ბოლო დროს ცხოვრებისეულ აღმართ-დაღმართებზე დამჩემდა ფიქრი. არ იცი, უიღბლობა სად, რომელ მოსახვევში წამოგეწევა. ვერც ვერაფერს შეცვლი… იძულებული ხარ, ცხოვრების გზაზე თვალახვეულმა იარო და ეცადო, არ წაიქცე. წაიქცევი და ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამით გაიხარებს. თუმცა, საბედნიეროდ, ისეთებიც იქნებიან, ვისაც შენი წაფორხილება გულს ატკენს, ოდნავ მაინც.
ჯალათები და მსხვერპლი
სამყარო ჯალათებისა და მსხვერპლისგან შედგება. ჯალათობისგან ღმერთმა დაგვიფაროს; ვეცადოთ, უნებლიეთ მსხვერპლის როლში არ აღმოვჩნდეთ.
თქვენ გგონიათ, ჯალათები მარტო ადამიანები არიან? არა, ადამიანმა-ჯალათებმა შესაძლოა სხვა, უფრო ვერაგი ჯალათები გამოიყენონ – ამის მაგალითი ისტორიაში მართლაც რომ უხვადაა.
1770 წელს ბონში ერთი ჩვეულებრივი ყრმა დაიბადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მისი მომავალი არცთუ ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო… გავა ხანი და ის უდიდესი კომპოზიტორი გახდება, თავისი დროის ყველა ჟანრში დაწერს მუსიკას, 1827 წლის 26 მარტს გარდაიცვლება და მის ნეშტს ოცი ათასი კაცი გააცილებს.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენზე ვწერ, რომელიც, როგორც ამბობენ, ტყვიამ მოკლა. ტყვია აღმოჩნდა დიდი კომპოზიტორის ჯალათი. ადამიანი-ჯალათი კი მისივე ექიმბაში ანდრეას ბაბრუხი იყო, რომელიც ბეთჰოვენს ტყვიის შემცველი წამლით მკურნალობდა და გულწრფელად სჯეროდა, რომ სიკეთეს სჩადიოდა.
ტყვია მძიმე მეტალია. მისი კონცენტრაცია ჩვენს ორგანიზმშიც შეიძლება აჭარბებდეს ნებადართულის ზღვარს. წყარო მეთილირებული ბენზინია, რომლის გამონაბოლქვით გაჟღენთილი ჰაერითაც ვსუნთქავთ, რომლის გამონაბოლქვით გაჯერებულ საკვებსაც მივირთმევთ… ევროკავშირის ქვეყნებში მეთილირებული ბენზინის გამოყენებას კანონი კრძალავს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი კანონი არ არის და ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ არც მეთილირებული ბენზინია.
1682 წელს სულ პატარა, 10 წლის ბიჭუნა მეფედ აკურთხეს. მოგვიანებით ის ძლევამოსილი მმართველი გახდება, შეეცდება, თავის ქვეყანაში დასავლეთის ფასეულობები დაამკვიდროს და სამართლიანი რეფორმები გაატაროს. პეტრე I. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლოს მას ურემია ჰქონდა – მისი თირკმელები, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციობდა. ვარაუდობდნენ, რომ იმპერატორი დარიშხანის ერთ-ერთი მარილით იყო მოწამლული. თანაც მოწამვლის პროცესი ნელა და დიდხანს მიმდინარეობდა. მოგვიანებით მოწამლულის ქსოვილებში დარიშხანი ექიმმა მარშემ აღმოაჩინა.
დარიშხანი პირველად ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევრმა ზოსიმამ აღწერა (ეს ის ზოსიმაა, ოცდარვა ტომისგან შემდგარი პირველი ქიმიური ენციკლოპედია რომ შეადგინა, რომელიც მოგვიანებით დიოკლეტიანეს ბრძანებით გაანადგურეს – სამად სამი ტომი გადარჩა). ცნობილია, რომ სუფთა დარიშხანი ცოცხალ ორგანიზმს არ ვნებს. შესაძლოა ამიტომაც, სუფთა დარიშხანს სტომატოლოგიაში კბილის ნერვის მოსაკლავად იყენებდნენ და ექიმებს დღესაც გადანახული აქვთ ჩემისთანა პაციენტებისთვის – მათთვის, ვინც ტკივილგამაყუჩებლის ინექციაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
მაშ ასე, ღრძილში მცირე ხნით ჩადებული სუფთა დარიშხანი არაფერს გავნებთ. დარიშხანის მარილები კი მომწამლავია. ვარაუდობენ, რომ პეტრე დიდი სწორედ ამ მარილებით მოწამლეს და ისედაც დაავადებული თირკმელების პატრონს უფრო მეტად დაუჩქარეს აღსასრული, მისი ადამიანი-ჯალათი კი მასთან დაახლოებული მენშიკოვი იყო, რომელიც ინგლისელების დავალებით მოქმედებდა. ამბობენ, უცოდველი ამ საქმეში არც პეტრეს მეუღლე ყოფილა – თავისი ინტერესი ჰქონდაო. დიახ, სწორედ მან გადაიბარა ტახტი ქმრის სიკვდილის შემდეგ და პირველი რუსი იმპერატორი ქალი ეკატერინე I გახდა.
უახლოესი მეგობარი, ცოლი და დარიშხანი – ვერაფერს იტყვი, მშვენიერი სამეულია…
სისასტიკით განთქმული ეკატერინე მედიჩი და მისი ერთგული ექიმი-ლაქია რენე ფლორენციელი. რენეს შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან: თურმე ისეთ ნელსაცხებლებს ამზადებდა, წლებით დამძიმებულ, თმადათოვლილ ქალბატონებსაც კი ღაწვები ვარდისფრად ეფაკლებოდათო… საწამლავებსაც ოსტატურად ამზადებდა რენე. განსაკუთრებით გვამის შხამი – ბიოგენური ამინი კადავერინი ჰყვარებია. ვინ აღარ მოწამლა მედიჩიმ მისი დახმარებით. თავისი უფროსი ვაჟიც კი არ დაინდო. უფრო სწორად, შემთხვევით შემოეწამლა, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს…
სხვათა შორის, კადავერინი ჩვენს ორგანიზმშიც წარმოიქმნება, თუმცა ძალიან ცოტა.
“ის მექუდესავით შეშლილია”, – ამბობენ ფრანგები. საიდან მოდის ეს გამოთქმა? მეფე-მზის ლუდოვიკ IV-ის ეპოქაში ქალბატონებს ძალიან ლამაზი ქუდები უნდა ეტარებინათ, ამიტომ მექუდეობაც ძალიან პრესტიჟული და შემოსავლიანი ხელობა იყო. ღარიბი ოჯახები 6-7 წლის ბიჭებს მექუდეს აძლევდნენ შეგირდად – ჯამაგირი იმხელა იყო, რომ ოჯახი აღარ შიმშილობდა… წითელ საღებავს მექუდეები მინერალ სინგურისგან (კინოვარი, წითელი დრაკონი) იღებდნენ, რომელიც, ფაქტობრივად, ვერცხლისწყლის სულფიდია წითელი პიგმენტით. მისი თერმული დამუშავებისას ვერცხლისწყალი ორთქლდებოდა და მექუდეც 6-7 წლიდან ამ ორთქლით სუნთქავდა. შედეგად 40 წლისა 80 წლის მოხუცს წააგავდა, გამუდმებით აღგზნებული იყო, უმიზეზოდ იცინოდა და ტიროდა, ვესტიბულური აპარატის დაზიანების გამო ბარბაცით დადიოდა… ცნობილი ზღაპრის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” პერსონაჟის, შეშლილი მექუდის, პროტოტიპები სწორედ ფრანგი მექუდეები გახლდნენ.
ვერაგი ვერცხლისწყალი… წარმოგიდგენიათ, რამდენი მექუდე იმსხვერპლა?! 1956 წლიდან კი ხუთი წლის განმავლობაში იაპონიის პატარა ქალაქ მინამატას ყველა მკვიდრი მან გამოასალმა სიცოცხლეს. სწორედ მაშინ წარმოიშვა მეთილირებული ჰიდრარგირუმით მოწამვლის სახელწოდება – მინამატას დაავადება.
– რომ მოვწიო, ხომ არ შეგაწუხებთ? –
ალბათ თქვენთვისაც არაერთხელ უკითხავთ. რას უპასუხებთ ხოლმე? უმრავლესობა, ალბათ, იღიმებით:
– არა უშავს, მოსწიეთ, არ შევწუხდები.
არადა, შეწუხდებით, თან ისე, რომ ვერც კი გაიგებთ, მსხვერპლის როლში როგორ ამოყოფთ თავს. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ჯალათი მწეველია. არა, ისიც მსხვერპლია, ნიკოტინის მსხვერპლი. თუმცა მხოლოდ ნიკოტინში არ არის საქმე. თამბაქოს ფურცლებს მეტალ კადმიუმის შთანთქმისა და დაგროვების უნარი შესწევთ. თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვისას სწორედ ამ მეტალს ჩავისუნთქავთ. იცით, მეცნიერებმა რა აღმოაჩინეს? რა და, ერთი ღერი სიგარეტის მოწევისას (განურჩევლად იმისა, მწეველი პასიურია თუ აქტიური) ორგანიზმში მოხვედრილი კადმიუმის გარეთ გამოტანას ორი წელი სჭირდება. აღარ გავაგრძელებ, ვგონებ, ყველაფერი ნათელია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჭარბი კადმიუმი დაავადება იტაი-იტაის იწვევს, რაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე აისახება.
ღვინის მჟავა, ლიმონმჟავა, ვაშლმჟავა, მჟაუნმჟავა, რძემჟავა, შარდმჟავა, მოლიბდენმჟავა, დარიშხანმჟავა, გოგირდოვანი მჟავა, ფთორწყალბადმჟავა, ციანმჟავა – რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ნივთიერებებს? ყველა მათგანი მჟავაა და ყველა კარლ შეელემ აღმოაჩინა. შეელე უნებურად თავისი თავის ჯალათი გახდა. ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა – რასთანაც მუშაობდა, ყველაფერს გემოს უსინჯავდა. სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მძიმე ტოქსიკოზით.
მინდა, ერთი რამ გირჩიოთ: არავითარ შემთხვევაში არ დააკაროთ პირი ნატრიუმის გლუტამატს. გაგეღიმათ, ხომ? რატომ უნდა დავაკაროო, ალბათ გაიფიქრეთ. მე კი გეტყვით, რომ ამ ნივთიერებით ერთხელ მაინც გისაუზმიათ, გისადილიათ, გივახშმიათ. თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მეც. E-621-ს, იმავე ნატრიუმის გლუტამატს, თვითონ არაფრის გემო არ აქვს, მაგრამ სხვა საკვების გემოს აძლიერებს, ამიტომ ემულგატორის სახით ამატებენ საეჭვო წარმოშობის ძეხვეულს, სოსისებს, კიბორჩხალას ჩხირებს, კონსერვებს, პელმენებს. ამ ნივთიერების ხშირი მოხმარება შეჩვევას იწვევს და მის გარეშე ადამიანს ყველაზე გემრიელი კერძიც კი უგემური ეჩვენება. შეუმჩნევლად მიმდინარეობს გემოვნების რეცეპტორების ატროფია, ამიტომ საეჭვო პროდუქციის მწარმოებელი (უნებლიე ჯალათი) ეტიკეტზე სულაც არ წერს მის სახელწოდებას – მას, უბრალოდ, “გემოს გამაძლიერებლით” ჩაანაცვლებს.
ზოგჯერ ადამიანის მოსაწამლად უბრალო სიტყვაც საკმარისია. ამიტომ ვეცადოთ, ჩვენი სიტყვით (თუნდაც ისე, ჰაერზე ნათქვამით) გული არავის ვატკინოთ. ტყუილად კი არ უთქვამთ, სანამ ხმალი მივიდოდა, ენამ თავი მოაჭრაო. ამ სტატიის მორალი კი ასეთია: ერიდეთ ადამიან-ჯალათებს და ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობისას ფრთხილად იყავით. ოღონდ ნუ მეტყვით, ქიმიკოსი ხომ არ ვარ, ნივთიერებებთან რა მესაქმებაო, – თქვენ მათ ყოველდღე ეხებით, თუნდაც საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით.
უსაფრთხო ცხოვრებას გისურვებთ!
კომენტარები