თანამედროვე ეპოქაში არ ეგულება ან აღარ არსებობს ნათლის სვეტი, რადგან „ორ სიზმარში“ ასახულ გარუსებისა და ეროვნულობის განადგურების პოლიტიკას შედეგი გამოუღია. ეროვნულობის ჩაკვლასთან ერთად ნათლის სვეტიც მიჩქმალულა, გამქრალა.

მოთხრობაში „ორი სიზმარი“ ასახულია ქართველი გიმნაზიელი ყმაწვილის გრძნობა-განცდები. ყმაწვილის თვალით დანახული და აღქმულია მწარე რეალობა, როდესაც უცხო ძალა, აქამდის მისთვის უცნობი და გაუგებარი, ცდილობს ყველაფერი ის ჩაუკლას და შეურაცხყოს, რაც მისთვის აქამდე უძვირფასესი და სანუკვარი იყო. გრძნობა-ემოცია ერთმანეთს ცვლის, თუ თავდაპირველად რუსებიც მას დიდებულ და წმინდა ერად ესახება, შემდეგ იგი ნაბიჯ-ნაბიჯ აცნობიერებს ამ ერის სიმუხთლეს და ვერაგობას. ამის გაცნობიერებაში კი ისევ რუსი მასწავლებელი ეხმარება: ქართული სახარების კედელზე შეხეთქებით. აქ სიმბოლურ-ალეგორიულად არის გააზრებული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ რუსეთი არა მარტო ეროვნული სულის ჩაკვლას ცდილობდა, არამედ ქართველთა რწმენასაც უდიერად ექცეოდა. ყველაფერი ეს კი პატარა ბიჭის სიზმრებში ვლინდება: როგორც ყველაზე თავისუფალ ადგილას, სადაც რუსები ვერ შეაღწევენ. „ბიჭოს!… აკი ესენი გუშინ ქრისტიანები იყვნენ?! დღეს სამოსელი გადაუგდიათ და კერპთთაყვანისმცემლობას აღიარებენ! „შევწიროთ მსხვერპლი მამონასაო!“ – იძახიან. სისხლიანი დანით ხელში მიარბენინებენ სამსხვერპლოდ გაწირულ ახალგაზრდებს ვიღაც გამხეცებულები!…. ცეცხლი მეკიდება, აგერ სადაც არის გული შემიწუხდება! მაგრამ დაილოცოს ღვთის სამართალი… დაიელვა, ყოველი გაანათლა; დაიქუხა და გავარდა მეხი, მოხვდა ანტიქრისტეს და ისიც თავის თანამოზიარეებით ჩავარდა ქვესკნელში.

შორით გამოჩნდება ნათლის სვეტი და თან მოჰყვება ქრისტე, ცოდვილთა და მართალთა განსასჯელად“.

ასე მთავრდება მოთხრობა. აქ ნათლის სვეტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ნიკოლოზ გულაბერისძის საკითხავის ერთ-ერთ სასწაულში, როდესაც ნათლის სვეტი ჯოჯოხეთში ჩადის იესო ქრისტესთან ერთად მართალი სულის გამოსახსნელად. ამ შემთხვევაში ნათლის სვეტი მამა ღმერთის სახეა, ისევე, როგორც გულაბერისძესთან. „ორ სიზმარში“ ნათლის სვეტი ასევე უფლის ნიშანია, რაც მოასწავებს მომავალ აღდგომას და ქვეყნის მტარვალთაგან განთავისუფლებას.

საინტერესოა ლექსი „სიზმარი“. აქაც სიზმარში ვლინდება ნათლის სვეტი:

ეს რომ ბრძანა, ნათლის სვეტად

გადმოეშვა ცისარტყელა…

აიტაცა შუქთა შუქი

და მას გაჰყვა თანვე ყველა!…

[ა. წერეთელი 1990: 54].

რეალობას უპირისპირდება სიზმარი, ილუზია, ავტორის სულის სიღრმეებში არსებული ოცნებები და სურვილები სიზმარში ისხამს ფრთებს.

ნათლის სვეტის ცისარტყელად გარდასახვა პოეტისთვის დამახასიათებელია. პოემა „თორნიკე ერისთავშიც“ ცისარტყელა ითავსებს ნათლის სვეტის „დანიშნულებას “.

აკაკი წერეთლის შემოქმედებაში ნათლის სვეტი თუ ცისარტყელა ვლინდება როგორც ღვთის ნიშანი, როგორც რწმენისა და მომავალი იმედის სიმბოლო, როგორც ღმერთი, როგორც სამშობლოსთვის მსხვერპლად შეწირულ მოწამეთა წმინდანობის მანიშნებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“