ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ადამიანები არქივიდან

„ვერბლუდი“

მენახირეს „ვერბლუდს“ ეძახიან სოფელში, ლაპარაკის დროს დორბლებს რომ ისვრის იმის გამო. სახლი დაეწვათ და ლოთ მოგვარესთან არიან მიკედლებული ის და დედამისი. გოგო მოსწონდა დიდი ქალაქიდან, ისიც ერთობოდა. როცა ამან ცოლობა სთხოვა, გოგონამ უთხრა ცოლად როგორ გამოგყვე, წერა-კითხვა არ იციო… „ვერბლუდმაც“ ბებერ მსხალზე ჩამოიკიდა ბაწრით თავი, ბეწვზე მიუსწრეს..

ამბობს, რომ ნანობს, რაც გააკეთა… თუმცა ის შედეგი ახარებს მისმა თოკზე ჩამოკიდებამ რომ მოუტანა. დედამისი მყვირალა ქალი ვეღარ დაჰყვირის შეშა დაჭერი და წყალი მოზიდეო… სალოცავივით უვლის გარშემო.

ვეღარც შემფარებელი ელაპარაკება აგდებით, შემოკედლებული ხარო… იმასაც ეშინია „ვერბლუდმა“ ისევ არ ჩამოიკიდოს, თავი საბაბი თვითონ არ გახდეს. „ვერბლუდი“ საქონელსაც აღარ უვლის, ხალხიც ვერ ეუბნება ვერაფერს, მათაც ეშინიათ.

წაბლისფერთმიანი, ჭრიანტელთვალება ლამაზი კაცი იყო. სოფელ ბზაში ქალის წამოსაყვანად მისულმა იქაურებთან იჩხუბა. დინამიტი ესროლა მოწინააღმდეგეებს და თავადვე მოიწყვიტა ხელი. მკლავმოწყვეტილმა წამოიყვანა ქალი. უმკლავობა ხელს არ უშლიდა კარგი მიწის მუშა ყოფილიყო. ცელს მკლავის მონარჩენზე იბამდა და ისე თიბავდა. თუ ვინმე გაანაწყენებდა და ვერ მოერეოდა, ცალმკლავა მაწყეინებლის ცხენს ან ძროხას ფეხის ძარღვს უჭრიდა და კლდიდან სჩეხდა. ერთხელაც ისეთმა აწყენინა, რომელსაც არაფერი ჰყავდა გადასაჩეხი… ცალმკლავამაც იმის დასანახავად თივის ღვარეულში დაწვა ცოლთან, რომელსაც მისთვის საჭმელი მოეტანა სათიბში… მის მტერს ცოლი გაჰქცეოდა მეზობელ სოფელში ფერმის ბრიგადირთან, ცალმკლავამაც აყურებინა მტერს, თუ როგორ ეალერსებოდა ცოლს, რომელიც არსად არ იყო გამქცევი… ეგ იყო მისი შურისძიება…

მათი სოფლის სასაფლაო ქვიან გორაზე იყო, საფლავს ვერ ამოთხრიდი ბარითა და წერაქვით. ცამკლავა აფეთქებდა ხოლმე  სიხარულით. ის ხომ ნახევარ სოფელთან იყო დამდურებული, სიკვდილი კი საუკეთესო საშუალებაა ჯავრის ამოყრის. ამან შეიწირა კიდეც, სიპი კლდის ანატეხი მოხვდა შუბლში.

ომისხანი ერქვა, ომიანობის დროს გაჩნდა და ამიტომ დაარქვეს. ის და მისი ძმა ობლები იყვნენ და მშივრები. მისი თანასოფლელები ნახშირს ამზადებდნენ და მეზობელ დაბაში მოაგარაკეებზე ჰყიდდნენ. ომისხნასა და მის ძმას მძიმე მორების თრევა არ შეეძლოთ. ამიტომაც ობოლმა ბიჭმა მღვდლის მიტოვებულ სახლს მოუკიდა ცეცხლი, ასე მას ნახშირი ექნებოდა პურზე გადასაცვლელად. როცა ალი მოედო სახლს, შეეშინდა, ცეცხლის ჩაქრობა სცადა, შიგ ჩავარდა. გადარჩა კია, მაგრამ ერთი ფეხი სამუდამოდ დაუმოკლდა.

კარგად ხატავდა. შეეძლო ნახშირით აალებული სახლი დაეხატა. ბოლოს თავისსავე სოფლის სკოლაში ხაზვის მასწავლებელი გახდა. არ უყვარდა ეგ საქმე. ბავშვებიც სიარულში აჯავრებდნენ და მწარედ დასცინოდნენ.

მას უპატრონო ძაღლივით უყვარდა ქელეხები და ორმოცები. უზომოდ სჭამდა ნამლევა კოჭლი კაცი. თუმცა საიმისო აღარაფერი სჭირდა, მონარჩენ საჭმელს გაცვეთილი პიჯაკის დიდ ჯიბეებში ილაგებდა. სახლში მომავალს ჯიბიდან ჩამოსდიოდა ხორცის წვენი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“