ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა კითხვისთვის, ახალი ავტორების გაცნობისთვის. მინდა, ამ სტატიაში ვისაუბრო ჩემთვის გამორჩეულად ძვირფას, მშობლიურ მწერალზე – ნოდარ დუმბაძეზე, რომლის მოთხრობებს ჩემს მოსწავლეებს მეოთხე კლასიდან ვურჩევ.
ხშირად ისმის კითხვა, ნაადრევი ხომ არ არის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ამ მწერლის ტექსტებთან შეჭიდება. მკითხველთა ნაწილს მიაჩნია, რომ დუმბაძის შემოქმედების სიღრმისეულად გასააზრებლად გარკვეული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაა საჭირო, თუმცა ის, რის გამოც მის სამყაროში მოგზაურობა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სიყვარულის, ემპათიისა თუ ერთგულების მაგალითების უზარმაზარი საბადოა, რომელსაც დაუნანებლად უზიარებს მკითხველს მწერალი.
საქართველოში ალბათ გაგიჭირდებათ ისეთი ბავშვის პოვნა, ნოდარ დუმბაძის ერთი ლექსი მაინც რომ არ იცოდეს ზეპირად. მეც მათ შორის ვიყავი. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ დამქონდა ყველგან ის ძველი, ყდაშემოგლეჯილი კრებული, ბებიაჩემის მიერ საგულდაგულოდ დაკემსილი, ფურცლებად დაშლას გადარჩენილი. საგულისხმოა, რომ საბავშვო ლექსებს მწერალი საკუთარი შვილებისთვის წერდა და რა გასაკვირია ყველაზე სამართლიანი „ცენზორების“ მიერ მოწონებული ტექსტების ასეთი წარმატება.
მიუხედავად საოცარი სიმსუბუქისა, რის გამოც ნოდარ დუმბაძე ხშირად გახვეულა კრიტიკის ქარცეცხლში, მის პროზას თავშესაქცევ ლიტერატურას მაინც ვერ დავარქმევთ. აქ დილის სუსხიან ბინდბუნდში გახურებული ბუხარივით დროულია ყველა სიტყვა, პერსონაჟი და ამბავი. მეტიც, მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ ჩვენი მშობლების ეპოქა ბევრად უფრო მშობლიური და გასაგები ხდება, ვიდრე საკუთარი. თუმცა მეოცე საუკუნე მის თხზულებებში არცთუ ისე მიმზიდველად გამოიყურება – ომი, შიმშილი, თითოეული ლუკმის მოპოვებისთვის ბრძოლა… დუმბაძის პირით მოთხრობილი ყველასათვის კარგად ნაცნობი ისტორიები ბევრად უფრო ახლობელი და ხელშესახებია, თითქოს იმ შვილმკვდარი მოხუცების ტაბლასთან ჩვენც ვისხედით, კეციდან ახალამოყრილი მჭადის კოკრები სულის ბერვით დავამტვრიეთ და იმედის ნამცეცებიც გვერგო მისატანებლად. თითქოს ჩვენი სოფლის მტვრიან გზაზე ჩაიარა მეოცე საუკუნემ – ომმა და მშვიდობამ, დაკარგვის შიშმა და დაბრუნების სიხარულმა.
სიცოცხლე ხანდახან ისე სწრაფად გადის, შესაძლოა, საკუთარი წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან სიუჟეტს გადაახტე, არ წაიკითხო. მწერალის მთავარი სატკივარიც ეს არის – ფუჭად დახარჯული დრო, უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანი, თითქმის ცხოვრება:
„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით… დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები მკვდრეთით“.
ნოდარ დუმბაძის წიგნებიდან მსოფლიო ლიტერატურის მწვერვალებამდე, როგორც მკითხველმა, საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. ამ გზაზე ყოველთვის ისეთ პერსონაჟებს ვუმეგობრდებოდი, მათი არსებობა მნიშვნელოვან საიდუმლოდ რომ უნდა შეგენახა. აი, ისეთებს, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, არჩილ სულაკაურის, გოდერძი ჩოხელის, გურამ დოჩანაშვილის და სხვათა წიგნებში მრავლად რომ ცხოვრობენ. მაგრამ კანუდოსამდე და მაკონდომდე ჯერ შორს იყო, ფოლკნერის ბენჯამინამდე ჯერ ბეჟანა (რომანის „მე ვხედავ მზეს“ პერსონაჟი) უნდა გამეცნო – ჩვენი დროის ნამდვილი გმირი – და მზისთვის თვალი გამესწორებინა. სწორედ ამ რომანის წაკითხვის შემდეგ დავინახე პირველად, რომ მტერიც ადამიანია, ხანდახან ტყუილი გადარჩენის ტოლფასია, ხალხსა და ბრბოს შორის დიდი განსხვავებაა, რომ პატიება ძალიან გვიჭირს…
„უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დაწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.
შეუძლებელია, ვისაუბროთ ნოდარ დუმბაძეზე და არ გაგვახსენდეს დასასვენებელი პარკი „მზიური“, სადაც დგას მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ პერსონაჟთა ქანდაკება. ამ პარკში ერთხელ მაინც თუ გაგისეირნიათ, აუცილებლად ნახავდით ზურიკელას უფროსი მეგობრებისა და ბებია ოლღას გარემოცვაში. იუმორისა და სევდის არომატით ზომიერად შეზავებული ეს ავტობიოგრაფიული რომანი მწერლის სავიზიტო ბარათად იქცა, მერაბ ბერძენიშვილის ზემოაღნიშნული ნამუშევარი კი ბავშვთა ქალაქად წოდებული პარკის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.
მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ბუნებისა და ადამიანის ურთიერთკავშირზე, ჩემი მოსაზრების გასამყარებლად კი ვიმოწმებ ტექსტებს, სადაც ზედმეტი პათეტიკისგან დაცლილი, დამაჯერებელი არგუმენტებია მოყვანილი. ერთ-ერთ ასეთ არგუმენტად ხშირად მოვიხმობ ნოდარ დუმბაძის „ხაზარულას“. ბევრ წიგნში შემხვედრია ხის გაცოცხლების მაგალითები, თუმცა ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მოსიარულე და მოლაპარაკე ხეების ამბები. ჩემი აზრით, ბუნებასთან ამგვარი რეალისტური ისტორიები მეტად გვაახლოებს.
მასწავლებლებს ხშირად გვიწევს განქორწინებული მშობლების შვილებთან მუშაობა. თავიდან ბავშვების უმრავლესობას ჰგონია, რომ მშობლებიდან აუცილებლად ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს. არადა, ხანდახან ორივე ნაპირზე ყოფნა ერთნაირად მნიშვნელოვანია. მსგავსი დილემის წინაშე დგას ობოლი ბიჭი მოთხრობიდან „სისხლი“. ჩემი აზრით, ეს თხზულება ბავშვებს არჩევანის თავისუფლების შესახებ უფრო მეტს ეუბნება, ვიდრე ის ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგები, ტელევიზორის ეკრანიდან ყოველდღე რომ იღვრება.
ზემოაღნიშნული მოთხრობის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მწერლის ბავშვობას. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. 9 წლისამ, 30-იანი წლების რეპრესიების გამო, დაკარგა მშობლები. მამა, ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე, 1937 წელს დახვრიტეს, დედა, ანა ბახტაძე, გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ნოდარი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ – სოხუმში დეიდებთან, საბოლოოდ კი ბებიასთან (ოლღა ხინთიბიძე) და ბაბუასთან (ქიშვარდი დუმბაძე) დაიდო ბინა მშობლიურ სოფელ ხიდისთავში.
ბავშვებისთვის მამულის ცნება ხშირად მშობლიური კერის სიყვარულს ვერ სცდება. ხმამაღალი ლექსების ჩარაკრაკებითა და მკერდზე მჯიღის ბრახუნით აქამდე ვის რა დაუმტკიცებია?! ოდესმე ალბათ ჩვენც ვაღიარებთ, რომ გაუაზრებელი სიყვარული არცერთ ქვეყანას არ სჭირდება და მხოლოდ მის მიწაზე დაბადება არ კმარა, კონკრეტული გარემო შენს სახლად რომ აღიარო. შეიძლება, სამშობლოც ისევე აირჩიო, როგორც მეგობარი, რომელიც, ერთი შეხედვით, შენგან საოცრად განსხვავდება, მაგრამ ყველაზე კარგად ესმის შენი. შეიძლება, ფესვები ერთ მიწაში გაიდგა, მაგრამ მეორე ქვეყნის ცაში აყვავდე… ბერძენი იანგულის ქართველობაში აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია. მეც სწორედ ასეთი, კარგად გააზრებული იდენტობის მჯერა.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ხშირად იდგმება თეატრის სცენაზე. ამას წინათ მოსწავლეები ერთ-ერთ სპექტაკლზე წავიყვანე. ორ საათზე მეტხანს ისხდნენ გასუსულები, თვალი ვერ მოსწყვიტეს სცენას. ახლა კი, დუმბაძის აქტიურ მკითხველებად ქცეულნი, მისი პერსონაჟების ტყავში შეძვრომას აპირებენ. იმედი მაქვს, კიდევ მრავალჯერ აღმოაჩენენ მწერლის ღამეში დამალულ მზეს და იმ ამბებამდეც მიაღწევენ, მხოლოდ „შეგრძნებების ბრაილით“ რომ იკითხება.