კვირა, სექტემბერი 7, 2025
7 სექტემბერი, კვირა, 2025

UNICEF GEORGIA – ს ახალი კვლევა ახალგაზრდების უნარების და საკვანძო კომპეტენციების შესახებ

საქართველოში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოემოციურ გამოწვევას აწყდებიან. იუნისეფის ახალი ანგარიში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ექმნებათ ახალგაზრდებს.

 

გამოწვევები, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან, კვლევის მიხედვით მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, მათემატიკას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.

 

საკვანძო კომპეტენციები და უნარები მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ თანამედროვე ცხოვრებაში, სამუშაო სივრცესა და საზოგადოებაში არსებულ სირთულეებს. ეს უნარები ქმნიან ყოვლისმომცველ ჩარჩოს, რომელიც აუცილებელია უწყვეტი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ამ კომპეტენციების განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფორმალურ, არაფორმალურ და ყოველდღიური პრაქტიკიდან მიღებულ განათლებასთან, ადრეული ასაკიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

 

წიგნიერება 

 

მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება. კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა. წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად. მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა. მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.

 

მრავალენოვნება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა

 

ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისთვის. ახალგაზრდები აღიარებენ მრავალენოვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას. მონაწილეთა 92%-მა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა იცის, მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.

 

მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და STEM

 

მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორებიცაა – სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება. უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური წიგნიერება არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, უმცროსი ასაკის სტუდენტები მას ხშირად არარელევანტურად თვლიან. მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანების და ბუნების ურთიერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება. ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს.

 

ციფრული კომპეტენცია 

 

მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას. მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები. ასევე ახალგაზრდებმა გამოთქვეს წუხილი, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრადიციულ კულტურულ ნორმებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ამის მიუხედავად, მონაწილეთა უმეტესობა აღიარებს ციფრული ტექნოლოგიების შესაძლო სიკეთეებს გლობალური განვითარებისთვის.

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები

 

პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამძლეობის უნარები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. კვლევის მონაწილეებმა ისაუბრეს თვითრეფლექსიის, კარიერული გზის არჩევასა და პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნეს, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო. წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დასახელდა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, საკუთარი ძალების იმედი და განათლებაზე ფოკუსირება. მონაწილეებმა გამოხატეს ინტერესი დროის მენეჯმენტის, თვითრეფლექსიის, გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარ-ჩვევების განვითარებისადმი, თუმცა აღნიშნეს, რომ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა. პიროვნული განვითარების გეგმის უქონლობა და არაფორმალური სწავლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა

 

ფსიქიკური ჯანმრთელობა ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრი მონაწილე ინფორმირებულია ფსიქიკური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია. ახალგაზრდების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით, ფინანსური ხელმისაწვდომობისა და სტიგმის კუთხით, რაც სერიოზული დაბრკოლებებია. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ადამიანებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება. ბულინგი და ოჯახური პრობლემები დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართოდ გავრცელებულ ხელშემწყობ ფაქტორად.

 

თუ კვლევას ჩავუღრმავდებით და მიზეზებზე ვისაუბრებთ, გავიხსენებთ სხვა კვლევებს, რომლებიც ეხებოდა ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობას საქართველოში, გადავხედავთ ჩვენს ყოფას, სოციალურ, პოლიტიკურ მდგომარეობას, მიზეზები უფრო თვალნათლივ გამოჩნდება. დღეს საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერა, არც საკმარისი ფსიქო-სოციალური სერვისი, არც ეფექტიანი დასაქმებისა და განათლების ხელშემწყობი პროგრამები, ფასები საკვებზე და მედიკამენტებზე კატასტროფული სისწრაფით იზრდება, ბავშვებს სკოლაში შიათ, განათლების დონე დაბალია და სიღარიბე კვლავ თრგუნავს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებასა და წარმატებულ მომავალს. დღეს უამრავ ახალგაზრდას არ აქვს წვდომა დაბალანსებულ, ჯანსაღ საკვებზე, რაც ხშირად პირდაპირ უკავშირდება სიღარიბეს, განათლების დეფიციტს, აკადემიურ ჩამორჩენას, ასევე აისახება მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ახალგაზრდები სწავლის პარალელურად მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, დაბალანაზღაურებად პოზიციებზე, იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ, რაც იწვევს გადატვირთვას, სტრესს, უიმედობას და აპათიას, რის გამოც ხარისხიანი განათლებისთვის არ რჩებათ დრო და ენერგია. სკოლა და უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ იმ უნარების განვითარებას, რომლებიც რეალურ შრომით ბაზარს სჭირდება, რადგან საგანმანათლებლო გარემო კვლავ უთანასწოროა და კარგი განათლების მიღება ჩვენს ქვეყანაში ასევე უკავშირდება დიდ ხარჯებს, რაც ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური გამოწვევაა. სანამ ახალგაზრდებს იმის გამო დავადანაშაულებთ, რომ, კვლევის მიხედვით, მათ ვერ აჩვენეს საუკეთესო შედეგი, კარგი იქნება თვალი გავუსწოროთ იმ სინამდვილეს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. სინამდვილეა, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დღეს არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს და გამოწვევებს უპასუხებს და მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“